ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ასერტულობის კონცეფცია საგანმანათლებლო სისტემაში (ნაწილი III)

მარინე ჯაფარიძე, ლიკა ჭყონია

როგორც წინა სტატიაში დაგპირდით, გაგაცნობთ იმ საპილოტე კვლევის შედეგებს, რომელიც ეძღვნება მასწავლებელთა ასერტული ქცევისა და ემოციური გადაწვის საკითხს, კერძოდ, რამდენად ახასიათებთ მასწავლებლებს ქცევის ასერტული სტილი და რა კავშირია ასერტულობასა და ემოციურ გადაწვას შორის. კვლევაში მონაწილეობდა იმერეთის რეგიონის 91 მასწავლებელი – 84 ქალი და 7 მამაკაცი.

გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მიღებული შედეგები მიზეზთა გამო (რომლებსაც სტატიის ფორმატში ვერ განვიხილავთ) განზოგადებას არ ექვემდებარება, მაგრამ განსაზღვრულ ტენდენციებს ასახავს და, ვფიქრობთ, ის შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს მკითხველისთვის. 

1. კვლევაში მონაწილე მასწავლებლების 23%-ს ახასიათებს ქცევის ასერტული სტილი, 77%-ს კი პასიური.

2. რაც უფრო მაღალ კლასებს ასწავლის მასწავლებელი, მით უფრო მეტად ამჟღავნებს ასერტულობას.

3. 60 წელს გადაცილებული მასწავლებლების საშუალო მაჩვენებელი 38 ქულაა, რაც პასიური ქცევის მოდელში თავსდება.

4. 40 წლამდე ასაკის მასწავლებლების საშუალო მაჩვენებელი 48 ქულაა, რაც ასევე ქცევის პასიური სტილის მაჩვენებელია, მაგრამ უახლოვდება ასერტული სტილის მაჩვენებელს.

5. 40-დან 60 წლამდე ასაკის მასწავლებლებს ყველაზე მეტად ახასიათებთ ასერტულობა.

6. კვლევაში მონაწილე მასწავლებლების 16% ემოციური გადაწვის რისკჯგუფშია, 33% კი ემოციურად გადამწვარია.

7. ემოციური გადაწვა დაუდასტურდა ასერტული მასწავლებლების 19%-სა და პასიური მასწავლებლების 31%-ს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ ჩატარებულ კვლევაში მასწავლებელთა ტესტირების მონაცემები არ სცილდება 60 ქულას (მაქსიმუმი 80 ქულაა). ჩვენი ვარაუდით, შეფასებაში ეს ერთგვარი სიფრთხილე შეიძლება აიხსნას იმ გარემოებით, რომ ძლიერ გამოხატულ ასერტულობას ზოგიერთი მასწავლებელი შესაძლოა აგრესიულ და, ამდენად, არასასურველ ქცევად მიიჩნევდეს და ასე გამოხატავდეს სოციალურად სასურველ პოზიციას. ამის გამო მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მოკლედ განვიხილოთ ასერტულობისა და აგრესიის ცნებათა ურთიერთმიმართება.

ყოველდღიურობაში აგრესიულობა უმეტესად განიხილება როგორც უარყოფითი, დესტრუქციული მნიშვნელობის ცნება. რასაკვირველია, მრავალი მეცნიერი ამას არ ეთანხმება. საზოგადოდ, აქტივობის პოზიციიდან აგრესიულობის განხილვა ეგზისტენციური ფილოსოფიიდან/ფსიქოლოგიიდან მომდინარეობს და თავისუფლების, პიროვნული ზრდის იდეებს ეფუძნება (ა. მასლოუ, კ. როჯერსი და სხვ.). მაგალითად, ე. ფრომის განმარტებით, აგრესიულობა პიროვნების აქტიურობის მთავარი პირობაა, რათა უშიშრად და უყოყმანოდ, შეუჩერებლად იაროს მიზნისკენ. მართალია, ისინი ასერტულობის ფენომენს არ შეისწავლიდნენ, მაგრამ მასლოუს, ფრომის, პერლსის, ოლპორტის და სხვათა ღრმა ფსიქოლოგიური ნაშრომები მკაფიო წარმოდგენას გვიქმნის ჯანმრთელი და აქტუალიზებული პიროვნების, შესაბამისად, ასერტულობის არსის შესახებ.

თანამედროვე ავტორთა აზრით, აგრესიულობა განსხვავებულ შეფერილობას იღებს მიზნის მიღწევის გზაზე პიროვნების სოციალური მიმართულობის, მისი ქცევის მოტივების, ღირებულებების შესაბამისად. 

ხომ არ შეიძლება, ეს ისე გავიგოთ, რომ ასერტულობა ერთგვარად აგრესიულობასაც გულისხმობს? დიახ, ეს ასეა და აქ იგულისხმება კონსტრუქციული აგრესია – აქტიური ქმედებისაკენ მიმართული არაძალადობრივი შინაგანი პოზიცია, რომელიც პიროვნებას საშუალებას აძლევს, სჯეროდეს საკუთარი თავის, ჰქონდეს პოზიტიური თვითშეფასება და, ამასთანავე, შეინარჩუნოს პარტნიორისადმი პატივისცემა და ამგვარად მაღწიოს დასახულ მიზანს. კონსტრუქციული აგრესიის დროს ადამიანი მებრძოლ პოზიციაშია, ასერტულობა კი პიროვნების არაძალადობრივ შინაგან პოზიციას გამოხატავს, თუმცა არ გამორიცხავს პირველს, პირიქით, მოიცავს მას. არაძალადობის ფილოსოფიის ერთ-ერთი პოსტულატი ხომ ასე ჟღერს: იბრძოლე არაძალადობისთვის!

ჩვენი კვლევის საგანი არ ყოფილა აგრესიულობასა და ასერტულობას შორის კორელაციის დადგენა, მაგრამ არსებობს სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ ასერტულობა უარყოფით კორელაციაშია აგრესიულობის ისეთ კომპონენტებთან, როგორებიცაა ადამიანებისადმი იჭვნეული დამოკიდებულება და წყენინება (ანუ ნორმაზე მაღალი მტრობის ინდექსი), ხოლო დადებითში – პოზიტიურ ღიაობასთან, თავდაჯერებასთან, შეუპოვრობასთან და სხვა. ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კონსტრუქციული აგრესიულობა და ასერტულობა ასევე დადებით კორელაციაშია ალტრუისტულ ღირებულებებთან. ყველა ჩამოთვლილი თვისება აძლიერებს და ეფექტიანს ხდის ადამიანის პროსოციალურ აქტივობას. თავად სამყაროს შემეცნების პროცესი წარმოუდგენელია აგრესიულობის გარეშე. დაბალი აგრესიულობა აფერხებს აქტივობის პროცესს, მაღალი კი მნიშვნელოვანად ზრდის.

ასერტული ქცევის საზღვრების დასადგენად აუცილებელია მისი შედარებაც მანიპულაციურ ქცევასთან, რომელიც ასერტულობის საპირისპირო სტილია. მანიპულაციის მიზანია, მიიღოს სასურველი მეორე მხარის ინტერესების გაუთვალისწინებლად. როგორია მანიპულატორის ქცევა? მას ახასიათებს არამკაფიოდ გამოთქმული, ბუნდოვანი აზრები და მოთხოვნები, ემოციურად შეფერილი არგუმენტაცია, პარტნიორის „არასწორი” ღირებულებებისა და უზნეო ქცევის ხაზგასმა, მოვლენების განვითარებასა და შედეგებზე პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბრალება და ა.შ. ასერტულობა ერთმნიშვნელოვნად უარყოფს მანიპულირების ყოველგვარ ფორმას – ის გულისხმობს მშვიდად, მაგრამ მტკიცედ გამოხატულ აქტიურ პოზიციას.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ დებულებები და შეაფასოთ შესაბამისი ქულით: 
1 ქულა – დიახ, ასეა.
2 ქულა – უმეტესად ასეა.
3 ქულა- იშვიათად ხდება ასე.
4 ქულა – არა, ასე არ არის.
1. როცა ნაცნობი მთხოვს სესხად ფულს, უარს ვერ ვეუბნები, მაშინაც კი, როცა ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას არ მაძლევს.

2. არ შემიძლია გავეცნო ადამიანებს, ველოდები, თავად როდის გადმოდგამენ პირველ ნაბიჯს.

3. როცა კოლეგები სადმე მეპატიჟებიან და ვგრძნობ, რომ ჩემი თანხმობა მნიშვნელოვანია, უარს ვერ ვამბობ, მაშინაც კი, თუ ეს ჩაშლის ჩემს გეგმებს.

4. როცა ვინმე ურიგოდ დგება ჩემ წინ, ვერ ვახერხებ მის წყენინებას, მაშინაც კი, როცა ამის დიდი სურვილი მაქვს.

5. სამსახურში დებატების დროს არ შემიძლია ვაწყენინო კოლეგას ან ადმინისტრაციის წარმომადგენელს, მაშინაც კი, როცა კამათს აზრი ეკარგება.

6. მაწუხებს, თუ კოლეგის თხოვნაზე უარის თქმა მიწევს.

7. არ შემიძლია საუბრის დასრულება, მაშინაც კი, როცა სადმე მეჩქარება ან თანამოსაუბრე და სასაუბრო თემა ჩემთვის ძალზე უინტერესოა.

8. საუბრისას არ შემიძლია, ვინმეს წინააღმდეგობა გავუწიო. მაშინაც კი, როცა მიმაჩნია, რომ ჩემი პოზიცია უფრო მართებულია, გაჩუმებას ვარჩევ.

9. მაშინაც კი, როცა რამე არ მესმის, არ მიყვარს ზედმეტი კითხვებით სხვისი შეწუხება.

10. სხდომებსა თუ შეკრებებზე ჩუმად ყოფნას ვამჯობინებ, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდე.

11. როცა წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა მიზეზთა გამო შეუძლებელი ხდება, ვერ ვახერხებ, პირველმა მოვითხოვო მისი გადადება. ველოდები, როდის გააკეთებს ამას სხვა.

12. მე რომ ბრძანებების გაცემა მიწევდეს, ისინი რჩევა-დარიგებებს დაემსგავსებოდა.

13. როცა ახლობლები უსამართლოდ მექცევიან, არ ვაპროტესტებ. ვცდილობ არ შევიმჩნიო, რომ ნაწყენი ვარ.

14. შეხვედრის დანიშვნა საპირისპირო სქესის ადამიანთან, რომელიც მაინტერესებს (მაინტერესებდა), აღემატება (აღემატებოდა) ჩემს ძალებს.

15. როცა მაქებენ და კომპლიმენტებს მეუბნებიან, ვიბნევი, თავს უხერხულად ვგრძნობ.

16. თუ შეძენილი პროდუქტი უხარისხო აღმოჩნდა, მირჩევნია გადავაგდო, ვიდრე მაღაზიაში პრეტენზიებით დავბრუნდე.

17. იმის წარმოდგენაზეც კი მაკანკალებს, რომ უმუშევრობის შემთხვევაში შესაძლოა სოციალური დახმარების იმედად დავრჩე.

18. ისეთ ადამიანებთან საუბრისას, რომლებზეც დამოკიდებული ვარ, მნიშვნელოვან თემაზე აზრს ბუნდოვნად გამოვთქვამ, ზოგჯერ ენაც კი მებმის.

19. არ მიყვარს უცხოსთვის რამის თხოვნა.

20. არ მიყვარს თანამდებობით უფრო მაღლა მდგომ პირებთან საბარი, მაშინაც კი, როცა რამის შეტყობინებაა საჭირო.
თუ 50 ან უფრო ნაკლები ქულა მოაგროვეთ, პასიური, დამთმობი ქცევა გახასიათებთ. რაც უფრო ნაკლებია ქულა, მით მეტად.

51 ქულიდან, რაც უფრო მეტია ქულა, მით მეტად გახასიათებთ ასერტულობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი