პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ბავშვობის გარემოცვა

მაშინ, როდესაც მოზარდებში მხოლოდ ფიზიკური ძალადობის  კონტროლსა და პრევენციას ეთმობა ყურადღება, აგრესიის გამოვლინება სხვა ფორმებს იღებს. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მასწავლებლებს ახსოვდეთ, რომ ცუდი ბავშვები არ არსებობენ და რომ “მოძალადეები”, სინამდვილეში, ყველაზე დაუცველი მოსწავლეები არიან!   

1971 წელს სტენფორდის უნივერსიტეტმა აშშ-ის სამხედრო ფლოტის მიერ დაკვეთილი კვლევის განხორციელება დაიწყო. დამკვეთ ორგანიზაციას აინტერესებდა, რა იწვევდა ფლოტის საპატიმროებში ზოგი პატიმრის უჩვეულოდ აგრესიულ ქცევას: ფსიქოლოგიური პრობლემები, რაიმე ტიპის დარღვევები თუ სხვა რაიმე მიზეზი. კვლევის მიზანი იყო, გაერკვია, რამდენად ახდენს გარემო და სოციუმში დამკვიდრებული სტერეოტიპები და წარმოდგენები გავლენას ადამიანის აგრესიულ ქცევაზე. კვლევას ფსიქოლოგი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფილიპ ზიმბარდო ხელმძღვანელობდა. მან გადაწყვიტა ჩაეტარებინა ექსპერიმენტი, სადაც მოდელირებულ ციხეში ორი კვირის განმავლობაში იცხოვრებდნენ ე.წ. “ზედამხედველები” და “პატიმრები”. ექსპერიმენტის შესახებ განცხადება ღიად, ადგილობრივ გაზეთებში განათავსეს. მოხალისეებს იმ დროისათვის სოლიდური დღიური ანაზღაურებაც შესთავაზეს. “ციხის” საკნები უშუალოდ სტენფორდის უნივერსიტეტის სარდაფში მოაწყვეს. საგულდაგულოდ შერჩეულმა, მდგრადი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის მქონე 24-მა მოხალისემ, ძირითადად ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებმა, კვლევის დასაწყისიდანვე იცოდნენ, რომ ექსპერიმენტის ფარგლებში ყველაფერი იმიტირებული იქნებოდა _ ციხის გარემოც და ამ “ციხეში” განაწილებული როლებიც. მონეტის აგდების შედეგად განისაზღვრა 12 “ზედამხედველი” და 12 “პატიმარი”. “პატიმარ” მოხალისეებს ტუსაღის სამოსი, ხოლო “ზედამხედველებს” შესაბამისი უნიფორმა, მუქი სათვალეები და ხელკეტები დაურიგეს, თუმცა მკაცრად გააფრთხილეს, რომ “პატიმრებზე” ფიზიკური ძალადობა სასტიკად ეკრძალებოდათ. დასაშვები იყო მხოლოდ ქილიკი და სიტყვიერი დამცირება. ამასთანავე, “პატიმრებს” სახელებით კი არ მიმართავდნენ, არამედ წინასწარ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრებით. 

ექსპერიმენტი ზუსტად 6 დღეში შეწყდა იმ მიზეზით, რომ “ზედამხედველები” განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობოდნენ “პატიმრებს”. ზოგი ცნობით, კვლევის ხელმძღვანელს, პროფ. ზიმბარდოს გაუჭირდა იმის გაცნობიერება, რომ ძალადობა დროულად უნდა შეჩერებულიყო და დაჟინებით ითხოვდა ექსპერიმენტის გაგრძელებას. დამკვირვებელთა ორმოცდაათკაციან ჯგუფში ერთადერთ სტუდენტს გაუჩნდა ეჭვი, რომ ექსპერიმენტი კვლევის ფარგლებს გასცდა და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ცნობილი ფსიქოლოგები უკიდურეს ძალადობას აკვირდებოდნენ და მას ხელს უწყობდნენ. ექსპერიმენტიც სწორედ ამ სტუდენტის დაჟინებით შეწყდა. 

მიხედავად იმისა, რომ აღნიშნული კვლევა არაეთიკურობით გამოირჩეოდა, მისი შედეგები დღემდე აქტუალურია და საფუძველს ქმნის ვივარაუდოთ, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული წესები, განაწილებული როლები და კლიშეები მეტწილად განაპირობებს ადამიანების ქცევას. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება, გარემო, ინსტიტუცია დასაშვებად ჩათვლის, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა მისაღებია, დიდია ალბათობა, რომ ასეთი ტიპის ძალადობამ თავი იჩინოს. რაც უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, ასეთ პირობას, შესაძლოა, სკოლაც ქმნიდეს. 

* * *

ცხადია, ზემოთ აღწერილი ექსპერიმენტი უტრირებულად წარმოადგენს სათქმელს. ისიც წარმოუდგენელია, რომ სკოლაში ძალადობას ვინმემ ხელი შეუწყოს, მაგრამ მოზარდთა შორის გამოვლენილი თუნდაც მსუბუქი აგრესიის უგულებელყობით ზრდასრულებმა, შეიძლება, აგრესიის გამძაფრება გამოვიწვიოთ. საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, რომ სკოლაში მოზარდების ძალადობის მსხვერპლი ბავშვების 14%, როგორც წესი, თავად ხდება მოძალადე ზრდასრულობისას, ხოლო იმ მოსწავლეების 20%, ვინც აქტიურად ამცირებს თანატოლებს სკოლაში, დიდი ალბათობით ხვდება კრიმინალურ წრეში.  

დღესდღეობით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლაში მოსწავლეთა შორის ფიზიკური ძალადობის აღმოფხვრას. მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, ძალადობა მხოლოდ ფიზიკური ფორმით არ გამოიხატება. ხშირად მოსწავლეთა შორის ძალადობა ისეთ ფორმას იღებს, რაც სხვებისათვის რთული აღმოსაჩენია.
მოსწავლეები ხშირად ანაწილებენ/ინაწილებენ გარკვეულ როლებს, რომელთა ხმამაღლა დეკლარირება არ ხდება, მაგრამ კლასზე დაკვირვების შედეგად მარტივად გაარჩევ, ვინ არის ყველაზე პოპულარული გოგო/ბიჭი, ვინ არის ყველაზე სპორტული, ვისი ქმედებაა მისაბაძი, ვინ არის “ზუთხია”, ვისი გაბრაზება და გაღიზიანებაა ყველაზე მარტივი… მოსწავლეთა დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ სწორედ ამ დამკვიდრებული კლიშეების მიხედვით განისაზღვრება. მეტიც, მასწავლებლის უწყინარი ხუმრობა ან მითითება მოსწავლის განსაკუთრებულობის ან უჩვეულობის შესახებ, შესაძლოა, ამ მოსწავლის სხვებში გამორჩევის მიზეზი გახდეს. 

როლების განაწილებისას, სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვი საკუთარი ადგილის დამკვიდრებას სწორედ სხვებზე ძალადობით აღწევს. სხვა ბავშვები ამ აგრესიის მსხვერპლნი ხდებიან. 
რა არის ბულინგი?
ბულინგი სხვების მიმართ, დამცირებისა და დაშინების მიზნით, აგრესიის დემონსტრირებაა. ფსიქოლოგების განმარტებით, ბულინგი სოციუმში მისაღები ქცევის გადაჭარბებული ფორმაა. ბულინგის შემთხვევებს ხშირად სკოლაში ვაწყდებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსწავლეებს საზოგადოებისათვის საკუთარი მნიშვნელობისა და საჭიროების დემონსტრირება უწევთ.

თანატოლების აგრესიის მსხვერპლი ხშირად ის მოსწავლეა, რომელიც მკვეთრად გამოირჩევა სხვებისაგან. გამორჩეულობა შეიძლება იყოს ფიზიკური მახასიათებელი ან უჩვეულო ქცევა. რიგ შემთხვევაში, ბულინგის მსხვერპლი შეიძლება იყოს ის მოსწავლეც, რომელიც ყველაზე კარგად სწავლობს და ზედმიწევნით მოწესრიგებულია. ასეთ მოსწავლეებს თანატოლები ზოგჯერ “ზუთხიას” და ათას უცნაურ იარლიყს აკრავენ. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმ საკლასო გარემოში, სადაც მასწავლებელი სწორად უხსნის მოსწავლეებს სწავლის აუცილებლობას და განათლებას მათ მომავალ წარმატებულ ცხოვრებას უკავშირებს, ნაკლებად სავარაუდოა, ფრიადოსნები გააქილიკონ. იქ, სადაც მასწავლებელი არა მხოლოდ დასწავლის პროცესს ახალისებს, არამედ პოზიტიურ გარემოს ქმნის კრიტიკული აზროვნებისა და ღია მსჯელობისათვის, კარგი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ ბავშვებად ითვლებიან. 

გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რამდენად მედგრად შეხვდება აგრესიას მოსწავლე. ბულინგის მსხვერპლი, როგორც წესი, ის მოზარდია, რომელიც თანატოლების აგრესიაზე ადვილად ღიზიანდება და ბრაზდება. სწორედ ამიტომ მოძალადე მოსწავლეებს “ამოჩემება” სჩვევიათ და მუდმივად ერთსა და იმავე “სისუსტეზე” უთითებენ. ასეთი მუდმივი დამცირების საშუალებად მოზარდები ხშირად ვირტუალურ სივრცესაც იყენებენ. ბულინგი არ ხორციელდება მხოლოდ სკოლაში, მოსწავლეების პირისპირ ურთიერთობისას. დღესდღეობით ბულინგი უფრო ხშირად სოციალურ მედიაში ხორციელდება. მასწავლებლებსა და მშობლებს, შესაძლოა, უწყინარ ხუმრობად მოეჩვენოთ აგრესიული ტონით დაწერილი შეტყობინებები და უხამსი კომენტარები, რომლებსაც მოზარდი თანატოლებისგან იღებს, მაგრამ ეს იმ ტიპის დამცირებაა, რაც, შესაძლოა, ფიზიკურ ძალადობაზე მავნე იყოს. გარდა იმისა, რომ სოციალურ მედიაში არასასურველი შეტყობინებების ბლოკირება და წაშლა შეიძლება, მნიშვნელოვანია, უფროსებმა მეტი ყურადღება დაუთმონ მოზარდებს და მიღებულ სტრესთან გამკლავებაში დაეხმარონ. 

საინტერესოა ისიც, რომ ბულინგზე მსჯელობის დროს უფრო ხშირად აგრესორად და მსხვერპლად ბიჭებს მოვიაზრებთ. მოზარდ გოგონებს ხშირად მეტად სჩვევიათ გარკვეულ სეგრეგირებულ ჯგუფებში გაერთიანება, ვიდრე ბიჭებს. ასეთ ჯგუფებში გოგონები წინასწარ განსაზღვრული შეხედულებების მიხედვით ნაწილდებიან. თინეიჯერობის ასაკში მათ აქვს თავისებური წარმოდგენა სილამაზეზე, ჩაცმისა და ქცევის წესებზე. დამკვიდრებული ნორმიდან მცირე გადახვევის შემთხვევაში კი გოგონები ქილიკობენ იმ თანატოლზე, რომელიც ამ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს. დამამცირებელი ქცევის შესაცვლელად მასწავლებლებმა და მშობლებმა მოზარდებს უნდა გაუღვივონ ემპათიის გრძნობა, რაც მათ საკუთარი აგრესიის გაცნობიერებასა და მართვაში დაეხმარებათ. 
როგორ ვებრძოლოთ ბულინგს? 

მშობლები და მასწავლებლები ხშირად შეცდომით მიიჩნევენ, რომ მოსწავლე ვალდებულია, თავად მოაგვაროს ურთიერთობა თანაკლასელთან, ვინც მას ჩაგრავს და აწვალებს. ცხადია, პირდაპირი ჩარევითა და მოძალადეების გაკიცხვით პრობლემა არ გადაიჭრება. პირიქით, ეს დაჩაგრული ბავშვის მეტ სტიგმატიზაციას შეუწყობს ხელს. მაგრამ პრობლემის უგულებელყოფით ჩვენ მხოლოდ ძალადობის გამძაფრებას ვუწყობთ ხელს. როგორც აღვნიშნეთ, მოსწავლეთა შორის ძალადობა დომინანტურია მაშინ, როდესაც მოზარდები თვლიან, რომ საზოგადოებისათვის მათი ქცევა მისაღებია. 

მოსწავლეთა შორის აგრესიის შემჩნევა არცთუ ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. კვლევა და დაკვირვება ცხადყოფს, რომ მოსწავლეები, როგორც წესი, უფროსების თვალწინ სხვების ჩაგვრასა და დამცირებას ერიდებიან. თუმცა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მასწავლებელი ამჩნევს მოსწავლის აგრესიულ ქცევას, არ არის რეკომენდებული პირდაპირი მითითება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსწავლემ აღიაროს საკუთარი ცუდი საქციელი. უფრო ხშირად, ის თავს დაიძვრენს ფრაზით: “მას, გავეხუმრე!” მიუხედავად ამისა, უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის როლი მოსწავლეებისთვის პოზიტიური გარემოს შექმნაში. “მოძალადე” ბავშვები სინამდვილეში ყველაზე დაუცველები, არარეალიზებულები და დაბნეულები არიან. მათი არჩევანი, დაჩაგრონ სხვა, სწორედ იმითაა განპირობებული, რომ უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია ვერ იპოვეს სასკოლო თუ საკლასო გარემოში. მასწავლებელს შეუძლია მოსწავლესთან საუბრისას მისი დადებითი თვისებები და უნარები წარმოაჩინოს, უფრო მნიშვნელოვან ღირსებებზე მიუთითოს, ვიდრე სუსტების დამცირებაა; მაგალითად, ხშირად სთხოვოს დახმარება კლასში როლების ან რესურსების განაწილებისას, საჯაროდ გაუსვას ხაზი მის აკადემიურ ან სპორტულ მიღწევებს, მიუთითოს, რომ კლასში პოპულარობის მისაღწევად სხვა გზებიც არსებობს. ასევე, მასწავლებელი მუდმივად უნდა ცდილობდეს წარმოაჩინოს თანატოლების მიერ დაჩაგრული ბავშვების გამორჩეულობა.  
რით ვერ გავუმკლავდებით ბულინგს?

საერთაშორისო პრაქტიკამ ცხადყო, რომ მოძალადე მოსწავლეების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკით პრობლემის გადაჭრა ფაქტობრივად შეუძლებელია. მაგალითად, აგრესიული მოსწავლის სკოლიდან გარიცხვით ან სხვა ტიპის სასჯელის დაკისრებით მისი ქცევა არ შეიცვლება. პირიქით, მას შეექმნება შთაბეჭდილება, რომ ძალადობაზე (სხვა მოსწავლეების დამცირება, ბულინგი) ყოველთვის უპასუხებენ ძალადობით (სკოლიდან გარიცხვა, საჯარო დამცირება, დასჯა). შესაბამისად, ის ჩათვლის, რომ ისევ ძალადობაა ყველა პრობლემიდან გამოსავალი. 

ასევე ნაკლებად ეფექტურია კონფლიქტურ სიტუაციაში უფროსების (მშობლებისა და მასწავლებლების) პირდაპირი ჩარევა, კონფლიქტში მყოფ ორივე მოზარდთან ერთდროულად საუბარი. ასეთ შემთხვევაში ისევ ხდება იმის ხაზგასმა, რომ ერთი მოსწავლე მოძალადეა, ხოლო მეორე _ ჩაგრული და მსხვერპლი, რაც საზოგადოებაში უკვე დამკვიდრებული როლების განმტკიცებას ემსახურება. 
* * *
და ბოლოს, შესაძლოა, მოზარდებს შორის აგრესიაზე საუბრისას ციხის ექსპერიმენტის მაგალითის მოხმობა ზედმეტად მოგეჩვენოთ, მაგრამ როდესაც პროფ. ზიმბარდოს ჰკითხეს, რამ უბიძგა მას, თავისი პროფესიული ინტერესები ადამიანთა შორის ძალადობის კვლევისათვის დაეთმო, მან მოკლედ უპასუხა: “ჩემი ბავშვობის გარემოცვამ!” 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი