– მასწ, კიდევ როდის უნდა ვნახოთ იუთუბერების ვიდეოები? – ამ კითხვით დაიწყო მორიგი სამუშაო კვირა. მოსწავლეები აშკარა ინტერესს გამოხატავენ მათთვის ნაცნობი სტილით მოყოლილი ამბებისა და ნაჩვენები ისტორიების მიმართ. ვიზუალური თხრობა, რომელიც უშუალო მონაწილის თვალით დანახულს გადმოსცემს, მოზარდებში აღვიძებს ემპათიას, აჩენს კითხვებს და მსოფლიოს გეოგრაფიულ თუ პოლიტიკურ რუკას გაცილებით ხელშესახებს ხდის.
ამ სტატიაში განვიხილავთ ხუთ ვიდეორესურსს, რომლებიც შეგვიძლია გეოგრაფიისა და მოქალაქეობის გაკვეთილებზე გამოვიყენოთ. ჩვენი მარშრუტი აფრიკის ღარიბი უბნებიდან იწყება. გაივლის აზიის მჭიდროდ დასახლებულ და დაბინძურებულ ქალაქებს, ჩაკეტილ დიქტატურას – თურქმენეთს, გვამოგზაურებს ამაზონის ჯუნგლებში და ანდებში ჩაკარგულ დასახლებაში დასრულდება.
წყალზე გაშენებულ ქალაქებს როცა ვახსენებთ, პირველი მდიდრული ვენეცია გვახსენდება, თუმცა აფრიკის კონტინენტზეც მოიძებნება ასეთი ქალაქი.
ვიდეო გვიყვება ნიგერიაში მდებარე დასახლება მაკოკოზე, რომელსაც ხშირად „შავ ვენეციას“ უწოდებენ. ეს წყალზე გაშენებული ღარიბთა დასახლებაა, სადაც არ არის კანალიზაცია, სუფთა წყალი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ბლოგერი გვაჩვენებს ადგილობრივთა ყოფას, წყალზე გაშენებულ სკოლებს და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას მოსახლეობა.
მაკაკოში არსებული ვითარება ადამიანის სოციალურ-ეკონომიკურ და კოლექტიურ უფლებებს უკავშირდება. აქ ნაჩვენებია:
- უკიდურესი სიღარიბე და ანტისანიტარია;
- ინფრასტრუქტურის არარსებობა, ელექტროენერგიის, წყალგაყვანილობისა და გზების დეფიციტი;
- განათლების არათანაბარი ხელმისაწვდომობა – ბავშვების სირთულეები სკოლაში სიარულთან დაკავშირებით;
- კრიმინალი – ადგილობრივი დაჯგუფებები, რომლებიც აკონტროლებენ ტერიტორიას და ეწევიან რეკეტს.
სავარჯიშო / სადისკუსიო კითხვები:
- რა განცდა გაგიჩნდათ, როდესაც ნახეთ ბავშვები, რომლებიც დაბინძურებულ წყალში ნავებით დადიან სკოლაში?
- როგორ ფიქრობთ, რა პარალელის გავლება შეიძლება საქართველოს მაღალმთიანი ან სოციალურად დაუცველი რეგიონების პრობლემებთან? არის თუ არა მსგავსება განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით?
- თქვენ რომ ნიგერიის ქალაქ ლაგოსის მერი იყოთ, რით დაიწყებდით მაკოკოს პრობლემის მოგვარებას – დასახლების აღებით და ხალხის გადასახლებით თუ ადგილზე პირობების გაუმჯობესებით? პასუხი დაასაბუთეთ.
ჩვენი მოგზაურობა ინდოეთის სუბკონტინენტზე გრძელდება. ბანგლადეში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. ვიდეოში ნაჩვენებია მისი დედაქალაქი დაკა, სადაც სატრანსპორტო კოლაფსი, ხმაური, გარემოს, წყლისა და ჰაერის დაბინძურება ყოველდღიურობაა. ამას ემატება პოლიტიკური არასტაბილურობა და არასრულწლოვანთა მძიმე შრომა მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ.
ვიდეოში იკვეთება გეოგრაფიის X და XI კლასებში შემოთავაზებულ თემატურ ერთეულებთან დაკავშირებული შემდეგი პრობლემები:
- ჭარბმოსახლეობა, რესურსების დეფიციტი და ქალაქის გადატვირთვა;
- ეკოლოგიური კატასტროფა – ნიადაგის, ჰაერისა და წყლის დაბინძურება;
- სიღარიბე, შრომითი უფლებების დარღვევა – მძიმე ფიზიკური შრომა და დაბალი ანაზღაურება;
- უიმედობა/პესიმიზმი.
ფილმის ნახვის შემდეგ შეგიძლიათ, მოსწავლეებს შესთავაზოთ შემდეგი სავარჯიშოები/სადისკუსიო კითხვები:
- რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე დაკას ქუჩებში არსებულმა ქაოსმა და ხალხმრავლობამ?
- საქართველოს დიდ ქალაქებში ხშირად ვწუწუნებთ საცობებსა და ჰაერის დაბინძურებაზე. ვიდეოს ნახვის შემდეგ როგორ შეადარებდით ამ ორ რეალობას? რა შეგვიძლია ვისწავლოთ ბანგლადეშის მაგალითზე ურბანიზაციის შესახებ?
- როგორ შეიძლება ისე გადაიჭრას ჭარბმოსახლეობის პრობლემა, რომ არ დაირღვეს ადამიანის უფლებები?
- რას გააკეთებდით ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად?
მომდევნო ვიდეო გვიყვება პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის – თურქმენეთის შესახებ. მისი დედაქალაქი აშხაბადი, რომელიც თეთრი მარმარილოთია აშენებული, ერთი შეხედვით მდიდრულად გამოიყურება, მაგრამ მოსწავლეები მალევე გრძნობენ, რომ ქუჩები ცარიელია და აშხაბადი ჰგავს მოსახლეობისგან დაცლილ საჩვენებელ ქალაქს… მოგზაური გვაჩვენებს ავტორიტარული რეჟიმის, პიროვნების კულტისა და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის ხელშესახებ შედეგებს. აქ გამეფებული ავტორიტარიზმი და დიქტატურა, სიტყვის თავისუფლების არარსებობა, რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა – ფასადური მშენებლობები ხალხის კეთილდღეობის ხარჯზე, იზოლაცია, ჩაკეტილი საზღვრები და ინფორმაციული ვაკუუმი ხომ ასეთი რეჟიმებისთვის დამახასიათებელია.
სადისკუსიო კითხვები:
- რას გრძნობდით ცარიელი, თეთრი მარმარილოს ქალაქის ყურებისას – სიმშვიდს თუ შიშს? რატომ?
- საქართველომაც გაიარა საბჭოთა კავშირის პერიოდი. ხედავთ თუ არა პარალელებს წარსულსა და თურქმენეთის აწმყოს შორის? რატომ არის მნიშვნელოვანი დემოკრატიული ღირებულებების დაცვა?
- თქვენ რომ თურქმენეთის ახალგაზრდა მოქალაქე იყოთ, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობდა და უკან დაბრუნდა, რის შეცვლას ეცდებოდით თქვენს გარშემო არსებულ სოციუმში?
დავალების პირობა: ფილმის ყურების დროს შეაგროვე ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები, მოამზადე წერილი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სახელზე. წერილში მიუთითე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ის მუხლები, რომლებიც ყველაზე ხშირად ირღვევა თურქმენეთში.
ბლოგერი გიორგი ჯობავა გვაცნობს მსოფლიოს „ფილტვებს“ – ამაზონის ჯუნგლებს. ვიდეოში ნაჩვენებია ცხოვრება ადგილობრივი ტომებისა, რომლებიც ცდილობენ, შეინარჩუნონ თავიანთი ტრადიციები, თუმცა ცივილიზაციის გავლენა მათაც ეხებათ. ეს არის ამბავი ბუნებასთან ჰარმონიასა და გადარჩენაზე.
ვიდეოში გამოკვეთილი პრობლემებია:
- გლობალიზაცია და ტრადიციული ყოფის გაქრობის საფრთხე;
- ბუნებრივი რესურსების უკონტროლო ათვისება, ტყეების გაჩეხვა და ეკოსისტემის განადგურება;
- მედიცინასა და განათლებაზე შეზღუდული წვდომა.
სადისკუსიო კითხვები:
- ისურვებდით თუ არა ისეთ გარემოში ცხოვრებას, სადაც ტექნოლოგიები არ არის და ბუნებასთან ახლოს ხართ?
- როგორ უკავშირდება ამაზონის ტყეების პრობლემა (ჟანგბადი, კლიმატი) საქართველოს და მთლიანად მსოფლიოს?
- როგორ უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა – მივცეთ ადგილობრივ ტომებს განვითარების (გზები, ინტერნეტი) საშუალება თუ დავიცვათ მათი იზოლირებული კულტურა ჩარევისგან?
პერუ, ანდები, ზღვის დონიდან 5100 მეტრი. აქ მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი დასახლება – ლა რინკონადა. ეს არის ადგილი, სადაც ოქროს მომპოვებლები ცხოვრობენ. აქ არ არსებობს კანონი, პოლიცია, კანალიზაცია და ჟანგბადიც კი ნაკლებია. ყველაფერს მართავს ოქროს ციებ-ცხელება, სიხარბე და კრიმინალი.
ქალაქში მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები, რადგან ადგილი აქვს შრომითი ექსპლუატაციას. სახეზეა ეკოლოგიური კატასტროფა – ვერცხლისწყლით მოწამლულია გარემო და, რაც მთავარია, ტერიტორიაზე სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება.
ვიდეოს ერთობლივი ყურების შემდეგ შეგიძლიათ, მოსწავლეებს დაუსვათ შემდეგი კითხვები:
- რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც ნახეთ, რა პირობებში უწევთ ადამიანებს მუშაობა ოქროს მოსაპოვებლად?
- საქართველოშიც არის სამთო-მომპოვებელი ადგილები (მაგ., კაზრეთი, ჭიათურა, ტყიბული). რა მსგავსება და განსხვავებაა შრომით უსაფრთხოებასა და ეკოლოგიურ პრობლემებს შორის?
- ლა რინკონადაში ერთი კანონის მიღება და აღსრულება რომ შეგეძლოთ, რომელი იქნებოდა ეს და რატომ? როგორ მოაგვარებდით ნაგვისა და ვერცხლისწყლის პრობლემას?
ზემოთ ჩამოთვლილი ვიდეოები ერთგვარი ვირტუალური ექსკურსიაა მსოფლიოს ყველაზე რთულ წერტილებში. მათი ნახვა მოსწავლეებს დაეხმარება, გასცდნენ სახელმძღვანელოებში ამოკითხულ მშრალ სტატისტიკას და დაინახონ მის მიღმა რეალური ისტორიები.
როდესაც მოსწავლე მსჯელობს, როგორ მოაგვარებდა პრობლემას ლაგოსში ან დაკაში, ის სწავლობს პასუხისმგებლობიანი მოქალაქის აზროვნებას, რაც საბოლოოდ თავისი ქვეყნის – საქართველოს პრობლემების გააზრებასა და გადაჭრაშიც დაეხმარება. სწორედ ეს არის გეოგრაფიისა და მოქალაქეობის ინტეგრირებული სწავლების მთავარი მიზანი.


