შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ჟან ვიგოს სკოლა  

შორიდან დავიწყებ. შორიდან, ანუ გორში ჩატარებულ კომედიის ფესტივალზე მომხდარი ერთი დამაფიქრებელი ამბიდან. ფესტივალის ბოლო დღეს, 14 ივნისს, სამეფო უბნის თეატრმა დიდი შვედის დრამატურგის, ლარს ნურენის დრამა – „დემონები“ წარმოადგინა. წარმოდგენამ ვიღაც გულწრფელად აღაფრთოვანა, ვიღაც კი ისე გაამწარა, თავ-ბედი აწყევლინა და დარბაზი ნაადრევად დაატოვებინა. როგორი უსიამოვნოდ მოსასმენიც უნდა იყოს, ამ გამწარებულ მაყურებლებს შორის გორის მერის მოადგილე და მერიის თანამშრომლებიც ყოფილან. თავად მერს ბოლომდე გაუძლია „უცენზურო სიტყვებისა და კულტურული საზოგადოებისთვის შეუფერებელი მოქმედებებისთვის“, თუმცა მოგვიანებით არ დაუმალავს, რომ სურდა, საფესტივალო რეპერტუარის თაობაზე მერიის კულტურის სამსახური წინასწარ გაეფრთხილებინათ.

როგორც კი ამ ამბის შესახებ წავიკითხე, მაშინვე ის უსაშველოდ მოსაწყენი სასკოლო ზეიმები გამახსენდა, წლიდან წლამდე რომ იმართებოდა გორის სკოლებში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებისა თუ სოფლების სასწავლო დაწესებულებებში. ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესით გამოვდიოდით სცენაზე, ვცეკვავდით, ვმღეროდით, ლექსებს ვამბობდით… ტაშსაც სწორედ იმ დროს გვიკრავდნენ  გულაჩუყებული მშობლები თუ მეტ-ნაკლებად კმაყოფილი მასწავლებლები, როცა ამას ყველაზე მეტად ველოდით, ნეტარებით განაბულები.

რა გასაკვირია, რომ ამ აზრმოკლებულმა ზეიმებმა იმთავითვე არასწორი წარმოდგენა შეგვიქმნა იმაზე, თუ საერთოდ რისთვის არსებობს სცენა, რას უნდა ველოდოთ სპექტაკლისგან, რეჟისორისგან, მსახიობებისგან. ცხადია, პასუხისმგებლობის წილი კომედიურ ტელეშოუებსაც ეკისრებათ, სასკოლო ზეიმებზე გაზრდილებს მოწყენის საშუალებას რომ არ აძლევენ. რაღაც კომედიურ ტელეარხებს. რაღაც შემზარავ „იუმორინებს“.

ლარს ნურენის დრამის სანახავად ჩამომსხდარმა მოხელეებმა 1933 წელს გადაღებული ერთი კინოშედევრი გამახსენეს, რომლის სასკოლო კინოჩვენებასაც სასწავლო წლის დაწყებისთანავე მოვაწყობდი. პირველივე დღეს ვაჩვენებდი მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც ფრანგი რეჟისორის, ჟან ვიგოს ორმოცწუთიან ფილმს „ნული ყოფაქცევაში“, წლების განმავლობაში უსამართლოდ აკრძალულსა და დავიწყებულს, დღეს კი უკვე კლასიკად ქცეულს. თავის დროზე ამ ფილმში განათლების სისტემის დაცინვაც დაინახეს, კათოლიკური ეკლესიის გამასხარავებაც, ამბოხისა და ანარქიისკენ მოწოდებაც, საფრანგეთის წმინდათაწმინდა იდეალების უგულებელყოფაც. „ნული ყოფაქცევაში“ ყოველგვარი უკეთურების ბუდეა, რეჟისორი კი, უბრალოდ, მანიაკიაო და მაყურებელს მისი ნახვის საშუალება 1945 წლამდე არ მისცეს.

მოგვიანებით ჟან ვიგოს ამ ავტობიოგრაფიული ფილმიდან და, ბუნებრივია, პირადი გამოცდილებიდანაც ამოიზარდა კიდევ ერთი კინოშედევრი – ფრანსუა ტრიუფოს „ოთხასი დარტყმა“.  ნახეთ, თუ არ გინახავთ – მასწავლებლებს, მშობლებს, მერიის თანამშრომლებს…

როგორია სკოლა, რომელსაც ჟან ვიგო აღწერს ფილმის დასაწყისში? უხალისო და დამთრგუნველი, რეპრესიული და ყოვლად გაუსაძლისი, მექანიკურად აღსასრულებელ წეს-კანონებზე დამყარებული წესრიგით, მასწავლებლებით, რომელთა ქმედებებიც მეტწილად ან ძალადობრივია, ან საღ აზრს მოკლებული, ან სულაც უხამსი. რა დარჩენიათ მოსწავლეებს გამოსავლის მოძებნის გარდა? ჰოდა, ისინიც გამალებით ეძებენ. შეგუება, როგორც შესაძლო გამოსავალი, იმთავითვე გამორიცხულია – ჟან ვიგო აშკარად მათ მხარესაა, ვის თავშიც ამბოხის იდეა მწიფდება. ოთხი ყველაზე გამორჩეული მოსწავლე მცირე რევოლუციას აწყობს – სიურრეალისტურ რევოლუციას. სახურავზე ამბოხებულთა დროშა ფრიალებს, სახურავიდან კი სხვადასხვა საგნებს ესვრიან საზეიმო სანახაობის მოლოდინში ჩამომსხდარ საპატიო სტუმრებს. სულაც პრეფექტს, თუ სწორად მახსოვს.

სკოლის დირექტორი, არც მეტი, არც ნაკლები, ჯუჯაა – იმ ბავშვების სიმაღლისაა, რომლების ერთ ყალიბში მოქცევასაც ცდილობს, როგორც რეპრესიული სისტემის რიგითი წარმომადგენელი. მაინც რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს ფრანგი რეჟისორის ეს გადაწყვეტილება? იქნებ იმის, რომ ბავშვები, შენი მოსწავლეები სწორედ იმავენაირ ადამიანებად უნდა აღიქვა, როგორიც თვითონ ხარ? ან იმის, რომ ნებისმიერი სტატუსი, სინამდვილეში, მხოლოდ მოჩვენებითი სიმაღლეა…

არ მოვყვები იმას, რაც ფილმის ბოლოს ხდება. ეს დაუვიწყარი სცენები საკუთარი თვალით უნდა ნახოთ. ენით აუწერელი მშვენიერება უდავოდ იმსახურებს ხმამაღლა დაკრულ ტაშს. ჟან ვიგომ, რომელსაც ერთგვარ ანარქისტულ ხედვასაც აბრალებდნენ, სავარაუდოდ, უფრო  იმის გამო, რომ მამამისი საქვეყნოდ ცნობილი ანარქისტი იყო, კინოს ენაზე, თავისებურად შეასხა ხოტბა თავისუფლების დიდ იდეას, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, ბარიერების ნგრევას, საზღვრების გაუქმებას. „ნული ყოფაქცევაში“ სამუდამოდ დარჩება იმ ფილმებს შორის, რომლებიც ყველაზე გასაოგნებელი ფორმით ამბობენ ყველაზე მეტს – იმას, რაც გულზე გხვდება, რაც გზის გაკვლევაში გეხმარება, რაც საჭირო დროს ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას მიგაღებინებს.

და ბოლოს, სიტყვა, რომლითაც ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები იწყება ამ დაუვიწყარ ფილმში. მენდეთ, მეტად უხამსი სიტყვაა. მოსწავლე გაბედავს და იტყვის, გაბედავს და გაიმეორებს. სიტყვა იარაღად იქცევა – ანგრევს, აშენებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი