საზაფხულო დავალებები მასწავლებლებისთვის

მასწავლებლები  საზაფხულო დავალებების შესახებ ბევრს ვსაუბრობთ. ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ. საგნის პედაგოგები დავალებების ნუსხას ვწერთ, რომელსაც კლასის დამრიგებლები მშობლებს უგზავნიან. მოცემულობა ასეთია: უფროსები ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ბავშვების თავისუფალი დღეები გონივრულად დავგეგმოთ.

სიტყვა „საზაფხულო“ ზაფხულს გვახსენებს, მზესთან და თავისუფლებასთან ასოცირდება, აი, „დავალებები“ კი დამეთანხმებით, რომ  თავისუფლების განცდას ეწინააღმდეგება და თითქოს ყველაფერს აფუჭებს.

არადა, ყველა საგნის მასწავლებელს გვინდა, რომ გაწეული შრომა „წყალში არ ჩაგვეყაროს“. სკოლასა და ზაფხულს შორის გონივრული ბმა იყოს, რაც მასწავლებლის, მშობლისა და მოსწავლის ჰარმონიულ თანაარსებობას შეუწყობს ხელს.

რა გვინდა ქართულის მასწავლებლებს? ალბათ, ყველას ერთი და იგივე სურვილი გვაქვს.  ის, რომ წაიკითხონ ბევრი წიგნი და დღიურში   ზაფხულის შთაბეჭდილებების შესახებ წერონ.

ხშირად ვცდილობ თავი ჩემი მოსწავლეების ადგილას წარმოვიდგინო. მთავარია გვახსოვდეს, როგორები ვიყავით ბავშვობისას, რაზე ვოცნებობდით,  რას ვგრძნობდით, რა გვწყინდა, რა გვიხაროდა, რისი გვრცხვენოდა.  სასწავლო წლის ბოლოს პატარა კვლევა ჩავატარე. კითხვარი შევადგინე, რომელიც დამეხმარა გამეგო, რომელი გაკვეთილი დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად, რომელი მეთოდი შეუყვარდათ, რომელი გაკვეთილი აღმოჩნდა მათთვის დაუვიწყარი, როგორი სტილის საშინაო დავალებები მოსწონთ, მაძლევდნენ რჩევებს საინტერესო გაკვეთილების ჩასატარებლად, წერდნენ როგორც საკუთარი, ისე ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ.

კითხვარის ბოლოს ჩემთვის საზაფხულო დავალებების მოფიქრებას ვთხოვდი.

თავიდნან დაიბნენ და აზუსტებდნენ ჩემს თხოვნას. მერე გათამამდნენ და დავალებების ფოიერვერკი მომიწყეს. მე, ორმოცი მეხუთეკლასელი ბავშვის მასწავლებელს, ერთი სული მქონდა, როდის წავიკითხავდი თითოეულის საზაფხულო დავალებას.

დავალებები კი ასეთი იყო:

„ჩამოწერეთ კითხვები თითოეული ბავშვისთვის და ქართულის პირველივე გაკვეთილზე  ჩამოგვირიგეთ.“

„თქვენ უნდა დაწეროთ ამბავი ჩვენი პირველი შეხვედრის დღის შესახებ.“

„ესპანური ისწავლეთ.“

„წაიკითხეთ სამი წიგნი: „სასწაულმოქმედი მისტერ ფოქსი“ და ამას „მატილდაც“ მოყვება. ორივე ერთ წიგნში წერია, ამიტომაც მესამეს გირჩევთ  „ნუ მოკლავ ჯაფარას“ ან უბრალოდ „ჯაფარა“. ეს თქვენი გადასაწყვეტია და იპოვეთ ოცი მსგავსება და ათი განსხვავება.“

„წიგნის კითხვის დროს აბზაცები შეადარეთ სხვა წიგნს.“

„პერსონაჟების თოჯინები გაგვიკეთეთ.“

„მე ერთ დავალებას მოგცემთ, საზაფხულო არდადეგებზე არ გადაიღალოთ და დაისვენეთ. ასევე მთელი გულით გთხოვთ, ცხენით ბევრი იჯირითოთ.“

„ისწავლეთ თევზაობა და თუ არ დაგეზარებათ, დღიურიც შეადგინეთ.“

„მე გირჩევთ, რომ ისწავლოთ ცეკვა. მართალია, მე ცეკვაზე დავდიოდი და არ მომწონდა, მაგრამ მე მგონია, რომ თქვენ ცეკვა გიხდებათ. ძალიან მაინტერესებს, როგორ ცეკვავთ.“

„როგორც წესი, ქართულის მასწავლებლები წიგნებს გვაკითხებენ, ამიტომ მინდა, წაიკითხოთ „წიგნის ქურდი“, რაჭიდან ხშირად მომწერეთ შთაბეჭდილებების წერილები და მესტუმრეთ წავკისში.“

„მოდით, ასე გავაკეთოთ, ივარჯიშეთ ინგლისურში და სხვა ენებში. ასევე, წიგნიდან, რომლებსაც წაიკითხავთ, ამოწერეთ ათ-ათი უცხო სიტყვა, საყვარელი ეპიზოდი და აუცილებლად წაგვაკითხეთ თქვენი დაწერილი წიგნი.“

„არაფერი არ შეცვალოთ და ივარჯიშეთ ბრეიქდანსში.“

„1. არ დაგვივიწყოთ;

  1. იკითხეთ წიგნები;
  2. თუ რაჭაში ჩახვალთ, დაანთეთ კოცონი;
  3. მოიკითხეთ რაჭველი ბავშვები;
  4. დაგეგმეთ ექსკურსია რაჭაში.“

„მას, მე გირჩიოთ, რომ ისწავლოთ ცხენით ჯირითი. ასევე, მოიფიქროთ რაიმე სიახლე ლიტერატურული კაფესთვის.“

„გაიხსენეთ ის ცეკვა, რომელსაც ბავშვობაში ცეკვავდით. უწერაში ბავშვები მომიკითხეთ.“

„მე მინდა, წაიკითხოთ წიგნი სახელად „გიკი გოგო“ და ძალიან გთხოვთ, დაწეროთ მოთხრობა V კლასზე.“

„ისწავლეთ გერმანული და ლიტერატურულ კაფეზე რაღაცები გერმანულად ვთქვათ. საინტერესო იქნება.“

„უნდა აირჩიოთ ერთი საყვარელი წიგნის გმირი და მასზე უნდა დაწეროთ გამოგონილი ამბავი სხვადასხვა პერსონაჟებითა და გეოგრაფიული სახელწოდებებით.“

„დაწერეთ ერთი წიგნის შინაარსი, ოღონდ მოკლედ, რეცენზიასავით. რეცენზია არ დაწეროთ.“

„თქვენი დავალება არის: მოიფიქრეთ ერთი საინტერესო გაკვეთილი.“

„მას, თქვენ გაქვთ ორი დავალება: დაისვენეთ და გაერთეთ.“

„მინდა, რომ წაიკითხოთ „სალამურას თავგადასავალი“ და მოუსმინოთ მუსიკას. გირჩევთ, იცხოვროთ თქვენი ცხოვრებით და რადგან ბოლოს და ბოლოს ზაფხულია, გვერდზე გადადეთ ტესტები  და მიეფიცხეთ მზეს. შეჯიბრი გავმართოთ, ვინ უფრო მაგრად გაირუჯება.“

„მე ბევრ დავალებას არ მოგცემთ, რადგან ვიცი, რომ სხვებიც მოგცემენ დავალებას. ისწავლეთ რუსული და წაიკითხეთ ერთი წიგნი, თუ ვერ შეძლებთ, არა უშავს.“

„დაისვენეთ შვილებთან ერთად, ისეირნეთ, კარგად გაატარეთ დრო და აისრულეთ თქვენი სურვილები.“

„ჩემი დავალება იქნება, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში არ შეიჭრათ თმა და ისეთი თმებით გნახოთ, როგორც იმ დღეს, როცა ჩვენ ერთმანეთს შევხვდით.“

დამეთანხმებით, საკმაოდ მრავალფეროვანი და შრომატევადი დავალებებია. ახლა უნდა ვიფიქრო, როგორ გავართვა მათ თავი. ესპანურის, გერმანულის, ინგლისურისა და რუსული სწავლას ორ თვეში ვერ მოვასწრებ, თუმცა შევეცდები სიტყვების გარკვეული რაოდენობა დავიმახსოვრო. მრავალი ინტერნეტრესურსი არსებობს იმისთვის, რომ უცხო ენა დამოუკიდებლად შეისწავლო; კოცონს დავანთებ; თევზაობა და ცხენით ჯირითი გამიჭირდება; წიგნებს წავიკითხავ და დღიურში დროდადრო შთაბეჭდილებებს დავწერ; მეხუთე კლასზე ამბებსაც მოვიგონებ;  პირველი გაკვეთილისთვის შეკითხვებს მოვიფიქრებ; საინტერესო გაკვეთილის დაგეგმვაც არ იქნება რთული.

უნდა გამოვტყდე და ყველაზე მეტად გამახარა, ცეკვას, გარუჯვას, მუსიკის მოსმენას, შვილებთან ერთად დასვენებას რომ მავალებენ. გადავწყვიტე, დავალებების ამსახველი ფოტომასალა მოვაგროვო და სასწავლო წლის პირველ გაკვეთილებზე რესურსად გამოვიყენო.

 

 

 

 

 

კომენტარები

comments