სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

რობინზონიადა – საზაფხულო საკითხავი და თამაშები

(„ბუზთა ბატონი“ უილიამ გოლდინგისგან)

უკაცრიელ კუნძულზე ისე ცხელა, იქაურობა გახურებულ აბანოს ჰგავს. ქერათმიანი ბიჭი ლაგუნისკენ მიემართება, სასკოლო ფორმის ზედა გაუხდია, მაგრამ ჯერ კიდევ ხელზე გადაკიდებული მიაქვს (ბოლომდე ვერ თმობს). მექანიკური მოძრაობით გეტრებს ამოიწევს და ამ უნებლიე ჟესტის გამო ჯუნგლები წუთით მის ქალაქს დაემსგავსება. ქალაქს, რომელიც მისგან გაურკვეველ მანძილზე და გაურკვეველ ყოფაშია. „შეიძლება აქ მოზრდილი არავინ იყოს,“ – გაუბედავად ფიქრობს ქერათმიანი, დაუდევრად მიაბიჯებს წყლისკენ და ცდილობს აგდებული იერი მოირგოს. ხოლო როდესაც კუნძულის რეალობას საბოლოოდ ირწმუნებს, ახდენილი ოცნების გამო სიხარული სძლევს და მალაყს გაჭიმავს.

,,აქ უფროსების ჭაჭანებაც არ არის!.. გლიჯავს!.. ზღაპარია!.. მაგარია!.. აქაურობა ჩვენია!.. ჩვენს თავს თვითონ უნდა მივხედოთ!.. სანამ მოგვაგნებენ, ამ კუნძულზე კარგ დროს გავატარებთ!“ – ქერათმიანის აღტაცებას მალე სხვა ბიჭებიც გაიზიარებენ, „თვალებგაბრწყინებულები და ფრთაშესხმულები ბატონ-პატრონობის შეგრძნებით დატკბებიან…“

ზღაპრული ბუნება და საოცნებო სიტუაცია უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონის“ პირველივე გვერდებიდან თავშესაქცევ თავგადასავალში ითრევს მოზარდებს, მათ ფანტაზიას მაცოცხლებელი ელექსირივით კვებავს. მაღალი პალმები, მარჯნის რიფთან მოციმციმე წყალი, თვალუწვდენელი ზღვის მუქი სილურჯე – ასეთ უკაცრიელ კუნძლზე მარტოდმარტო, ნაცნობ თუ უცნობ თანატოლებთან ერთად მოხვედრაზე ალბათ ბევრ ბავშვს უოცნებია. შემდეგ კი ამ ოცნებებით შთაგონებულს საინტერესო თამაშებსა თუ წარმოსახვით თავგადასავლებში გაუტარებია დრო. ამიტომაც გადავწყვიტე მოსწავლეებს (განსაკუთრებით თინეიჯერებს) გოლდინგის ეს წიგნი შევთავაზო, საზაფხულო კითხვა თუ გართობა უფრო მრავალფეროვანი რომ გახადონ. ვინ იცის, იქნებ რობინზონიადა მათ საყვარელ საკითხავადაც იქცეს.

***

რეობინზონიადა სათავგადასავლო ლიტერატურისა და კინემატოგრაფიის ქვეჟანრია, რომელიც უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი ერთი ან რამდენიმე ადამიანის გადარჩენისათვის ბრძოლას აღწერს. რობინზონიადას ჟანრის ნაწარმოებები და ფილმები დანიელ დეფოს ცნობილი რომანის „რობინზონ კრუზოს“ გამოსვლის შემდეგ (1719 წელს) გაჩნდა. დეფოს ეპოქაში მისი რომანის პოპულარობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მხოლოდ გერმანულ ენაზე 1760 წლამდე ორმოცამდე რონბინზონიადას ჟანრის წიგნი გამოიცა. თუმცა დეფომდე მსოფლიო ლიტერატურაში მსგავს თემებზე სხვა ავტორებიც (იბნ ტუფაილი, ლუკიანი, შექსპირი, ბალანტაინი, ვერნი, უელსი…) წერდნენ და ეს ჟანრი დღემდე პოპულარული და მრავალფეროვანია (მაუგლიზე, ტარზანზე შექმნილი წიგნებიდან თუ ფილმებიდან მოყოლებული, კოსმოსურ რობინზონიადებამდე).

ბრიტანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის უილიამ გოლდინგის სადებიუტო რომანი „ბუზთა ბატონი“ (Lord of the Flies) 1954 წელს გამოვიდა. წიგნმა აღიარებამდე ხანგრძლივი და რთული გზა გაიარა: ოცდაერთმა გამომცემელმა მის დაბეჭდვაზე უარი განაცხადა, საბოლოოდ კი გამომცემლობამ „Faber&Faber“ რომანი იმ პირობით მიიღო, ავტორი ბირთვული ომის შემაძრწუნებელი შედეგების ამსახველ პირველ თავებზე უარს თუ იტყოდა. გოლდინგმა მოთხოვნა დააკმაყოფილა, მიუხედავად ამისა „ბუზთა ბატონს“ წარმატება არც გამოსვლის შემდეგ დაუმსახურებია (აშშ-ში 1955 წელს მხოლოდ 3000 ეგზემპლარამდე გაიყიდა). წიგნი ბესტსელერად რამდენიმე წლის შემდეგ იქცა: 60-იანი წლების დასაწყისში ის ზოგიერთი სკოლისა და კოლეჯის პროგრამაში შეიტანეს; 2005 წელს ჟურნალმა „Time“ ნაწარმოები „100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაში“ დაასახელა; 1990-1999 წლებში კი ამერიკის ბიბლიოთეკების ასოციაციის შედგენილი „მეოცე საუკუნის ყველაზე სესნსაციური 100 წიგნის ჩამონათვალში“ 68-ე ადგილს ინარჩუნებდა. დღეისათვის „ბუზთა ბატონი“ მეოცე საუკუნის დასავლური ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად ითვლება.

***

ქერა ბიჭი, დასაწყისში რომ ვახსენე, ცამეტი წლის რალფია, რომელსაც ბიჭები ბელადად აირჩევენ (ძალიან სპონტანურად და სწრაფად – წიგნის პირველსავე თავში). მანამდე კი ავტორი კიდევ ერთ მთავარ პერსონაჟს, ღუტას გვაცნობს, რომელიც დაწინაურებულ რალფს გასძახის, – „ჰეი, მოიცა ერთი წუთით!“ –  და ლაგუნისკენ გზას ძალიან ფრთხილად მიიკვლევს (მას ხომ ასთმის გამო დეიდა სირბილს უშლიდა). ხოლო სანამ ჯუნგლებიდან გამოსული რალფი მის წინ გადაშლილი ხედით ტკბება, მსუქანა, სათვალეებიანი, ხილისგან კუჭაშლილი ღუტა ფოთლებშია ჩაცუცქული და ჯერ არაფერი იცის უკაცრიელი კუნძულის შესახებ.

ღუტა გონიერი და რაციონალური პერსონაჟია. სწორედ ის ურჩევს რალფს ნიჟარაში ჩაბეროს და კუნძულზე გაბნეული გადარჩენილი მგზავრები მოაგროვოს, თვლის, რომ სია უნდა შედგეს, რომელშიც ყველა ბიჭის სახელს ჩამოწერენ, წესებსა და კანონებსაც იგონებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბიჭები სწორედ მისი სქელმინიანი სათვალით ახერხებენ ცეცხლის დანთებას! მიუხედავად ამისა, ღუტა ხშირად რჩება განზე – ზედმეტი წონისა და ზედმეტი სახელის გამო აბუჩად იგდებენ. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი, საკუთარი წინდებით მექანიკურად წმენდს ხოლმე სათვალეს და „იმ მშობლის ტანჯული გამომეტყველებით, ვინც იძულებულია შვილების უგნურ წამოწყებას აყვეს,“ ბედს ეგუება.

რობინზონიადას ჟანრის ნებისმიერ ნაწარმოებში უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი გმირი თუ გმირები დაზვერვის პროცესში ამა თუ იმ ნივთს გადააწყდებიან ხოლმე (რა თქმა უნდა, მწერლის წინასწარი გაანგარიშებით). ნაპოვნი თუ კატასტროფის შედეგად გადარჩენილი ნივთები თანდათან საინტერესო დანიშნულებას იძენენ. ამ მხრივ უნიკალური გახლავთ გოლდინგისეული მიგნებები და ინტერპრეტავციები  „ბუზთა ბატონის“ უკაცრიელ კუნძულზე:

ნიჟარა მას შემდეგ, რაც „შორიდან დანახულ კი არა, ხელშესახებ“ საგნად იქცევა, მოწიწებით მოპყრობას იმსახურებს. პატივისცემა ავტომატურად მის მფლობელ რალფზეც გადადის, ჯეკის (იგივე მერიდიუს) საეკლესიო გუნდის ფორმით მოპოვებული უპირატესობა კი ნიჟარის ფონზე არაფრისმთქმელი აღმოჩნდება. გადარჩენილები ბელადად რალფს აირჩევენ და „ამის მიზეზს ვერავინ იტყოდა, თუ გონიერებაზე მიდგებოდა, ყველას ღუტა სჯობდა; ჯეკი აშკარად ლიდერი ჩანდა, მაგრამ რალფმა სიმშვიდით მოიგო ბიჭების გული, თან მაღალი იყო, მიმზიდველი გარეგნობისა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, თუმცა ამას ვერავინ აცნობიერებდა, ის გახლდათ, რომ ნიჟარა რალფს ჰქონდა. ის ვინც ნიჟარაში უბერავდა, ახლა ბაქანზე იჯდა, ნატიფი ნივთი მუხლზე ედო და ნამდვილად ვერავინ შეედრებოდა;“

ქვა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნივთი, როჯერის ხელში ფიქრების შესაბამისად ტრანსფორმირდება. კუნძულზე ყოფნის პირველ ხანებში როჯერი ვერ ბედავს სამიზნედ აქციოს ქვიშაში მოთამაშე პატარა ბიჭუნა („ძველი ცხოვრების უხილავი, მაგრამ მკაცრი ტაბუ“ ჯერჯერობით მოქმედებს და ექვსიარდიან დიამეტრში ასროლინებს ქვებს). მშობლები, სკოლა, პოლიცია, კანონი პატარას აქეთ-იქიდან იცავენ და როჯერის მკლავის მოძრაობის ტრაექტორიასაც წარმართავენ. თუმცა, რა მოხდება მომავალში, მკითხველმა უნდა გამოიკვლიოს და თავადვე გამოუტანოს განაჩენი როგორც ქვით შეიარაღებულ ბიჭებს, ასევე ატომური ბომბით შეიარაღებულ, ნანგრევებში ჩაფლულ ცივილიზაციას.

ნიღაბი პირველად ჯეკმა მოირგო: „ცალი ლოყა და ქუთუთო გაითეთრა, მეორე მხარეს წითელი წაისვა და ნახშირით გარდიგარდმო გაივლო შავი ხაზი მარჯვენა ყურიდან მარცხენა ყვრიმალისკენ.“ იმ წუთიდან ბიჭების მისდამი დამოკიდებულება უცებ შეიცვალა (ნიღაბს შეპასუხება ვეღარ გაუბედეს). თავად ჯეკიც გაოცებული დაჰყურებს „საკუთარ თავს კი აღარ, საზარელ უცნობს… ღონიერ სხეულზე დადგმულ შემზარავ ნიღაბს.“ მერე ცეკვა-ცეკვით ჩამოუვლის და „სიცილი სისხლს მოწყურებულ ბრდღვინვაში გადაეზრდება.“ ნიღბის მიღმა ჯეკი (და მალე სხვა ბიჭებიც) სირცხვილისგან თავისუფლდებიან;

დანა საეკლესიო გუნდის ხელმძღვანელისა და სოლისტის, ჯეკის საკუთრებაა. თავიდან ჯეკს მიაჩნია, რადგან „დო დიეზის აღება შეუძლია,“ ბელადობაც მას ეკუთვნის. არჩევნების შედეგით გაცრუებულს კი მთელი ყურადღება დანაზე გადააქვს, თვალსა და ხელს შუა მონადირედ იქცევა, გუნდის წევრებს თანამოაზრეებად გაიხდის და თანდათან ველური ცხოვრების წესებსაც დაამკვიდრებს;

მოკლული ღორის თავს, რომელსაც ბიჭები ნადირობის შემდეგ შუბზე წამოაცვამენ („შეწირავენ“), ავტორი ბუზთა ბატონს უწოდებს. ამ უცნაურ კერპს ტყეში ფსიქიკურად დაავადებული ბიჭუნა საიმონი გადააწყდება და გამოელაპარაკება. სწორედ ამ წარმოსახვითი დიალოგიდან ვიგებთ, რომ ბავშვებში ურჩხულია ჩამალული და ოდესღაც თავს აუცილებლად გამოამზეურებს… რომ ადამიანები არასდროს არიან ზუსტად ისეთები, როგორებიც გვგონია! მაშველებიც კი, ბიჭები კუნძულიდან რომ მიჰყავთ, იმავე სამყაროდან არიან, სადაც კაცობრიობის რეგრესს გიგანტური მასშტაბებისთვის მიუღწევია.

მაშინ რაღას გულისხმობს ავიაკატასტროფის შედეგად უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი, ინგლისიდან ევაკუირებული ბავშვებისთვის უფროსების მოსვლამდე თავის გატანა? „ბუზტა ბატონი“ სწორედ ამ კითხვაზე გაცემული პასუხებით აგებული ამბავია. გოლდინგი ერთ პატარა, უკაცრიელ კუნძულზე მომხდარი ამბების მაგალითზე ხსნის ადამიანური ბუნების არსს. ადამიანისა, რომელიც ასაკის, დროის, ადგილის, კანონებისა თუ რელიგიის მიუხედავად მარტივად შეიძლება დავინახოთ სარკის იმ პატარა ნატეხში, პატარა ბიჭებს და პატარა კუნძულს რომ აირეკლავს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი