ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ჩემი ოცნების კონტინენტი

აქტიური აზროვნების უმაღლესი დონე –  ესაა შემოქმედებითი აზროვნება. ასევე, აქტიური სწავლების უმაღლესი დონეა – შემოქმედებითი სწავლება. სამწუხაროდ, როგორც საბჭოთა პერიოდის, ისე თანამედროვე სკოლებში, შემოქმედებითობას სათანადო ყურადღება არ ექცევა. ამ ვითარებას ზუსტად აღწერს  ერიჰ ფრომი: „როგორც წესი, კრიტიკული აზროვნების ჩახშობის პროცესი ადრეულ ასაკშივე იწყება. ამის სათავეა ბავშვის მიერ უფროსების არაგულწრფელობის შემჩნევა… შემდეგ ადამიანის მთელი გრძნობადი გამოვლინებანი თუ აზროვნება მიზანმიმართულად მახინჯდება. სკოლის მერხზე პირველად დაჯდომისთანავე იწყება პროცესი, რომლის მიზანია, ბავშვს ჩაუხშოს დამოუკიდებლად ფიქრის ყოველგვარი სურვილი. ბავშვს გამზადებულ ცოდნას და წესებს თავში უდებენ და უდებენ… ბავშვის ბუნებრივი ცნობისმოყვარეობაც თანდათან ითრგუნება… უფროსები არც კი ცდილობენ, რომ ბავშვის მისწრაფებებით დაინტერესდნენ”.(Фромм 1994: 200).

გთავაზობთ ჩემი მოსწავლეების ფანტაზიით შექმნილ საოცნებო კონტინენტების აღწერას. ეს პროექტი 2 თვე გრძელდებოდა. მოსწავლეებს უნდა შეექმნათ მსოფლიოს ფიზიკური რუკა. ამავე დროს უნდა მოეფიქრებინათ ახალი კონტინენტი, რომლის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე თავად უნდა განესაზღვრათ რელიეფის ფორმები, ჰავა, ჰიდროგრაფიული ქსელი, ბუნებრივი ზონები, მოსახლეობის განსახლების, ქვეყნების, ქალაქების განლაგება. პროექტი ფაქტობრივად მთელი სასწავლო წლის მასალის შეჯამებას მოიცავს. გაკვეთილებს კვირის დღეების სახელები დავარქვით: სამშაბათობა და ხუთშაბათობა. ყოველი კვირის სამშაბათობაზე პროექტის შუალედური მონიტორინგი გვქონდა დანიშნული, სადაც ჯგუფები წარადგენდა იმ კვირის დავალებას გეოგრაფიული განლაგებიდან დაწყებული მოსახლეობის განლაგებით დამთავრებული. ხუთშაბათობაზე ახალ მასალას ვეცნობოდით, ფილმებს ვუყურებდით, განვიხილავდით. პროექტის წარდგენა საკმაოდ მხიარული გამოგვივიდა. განსაკუთრებით მოგვეწონა რამდენიმე ჯგუფის პროექტი. ფოტოებს ქვემოთ იხილავთ. რაც შეეხება ახალ „აღმოჩენილ კონტინენტს“ მის ისტორიასა და თანამედროვე პერიოდზე შეეძლოთ ეფანტაზიორათ. მთავარი იყო გეოგრაფიული გარსის კომპონენტები სწორად განესაზვრათ. დანარჩენი კი მათი შეხედულებისამებრ უნდა გადაეწყვიტათ.

გეოგრაფიულ ნაწილს ნაკლებად გთავაზობთ, რადგან მთავარი აქ მათი შემოქმედებითი აზროვნებაა. მათ ნაწერებში ხასიათი და დამოკიდებულება გამოჩნდა.

ალექსანდრე კაცაძე: ბავშვობაში ალბათ ბევრს უოცნებია, აღმოეჩინა კუნძული, შეექმნა საკუთარი სამყარო, სადაც თვითონვე იქნებოდა ყველაფრის შემოქმედი, თავისი სურვილისამებრ აღმართავდა მთებს, გააფერადებდა მდელოებს, შექმნიდა ახალ ადამიანებს და ისტორიებს, დააარსებდა ახალ ქვეყნებს… მოკლედ რომ ვთქვათ უბრალოდ საკუთარ სამყაროს შექმნიდა.

გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ და საბოლოოდ საკუთარი კონტინენტის შექმნის იდეის რეალობად ქცევაც მოვახერხე და ჩემს ახალ საკუთარ კონტინეტს ატლანტიდა დავარქვი.

                                            ლეგენდა ატლანტიდაზე
ატლანტიდის სახელს ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ მითოლოგიაში პლატონის თხზულებებში ვხვდებით. გადმოცემის მიხედვით უძველესმა ბერძენმა ღმერთებმა მსოფლიო თანაბრად გაიყვეს. პოსეიდონს – წყლის ღვთაებას – წილად ხვდა ატლანტიდა: „მიწა, რომელიც ვრცელი ოკეანის გადაღმა მდებარეობს. იმ ადგილზე შორს, რომელსაც თქვენ, ბერძნები, „ჰერკულესის სვეტებს“ (დღევანდელი გიბრალტარის სრუტე) უწოდებთ“.

      მიწის მიღების შემდეგ პოსეიდონს ქალღმერთი კლეიტო შეუყვარდა, მათ შვილი ატლასი გაუჩნდათ, რომელსაც მამამ მთლიანი ატლანტიდა და ატლანტის ოკეანე უბოძა. სწორედ ატლასმა ჩაუყარა საფუძველი ატლანტების ცივილიზაციას. ამიტომაც კონტინენტზე თითოეული გეოგრაფიული სახელწოდება მასთანაა დაკავშირებული.

         კონტინენტის აღწერა
ატლანტიდა სამხრეთიდან 15˚-იანი პარალელიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 60˚-იან პარალელამდე და აღმოსავლეთიდან 20˚-იანი მერიდიანიდან დასავლეთით დაახლ. 60˚-იან მერიდიანამდეა გადაჭიმული.  მდებარეობს სუბარქტიკულ, ზომიერ, სუბტროპიკულ და ტროპიკულ სარტყლებში.

კალიპსოს მთიანეთი – კონტინენტის უდიდესი მთათა სისტემა აილოსი ნახევარკუნძულიდან პოსეიდონის ნახევარკუნძულამდე გრძელდება, რის გამოც იქმნება წარმოდგენა თითქოს კალიპსოს მთიანეთი შუაზე ჰყოფს კონტინენტს. მთიანეთი ემთხვევა ჩრდილოეთ ატლანტის ქედს და ფილების დაშორიშორების ადგილს.

კონტინენტის ყველაზე დაბალი ადგილია ბოიოტოსის დაბლობი რომელიც კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ეს დაბლობი ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე ნალექიანიცაა, რადგან მას გოლფსტრიმის თბილი დინება მიუყვება.

ატლანტიდის უგრძესი მდინარეა ალესიონი, რომელიც კალიპსოს მთიანეთში იღებს სათავეს და მთელ აღმოსავლეთ ატლანტიდაში მიედინება, სადაც საკმაოდ დიდ აუზს ქმნის. ატლანტიდის ყველაზე წყალუხვი მდინარეა ნაუსითსი, რომელიც ალესიონისგან განსხვავებით აღმოსავლეთ ატლანტიდაში მიედინება.

ატლანტიდის კონტინენტში 2 არქიპელაგი შედის, ესენია ხინკლის კუნძულები – ვულკანური კუნძულები, რომლებიც კონტინენტის ჩრდილოეთით მდებარეობენ და სახელგანთქმულია თავისი აბანოებით და ლობიანის კუნძულები, რომლებიც ატლანტიდის სამხრეთით მდებარეობენ. ალბათ ამ კუნძლების სახელების წარმომავლობამ კითხვები გაგიჩინათ, თუმცა ამ კითხვებზე პასუხს მოგვიანებით გამცნობთ.

ატლანტიდის უდიდესი კუნძული ატლასის კუნძული. ეს არის კონტინენტის ყველაზე ცხელი ადგილი ეკვატორთან სიახლოვის გამო და ამავე დროს ატლანტიდის უმნიშვნელოვანესი ნაწილიც. სწორედ ამ კუნძულზეა გაშენებული ატლანტების ცივილიზაციის კერა- ლეგენდარული ქალაქი ატლანტიდა, რომელიც გადმოცემით თვით ატლასმა და მისმა ძმებმა ააგეს.

კონტინენტის ისტორია და თანამედროვეობა
ატლანტიდა ხშირად მოიხსენიებოდა არამარტო ბერძულ, არამედ რომაულ ხელნაწერებშიც, თუმცა მისი კვალი უეცრად გაქრა,  უკანასკნელი ჩანაწერის მიხედვით, რომელიც ატლანტიდას ეხებოდა, კონტინენტი დიდი კატაკლიზმების შედეგად ჩაიძირა, არსებობდა მოსაზრებებიც რომ ატლანტების მაღალგანვითარებულმა ცივილიზაციამ როგორღაც კონტინენტის ჩაძირვა მოახერხა, რათა მათი დიდი ცოდნა, რომლისთვისაც ადამიანები ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად, დაემალათ.

თუმცა მთავარი მაინც ის არის, წლების, საუკუნეებისა და ათასწლეულების შემდეგ ატლანტიდა ისეც გამოჩნდა და ატლანტების ცივილიზაციაც დაბრუნდა. კონტინენტი აღმოაჩინა ქართველმა მკვლევარმა და მოგზაურმა ალექსანდრე კაცაძემ, სწორედ მანვე უწოდა ხინკლის და ლობიანის კუნძულებს ქართული ნაციონალური კერძების სახელები, ისევე, როგორც ეს სენდვიჩის კუნძლების შემთხვევაში მოხდა. ის ასევე ამ ორ კუნძულთა სისტემის კოლონიზაციას ეცადა, თუმცა როგორც კი შეიტყო ატლანტების შესახებ, ამაზე ფიქრს თავი დაანება და კონტინენტის სრული გამოკვლევა დაისახა მიზნად.

აღსანიშნავია, რომ ატლანტიდას ერთადერთ ქვეყანას ატლასიდთა სამეფო მართავს. ქვეყანა მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში წყალქვეშ არსებობდა და ვითარდებოდა, ბევრად განვითარებულია თანამედროვე სახელმწიფოებთან შედარებით, როგორც ტექნოლოგიურად, ისე სოციალურადაც. მას მართავენ ატლანტიდის პირველი მეფის ატლასის შთამომავლები.

დღესდღეობით, ატლასიდთა სამეფო-მსოფლიოს უძლიერესი ქვეყანაა. ატლანტთა ერი, კი ყველაზე მაღალგანვითარებულია, თუმცა ისინი ამ უპირატესობის ბოროტად გამოყენებას არ აპირებენ, პირიქით, მათ ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ – განავითარონ და გააძლიერონ კაცობრიობა, რომელსაც ათასწლეულების განმავლობაში ემალებოდნენ და რომელიც უკვე მზად არის ახალი ცოდნისთვის და პირველობისთვის.

მადლობა ყურადღებისთვის! ალექსანდრე კაცაძე.

მარიამ კვანტალიანი: ბევრი ადამიანი ოცნებობს ისეთ ადგილზე, სადაც განტვირთვასა და კარგი მოგონებების შექმნას შეძლებდნენ. ვფიქრობ ის კონტინენტი, რომელიც გამოვიგონე ამ მხრივ იდეალურია.

კონტინენტი, რომელიც ადამ მარშალმა აღმოაჩინა – უსრიდამალუ – ეს სახელი აღმომჩენის შვილების პატივსაცემად ეწოდა.

კონტინენტი მდებარეობს წყნარ ოკეანეში, ჩრდილოეთი ამერიკის დასავლეთით. ის მოიცავს ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყლებს. კონტინენტის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე მასზე ქრის პასატები.

უსრიდამალუს აღმოსავლეთ მხრიდან მიუყვება კორდილიერები. (პანგეას დაშლის შემდეგ მთების ნაწილი ამ კონტინენტზეც დარჩა).

კონტინენტზე ორად ორი ზღვაა, აქედან უდიდესი გუმასარის ზღვაა, რომელიც ფრანგმა მკვლევარმა ლუი გუმასარმა აღმოაჩინა. ზღვაში ბინადრობენ მრავალი სახის ბაქტერიები, რომლებსაც ყველა ვირუსული თუ ბაქტერიული დაავადების განკურნება შეუძლიათ. შედარებით პატარა ზღვაა რუმოს ზღვა. აქ მრავალი სახეობის თევზი ბინადრობს. ერთ-ერთია ქვიფრი, რომლის ფერადი შეფერილობა სხვა თევზებს აფრთხილებს, რომ ის შხამიანია. რუმოს ზღვაში მტაცებელი თევზებიც ბინადრობენ, როგორიცაა პირანია. ამ ზღვაში ბანაობა და თევზაობა აკრძალულია.

კონტინენტზე მიედინება მდინარე ელიფსი. იმის გამო, რომ მდინარეში 25-ზე მეტი სახეობის გველი ბინადრობს, მას გველების მდინარესაც უწოდებენ.  გველი, რომელიც თავისი დიდი ზომითა და ნაკლები შხამიანობით გამოირჩევა, არის მდინარის სახელის მატარებელი გველი ელიფსი, რომელიც მდინარის პირველი ბინადარი იყო.

კონტინენტის ადგილმდებარეობა მის მდიდარ ფლორა და ფაუნას განაპირობებს. აქ არის უამრავი ენდემური და რელიქტური სახეობა.

მალუზე არის ოთხი დიდი ქალაქი, რომელთაგან ერთ-ერთი პეროპონტალეა. ამ ქალაქში მდებარეობს დიდი ნაკრძალი, სადაც გადაშენების პირას მყოფი მცენარეები და ცხოველები ბინადრობენ.

კონტინენტს არ აქვს დედაქალაქი, რაც მოსახლეობის გადაწყვეტილება იყო. განათლების დონე ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელში მაღალია, რაც განაპირობა იმან, რომ მოსახლეობა განათლების მნიშვნელობას აფასებს.

უსრიდამალუ მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. უმეტესწილად ნავთობით, ქვანახშირით, ასევე ძვირფასი მადნეულით, მინერალებით და სხვ.

კონტინენტზე აკრძალულია თამბაქო და სხვა სახის მძიმე ნარკოტიკული საშუალებები. უსრიდამალუზე კრიმინალის დონე დაბალია. კონტინენტი გამოირჩევა ლიბერალური მოპყრობით ნებისმიერი განმასხვავებელი ნიშნის მქონე ადამიანის მიმართ. ასევე აღსანიშნავია ის, რომ კონტინენტზე აქტიურად მიმდინარეობს ბუნების დაცვისთვის განკუთვნილი ღონისძიებები და ალტერნატიული რესურსების (მაგ: მზის, წყლის, ქარის ენერგია) გამოყენება ამოწურვადი რესურსების ნაცვლად.

ერთი სიტყვით უსრიდამალუ არის იდეალური ადგილი განტვირთვისთვის. ეს არის ადგილი, რომელიც მაგალითი გახდებოდა სხვა კონტინენტებისა თუ ქვეყნებისთვის.

ჩემი ოცნების კონტინენტი – მოსწავლეების ნამუშევრები

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი