პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

თანატოლთა ზეწოლისგან თავისუფალი სასკოლო გარემო

ჯანსაღი და უსაფრთხო სასკოლო გარემო მნიშვნელოვანია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე მშობლებისთვის, სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისთვის. თანატოლთა ზეწოლა, ცხადია, საფრთხეს უქმნის ჯანსაღ და უსაფრთხო სასკოლო გარემოს და უარყოფით გავლენას ახდენს, პირველ რიგში, მოსწავლეებზე, ასევე მშობლებსა და სკოლის თანამშრომლებზე. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ფენომენი ოჯახის და სკოლის ფარგლებს სცდება და მთლიან თემს თუ საზოგადოებას მოიცავს, როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე შედეგების თვალსაზრისით. წინამდებარე წერილში თანატოლთა ზეწოლის გავრცელებულ ფორმებსა და მათი პრევენციისა და დაძლევის სტრატეგიებზე ვისაუბრებ.

 

კვლევები ცხადყოფს, რომ ბავშვების 65% ერთხელ მაინც ყოფილა სიტყვიერი ძალადობის სამიზნე, ხოლო 20% _ სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი (საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდი, “ბავშვზე ძალადობის ძირითადი საკითხები”, გვ.20). თანატოლთა ზეწოლის შესახებ მონაცემები არ გვაქვს, თუმცა ბოლო 50 წლის განმავლობაში თანატოლთა ზეწოლის სტატისტიკური მაჩვენებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდება. გავრცელებულია ძალადობის ხუთი ძირითადი ტიპი: სიტყვიერი, ფიზიკური, ემოციური, კიბერ და სექსუალური ზეწოლა/ძალადობა.


სიტყვიერი ძალადობა

სიტყვიერი ძალადობა დამამცირებელი სიტყვების, განცხადებების, სახელდების ფორმით გამოიხატება. ხშირად სიტყვიერი მოძალადეები სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს არჩევენ თავიანთ სამიზნედ. ამ ფორმის ძალადობის აღმოჩენა ყველაზე რთულია, რადგან უფროსების წინაშე არ ხდება. ხშირად სიტყვიერ ძალადობას დაუყოვნებლივ არ აქცევენ ყურადღებას თითქოს ნაკლები სიმძიმის გამო, მაშინ, როცა პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში მან მნიშვნელოვანი ემოციური დაღი შეიძლება დატოვოს.


ემოციური (ფსიქოლოგიური) ძალადობა

ემოციური (ფსიქოლოგიური) ძალადობა არის სიტყვიერი ან/და ქცევითი ზემოქმედებით ბავშ­ვში შიშის, დამცირების, მარტოობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის საზიანო სხვა მდგომარეობის პროვოცირება. ემოციური ძალადობა იწვევს ბავშვის თვითშეფასების დარღვევას ან დაქვეითებას. ის აერთიანებს როგორც ბავშვის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს (სიტყვიერი აგრესია, დადანაშაულება, დამცირება, მუდმივი ნეგატიური შედარება თანატოლებთან, დაშინება), ისე უმოქმედობას ბავშვთან მიმართებაში (ემოციური უარ­ყოფა, სოციალურად გარიყვა, განდევნა, თანაგრძნობისა და მხარდაჭერის დეფიციტი). ემოციური ძალადობა შეიძლება ვლინდებოდეს ცალკე და ასევე შეიძლება წარმოადგენდეს ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის შემადგენელ ნაწილს.


ფიზიკური ძალადობა

ფიზიკური ძალადობა არის ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ მასზე ფიზიკური ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს პირად სივრცეს, ტკივილს აყენ­ებს და/ან იწვევს სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას. ეს არის გაცნობიერებული ქმედებები, როგორიცაა ცემა, ჩქმეტა, ღიტინი, თმის მოქაჩვა, ხელის კვრა, პანღურის ამორტყმა, დაწვა, კბენა, მოგუდვა, ნებისმიერი ტკივილის მიყენება (სილის გაწვნა, ნემსით ჩხვლეტა და ა.შ.). გარდა ამისა, ფიზიკურ ძალადობად ითვლება თავდასხმა ცივი ან ცეცხლსას­როლი იარაღით და ჯანმრთელობითვის, სიცოცხლისთვის სახიფათო ნებისმიერი სხვა სა­გნის (მძიმე, გახურებული, მჩხვლეტავი, მჭრელი და სხვა) გამოყენებით (“ბავშვზე ძალადობის ძირითადი საკითხები”, გვ.14).


სექსუალური ძალადობა

სექსუალური ძალადობის ფორმებს წარმოადგენს ისეთი ქმედებები, როგორიცაა სექსუალური მეტყველებით თუ შენიშვნებით დევნა, თვალთვალი, პორნოგრაფიული სურათების გადაღება/ჩვენება, სექსუალური შინაარსის ფილმების ან პორნოგრაფიული ჟურნალების ჩვენება, გაუპატიურება ან გაუპატიურების მცდელობა, სასქესო ორგანოების დემონსტრირება. ბავშვზე სექსუალური ძალადობა თავისებურებებით ხასიათდება. ძალადობის ამ ფორმის დადგენა/აღმოჩენა საკმაოდ რთულია, რადგან სექსუალური ძალადობის მხვერპლი, სირცხვილის, მორიდების დაშინების, მუქარის, შიშის, სტრესის ფონზე, მალავს ძალადობის ფაქტს, რითაც მოძალადე მხარეს ქმედების გამეორების ან გამძაფრების შესაძლებლობა ეძლევა იმავე ან სხვა მსხვერპლთან.


კიბერძალადობა

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე სწრაფად იმატებს კიბერძალადობის სტატისტიკური მაჩვენებლები. თანატოლთა შორის კიბერძალადობის ფაქტები ძალადობის სიტყვიერ, ემოციურ ან სექსუალურ ფორმებს შეიძლება აერთიანებდეს. ეს ტელეფონის, სოციალური მედიის ან სხვა საკომუნიკაციო საშულებების გამოყენებით ხდება. ყველაზე გავრცელებული ფორმებია: თანატოლის დაშინება, დაცინვა, შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება, ფოტოების გამოქვეყნება და ა.შ. კიბერძალადობის შემთხვევაში, აგრესორის დადგენა ძალზე რთულია, რადგან კიბერსივრცეში მარტივად შესაძლებელია კომუნიკაციის განხორციელება ზუსტი იდენტობის გამოვლენის გარეშე. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ბევრ შტატში თინეიჯერებს შორის თვითმკვლელობის რიცხვის ზრდა კიბერძალადობას, როგორც ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორს, უკავშირდება.

იმისათვის, რომ სასკოლო გარემო ძალადობის ზემოთ აღწერილი ფორმებისგან თავისუფალი იყოს, აუცილებელია, სკოლაში არსებობდეს ა) თანატოლთა ზეწოლის ფაქტების გამოვლენის მექანიზმები, ბ) ძალადობის პრევენციის სისტემა და გ) რეაგირების ეფექტური პროცედურები.


თანატოლთა ზეწოლის ფაქტების გამოვლენის მექანიზმები

არსებობს მოსაზრება, თითქოს თანატოლთა ზეწოლა უფრო გავრცელებულია დიდი ზომის კლასებში ან სკოლებში. თუმცა აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კორელაცია თანატოლთა ზეწოლის პრევალენტობასა და სკოლის/კლასის ზომას შორის არ არის. ამდენად, თანატოლთა ზეწოლის საკითხები ყველა ტიპის სკოლისთვის საყურადღებოა. აგრესორები, როგორც წესი, მსხვერპლად ირჩევენ ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც ფიზიკური სისუსტით, ემოციური სენსიტიურობით და საპასუხო ქმედების უუნარობით ხასიათდებიან. თუმცა ძალადობის აღმოფხვრისკენ მიმართული ნებისმიერი პროგრამის პრეზუმფციად უნდა იქნას მიჩნეული, რომ ნებისმიერი მოსწავლე შეიძლება გახდეს ზეწოლის მსხვერპლი _ თუნდაც ის მოსწავლეები, რომლებიც რიგ შემთხვევაში აგრესორებად გვევლინებიან.

თანატოლთა ზეწოლის ფაქტების გამოვლენისთვის ეფექტური მექანიზმი შეიძლება იყოს თანატოლთა მხარდაჭერის კომიტეტი, რომელშიც მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და სკოლის თანამშრომლები გაერთიანდებიან. კომიტეტში ისეთი პირები უნდა გაწევრიანდნენ, რომელთა მიმართ ნდობა მაღალია და რომელთაც, საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეები თავისუფლად მიმართავენ თხოვნით.

ზეწოლის ფაქტების გამოვლენისთვის ეფექტურია ზედამხედველობის სისტემის არსებობა სკოლის ტერიტორიაზე, ფიზიკური პირის ან ვიდეოთვალის მეშვეობით. ზეწოლის მასშტაბურობის და კონკრეტული ფაქტების სიღრმისეულად გამოსაკვლევად სკოლაში, ასევე, რეკომენდებულია მოსწავლეთა წერილობითი გამოკითხვის ჩატარება ყოველწლიურად, ანონიმური ფორმით. სკოლაში შეგიძლიათ დადგათ დალუქული ყუთიც ანონიმური ბარათების მოსათავსებლად. ამ მეთოდების გამოყენებისას მოსალოდნელია, თავდაპირველად ვერ შეძლოთ ინფორმაციის მოპოვება, თუმცა თუ წაახალისებთ მოსწავლეებსა და მშობლებს, გამოიყენონ სკოლის მიერ დანერგილი მექანიზმები სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, დროთა განმავლობაში ისინი შეძლებენ თქვენ მიერ შეთავაზებული მექანიზმების გამოყენებას.


ძალადობის პრევენციის სისტემა

კვლევებით დადგინდა, რომ მასშტაბური სასკოლო პროგრამის მეშვეობით, რომელშიც ჩართული იქნებიან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, ფსიქოლოგები და თემის წევრები, თანატოლთა ზეწოლის ფაქტების შემცირება შესაძლებელია 50%-ით. უფრო მეტიც, თანატოლთა ზეწოლის პრევენციის პროგრამები ხელს შეუწყობს სხვა ტიპის ანტი-სოციალური ქცევის ფორმების შემცირებასაც (ვანდალიზმი, თვითდაზიანება, აპათიურობა, ქურდობა, მოსწავლის მიერ მასწავლებელზე ან მშობელზე ზეწოლა ან პირიქით).

ადრეული ასაკიდან თანატოლთა შორის ძალადობის პრევენციის ყველაზე ეფექტური პროგრამები პიროვნული ხასიათის ფორმირებაზეა ორიენტირებული. პროგრამები, რომლებიც მოსწავლეებში პოზიტიური თვისებების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ირჩევს რამდენიმე (5-10) პიროვნულ თვისებას, რომელსაც წლის განმავლობაში ბავშვებს შეასწავლის სპეციალური კვირეულის ფარგლებში. ეს თვისებები შეიძლება იყოს: პასუხისმგებლობა, გულწრფელობა, პატიოსნება, ურთიერთპატივისცემა, თავდაჯერებულობა, ტოლერანტობა, ერთგულება, თავმდაბლობა, სიკეთე და ა.შ. კვირის განმავლობაში ყოველდღე 10-15 წუთი ეთმობა პიროვნული ხასიათის პროგრამის აქტივობებს, რომლებშიც ერთიანდება გაკვეთილის გეგმები, რეალური ამბები, სადისკუსიო შეკითხვები, სამოტივაციო ციტატები, რეკომენდებული დავალებები, ინტერაქტიული აქტივობები, ლიტერატურული წყაროები. კონკრეტული აქტივობების გარდა, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია და მშობლები კვირეულის განმავლობაში არჩეული თვისების დემონსტრირებას ახდენენ და საილუსტრაციოდ იყენებენ ფოტოებს, ფილმებს, მუსიკას. პროგრამის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სასურველია, მასში ჩართული იყოს მთლიანი თემი და მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცეთ, თემის ლიდერების გამოცდილების შესახებ მოისმინონ. სკოლამ შეიძლება მოიწვიოს ბანკის, საკრებულოს, გამგეობის, მერიის, სათემო ჯგუფების, მედიის, ადგილობრივი ორგანიზაციების, საავადმყოფოს წარმომადგენლები.

აღნიშნული პროგრამა ძალადობის პრევენციის სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი შეიძლება იყოს. პროგრამების განხორციელების შემთხვევაში, აუცილებელია, პროგრამის შედეგების განსაზღვრის მიზნით განხორციელდეს პრე- და პოსტ-გამოკითხვა მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს შორის, რათა განისაზღვროს, რა ცოდნა შეიძინეს პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა და რამდენად გამოიხატება შეძენილი თვისებები მათ ქმედებაში.


რეაგირების პროცედურები

თანატოლთა ზეწოლამ სკოლაში მღელვარება და შიში შეიძლება დანერგოს და უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე. აქვე წარმოგიდგენთ ზოგიერთ რჩევას თანატოლთა ზეწოლაზე რეაგირების ეფექტურ პროცედურებთან დაკავშირებით:

·აუცილებელია, სკოლამ მყისიერად გააკეთოს რეაგირება თანატოლთა ზეწოლის თითოეულ ფაქტზე.

·ინდივიდუალურად ესაუბრეთ აგრესორ მოსწავლეს ბრალდების გარეშე. გახსოვდეთ, რომ თქვენი მიზანია ძალადობის ფაქტების აღმოფხვრა და არა აგრესორის დადანაშაულება.

·ესაუბრეთ ზეწოლის მსხვერპლს და აღმოუჩინეთ სათანადო დახმარება, მათ შორის ფსიქო-ემოციური.

·გააკეთეთ როლური გათამაშება ძალადობის სიმულაციით აგრესორთან.

·გააკეთეთ როლური გათამაშება მსხვერპლთან რეაგირების ასერტულ ფორმებზე.

·აიღეთ პასუხისმგებლობა პრობლემის გადაჭრაზე.

·შეიმუშავეთ დისციპლინარული ზომები, რომლების შესახებაც წინასწარ ინფორმირებული იქნებიან მოსწავლეები.

·ჩაუტარეთ სკოლის თანამშრომლებს და მშობლებს ტრენინგი კონფლიქტის მართვისა და გადაჭრის საკითხებში. კონფლიქტური სიტუაციის დროს ისინი ერთ ენაზე უნდა საუბრობდნენ და თანმიმდევრული უნდა იყოს მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის და მშობლების რეაგირება. იხილეთ შემდეგი ვებგვერდი კონფლიქტის მართვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად: https://www.crinfo.org/educationtraining/teaching-materials;


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი