პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

კობა და კოტე – მცირე ამბავი ზარმაც და გამრჯე მევენახეებზე 

კობა და კოტე მეზობლები არიან. ერთ სოფელში გვერდიგვერდ მდგარ სახლებში დაიბადნენ, გაიზარდნენ, მოხუცდნენ და იქვე აპირებენ სიკვდილს. ქვემოთ, ჭალისპირას ვენახებიც გვერდიგვერდ აქვთ და როგორც მათი ავყია მეზობლები ხუმრობენ, კობას და კოტეს შვილებიც კი ერთმანეთს დაემსგავსნენ.

კობა და კოტე სკოლაშიც ერთად დადიოდნენ, ერთად აბოლებდნენ მამებისათვის აწაპნილ გლეხურ თუთუნს, ერთად იზუთხავდნენ საბჭოთა ისტორიის უინტერესო და საძაგელ პასაჟებს, ერთად დათვრნენ პირველად მერვე კლასში და ერთი გოგონა უყვარდა ორივეს.

ახლა, კი, როდესაც ორივემ 50 წელს კარგა ხანია გადააბიჯა, ყველა ხედავს, რომ მათ შორის მთავარი განსხვავება მაინც ისაა, რომ კობა შეძლებული გლეხია, კოტე კი მაჩანჩალათა კატეგორიაში გადის, მიუხედავად იმისა, რომ მათი საყანე მიწაც, ვენახიც და გარემო პირობებიც აბსოლუტურად იდენტურია.

აქ მთავარი ისაა, რომ კობას არ აინტერესებს პოლიტიკა, არ უყურებს საინფორმაციო გამოშვებებს, არასოდეს ყოფილა არცერთ მიტინგზე, მაშინ როდესაც კოტემ აგერ უკვე მეშვიდე პარტია გამოიცვალა და მის სახლში ჭეშმარიტი სააგიტაციო ცენტრი აქვთ მოწყობილი.

მაშინ, როდესაც კობა პაპანაქება სიცხეში ვენახში დადის და ზურგზე შაბიამნის აპარატაკიდებული ვაზს წამლავს, კოტესთან დამსხდარან „ერის ტკივილზე გულდათუთქულნი“ და აწყობენ ათასგვარ გეგმებს, თუ როგორ უნდა ამოიყვანონ ქვეყანა ამ ვაგლახიდან“. ისინიც კოტესავით დაუდეგარი და მრავალპარტიაგამოცვლილი ხალხია.

მაშინ, როდესაც კობა ყანაში თუ ვენახში ათენ-აღამებდა, მისი კარის მეზობელს უბრალოდ არ ეცალა ამ ყველაფერისათვის და კრილოვის ერთი ცნობილი იგავ-ავარაკისა არ იყოს, როცა აცივდა და შიმშილმაც თავისი მსახვრალი ძალა გამოაჩინა, მხოლოდ მაშინღა შეაღო კოტემ კობას ჭიშკარი ერთ ხელში ღვინის ცარიელი ტიკით და მეორეში საფქვილე ქვაბით. სახლში სტუმრები ჰყავდა და რა ექნა?…

ახლა, წესით, უნდა მივყვეთ მორალისტურ არაფრისმომცემ ღაღადს და ავხსნათ, რატომაა ცუდი უსაქმურობა და პოლიტიკოსების ხელის შემყურე ცხოვრება და რატომაა გარჯა და ოფლისდენა კარგი და ფასეული, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენზე კარგად სხვებმა თქვეს და დაწერეს. იმის თქმა კი ძალიან მინდა, რომ ეს ჩვენი ცაფირუზხმელეთზურმუხტოვანი ქვეყანა გაივსო კოტესთანა ხალხით და გულსატკენი ისაა, რომ მათი სახელები უფრო ხშირად გვესმის, ვიდრე გამრჯე, თავისი საქმის კარგად მკეთებელი ადამიანებისა, რომლებსაც „ზემდგომთ“ მხოლოდ იმას სთხოვენ, რომ ნაკლებად აფათურონ ხელები მათ ტვინსა და ქონებაში, თორემ მათგან კარგა ხანია არაფერი უნდათ და არც არაფერს მოელიან.

კობა წელს პირველად ჩამოასხამს თავის ღვინოს ბოთლში. ეს ღვინო შეუძლებელია უხარისხო იყოს!

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი