მოსწავლე, ჩვენი მომავალია – ინტერვიუ ეთერ ლამორის ჭყონიასთან

მიუხედავად იმისა, რომ ოპერის დიდ მცოდნედ ვერ ჩავითვლები, სულ მინდოდა ოპერაზე დამეწერა. ყველამ ვიცით რომანტიკულ საბურველში გახვეული ფატალური ისტორია იმ პირველი ქართული ოპერისა, რომელიც მთავარმართებელმა ვორონცოვმა ააშენებინა ვაჭარ თამამშევს. ვორონცოვს, როგორც ამბობენ, უყვარდა ქართველები, მაგრამ ის, უპირველეს ყოვლისა, რუსი მოხელე იყო და მოჭარბებული ქართული ვნებების ჩაცხრობას ცდილობდა, რომ ის ხელისუფლებისთვის საზიანო არ ყოფილიყო. ოპერა კი საუკეთესო საშუალება გამოდგა. ჩამოიყვანეს იტალიელი არქიტექტორი სკუდიერი და ააგებინეს ულამაზესი შენობა, რომლითაც დიუმა-მამაც კი, ეს მსოფლიოს მნახველი კაცი, აღფრთოვანებული დარჩა. ჩამოდიოდა იტალიური და რუსული დასები და, რაც მთავარია, ეს იყო ჭეშმარიტად სახალხო თეატრი. მეეზოვით დაწყებული, მეჯღანით დამთავრებული, ყველა ღიღინებდა არიებს განთქმული სპექტაკლებიდან.
მაშინდელ საგაზეთო იუმორისტულ სკეტჩებში მრავალი სახალისო ეპიზოდია აღწერილი, მაგალითად: ჩადრიანი ქალი შედის გადაჭედილ ოპერაში და ყვირის: გამიშვით, გამიშვით, ბელინის უნდა მოვუსმინო, ჩადრზე ფეხი არ დამადგათო; ან იმერელი ბიჭი ჩამორბის სოლოლაკიდან და ყვირის: „ფიგარო აქა, ფიგარო იქა…”. ასეთ საყოველთაო სიყვარულს დიდი ისტორიის მქონე საოპერო თეატრებიც კი ინატრებდნენ.
ამ სიყვარულმა, რაც ვორონცოვს უნდოდა, იმისგან სრულიად განსხვავებული შედეგი გამოიღო: ოპერის პარტერში ერთხელ გიმნაზიელებმა ქართული სამეფო დროშა ააფრიალეს და პატრიოტული ლოზუნგები დასჭექეს. ეს კი სახიფათო რამე იყო. ოპერა რამდენიმე წელიწადში გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა…
ამ მცირე ექსკურსის შემდეგ მთავარ თემაზე გადავალ: მომეცა საშუალება ჩამეწერა ინტერვიუ ცნობილ კლასიკური მუსიკის მომღერალთან, ეთერ ლამორის ჭყონიასთან. ქალბატონი ეთერი კიევში დაიბადა, ის ესპანეთის მოქალაქეა. მუსიკალურმა კრიტიკოსებმა ოპერა „ტრავიატას“ საუკეთესო შესრულებისთვის „XXI საუკუნის ვიოლეტა“ და „საოპერო ხელოვნების ნამდვილი მარგალიტი“ უწოდეს. იგი ცხრა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და ხუთი პირველი პრემიის მფლობელია. ბევრ პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში აქვს ნამღერი, მათ შორის, ნიუ-იორკის „კარნეგი-ჰოლში”, ვენის, მადრიდის, ბონის, დიუსელდორფის, ნეაპოლის, ვერონის, პარმის, ვაშინგტონის, ლოს-ანჯელესის და სხვა თეატრებში. რამდენიმე წლის წინ კი შვედეთის პრინცესამ სტოკჰოლმში, როგორც „ჩვენი დროის დიდი მომღერალი“ (The greatest singer of our time), სამეფო ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

მან ავსტრიაში, დასთან ერთად საკუთარი საზაფხულო აკადემია ჩამოაყალიბა. მისი და, ქალბატონი ნატო, აკადემიის პრეზიდენტია, ქალბატონი ეთერი – დირექტორი. აქ ტარდება საერთაშორისო კონკურსები, გალაკონცერტები და მოწვეული ვარსკვლავების მასტერკლასები. ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი ვოკალისტები გადასახადისგან თავისუფლდებიან. პერსპექტიულ მომღერლებს პრემიებსა და სპეციალურ პრიზებს აძლევენ და სტიპენდიებს უნიშნავენ.
– ქალბატონო ეთერ, რა ხდის თქვენი აკადემიის ფესტივალს სხვა ფესტივალებისგან განსხვავებულს და რა არის ფესტივალის სავიზიტო ბარათი?

 

– ფესტივალი „აკადემია ბელკანტო“ 2012 წლიდან არსებობს და დიდი წარმატებით სარგებლობს. მისი ძირითადი და უნიკალური ღირსება ის არის, რომ სხვა აკადემიებისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ ერთი პედაგოგი ატარებს მასტერკლასებს, ჩვენთან რამდენიმე ვარსკვლავი ერთად იყრის თავს. ასევე ისინი ჩვენს გალაკონცერტებში, გამარჯვებულ სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას იღებენ როგორც მომღერლები. საერთაშორისო კონკურსის დროს, პირადად ჩვენ, პედაგოგები, სტუდენტებს საკონკურსოდ ვამზადებთ, ვეხმარებით, რომ ბუნებრივი მონაცემები მაქსიმალურად გამოიყენონ, დაიხვეწონ და ისე აჩვენონ თავი, როგორც ევროპულ სტანდარტებს შეეფერება. ანუ ლაურეატის წოდებისთვის მათ მთელი ჩვენი ჯგუფი ამზადებს, მოწვეული საერთაშორისო ვარსკვლავების ჩათვლით. ძალზე შრომატევადია, მაგრამ შედეგები არაჩვეულებრივია. ხშირად იმას, რასაც მეტწილად მომღერლები ორ წელიწადს ანდომებენ, ჩვენთან ახერხებენ ათ დღეში, ვინაიდან მოკლე დროის მანძილზე უამრავ ინფორმაციას იღებენ სხვადასხვა ცნობილი პედაგოგისგან. ეს კლასიკური მუსიკის სფეროში პირველი ფორმატია და ჩვენი კონცეფცია ლაურეატების კარიერაზე აისახა. მათ მიაღწიეს წარმატებას და სხვადასხვა ოპერის თეატრებში ფესტივალებზე არიან მიწვეული.
– ხელოვნების სწავლების მეთოდი, როგორც წესი, საერთო და უნივერსალურია, მაგრამ, ალბათ, არის ნიუანსური განსხვავებები. განსხვავდება თუ არა ერთმანეთისგან ევროპული და ქართული საგანმანათლებლო მეთოდიკა, არის თუ არა ხარისხობრივი განსხვავება მათ შორის?
– ძლიერი და ლამაზი ხმები ქართველებს არ აკლიათ. ქართული ვოკალური სკოლა ისევ და ისევ ძველი ქართველი კორიფეების სკოლაზე დგას, რომელიც ისევ იტალიურ სკოლას უკავშირდება. ვოკალური ბელკანტოს სკოლა ყველგან ერთია, ანუ იტალიური ბელკანტო. ვიტყოდი, რომ ქართველ მომღერალს, თუ იგი უცხოეთშიც არ მოღვაწეობს, ზოგჯერ დახვეწილობა აკლია. ევროპაში ამას დავარცხნილობას ეძახიან. აი, წარმოიდგინეთ ლამაზი ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგი თმა აქვს, მაგრამ კარგად დავარცხნილი არ არის. იგივეა ბელკანტოში. ქართველს, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მუშაობა არ უყვარს. ასეთი სასაცილო შემთხვევაც მახსოვს: ერთხელ დედასთან, ლამარა ჭყონიასთან, სამეცადინოდ მისი საყვარელი კოლეგის შვილი მივიდა. დედამ ბევრი ამუშავა, ახალგაზრდამ კი წასვლის წინ უთხრა: „ქალბატონო ლამარა, ახლა მე ამდენი თუ ვიმუშავე, კარუზო გავხდებიო“. ამით მან ბევრი ქართველი დაახასიათა.
– საიდან მოვიდა აკადემიის გახსნის იდეა?
– ამასაც სახალისო ისტორია ახლავს. მეორე შვილი რომ მეყოლა, საოპერო სპექტაკლებს ჩამოვშორდი და მთლიანად საკონცერტო მოღვაწეობაზე გადავედი. ასევე, როგორც პროდიუსერმა, ივენთების მოწყობა დავიწყე. რატომღაც ჩემი დისთვის ყოველთვის სამაგალითო ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემზე უფროსია. ასე მითხრა: შენ კი აკეთებ ივენთებს, მაგრამ მე რა გავაკეთო, კვირაში სამი დღე თავისუფალი მაქვსო. მე ვუპასუხე: შენ ავსტრიის გულში ცხოვრობ და კონსერვატორიის დირექტორი ხარ, თვით ღმერთი გკარნახობს, რომ სტუდენტური ღონისძიებები უნდა გამართო-მეთქი. მას ადრეც ჰქონია ეს იდეა, მაგრამ მე გადავაწყვეტინე. საერთოდ ჩვენ, ღმერთის წყალობით, ყველაფერს ერთად ვახორციელებთ და ერთმანეთს მხარში ვუდგავართ. ეს ძალიან გვეხმარება. მალევე ნატამ ეს ფესტივალი დააფუძნა და მხატვრული ხელმძღვანელი გახდა. მერე მეც შევუერთდი, როგორც დირექტორი, სოლისტი, პედაგოგი და ჟიურის წევრი.
– ცოტა უკან დავბრუნდეთ. სკოლის პერიოდს როგორ გაიხსენებდით?
– ძალიან არეულად, იმიტომ, რომ ოთხი სკოლა გამოვიცვალე. ჰუმანიტარული საგნები უფრო მიტაცებდა. გოგონებში ლიდერი ვიყავი, მაგრამ არა სწავლის მხრივ, არამედ ხასიათით. ჩემი მშობლები დიდი რუსთაველის ციტატის მიხედვით მზრდიდნენ: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“, ამიტომ უკვე სკოლის ბოლო წლებში გამოვავლინე ის ძლიერი ხასიათი, რომელიც შემდგომში ცხოვრებაში დამეხმარა. სამწუხაროდ, კლასელები ისეთი არ გამოვდექით, ერთმანეთს მთელი ცხოვრების მანძილზე რომ ხვდებიან და ემეგობრებიან. ძალიან დასანანია, იმიტომ, რომ ბავშვობის ალალ მეგობრობას არაფერი სჯობს.

 
– სამშობლოდან შორს ყოფნას ალბათ ნოსტალგიაც თან ახლავს. რამდენად ხშირად ახერხებთ საქართველოში ჩამოსვლას?
– ნოსტალგია სულ თან დამდევს. ამ განცდას ქართველი ემიგრანტი, ეტყობა, ვერ გაექცევა. ამას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ საქართველოდან 90-იან წლებში წავედი, მაშინ, როდესაც ქართველი მოსახლეობის 99% საქართველოში იყო. ჯერ კიდევ 70-80-იანი წლების ურთიერთობები, ჩვეულებები, გაგებები, ფასეულობები, ჭეშმარიტი ხელოვნების თუ წიგნის სიყვარული სრულყოფილად არსებობდა. ყოველ წელს ვერ ჩამოვდივარ, მაგრამ ყოველი ჩამოსვლისას უფრო და უფრო იმედგაცრუებული ვრჩები, რადგან ეს ის საქართველო აღარ არის, რაც ადრე იყო… ჩვენმა ძველმა კულტურამ და კოლორიტმაც კი მარკეტულ პაკეტში შეფუთული პროდუქტის სახე მიიღო, რომელსაც ტურისტებზე ჰყიდიან.
– რას ეტყოდით ჩვენს მკითხველ მოსწავლეებს?  
– ქართველი მოსწავლე ჩვენი მომავალია. თუ ჯერ კიდევ მაქვს გადარჩენის განცდა, ეს სწორედ მომავალი თაობის იმედით. ამავე დროს, ძალიან არ მომწონს დღევანდელი ტენდენცია, განურჩევლად რომ აკრიტიკებენ ყველაფერ ქართულს და აქებენ უცხოურს. უცხოეთსაც თავისი ნაკლოვანებები აქვს. პირადად ჩემი უცხოეთში წასვლა ჩემმა პროფესიამ განაპირობა, რომელიც ხანგრძლივ გასტროლებთან იყო დაკავშირებული. საერთაშორისო დონის მომღერალი გავხდი, რომელიც საქართველოს სახეს წარმოადგენს. ტკივილამდე მიყვარს საქართველო. ჩემი შვილები კი, ალბათ როგორც სხვა ემიგრანტების შვილების უმეტესობა, ქართულს ივიწყებენ. უფროსი ქალიშვილი, მაგალითად, ქართულად დასმულ კითხვაზე ესპანურად მპასუხობს. თუ ისინი საქართველოსთან რაიმე საქმიანობით არ იქნებიან დაკავშირებულნი, არც დრო და არც მოტივაცია აღარ დარჩებათ, რომ ამ ქვეყანაში ჩამოვიდნენ… მოსწავლეებისადმი ჩემი რჩევა იქნება, რომ კარგად ისწავლონ, კრეატიულები და პატრიოტები იყვნენ, დაეუფლონ უცხო ენებს, უახლეს ტექნოლოგიებს და ოღონდ საქართველოში გამოიყენონ, და არა მის ფარგლებს გარეთ. მატერიალური კომფორტი ვერასოდეს შეცვლის სულიერი დისკომფორტის მუდმივ გრძნობას. ეს არასდროს დაივიწყოთ.

 

 

კომენტარები

comments