შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

კონფლიქტი სკოლაში

სკოლა მთავარი, რთული და ძალზე სერიოზული რამაა ნებისმიერი მოზარდისთვის. პირველი მასწავლებლიდან და პირველი კლასიდანვე ბავშვის ცნობიერებაში არა მხოლოდ სასწავლო პროცესის, თანაკლასელებისა და მასწავლებლის მიმართ დამოკიდებულება ყალიბდება, არამედ აქვე ხდება მისი თვითშეფასებისა და მოტივაციის ჩამოყალიბებაც. პრობლემები, რომლებიც შესაძლოა მოზარდს მოცემულ პერიოდში შეხვდეს, ხშირად განსაკუთრებულ როლს ასრულებს მის პიროვნულ განვითარებასა და გარემოს მიმართ დამოკიდებულებაში.

თუ თქვენს შვილს არ სურს, გაგიზიაროთ სკოლის ამბები, გამუდმებით წუწუნებს, რომ სკოლაში სიარული არ სიამოვნებს, რომ არავის უნდა მასთან მეგობრობა, იგონებს სხვადასხვა მიზეზს გაკვეთილების გასაცდენად, სასწრაფოდ უნდა გადადოთ ყველა საქმე და სკოლას ეწვიოთ, რათა მოზარდის დისკომფორტის მიზეზი გაიგოთ და მიიღოდ გადამჭრელი ზომები მის აღმოსაფხვრელად.

სასკოლო პროცესთან მოზარდის იოლი ადაპტაციისთვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი პირველი მასწავლებლის, არამედ მთელი სასკოლო კოლექტივის ძალისხმევა, თუმცა ასე მხოლოდ იდეალურ შემთხვევებში ხდება – რეალურ პრაქტიკაში ხშირად სულ სხვა სურათს ვხედავთ.

უმთავრესი და გასათვალისწინებელია მშობელთა უაღრესად სერიოზული დამოკიდებულება სკოლის მასწავლებელთა და მათი შრომის დაფასების მიმართ. როდესაც მშობელი არ ინტერესდება მოზარდის სასკოლო ცხოვრებით, არაადეკვატურად მოიხსენიებს მასწავლებლებს, საკმაოდ დიდია ალბათობა, მოზარდსა და სასწავლო პროცესს შორის სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვას.

სკოლა, როგორც ამბობენ, „ცხოვრების სკოლაა”. აქ მოზარდი არა მარტო საშუალო განათლებას იღებს, არამედ პიროვნებადაც ყალიბდება. აქ ხდება მისი ფორმირება მოქალაქედ და საზოგადოების სრულყოფილ წევრად. როდესაც ბავშვები სასკოლო ასაკში პრობლემებს აწყდებიან, ამან მათ ცნობიერებაზე შესაძლოა დადებითი გავლენაც კი მოახდინოს. მშობლებისა და სასკოლო კოლექტივის ჩარევის შემდეგ წარმატებულად გადაჭრილი სირთულე ბავშვს, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის რწმენასა და თავდაჯერებას შემატებს.

ხდება ისეც, რომ ბავშვებს შორის კონფლიქტი ხდება, მასწავლებელი კი ვერ ახერხებს, გაარკვიოს მტყუან-მართალი. ასეთ დროს აღმზრდელთა უმეტესობა უმართებულო მეთოდს მიმართავს: „ნეკი ნეკისა, შერიგებისა”. კონფლიქტის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოირკვეს მეტ-ნაკლებად დამნაშავე მხარე. იქიდან გამომდინარე, რომ სასკოლო ასაკის მოზარდი სერიოზულ დანაშაულს ვერ ჩაიდენს, არ იქნება ურიგო, თუ „დამნაშავეს” აღმზრდელი მის არასწორ საქციელზე მიუთითებს. მასწავლებლის ეს ქმედება მოზარდებში სამართლიანობის გრძნობის გაღვივებას შეუწყობს ხელს. 

ასევე ხშირია კონფლიქტი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის; მოზარდს მიაჩნია, რომ ის მართალია, მაგრამ ძალიან მცირე რესურსი აქვს, დაარწმუნოს აღმზრდელი საკუთარი საქციელის სისწორეში. ეს შელაპარაკებები ხშირად მასწავლებლის „გამარჯვებით” სრულდება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს სასწავლო პროცესისადმი მოზარდის დამოკიდებულებაზე. ასეთ დროს მშობელი აუცილებლად უნდა გაესაუბროს მასწავლებელს და თუ დარწმუნდება, რომ სიმართლე მისი შვილის მხარესაა, არ უნდა მოერიდოს მოზარდის სხვა კლასში, თუნდაც სხვა სკოლაში გადაყვანას. ამაში საგანგაშო არაფერია – ბავშვი მალე შეეჩვევა ახალ გარემოსა და ახალ მეგობრებს. მთავარია, მან სწავლისადმი ინტერესი, თანატოლების დაფასების უნარი და სამართლიანობის სიყვარული არ დაკარგოს.

მოზარდის სხვა სკოლაში გადაყვანისას მრავალი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. სამსახურისა და გარემოს შეცვლისას ზრდასრული ადამიანიც კი განიცდის დისკომფორტს; მით უმეტეს, ძნელია, როდესაც საქმე ჯერაც ჩამოუყალიბებელ ფსიქიკას ეხება. სკოლისა და გარემოს შეცვლისას ბავშვს უამრავი კითხვა ებადება: ვინ იქნება მისი ახალი მასწავლებელი, ვინ მოხვდება მის გვერდით მერხზე, მოეწონება თუ არა სკოლის ახალ დარაჯს და ა.შ. ბავშვის ყოველგვარი ემოცია მშობელმა სრული სერიოზულობით უნდა აღიქვას და განიხილოს. მით უმეტეს, როდესაც განვლილი პერიოდი არცთუ სახარბიელოა. მაშინაც კი, როდესაც მშობელს მიაჩნია, რომ ბავშვის განცდები გადაჭარბებულია, აუცილებელია მასთან გასაუბრება – რა მოსწონს სკოლის ცხოვრებაში, რით არის უკმაყოფილო, რას გრძნობს აღმზრდელებისგან, თანაკლასელებისგან და ასე შემდეგ.

ასევე აუცილებელია, მშობელი სრული სერიოზულობით მოეკიდოს სკოლიდან სკოლაში გადაყვანის საკითხს. პირველი მასწავლებლის როლი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებით დიდია მოზარდის ცნობიერების ფორმირების კუთხით. სწორედ პირველი მასწავლებელი გადააქცევს ბავშვების შეგნებაში სკოლას მეორე სახლად; მასწავლებელზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა მოზარდი გახსნილი, გულწრფელი; თანაკლასელებს შორის მეგობრული და კეთილგანწყობილი ურთიერთობის ჩამოყალიბებაც სწორედ მისი უპირველესი ამოცანაა. რაც შეეხება ახალი მასწავლებლის შერჩევას, ამის საუკეთესო ინდიკატორი მისი აღსაზრდელებისა და მშობლების მოსაზრებებია. სასურველია, მშობელი სხვა ბავშვების მშობლებს გაესაუბროს, მიიღოს მათგან რეკომენდაციები მასწავლებლის მუშაობის ხარისხზე. სულაც არ არის საჭირო, მშობელმა არჩევანი ეგრეთ წოდებულ ელიტურ სკოლაზე შეაჩეროს – როგორც ცნობილია, ამგვარ სკოლებში აქცენტს მაღალ ტექნოლოგიებსა და კომფორტზე სვამენ. მაგალითად, თითოეული ბავშვს აქვს პერსონალური კომპიუტერი, შესვენებებზე სთავაზობენ სხვადასხვა გასართობს… მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სკოლა, უპირველეს ყოვლისა, კარგი კოლექტივია, სადაც პატარას საშუალება მიეცემა, გამოამჟღავნოს საკუთარი თავი, მოახდინოს სრულყოფილი ადაპტაცია ახალ გარემოსთან.

დაბოლოს, მთავარი, რაც მოზარდებს აკლიათ, მშობლიური მზრუნველობა და ყურადღებაა. ყველა მშობელი უნდა ინტერესდებოდეს იმით, რა ხდება მისი შვილის სკოლაში, საკმაო დროს უთმობდეს შვილთან იმ პრობლემებზე საუბარს, რომლებიც შესაძლოა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან ურთიერთობისას ან სულაც სკოლისაკენ მიმავალ გზაზე წარმოიშვას.

მოამზადა კახა ჭაბაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი