ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებსაც ბავშვებთან აქვთ შეხება და მათი სწავლა-აღზრდით არიან დაკავებულნი, დამეთანხმებიან, რომ ხანდახან შეიძლება ძალიან უცნაური პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ – არის შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის ბავშვი ერთ სიტუაციაში ჩვეულებრივ ლაპარაკობს გარშემომყოფებთან, სხვა სიტუაციაში კი საერთოდ „მუნჯდება“. სწორედ ამგვარი სირთულის გამო წუხდა რამდენიმე დღის წინ ერთი პედაგოგი, რომელიც ბავშვის მშობელს უმტკიცებდა, რომ მისო შვილი ხმას არ იღებს, არავისთან ურთიერთობს, შეკითხვებზე არ პასუხობს, გაკვეთილს არ ყვება. ბავშვის დედა გაოცებული უსმენდა მასწავლებელს და არ იჯერებდა მის ნათქვამს. „შეუძლებელია, ვერ დავიჯერებ, რომ ახლა თქვენ ჩემს შვილზე მელაპარაკებით. სახლში სულ სხვანაირია, ლაპარაკობს და უპრობლემოდ ურთიერთობს კიდეც ოჯახის წევრებთან“ – თავგამოდებით ცდილობდა ბავშვის დაცვას გაოგნებული დედა. მაინც, რასთან გვაქვს საქმე ასეთ დროს. მეცნიერებაში აღნიშნული მდგომარეობა სელექციური მუტიზმის სახელით არის ცნობილი.
სელექციური მუტიზმი ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ბავშვში ვითარდება სიმუნჯე და ვერბალური კომუნიკაციის უუნარობა გარკვეულ მომენტებში და გარკვეული პირების თანდასწრებით. ეს არის შფოთვითი აშლილობა, დარღვევა, რომლის დროსაც მოზარდს არ შეუძლია ლაპარაკი ცალკეულ სოციალურ სიტუაციებში, მაგ. თანაკლასელებთან სკოლაში, ან ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან. უნდა ითქვას, რომ სელექციური მუტიზმის დროს ბავშვს სამეტყველო აპარატის ფუნქციონირებაში არანაირი დარღვევა არ უფიქსირდება, არც სმენის პრობლემა აქვს და ინტელექტუალურ განვითარებაშიც არანაირი დარღვევა არ შეიმჩნება. მას ესმის მისკენ მიმართული სიტყვები, ესმის ნათქვამი, მაგრამ არ იძლევა სიტყვიერ რეაქციას თანამოსაუბრის მცდელობაზე შევიდეს მასთან კონტაქტში. სელექციური მუტიზმი, როგორც წესი ბავშვობაში იწყება და თუ მას არ ვუმკურნალებთ, შეიძლება დიდობაშიც შენარჩუნდეს. ბავშვი, ან ზრდასრული სელექციური მუტიზმით უბრალოდ უარს კი არ ამბობს ლაპარაკზე გარკვეულ სიტუაციებში და გარკვეულ დროს, არამედ მას ნამდვილად არ შეუძლია ამ სიტუაციაში, ამ ადამიანთან მეტყველებითი ურთიერთობა. გარკვეულ ადამიანებთან საუბრის მოლოდინი მასში დამუნჯების რეაქციას იწვევს, რასაც პანიკური გრძნობა ახლავს თან, როგორც სცენაზე სახალხოდ გამოსვლის წინ. დროთა განმავლობაში ადამიანი ისწავლის იმ სიტუაციების წინასწარ განჭვრეტას, რომელიც ამ რეაქციას იწვევს და შეეცდება გააკეთოს ყველაფერი, რაც მის ძალებშია, მის შესაძლებლობებშია, რომ თავიდან აიცილოს ის. თუმცა, სათანადო დახმარების გარეშე, სელექციური მუტიზმის მქონე ადამიანმა შეიძლება თავისუფლად ისაუბროს გარკვეულ ადამიანებთან, ახლო ნათესავებთან და მეგობრებთან, როდესაც ისეთი არავინ არის გვერდით, ვინც შეიძლება მისი დამუნჯება გამოიწვიოს. სელექციური მუტიზმი უფრო ხშირად გვხვდება გოგონებში და ისეთ ბავშვებში (განურჩევლად სქესისა), რომლებსაც თავისი დაბადების ადგილის დატოვება, ემიგრაციაში წასვლა მოუწიათ და მეორე ენას სწავლობენ. სელექციური მუტიზმი, როგორც წესი, ხელს უშლის ბავშვებს, მოზარდებს წარმატებულ სწავლასა და სოციალურ ურთიერთობებში. მეტყველებითი კომუნიკაციის უუნარობა სელექციური მუტიზმის დროს არ არის გამოწვეული მოცემულ სიტუაციაში საჭირო გარკვეული სასაუბრო ენის არცოდნით, ან საკომუნიკაციო უნარებში რაიმე სერიოზული პათოლოგიით.
სელექციური მუტიზმი ჩვეულებრივ ადრეულ ბავშვობაში, 2-დან 4 წლამდე ასაკში იწყება. მას ხშირად პირველად მაშინ ამჩნევენ, როცა ბავშვი ურთიერთობას იწყებს ოჯახის მიღმა, გარეთ მყოფ ადამიანებთან, მაგ. როცა მიდის საბავშვო ბაღში ან სკოლაში. მთავარი გამაფრთხილებელი ნიშანი სხვადასხვა ადამიანთან ბავშვის კომუნიკაციის უნარის მკვეთრი კონტრასტია, რომელიც ხასიათდება უეცარი უმოძრაობით და სახის გაყინული გამომეტყველებით, როდესაც მისგან მოითხოვენ საუბარს ადამიანთან, რომელიც მისი კომფორტის ზონის მიღმა იმყოფება. ბავშვი შეიძლება გაექცეს, თავი აარიდოს მხედველობით კონტაქტს და მოგვეჩვენოს, რომ ის არის ნერვული, შფოთიანი, მორცხვი, ჩაკეტილი, ჯიუტი ან აგრესიული. ასეთ ბავშვთან ხშირად ფიქსირდება ისტერიული რეაქციები, როდესაც სკოლიდან სახლში დაბრუნებული ბრაზდება მშობლების შეკითხვებზე. შერჩევითი მუტიზმის მქონე უფრო თავდაჯერებულმა ბავშვმა შეიძლება გამოიყენოს ჟესტები ურთიერთობისათვის – მაგ. თავი დააქნიოს, როცა „კი“-ს თქმაა საჭირო, უარის ნიშნად კი თავი გააქნიოს. თუმცა, აშლილობის უფრო მძიმე ფორმის მქონე ბავშვი, როგორც წესი, თავს არიდებს კომუნიკაციის ყველა ფორმას – ვერბალურს, არავერბალურს (ჟესტები, მიმიკა, პოზა) და წერილობითს. ზოგიერთი ბავშვი ახერხებს, რომ რამდენიმე სიტყვით უპასუხოს შეკითხვას მისი მისამართით, ან ისაუბროს ჩურჩულით.
არის შემთხვევები, როდესაც სელექციურ მუტიზმს და აუტიზმს აიგივებენ ერთმანეთთან. სელექციურ მუტიზმსა და აუტიზმს შორის კავშირი არ არსებობს, თუმცა შეიძლება ბავშვს ჰქონდეს ერთიც და მეორეც. მკურნალობის გარეშე სელექციურმა მუტიზმმა შეიძლება გამოიწვიოს იზოლაცია, დაბალი თვითშეფასება და სოციალური შფოთვითი აშლილობა.
სელექციური მუტიზმის გამომწვევი მიზეზები:
- მართალია, სელექციური მუტიზმის მიზეზი ყოველთვის ნათელი არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ ის შფოთვასთან არის დაკავშირებული, შფოთვის შედეგია. ითვლება, რომ სელექციური მუტიზმის მქონე ბავშვების უმეტესობას სავარაუდოდ შფოთვისადმი გენეტიკური მიდრეკილება აქვს;
- ბავშვებთან სელექციური მუტიზმით, არა უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ბავშვებთან ფიქსირდება ადრეული ტრავმები და სტრესული ცხოვრებისეული ისტორიები. ცნობილია, რომ ტრავმირებული ბავშვები მოულოდნელად წყვეტენ ლაპარაკს. როდესაც მუტიზმი აღმოცენდება როგორც პოსტრავმული სტრესის სიმპტომი, ის ვითარდება სრულიად სხვა სქემით და ბავშვი უეცრად წყვეტს ლაპარაკს იმ გარემოში, სადაც მას ადრე პრობლემები არ ჰქონდა თვითგამოხატვაში. თუმცა, მეტყველების ამგვარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სელექციური მუტიზმი. თუ გამომწვევი ფაქტორები არ იქნება აღმოფხვრილი, ბავშვს გაუჩნდება უფრო ზოგადი შფოთვა ურთიერთობის მიმართ;
- ზოგიერთ ბავშვს სერიოზული პრობლემები აქვს სენსორული ინფორმაციის გადამუშავებაში. ხმაური, მაღალი ხმები მისთვის მნიშვნელოვან დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს ურთიერთობისას. ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი „გათიშვა“ და მეტყველების უნარის დაკარგვა, თუ ის ხმაურიან გარემოში იმყოფება და ამასთან რაიმე დავალების შესრულებაც უწევს;
- ისტერიული ნევროზი და ნევროტული ხასიათის აშლილობა ასევე შეიძლება გახდეს სელექციური მუტიზმის გამომწვევი მიზეზი;
- მომატებული ემოციური მგრძნობელობა, სიმორცხვე, პიროვნული შფოთვა, ეგოცენტრულობა, არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასება, ინფანტილიზმი, დამოუკიდებლობისა და კონფორმიზმის ნაკლებობა, დეპრესია, ფობიები – ეს ყველაფერი ასევე შეიძლება სელექციური მუტიზმის ხელშემწყობი გახდეს;
- შეცდომები ოჯახურ აღზრდაში, ჰიპერმზრუნველობა, ბავშვის გაკერპება, არახელსაყრელი სოციალურ-ფსიქოლოგიური კლიმატი ოჯახში, ბავშვისა და მშობლის ურთიერთობაში ჰარმონიის ნაკლებობა, ასევე მშობლების ჩართულობის ნაკლებობა ბავშვის ცხოვრებაში შეიძლება ასევე სელექციური მუტიზმის გამომწვევ მიზეზად მოგვევლინოს;
- ფსიქომატრავმირებელი სიტუაციები – უცხო ქალაქში გადასვლა, ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, იძულებითი ხანგრძლივი განშორება დედასთან, მშობლების მიერ სასტიკი, მკაცრი მეთოდების გამოყენება აღზრდისას სავარაუდოდ ასევე შეიძლება სელექციური მუტიზმის ხელშემწყობი გახდეს.
რეკომენდაციები – როგორ დავძლიოთ სელექციური მუტიზმი ბავშვებში:
- მნიშვნელოვანია, რომ პრობლემის დაფიქსირება და ბავშვთან მუშაობა ადრეული ასაკიდანვე დავიწყოთ. თუ სათანადო ზომები არ იქნება მიღებული, სელექციურ მუტიზმს აქვს „თვითგანმტკიცების“ ტენდენცია;
- ბავშვის დახმარება მიმართული უნდა იყოს შფოთიანობის შემცირებაზე ოჯახური წრის გარეთ მყოფ ადამიანებთან საუბრისა და მათი მოსმენის დროს;
- სერიოზულ მხარდაჭერას საჭიროებს ბავშვი სელექციური მუტიზმით სკოლაში შესვლის წინ – შევამოწმოთ რამდენად კარგად ლაპარაკობს ის სახლში და სახლის გარეთ. სკოლაში სწავლის დაწყებამდე ვაჩვენოთ ბავშვს სკოლა, სადაც მოუწევს სწავლა;
- საბავშვო ბაღის პირობებში მშობელს უფლება უნდა ჰქონდეს, რომ პირველი დღე ბავშვთან ერთად გაატაროს ბაღში;
- ნუ ვაიძულებთ ბავშვს ილაპარაკოს, ისაუბროს, თუ მას სელექციური მუტიზმის ნიშნებს შევამჩნევთ, ავუხსნათ, რომ გვესმის მისი, ვიცით, რომ ეს რთულია და შეუძლია დაიწყოს ლაპარაკი, როცა ამისთვის მზად იქნება;
- პრობლემაზე მუშაობის დასწყისში მივიღოთ არავერბალური პასუხები ურთიერთობის დროს;
- საჭირო იქნება სასწავლო პროგრამის ადაპტირება ისე, რომ შესაძლებელი იყოს ამოცანების გადაწყვეტა არავერბალურად;
- ნუ დავუთმობთ ზედმეტად დიდ ყურადღებას ბავშვის მუშაობას სიჩუმეში და ნუ დავეყრდნობით ურთიერთობის ალტერნატიულ ფორმებს. ბავშვი თანდათან უნდა შევაგუოთ სკოლაში სწავლის სხვადასხვა პირობებს;
- მხარი დავუჭიროთ ღია ურთიერთობას სკოლასა და ოჯახს შორის პრობლემის მოსაგვარებლად;
- შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კლასში სელექციური მუტიზმის მქონე ბავშვის მხარდასაჭერად. პირველ ხანებში შევარჩიოთ ერთი მასწავლებელი ურთიერთობის დასამყარებლად და ბავშვში თავდაჯერებულობის გასაძლიერებლად;
- წავახალისოთ ასეთი ბავშვი სხვა ბავშვებთან, განსაკუთრებით უფრო მშვიდ ბავშვთან ურთიერთობისათვის;
- ნუ ვაიძულებთ ბავშვს მხედველობით კონტაქტს, თუ ის ამას თავად გაურბის;
- ნუ დავივიწყებთ შესაძლო ბულინგის, დაშინების, დაცინვის საფრთხეს, რომელიც შეიძლება ასეთ ბავშვს თანატოლებისგან ელოდეს. ვიმოქმედოთ სწრაფად, თუ ეს მოხდება;
- ასეთი ბავშვისთვის კლასის შეცვლის შემთხვევაში წინასწარ გავითვალისწინოთ მოსალოდნელი სირთულეები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სელექციური მუტიზმი განაჩენი ნამდვილად არ არის. ადრეულ ასაკში პრობლემის დიაგნოსტირების და სწორი მკურნალობის შემთხვევაში სელექციური მუტიზმი დაძლევადია. გავითვალისწინოთ, რომ სელექციური მუტიზმის დასაძლევად ძალიან მნიშვნელოვანია მეტყველებასთან დაკავშირებული შფოთვის შემცირება. სოციალური შფოთვისგან ბავშვის განთავისუფლება წარმატების უმნიშვნელოვანეს წინაპირობად შეიძლება იქცეს.


