პარასკევი, ნოემბერი 21, 2025
21 ნოემბერი, პარასკევი, 2025

„როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი“, ანუ წუთისოფლის „სამზარეულოზე“

იმ დღეს, სახლში დაბრუნებისას, ავედი ამ ჩემს „წილხვედრ“ 5 ნომერ ავტობუსში. დავჯექი სასურველ ადგილას და გულს რა უნდა მეტი? გავიხარე, ნუ, სევდიანად, ცხადია…
წინ მიზის პატარა ბიჭუნა, „ბიბლუსის“ ქაღალდის პარკით ხელში. იღებს სათითაოდ ალბათ თავის შერჩეულ რვეულებს და ათვალიერებს ფურცლებს. სათითაოდ! სრულიად მოწყვეტილი გარე სამყაროს; ბოლოს, რომ დაამთავრა, ეს „მოხილვა“, მუხლზე დავადე ხელი და:
– ყველა ფურცელი ადგილზეა, ხომ?!

ბიჭუნამ დაიმორცხვა და იმ წუთას მასთან ღიმილით ჩამომჯდარი დედის მხარს შეეყუჟა. აი, აქედან დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო. ქალი საუბრობდა ტელეფონზე და „სნაიპერი ყოფის ტყვიებივით“ ისროდა სიტყვებს ისე, რომ ტანში მაჟრიალებდა; მოგაწვდით საუბრის ფრაგმენტებს, რადგან უზრდელობად ჩავთვალე, „ყურდაცქვეტილს“ მესმინა, ჩემი საფიქრალი მქონდა, რასაკვირველია:

– დიახ! რა უნდოდა, აბა, მეტი, „გუჩის“ სუნამო და აქსესუარები ხომ გაუგზავნა?!… ჰო, ვაკეთებ რემონტს; გაჯი და „სტიაჟკა“ მორჩენილია, კი (მისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ფრაზა რამდენჯერმე, მთელი ავტობუსის გასაგონად „იბრუნებოდა“). მერე იქნება კარგი, კი… დივანი მწვანე მინდა ან სტაფილოსფერი, რას იტყვი?!… უი, რა დროს დამთავრებაა, მაგრამ მორჩება თუ არა, გავყიდი და ჩემთვის სხვაგან ვიყიდი ბინას, კი…

ადრესატიც ისე აქტიურად უპასუხებდა, რომ ბგერათა ვიბრაცია კარგა ხანს თავს დამტრიალებდა, ვიდრე „მოწყენილ“ საავტობუსო ეთერში გაიფანტებოდა. შევხედე და ხელ-ყელ-მაჯაზე ამდენი ბაჯაღლოს დამნახავს, გამახსენდა – „ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა“.

იმ ბიჭუნას კი, დედის სასაუბრო კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილს, ახალი რვეულების თვალიერებისას საკუთარი ჯერ კიდევ ფაქიზი სულის პერიპეტიებით გადაღლილს, თვალები მიელულა და მართლა კრავივით ჩასძინებოდა.

ვფიქრობ ახლა მე, ამ ცხოვრებისეული დაკვირვების შედეგად:

ა) არანაირ განზომილებაში, თვით „იქაც“, პარალელური წრფეები რომ ერთდება; არანაირ „ცხოვრებასა“ თუ ბუდისტურ-კრიშნაიტულ წარმოდგენაში, ჩემს წარმოსახვაში, მით უმეტეს, ასეთი ყოფას მიჯაჭვული ქალი არ ვიქნებოდი! რა ქარტეხილიც უნდა დაეტეხა, ამაზე უარესი, ცხოვრებას და რა „გზითაც“ არ უნდა წავსულიყავი, წუთისოფლის „ზღაპრისა თუ მითის გზაჯვარედინიდან“. უბრალოდ, სრულიად გამოვრიცხე ეს ამბავი, ამ ტიპის აზროვნება…

ბ) იმ ბავშვის მომავალმაც შემაწუხა მყისიერად. ვინ იცის, რა დადგება მისგან ასეთ ოჯახურ გარემოში; ან თუნდაც ცხოვრება საით „გადაისვრის, რომელ გრძედსა და განედზე“; ექნება ის ცნობისმოყვარეობა, ენთუზიაზმი, სიცოცხლის პოეზია და ინტერესი, თუ მასზეც იტყვის პოეტი, როცა გაიზრდება და დაკაცდება – „თუ დრომ გადაუარა და ჩაუქრო ალები?!“

 

* *. *.

ერთხელ, არმაზის ტყეში, როცა კარავში ვერანაირად დავიძინე და სხვებთან ერთად ცეცხლთან ღამეს ვათევდი, ერთმა ფილოსოფოსმა სტუდენტმა თქვა:
– რატომ არ მკითხა მე ღმერთმა, ამქვეყნად რომ გამაჩინა?!

მაშინ ეს კითხვა ძალიან თავქარიანად მომეჩვენა და მივუგე:

– როგორ შეიძლება, არყოფნა არჩიო ყოფნას?!

თუნდაც ის დაბანგული პეპელა გამახსენდა, შუადღისას ხელზე მჯდომი რომ მომიყვანა ერთმა…
~~~~~~~~~~~
ბევრმა წყალმა თუ „ნიაღვარმა“ ჩაიარა იმის შემდეგ. დღეს კი, ძილის წინ, ვიფიქრე: „წუთისოფელში გამოშვების წინ, რომ ეჩვენებინათ თუნდაც ყველა ის ბედნიერი მომენტი, იდეისა თუ ადამიანის რწმენა, სიყვარული, აღტაცება, წარმატება, პროფესიულ-პიროვნული სრულყოფა, რომლებიც უნდა განმეცადა… და მეორე „პინაზე“ უზარმაზარი, დამანგრეველი, იმედგაცრუებებიც, ახლა მეც იმ კაფანდარა ფილოსოფოსივით არყოფნას ვარჩევდი“. აღარაფერია, რის დაკარგვაც გულს დამწყვეტდა სიკვდილის შემთხვევაში. მარტო პასუხისმგებლობისთვის ცხოვრება სულიერ ჰარაკირს მაგონებს. მაოგნებს ჩემი ეს გულწრფელობაც, მაგრამ მართალი ყოფილა ის ბიჭი, რომლის მხოლოდ პათოსი მახსოვს, სახელი არა…

იობად არასდროს გამოვდგებოდი.

ამას სჯობდა, თუნდაც პირიმზე ვყოფილიყავი. ისე არ მეტკინებოდა, როგორც ადამიანს. მადლის გაელვება ვიქნებოდი და არ მეცოდინებოდა, რომ „მოსვლაში არა ყრიაო…“.

 

* *. *

ვერანაირად გაათანაბრებ და „ათქვეფ“ ადამიანი ყოფითსა და ამაღლებულს, მატერიალურსა და იდეალურს. თუმცა ეს მოცემულობები წუთისოფელში თუნდაც ჩვენში „შეზრდილ/გადაწნეხილი“ სახით გვაქვს. ჰოდა, საქმეც სწორედ მათი გამოცალკევებაა, რადგან ცხოვრება „აჯაფსანდალს“ თუ დავამსგავსეთ, ურთულესი იქნება, გვქონდეს თუნდაც რამე წმინდა, კრისტალური ფორმისა და სახის ღირებულება. ამ უკანასკნელის გარეშე კი ადამიანი ცხოველია ჩვეულებრივი…

მოდი, მაგალითისთვის ავიღოთ გალაკტიონის „როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და უჩვეულო ცის სილაჟვარდე…“. ეს პოეზიაა, უმაღლესი რანგისა და ცხადია, მისი „საზომი“ მხოლოდ ხელზე ბურძგლი არაა, არამედ ის ფილოსოფია, ჭეშმარიტება, სამყაროსეული კონცეფცია, რომელზეც პოეტი მიგვანიშნებს. მოდით, ავიღოთ, ასევე, მატერიალისტისა და იდეალისტის თვალთახედვა, ცალ-ცალკე, შედარებისთვის.
აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ არსებობს ორი (მეტიც…) სინამდვილე: ხისტ-რეალისტურ-რუტინული და მხატვრულ-შემოქმედებით-იდეალური (პლატონის იდეების სამყარო თუნდაც). ადამიანი, რომელსაც ამ სინამდვილეებში მონაცვლეობა არ შეუძლია და ერთ რომელიმეშია „გამოკეტილი“, ცოცხლადაა სატირალი, მე ვიტყოდი.

რას იტყოდა მატერიალისტურზე ორიენტირებული კაცი გალაკტიონის ამ ამონარიდზე? აქ ერთი გამახსენდა, ჩემს ხეებით აღფრთოვანებას „წყალს რომ ასხამდა“ – ბოლო-ბოლო, შეშააო ეგენი, გასათბობი საშუალება, რაის ესთეტიკაო თუ ჟანგბადი. კუნძებზე მიკვდებოდა გული და ეს მაშინ მიპასუხა. მოდი, შევეცადოთ, წარმოვიდგინოთ, რას იფიქრებდა „სილაში ვარდზე“ ეს ადამიანი. იტყოდა, ვარდი ლარნაკში ვიცი მეო; ან სულაც რა მოსაშენებელია ვარდი, ეკლებით ხელის დამკაწრავიო. „ვარდზე სილაში“ კი იტყოდა, ანტისანიტარიააო და უნდა გასუფთავდეს გარემო იგიო…

გალა რას მიგვანიშნებდა?! ამაღლებული ამაოებას ამარცხებსო, არა? მერე, რა, რომ სილაშია, წვიმის წუთისოფლურ სევდასა და ცრემლში, ვარდი მაინც ვარდიაო, იმქვეყნიურის, ტრანსცენდენტურის „გამონაშუქიო“. კია სილაში, მაგრამ მშვენიერების ძალა მაინც აღემატებაო ცხოვრების ჭუჭყს; მეც ეს ყველაზე დიდი ძალა მგონია სამყაროში: ამაღლებული და მშვენიერი. ესაა მთავარი ფასეულობა ჩემთვის, მატერიალიზებული იქნება ის ვარდში, ჩვენს სულსა თუ თუნდაც იმ ხილულ სასწაულებში, ღვთაებრივი ძალა რომ გვთავაზობს „ურწმუნო თომებს“. ჩვენ კი, ვმერყეობთ რა მატერიალურსა და იდეალურს შორის, „თითს ვიშვერთ, ჭრილობებში ჩაგვაყოფინეთო“. ამიტომაა ადამიანი ცოდო, რომ ის „მიწას მიჯაჭვულია“, მაგრამ როცა მაღლდება თავის ამ „ტალახიან“ ბუნებაზე, თავისუფლდება და შეიძლება ღმერთამდეც ავიდეს, რაც სხეულებრივის დაძლევის გარეშე არ და ვერ ხდება. სხეული ხომ ჩვენი „ჩარჩოა“ ამქვეყნიური, თუ მას არ გასცდი, ვერც თავისუფლებას მოიპოვებ, ცხადია…

გუშინ რუსთავისკენ გზაზე ერთი ახალგაზრდა კაცი ჩავიდა ავტობუსიდან ფონიჭალაში. დავხედე ფეხებზე და ე,წ, „შლოპანცები“ ეცვა, სიცივისა კი არაფერი ეტყობოდა. მე შემცივდა ამის შემყურეს, მას „ცა ქუდად, დედამიწა – ქალამნად“ ჰქონდა. ჰოდა, ამ ბიჭზე მატერიალისტი იტყოდა, ეს უბედური, შიშველი ხორცი ვერ დაუფარავსო. ჩვენი სოციუმის არმცოდნე კი მის უსახსრობას სრულიად შეუსაბამო წინაპირობებს მოუძებნიდა მისივე ინტელექტუალურ-პიროვნულ მონაცემებში, ცხოვრების უუნაროაო, იტყოდა… მაგრამ ნიცშე რომ გაეცოცხლებინათ ან ლაო ძი და, უბრალოდ, ამ ბიჭზე შეხედვის საშუალება მიეცათ, მათ შეიძლება იგი ან ყველა პირობითობის მძლეველ ზეკაცად, ან თუნდაც წუთისოფელს გარიდებულ დერვიშად, ბრძენად აღექვათ. ნუ, ერთი შეხედვით შეფასებაზეა საუბარი და არა სიმდიდრისა თუ კომუნალური პირობების გამოკვლევით ქონებრივი დეკლარაციისა ან სოციალურად დაუცველობის აქტის შედგენაზე.

ასე რომ, მეგობრებო, ცხოვრება ხედვის დიაპაზონის გაფართოება და ცვლაა, სააზროვნო სიამოვნებისა თუ თავისუფლებისთვის, რომ თუნდაც „ხმელი წიფელი“ გაიგო, ეკლესიასტეს სიბრძნესაც ჩასწვდე და ყოფასაც გაუძალიანდე, რომ ქვეშ არ მოგიყოლიოს ტერენტი გრანელივით… ყველა ვაჟა ვერ იქნება, მაგრამ „ცდა ბედის მონახევრეაო“;

ჩვენს სავალს სხვა ვერავინ გაივლის;

ჩვენს საფიქრალს სხვა ვერავინ იფიქრებს;

ჩვენს განსაცდელს სხვა ვერავინ განიცდის…

ნურც კაცს განვსჯით, ნურც დიდ პოეზიას „განვჩხრეკთ“ და დავიყვანთ „მარტივ მამრავალებამდე“, რადგან პოეზია მათემატიკა არაა, ისევე, როგორც ფიზიკა არაა მეტაფიზიკა.
ხოლო ჭეშმარიტებას რაც შეეხება, ის, საერთოდაც, ინტუიციური გზით შემოსული „ცოდნაა“ ჩვენში, რომელიც ლოგიკას არ ექვემდებარება, ანუ კაცთა მოდგმას ვერ დაუმტკიცებ, მაგალითად, რატომ აქვს ღმერთს სამი ჰიპოსტასი…

P.S. …ხოლო ის, რომ ქართველი კაცი თამარს მეოთხე ჰიპოსტასად მიიჩნევდა – პოეზიის სინამდვილეა და არა რელიგიური, ანუ მკრეხელობა. ეს რომ გაიგო, ქართული სული უნდა იცოდე, ამაღლებული და მიუწვდომელი, ცაში მოკიაფე მზის ათინათივით. ამ ამაღლებულის საუკუნოვანმა შეგრძნებამ (რელიგიისა თუ პოეზიის სახით) მოიყვანა დღემდე ჩვენი ერი და ამ ბეჩავ დროებაშიც ეს მგონია გადამრჩენი. ეს უძლიერესი „ნერვია“ ჩვენი ეროვნული გენეტიკისა, მსოფლაღქმისა, ცნობიერებისა…

ვიაზროვნოთ, შევიგრძნოთ ამაღლებული, რომ გადავრჩეთ – პიროვნულად თუ ეროვნულად!!!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“