ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

აუდიოწიგნები ბავშვებისთვის

რაც დრო გადის, ბავშვებისა და მოციმციმეეკრანიანი გაჯეტების ურთიერთობის შესახებ მსჯელობაში უფრო და უფრო მეტი პედაგოგი, მშობელი, ფსიქოლოგი და თავად ბავშვი ერთვება. ფაქტია, მათ გარეშე ცხოვრება არ გამოდის, კონტროლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და იმისთვის, რომ მოციმციმე ეკრანები ბავშვისთვის ყველაზე მიმზიდველი გასართობი არ იყოს, მას სხვა მიმზიდველი საქმიანობები უნდა შევთავაზოთ.

ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი ბავშვის ფანტაზიის გასავარჯიშებლად, ინფორმაციის მისაღებად და წიგნებთან, ზღაპრებთან კავშირის შესანარჩუნებლად აუდიოწიგნებია. ვერ ვიტყვით, რომ ქართულ ენაზე ისინი მრავლად გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს, იმ რესურსის ათვისებაც არ იქნებოდა ურიგო.

საქართველოს ეროვნული არქივის ვებსაიტზე რამდენიმე ტიპის საბავშვო წიგნებისა და ზღაპრების აუდიოარქივია თავმოყრილი.

ყველაზე მსუყე ბაზა ჩვენი ბავშვობის დროინდელი სერიული გამოცემის, მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების აუდიოვერსიებია, რომლებიც გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია ჩაწერილი. მათ ცნობილი ქართველი მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, მედეა ჩახავა, ელენე ყიფშიძე, გიორგი გეგეჭკორი, მერაბ თაბუკაშვილი, მერაბ გეგეჭკორი, – კითხულობენ. ეს ბაზა გერმანულ, სლოვაკურ, იაპონურ, პოლონურ, ინდონეზიურ და ჩეხურ ზღაპრებს აერთიანებს (https://www.archives.gov.ge/ge/Msoplio_Khalkhta_Zgaprebi).

 

არქივის ვებსაიტზევე შეგიძლიათ იპოვოთ ქართული ზღაპრების თანამედროვე და ძველი ჩანაწერები. ახალ ჩანაწერებში ზღაპრებს ჩვენი თანამედროვე მსახიობები კითხულობენ და ბავშვებისთვის შესაძლოა ეს ესთეტიკა უფრო ნაცნობი და ახლობელი იყოს (https://www.archives.gov.ge/ge/kartuli-zgaprebis-akhali-chanawerebi), თუმცა ალბათ ასევე საინტერესო იქნება ძველი ჩანაწერები, რომლებიც გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაკეთებული (https://www.archives.gov.ge/ge/kartuli-zgaprebi ).

 

აუდიოწიგნები შეგიძლიათ ნახოთ ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ არქივ „ივერიელის“ ბაზაში, რომელიც ასამდე წიგნს აერთიანებს. მართალია, ამ ბაზის მოხმარება ტექნიკურად ნაკლებმოხერხებულია, ვიდრე ეროვნული არქივის აუდიოფონდისა, მაგრამ ინტერესისა და სურვილის შემთხვევაში მაინც საყურადღებო რესურსია.

 

აუდიოწიგნებით ბავშვების დაინტერესების შემთხვევაში ისინი შეიძლება სწავლებისთვისაც გამოიყენოთ. მაგალითად, სთხოვეთ ბავშვებს, გააკეთონ თავიანთი საყვარელი ნაწარმოებების აუდიოჩანაწერები დამოუკიდებლად ან მეგობრებთან ერთად; შექმნან რესურსი ინტერნეტში, სადაც აუდიოჩანაწერებს ატვირთავენ; მოიფიქრონ ამბები, რომლებშიც გამოყენებული იქნება სხვადასხვა ბუნებრივი ხმა და მათი სინთეზით პატარა აუდიოისტორიები შექმნან; აგზავნონ ერთმანეთთან ხმოვანი შეტყობინებები და აწარმოონ აუდიოდღიურები. ყველაფერი თქვენს ფანტაზიასა და ბავშვების მონდომებაზეა დამოკიდებული.

 

ამბებისა და ტექსტების აუდიოფორმატში კონვერტირება ბავშვებს მათთან დააახლოებს, ახლებურ ხედვას გაუხსნის და ინტერპრეტაციების საშუალებას მისცემს, აუდიოისტორიების შექმნის პროცესი კი მათ შემოქმედებით უნარებს განუვითარებს და ხმების, ბგერების, ინტონაციების მიმართ განსაკუთრებულ მგრძნობელობას გამოუმუშავებს. აუდიოფაილები ირიბად შეიძლება მეტყველების სავარჯიშოებადაც გამოიყენოთ და მათთვის სასურველი ინფორმაციის მოსასმენადაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი