პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

წარმატების საფასური

„ასპარეზზე მორბენალნი ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს“ (პავლე მოციქული)

თუ კაცობრიობის ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ წარმატებას ძალიან ხშირად გამარჯვების სინონიმად ვიყენებთ. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების ძირითად გასართობს საკუთარი თავის გამოცდა და სხვის შესაძლებლობებთან დატოლება წარმოადგენს. არქაული თუ ციფრული ეპოქის თამაშებისადმი მაღალ ინტერესსაც გამარჯვებისკენ სწრაფვა განაპირობებს.

დღეს განათლებას წარმატებისკენ მიმავალ მთავარ გზად მიიჩნევენ. საზოგადოებაში განათლებისა და წარმატების სხვადასხვაგვარ ფორმულირებას მოისმენთ. მაინც რას ნიშნავს წარმატებული ადამიანი – კონკურენციის პირმშოს, თუ იღბლიან იშვიათობას?! საინტერესოა, როგორ ადამიანებს მიიჩნევენ წარმატებულებად და რა ფაქტორები განაპირობებს ზემოხსენებული განსაზღვრების შესაბამისი კომპეტენციების დანერგვას.

კონკურენცია ლათინური ტერმინია და შეტაკებას ნიშნავს. კონკურენციის უნარი არის ძალა, რომელიც საშუალებას გაძლევს, შეზღუდო მეტოქის შესაძლებლობები და უპირატესობა მოიპოვო. იგი ჰგავს ძლიერ ბიძგს, რომელიც წარმატებაზე ორიენტირებულ ადამიანს გამუდმებით წინსვლასა და თვითგანვითარებას აიძულებს. კონკურენცია ხარისხის საზომადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ინდივიდებს და/ან საზოგადოებებს შორის ჯანსაღი და უწყვეტი შეჯიბრი კი ევოლუციის მთავარი საყრდენია.

ზოგს კონკურენცია ოცდამეერთე საუკუნის მონაპოვარი ჰგონია, თუმცა მას ფესვები უძველეს დროში აქვს გადგმული. იგი ადამიანებს შორის შრომის განაწილებისა და ვაჭრობის (გაცვლის) თანამდევი ფაქტორია. კონკურენციას უმეტესად ეკონომიკის სფეროს შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ, მაგრამ ის ადამიანთა საქმიანობის ნებისმიერი სფეროს განვითარების საწინდარია. კაპიტალისტურ სახელმწიფოებში უპირატესობის მოპოვებისთვის ბრძოლა ცხოვრების სტილად იქცა, რამაც კონკურენტუნარიანი ადამიანის ,,მომზადების“ საჭიროება წარმოშვა.

 

შეჯიბრის ფენომენი ადამიანისთვის უცხო არასდროს ყოფილა. სპორტული შეჯიბრებები ძველი საბერძნეთის განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ მათ არც რომაელები ჩამორჩებოდნენ. ისინი უპირატესობას ძალისმიერ სპორტს ანიჭებდნენ და ჰუმანურ ორთაბრძოლებს უბრალო თამაშობად მიიჩნევდნენ (მაგალითად, გლადიატორთა ბრძოლა).

ჯანსაღი სხეულის გაფეტიშების ეპოქაში საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა, პოლიტიკური კონფლიქტების გარდა, სპორტულ ორთაბრძოლებშიც ხდებოდა. როგორც ჩანს, გამარჯვებას ადამიანი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ალბათ ამიტომაც დაასახლა ოლიმპოზე გამარჯვების ქალღმერთი ნიკე, რომელსაც საოცარი სისწრაფით სირბილი და ფრენა შეეძლო.

საზოგადოების ყურადღებას  ყოველთვის იპყრობდა ,,საქმენი საგმირონია“. სწორედ ამ ცხოველმა ინტერესმა განაპირობა საგმირო ეპოსის პოპულარიზაცია. მწერლები რეალურ ისტორიებს მითებით, ლეგენდებითა და წარმართული ხანისთვის დამახასიათებელი რწმენა-წარმოდგენებით ალამაზებდნენ, რაც, თავის მხრივ, გმირის ღირსებებს გაზვიადებული სახით წარმოაჩენდა. მეტოქეობის სურვილით გაჟღენთილი საზოგადოებების ყურადღება მიმართული იყო ათლეტური და ბრძოლისუნარიანი ახალგაზრდებისკენ, რომლებიც ცდილობდნენ, წიგნებში აღწერილ მზეჭაბუკებს დამსგავსებოდნენ და რაც შეიძლება მეტი გამარჯვება მოეპოვებინათ. არენის გარდა, მათ შერკინებას საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანების დაკრძალვის პროცესზეც ნახავდით (მაგალითად მოვიყვან ჰომეროსის ,,ილიადას“, სადაც გმირის დაკრძალვის დღეს სახელოვანი მეომრების ორთაბრძოლები იმართებოდა).

კრივი, ჭიდაობა, ბადროს ტყორცნა, ეტლით რბოლა თუ ჯირითი ძველ ბერძენ მეომრებს ფიზიკური წვრთნის შედეგების დემონსტრირებისა და სახელის მოხვეჭის საშუალებას აძლევდა. აქედან გამომდინარე, წარმატების მისაღწევად ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარება იყო საჭირო. არსებობდა სპეციალური სკოლები, სადაც მომავალი ათლეტებისთვის საჭირო ცოდნის გადაცემაზე ზრუნავდნენ. ამას გარდა, სპორტული შეჯიბრებები ძალების უფრო დიდ ასპარეზზე (ომი, შიდა კონფლიქტები) მოსინჯვის ჟინს დროებით კლავდა და თვითგამოვლენის მშვიდობიან გზას წარმოადგენდა.

ღმერთების პატივსაცემად გამართული თამაშებიდან დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ოლიმპიადა (ზევსის პატივსაცემი შეჯიბრება), რომელსაც ქალაქ ოლიმპიაში მართავდნენ. სპორტულ თამაშობებთან ერთად, პოპულარულ სანახაობას წარმოადგენდა აპოლონისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, სადაც, სხვა შეჯიბრებებისგან განსხვავებით, ასპარეზზე ხელოვნების მოყვარულები გამოდიოდნენ და ცეკვითა და სიმღერით ხიბლავდნენ მსმენელებს. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნულ ღონისძიებებში ჩართვა მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ.

ოლიმპიადა ათამდე სპორტულ სახეობას მოიცავდა: სირბილს, ეტლით რბოლას, ხუთჭიდს (სირბილი, სიგრძეზე ხტომა, ბადროს და შუბის ტყორცნა, ჭიდაობა), კრივს, პანკრატიონს (შიშველი ხელებით ჭიდაობა და მუშტი-კრივი), რომელიც სისატიკით გამოირჩეოდა და ხშირად ფატალური შედეგითაც მთავრდებოდა. გამარჯვებულს ხან ზეთისხილის გვირგვინით აჯილდოებდნენ, ხან მედლითა და ნიკეს ქანდაკებით. ოლიმპიური ჩემპიონის წოდებას კი გამარჯვებული სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა.

 

თავის გამოჩენისა და საკუთარი უპირატესობის დამტკიცების სურვილი კაცობრიობას დღემდე არ განელებია. მხოლოდ ასპარეზი გაფართოვდა და ფიზიკური თუ გონებრივი შესაძლებლობების დემონსტრირება ახლა ყოველ ნაბიჯზე შეიძლება დაგჭირდეს. თამაშები და ცხოვრება ერთმანეთისგან გაიმიჯნა, მაგრამ წარმატების გემოს ადამიანები მაინც ვერ ელევიან და მუდმივად ცდიან საკუთარ თავს. ადრე თუ გამარჯვების გვირგვინი ბუნებისგან ჯილდოდ ნაბოძები ძალის სიმბოლო იყო, ახლა წარმატებისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს ადამიანი საკუთარი შრომის დაფასებულ შედეგად აღიქვამს. შესაბამისად, მარცხის შემთხვევაში საკუთარ თავს უფრო ადანაშაულებს, ვიდრე – გარე ფაქტორებს.

 

კონკურენცია და განათლება

ადამიანი კონკურენციას გემოს ადრეულ ასაკში უსინჯავს. ოჯახში მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ მას მშობლების სიყვარულის სხვისთვის გაყოფა უწევს, რაც, უმეტეს შემთხვევაში, მთელ რიგ ქცევით პრობლემებს ქმნის. საბავშვო ბაღში  ჩვენი ,,ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი“ არსებები სხვის ,,ყველაზე ლამაზებს და ჭკვიანებს“ ხვდებიან და ახალი ავტორიტეტების (მასწავლებლები, აღმზრდელები, თანატოლები) მოხიბლვა ყოველდღიური შეჯიბრის სახეს იღებს. სკოლაში კონკურენცია უფრო მწვავდება, რადგან მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და მიღწევების შეფასება სწავლა-სწავლების აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. თან მოზარდები სკოლის ასაკში უფრო მწვავედ განიცდიან სხვების წარმატების ფონზე ნაწვნევ მარცხს. თუმცა, ჩემი აზრით, ბავშვები კონკურენტუნარიან გარემოს კი არ უნდა ავარიდოთ, არამედ მასში ორიენტირების უნარი გამოვუმუშაოთ, რადგან გადარჩენისათვის ბრძოლა ის ინსტინქტია, რომლის თუნდაც ცივილიზებულ ფორმებს ადამიანური ბუნება ვერასდროს შეელევა.

ბავშვებს ადრეული ასაკიდან ვრთავთ სხვადასხვა მიმართულების კონკურსებსა თუ შეჯიბრებებში, სადაც, უმეტეს შემთხვევაში, მარცხთან გამკლავების გაკვეთილები უტარდებათ.  მოზარდთა ნაწილი დიდ ინტერესს იჩენს სპორტული და/ან საგნობრივი შეჯიბრებების მიმართ, ზოგი მათგანი კი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. მოასპარეზეთა შორის ისეთ ბავშვებსაც შეხვდებით, მშობელთა ინიციატივით რომ გადაწყვიტეს ასპარეზობა. ზოგიერთი მათგანი შვილებისგან თავიანთი ოცნებების ახდენას მოითხოვს და მარცხსაც გადაჭარბებული სიმძაფრით განიცდის, რაც მოზარდის პიროვნულ განვითარებაზე უარყოფითად აისახება.

როგორც წესი, საბავშვო ოლიმპიადები, ტურნირები, თუ სხვა ტიპის შეჯიბრებები ე.წ. საუკეთესო მონაწილის გამოვლენისა და წახალისება-დაჯილდოებისთვის იმართება,  ორგანიზატორებს კი უმეტესად ფინანსური მოტივი ამოძრავებთ. თუმცა კონკურსებს კონკრეტული მიმართულებების პოპულარიზაციაც შეუძლია და  შესაძლებლობების გამოვლენის შანსსაც გვაძლევს.

თუ საბავშვო კონკურსების დადებით მხარეებზე ვიმსჯელებთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს რამდენიმე საკითხი, რომლებიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს: მოზარდების წახალისება, შრომის დაფასება, თავის გამოცდის შანსი, თვითშეფასების უნარის განვითარება, მოტივაციის ამაღლება, ცოდნის მნიშვნელობის ხაზგასმა-პრაქტიკაში გამოყენება და სხვ. აქვე განვიხილავ უარყოფით მხარეებსაც. მოზარდები ემოციურად გაუწონასწორებლები არიან. აქედან გამომდინარე, დიდმა წარმატებამ ან მარცხმა მათი უკიდურესი ნიჰილიზმის ან თვითკმაყოფილების ფაზაში გაყინვა შეიძლება გამოიწვიოს. უარყოფით შედეგებს, როგორც დამარცხების, ასევე გამარჯვების შემთხვევაშიც უნდა ველოდოთ, რადგან შედეგად, შესაძლოა, არაადეკვატური თვითშეფასება მივიღოთ. ხშირი იმედგაცრუება და სტრესული გარემო კი, ადრე თუ გვიან საფრთხის წინაშე დააყენებს მოზარდის ფსიქო-სოციალურ განვითარებას. დამარცხების მაღალი რისკი ხშირად მცდელობის სურვილსაც კლავს, გამარჯვებულს კი მოდუნების საშუალებას აძლევს და მის განვითარებას აფერხებს. ზემოაღნიშნულ სირთულეებს თან სდევს იმედგაცრუებული საზოგადოების (ოჯახი, ახლობლები) მძაფრი რეაქცია. სტრესული გარემოს სასარგებლოდ შეიძლება ითქვას, რომ ფსიქიკურად გაწონასწორებულ, ბრძოლისუნარიან მოზარდებს უფრო აძლიერებს. ისინი კონკურენტულ გარემოს ჯანსაღი თვალით უყურებენ და გამოცდილების მიღების შანსითაც ხარობენ, მაგრამ მათი რიცხვი არც თუ ისე დიდია.

არც ზოგადსაგანმანათლებლო სივრცისთვისაა უცხო შეჯიბრი და მასთან დაკავშირებული სირთულეები. ხშირად ჩამირთავს მოსწავლეები შემეცნებით-გასართობ თამაშებში და ეს შეხვედრები ყოველ ჯერზე ,,გამარჯვებულ-დამარცხებულთა“ შორის კონფლიქტს თუ არა, მცირე უთანხმოებას მაინც წარმოშობდა. მაგრამ რადგან სკოლა რეალური გამოწვევებისთვის ამზადებს მომავალ თაობას, მასში ჯანსაღი კონკურენციის უნარიც უნდა განავითაროს, რაც სწავლის მოტივაციას და ხარისხსაც ერთიორად აამაღლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი