ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ბავშვობის საზაფხულო გამოცდილება სოფელში

„შენ დაისვენე, ახლა ჩვენ მივხედავთ” – როდესაც, მძიმე, დატვირთული და დამღლელი წლის ზაფხულის პირველ თვეს ასეთი შინაარსის  სიტყვებს მოისმენთ, შფოთი და ფორიაქი უნდა დაივიწყოთ, ბავშვების საჭირო ნივთები ჩანთაში ჩააწყოთ და სოფელში გაისტუმროთ.

 

ტემპერატურის მატებასთან ერთად  ქალაქში სიბრაზე და გაღიზიანება იმატებს. ბავშვები განსაკუთრებით  მოქანცა ერთწლიანმა სასწავლო პროცესმა და უფრო ხშირად სვამენ კითხვას, როდის წავლენ  სოფლად, მთაში, ბარში ან ნებისმიერ ადგილას, დიდი, ცხელი და გადატვირთული და მუდმივად გაღიზიანებული ქალაქებიდან. მათაც, უფროსების მსგავსად ენატრებათ  უფრო თავისუფალი ცხოვრების რიტმი და თავიანთი ახალი ცხოვრების დამოუკიდებლად დაგეგმვა; დროებით მაინც, ქალაქის რუტინისგან გამოყოლილი ჩვევებისგან გათავისუფლება  და იმის შეგრძნება, რომ ნამდვილად დადგა დასვენების დრო.  და რამდენ ხანს გრძელდება არდადეგები? – კითხულობენ ხშირად, უფრო  თავის დასამშვიდებლად. დიდხანს, თითქმის სამი თვე – ვპასუხობთ და ისინიც ციფრებში გამოხატული დროებით უფრო მეტად კმაყოფილები ჩანან.

 

ალბათ, ბევრი  ვდარდობთ იმაზე, რომ ახალმა ცხოვრების წესმა, ყველას, ქალაქში თუ სოფლად  მცხოვრებ ადამიანს,  ძალიან ცოტა დრო დაუტოვა ურთიერთობებისთვის და ეს ნორმალური არ არის.  და ის დღეები, როდესაც მთელ ზაფხულს  და ყველა სასკოლო არდადეგებს სოფლად, ბებიასთან ვატარებდით – შორეულ მოგონებად დატოვა.

დღეს ყველა დაკავებულია, ყველა მუშაობს და დრო ძალიან ცოტაა. ძალიან ცოტა დრო დარჩა ბავშვებისთვის და შესაბამისად, უფრო ცოტა დრო რჩება მათი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური განვითარებისთვის ყურადღების მისაქცევად.  ქალაქში კი უფრო მეტად ძნელდება ცხოვრება, განსაკუთრებით ზაფხულის დადგომისთანავე და ეს შემაშფოთებლად აისახება ბავშვების ჯანმრთელობასა და განწყობაზე. უჟანგბადო და გამონაბოლქვით დამძიმებულ ქალაქში, ბავშვის ჯანსაღი განვითარების ხელშეწყობა, ყველაზე დიდი გამოწვევა ხდება მშობლებისთვის.

 

ჩემს ბავშვობაში, სწორედ საზაფხულო არდადეგების დროს იწყებოდა თავგადასავლების ახალი ტალღა და ახალი შთაბეჭდილებები, მას შემდეგ, რაც მშობლები  სოფლად „გაგვხიზნავდნენ” და ბებიას მიგვაბარებდნენ. ასე იწყებოდა ახალი ცხოვრება „ოთხ კედელში გამოკეტილი” (ბებია ასე იტყოდა) ბავშვებისთვის და ჩვენც ვერთვებოდით სოფლურ ყოფაში, ვინაწილებდით იმ მცირე საქმეებს, რომელსაც ბებია დაგვავალებდა.

 

ქალაქის თამაშებს – ხუთქვაობანას, წრეში ბურთს, რეზინობანას, ახლა  სხვა თამაშები ენაცვლებოდა. უფრო მეტი სილურჯე ჩნდებოდა ჩვენს მუხლებზე და ,,ასფალტზე გაზრდილი ბავშვები” (ისევ ბებია) ახალ თავგადასავლებს შევუდგებოდით სოფლად. თითოეული დღე გამორჩეული იყო, ახალი თავგადასავალის ძებნის მოტივით. მარწყვის საკრეფად მივდიოდით დილით გორაკებზე; ვეძებდით იმ ადგილებს, სადაც ყველაზე ადრე მწიფდებოდა ალუჩა, ველოდებოდით როდის გაწითლდებოდა ყველაზე გემრიელი ბალი ბოსტანში, ან როდის იქნებოდა სიმინდი  მზად, რომ მოგვეხარშა. ველოდებოდით როდის გამოჩნდებოდნენ ციცინათელები და საღამოებს მათ ცქერაში ვატარებდით,  მივდიოდით მეზობლებთან და თავს ვიქცევდით მათთან საუბრით, ვარჩევდით დაფნას ჩვენი ოჯახის ქალებთან და მეზობლებთან ერთად, ვეძებდით დაკარგულ პირუტყვს თუ ვეხმარებოდით ბებიას თხის მოწველაში, ცხოველს ფეხებს ვუკავებდით. ივნისში, როდესაც ხმაურიანი წვიმების სეზონი დაიწყებოდა, ბებიასთან ერთად ვისხედით სახლის წინ გრძელ სკამზე და ვუსმენდით მის უცნაურ ამბებს, ის კი არაჩვეულებრივად გვიყვებოდა თავისი სოფლის, და-ძმების, სკოლისა  და თავისი ახალგაზრდობის დროინდელ ამბებს. ბებიას ძალიან ცოცხალი იუმორი და  ამბების გამოგონების ნიჭი ჰქონდა, რაც ყოველთვის აღგვაფრთოვანებდა. იმასაც ვერ დავუკარგავ, ფანდურზე უწმაწური შაირების დამღერებაც რომ იცოდა და წინათგრძნობის გასაოცარი უნარი ჰქონდა. ბებია აკვირდებოდა მიწას, ცას, ჩიტებს, წვიმას, მთვარეს, მზეს და ვარსკვლავებს და თითქმის არასდროს ცდებოდა, როდის გაწვიმდებოდა.

 

ჩემი ბავშვობის სოფლად გატარებულ წლებს რომ ვიხსენებ, გულწრფელად ვფიქრობ, ასე სხვაგან და არასდროს ვყოფილვარ ბედნიერი და ალბათ, ვერც ვერასდროს ვნახავდი სხვაგან იმდენ საინტერესო, გამორჩეულ პერსონაჟს, აქ რომ ცხოვრობდნენ – იმერეთის, ერთ, არცთუ ისე პატარა სოფელში. ეს სამთვიანი საზაფხულო გამოცდილება, შემდეგ გახდა საბადო, მთელი რიგი გულთბილი  და ნაღვლიანი მოგონებების. დღეს თვალზე ცრემლის გარეშე ვერ ჩაივლის იმდროინდელი ამბების გახსენება.

 

საბავშვო ლიტერატურის გარეშე რა არის საზაფხულო დასვენება სოფლად? არც არაფერი. მაშინაც ასე ვფიქრობდი, როდესაც უამრავ წიგნს შორის ძალიან ცოტას ვპოულობდი  საბავშვო ლიტერატურას, თუმცა მეორე სოფელში ვივსებდი ამის დანაკლისს, სადაც უფრო ეზრუნათ საბავშვო ბიბლიოთეკის შევსებაზე. ჩვენი საზაფხულო არდადეგები მუდმივად მიჩენდა ლიტერატურულ პარალელებს და მეც მახსენდებოდა, როგორ არაჩვეულებრივ  დროს ატარებდნენ სოფლად „ბიულერბიული ბავშვები” და საკუთარ თავს მათ ვადარებდი.  ჩვენც მათნაირად  ვიყავით, ჩვენი თვალსაწიერი მდიდრდებოდა  ცოცხალი შთაბეჭდილებებით, ახალი ურთიერთობებით, სხვა უნარებითა და ახალი სიტყვებით.

 

ახალი გარემო ბავშვის სააზროვნო სივრცეს ცვლის. ახლებურად ანახებს მოვლენებს, ხედვის ახალ კუთხეს სთავაზობს, ახალ აღმოჩენებს აკეთებს და რაც, ყველაზე მთავარია, ახალ ურთიერთობებს იწყებს. სოფელში ბავშვი ხვდება სხვა ბავშვებს, რომლებსაც სხვა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ, სხვა თამაშები იციან, სხვა ინტერესები და სხვა უნარები აქვთ. ასეთ დროს ურთიერთობა ორივე მხარისთვის ნაყოფიერი და საინტერესოა.

 

,,თქვენც ასე გაიზარდეთ, ნუ გეშინიათ. გამოუშვით ბავშვები” – ამბობს დედა და მეც ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ რამდენიმე ასეული კილომეტრის იქით ორი შვილის გაგზავნა და ამასთან დაკავშირებული ღელვა, ფორიაქი და ნერვიულობა უნდა შევწყვიტო, ისევ მათი ბედნიერი და მხიარული დღეებისთვის.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი