პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ბოლო დღე პირველ კლასში

პირველი კლასის მასწავლებლობა, სასწავლო მასალის სიმარტივის მიუხედავად, გარკვეულ სიძნელეებს უკავშირდება. სასკოლო გარემოსთან ადაპტირების გარდა, მოსწავლე პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამს თვითსწავლისა და თავის მოვლის საწყისი უნარების განვითარების თვალსაზრისით. ამას გარდა, სწორედ სწავლის პირველ წელზეა დამოკიდებული, თუ როგორ განეწყობა მოსწავლე სწავლის მიმართ. აქედან გამომდინარე, პირველ კლასში განსაკუთრებით უნდა იყოს გათვალისწინებული მოსწავლეთა ინტერესები და მოთხოვნილებები.

ჩემი პირველკლასელობა გაჭიმულ ზურგს და წინ დაწყობილ ხელებს, გადღაბნილ მელანს, საშრობიც რომ ვეღარ შველის და არასახარბიელო კალიგრაფიის გამო დაწერილ ,,კუდიანებს“ უკავშირდება. ყველაზე მძაფრად ის მახსოვს, რომ ძალიან მეშინოდა მასწავლებლის განაწყენების და ფანჯარასთან ახლოს ვჯდებოდი, ფიქრით გაქცევის შანსი მაინც რომ გამომეყენებინა. მაშინ თავიდანვე განმსაზღვრელი შეფასება იწერებოდა და პირველი „სამიანი“ და კბილის ამოღება ერთნაირ ტკივილად ჩარჩა ჩემს მეხსიერებას. ჩემი წარუმატებლობის ამსახველი ნიშნების სიუხვის წყალობით თვითშეფასება საგრძნობლად დამიდაბლდა. ისედაც არ მიყვარდა თავის გამოჩენა და, დაფასთან გამოძახებულს, რაც ვიცოდი, ისიც მავიწყდებოდა. პირველ კლასშივე ჩავიქნიე ხელი ჩემი გონებისა და მათემატიკის დამეგობრებაზე და დაუძლეველი შიშების სკივრში თითქმის ოცი წლით გამოვკეტე. მას შემდეგ, რაც სკოლაში დავიწყე მუშაობა და პირველი კლასის კარი შევაღე, შიშების კიდობნიდან რაც შეიძლება მეტი „ არ შემიძლიას“ დახსნას ვცდილობ.

საზეიმო განწყობით ყველაზე მეტად სასწავლო წლის პირველი დღე გამოირჩევა. შემდეგ კი იწყება სამუშაო პროცესი, რომელიც ხშირად რუტინული და მოსაწყენი გვეჩვენება. პირველ კლასში განსაკუთრებით უნდა მოვერიდოთ ერთფეროვნებას, რადგან ახალბედა მოსწავლეს თამაშის/მოძრაობის ფაზიდან სტატიკურ მდგომარეობაში გადასვლა და ყურადღების ერთ მიზანზე დიდხანს მობილიზება განსაკუთრებით უჭირს. ამიტომ, პირველკლასელთა საკლასო ოთახი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მასწავლებელმა მოსწავლეთა მერხებიდან წამოყენება და თამაშით სწავლასთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელება (როლური თამაში, თოჯინების თეატრი, იმიტირებული წარმოდგენები, ფილმის ჩვენება, ინტეგრირებული პროექტები და სხვ.) გაკვეთილზეც შეძლოს.

მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის ბოლო დღე პირველის მსგავსად  მნიშვნელოვანია. თუ სექტემბრის თვე სასკოლო თავგადასავლების დაწყებას უკავშირდება, ივნისი უკვე დამეგობრებული მოსწავლეების რამდენიმე თვით დამშვიდობებას მოასწავებს და არანაკლებ მძაფრ ემოციებს იწვევს მათში. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი სასწავლო წლის ბოლო დღის ისეთივე საზეიმო განწყობით დასრულება, როგორითაც მოსწავლეებს წლის დასაწყისში შევხვდით. ამას გარდა, სასურველია, რომ მოსწავლეებს დავეხმაროთ და დავანახოთ მათ მიერ გავლილი გზის მნიშვნელობა და შედეგი, რომელსაც ამ წლის განმავლობაში მიაღწიეს.

დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს უჭირთ დამოუკიდებლად საკუთარი საქმიანობისა და მიღწევების შეფასება. აქედან გამომდინარე, აკადემიური უნარების ამაღლების გარდა, ადეკვატური თვითშეფასების გამომუშავებაზეც უნდა ვიზრუნოთ. შემაჯამებელი გაკვეთილები კი რეფლექსიის უნარს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. სწორედ ამ მიზნით, სასწავლო წლის მიწურულს ყველა კლასში დავგეგმე შემაჯამებელი შეხვედრა, მათ შორის, პირველ კლასშიც.

სხვა კლასებისგან განსხვავებით, პირველკლასელებს საინტერესო თავგადასავალი მოვუმზადე. ერთი საგაკვეთილო საათის ფარგლებში, მოსწავლეები ექვსი აქტივობის დახმარებით გამოავლენდნენ ყველა იმ სასწავლო უნარ-ჩვევას, რომელიც წლის განმავლობაში განივითარეს, ფონეტიკური უნარ-ჩვევებით დაწყებული, ინტერპრეტირებული თხრობით დამთავრებული. ამ გზით ისინი გაუცნობიერებლად მოახდენდნენ სკოლაში შეძენილი ცოდნისა და უნარების დემონსტრირებას. იმედი მაქვს, ჩემი პირველკლასელების სკოლაზე მოგონებებში ბევრი ასეთი გაკვეთილი დაიდებს ბინას. ამ წერილშიც პირველი კლასის ქართული ენის ბოლო გაკვეთილს გაგიზიარებთ.

საგაკვეთილო მასალების მომზადებისთვის მუყაოს ყუთები, ფერადი და თეთრი ქაღალდები, მარკერები, ჩხირები, ფერადი ფორმატი, ვიდეომასალა (ქართული მულტფილმები), დამხმარე ტექსტები (ქართული ზღაპრები, გამოცანები, ანდაზები) და სასწავლო მასალასთან დაკავშირებული შეკითხვები დამჭირდა. მულტფილმების ეპიზოდების ჩვენებისთვის კი პროექტორი და ლეპტოპი გამოვიყენე.

ქვემოთ ჩამოთვლილი აქტივობების ორგანიზების ფორმა ჯგუფური გახლდათ, ამიტომაც კლასი ორ ჯგუფად გავყავი და, პირველ რიგში, მოსწავლეებს თამაშის წესები განვუმარტე. შემდეგ ,,თავგადასავლების ბორბალი“ დავატრიალე და გაკვეთილი დაიწყო.

 

„თავგადასავლების ბორბალი“ ექვსი „გაჩერებისგან“ შედგება. თუ ისარი მზის გამოსახულებიან მონაკვეთზე გაჩერდება, მოსწავლეები, ცნობილი ქართული მულტფილმიდან (რომელსაც ამ დავალებისთვის განკუთვნილი კონვერტიდან ამოიღებენ) ნაწყვეტის ნახვის შემდეგ, მთავარი გმირის დახასიათებას შეეცდებიან. შემდეგი გაჩერება „ანბანის ყუთია“ მასში მოთავსებულია ასოების ბარათები. ბავშვებმა უნდა ჩაიფიქრონ სიტყვა, რომელიც იმდენივე ასოსგან შედგება, რამდენი ადამიანისგანაც შედგება ჯგუფი. შემდეგ მოძებნიან საჭირო ასოებს და იმ მიმდევრობით დგებიან, მაყურებელმა არჩეული ბარათების გაერთიანებით ჯგუფის მიერ ჩაფიქრებული სიტყვის ამოკითხვა რომ შეძლოს.

„შავ ყუთში“ გამოცანები, რითმოცანები და რებუსები აწყვია და ჯგუფებს მათი წილი თავსატეხების ამოხსნა ევალებათ. „ბლიცკითხვები“ სასწავლო მასალაზე დაყრდნობით შედგენილ კითხვებს მოიცავს. ამ აქტივობის დახმარებით მოსწავლეები იაქტიურებენ ცოდნას – პასუხობენ ფაქტობრივ კითხვებს, განმარტავენ ლექსიკურ ერთეულებს და აგრძელებენ ფრაზებს შესწავლილი ტექსტებიდან (ლექსებს, ანდაზებს).

„ზღაპრის სამყაროში“ მოხვედრილებს, ზღაპრებისა და პერსონაჟების კონვერტებიდან თითო-თითო ბარათის ამოღება უწევთ. შემდეგ კი, ჩხირების დახმარებით, ჯგუფის ის წევრი წარმოადგენს თავის გუნდს, რომელსაც განსხვავებული (შეიძლება პატარა ვარსკვლავი დავახატოთ, ან ერთი ზომის ჩხირებში ერთი მოკლე შევურიოთ) ჩხირი შეხვდება. ეს მოსწავლე ჯგუფთან ერთად ემზადება გამოსვლისთვის, მათგან იღებს რჩევებს, აზუსტებს ფაქტებს და ა.შ. მოთამაშე იმ პერსონაჟად უნდა გადაიქცეს, ვისი სახელიც მისმა ჯგუფმა კონვერტიდან ამოიღო. ამ აქტივობის დახმარებით მოსწავლე გამოავლენს, როგორც ინტერპრეტირებული თხრობის, ასევე სიტუაციის შესაბამისად ლავირების, კონცენტრირების და პრეზენტირების უნარებს.

„წინადადების ფაზლი“ მოსწავლეების ერთ-ერთი საყვარელი თამაშია. ფაზლების აწყობა მათ ძალიან ახალისებთ და წინადადების სწორად აგებასაც დიდი ხალისით სწავლობენ. ამ აქტივობის გამარტივებული ვერსიაა არეული მარცვლების სიტყვებად დალაგება, რომელსაც სიტყვის აგებულებაზე დაკვირვების დროს აქტიურად ვიყენებ.

ზემოაღნიშნული გაკვეთილის მოდულის შეჯიბრის ფორმატში ჩატარებაც შეიძლება. თითოეული დავალების შესრულებისთვის გარკვეული დრო უნდა დავაწესოთ. ჯგუფებს იმდენი ქულა მივანიჭოთ, რამდენ გამოცანას და რებუსსაც ამოხსნიან. იგივე შეიძლება განმეორდეს სხვა აქტივობების დროსაც. პერსონაჟის დახასიათებისას დასახელებული თვისებების რაოდენობა ქულებად ვაქციოთ, ,,ანბანის ყუთის“ გათამაშება კი სიტყვის სწრაფად გაცოცხლებას დავუკავშიროთ და მეტი ქულა მივანიჭოთ იმ გუნდს, ვინც თავის სიტყვას უფრო მალე ააწყობს. იგივე წესი მოერგება „წინადადების ფაზლს“  და „ბლიც-შეკითხვებსაც“, რაც შეეხება „ზღაპრის სამყაროს“, პერსონაჟთა პირით ამბის თხრობას სიჩქარე არ მოუხდება, აქ თხრობის ხარისხი უნდა შევაფასოთ (შევიდა თუ არა როლში, თანმიმდევრული იყო თუ არა თხრობა და ა.შ.). პირადად მე პირველ კლასში, მოგება-წაგებასთან დაკავშირებული შფოთვის თავიდან აცილების მიზნით, იშვიათად ვმართავ შეჯიბრებებს. თუმცა, თუ მოსწავლეებს მთელი წლის განმავლობაში ყურადღებას მონაწილეობის მნიშვნელოვნებაზე ვუმახვილებთ და კონკურენტუნარიან გარემოში „გადარჩენის“ უნარებსაც მიზანმიმართულად ვუვითარებთ, ზემოაღნიშნული აქტივობები ამ მიზნითაც შეგიძლიათ გამოსცადოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი