ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

პიროვნება ტოტალიტარულ სახელმწიფოში

ტოტალიტარიზმი ის სოციალ-პოლიტიკური მოვლენაა, რომელმაც  მეოცე საუკუნეში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა მოიცვა და მილიონობით ადამიანის ცხოვრება დაანგრია.   მისი შედეგები არ ქრება რეჟიმის დაშლისთანავე, მათ შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში; დღემდე არაერთგვაროვანია სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა მიერ წარსულის შეფასება. ტოტალიტარულ სახელმწიფოში პიროვნება სახელმწიფოს მხრიდან უმძიმეს განიცდის წნეხს; არ არის დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ტოტალიტარიზმი არის ანტიდემოკრატიული პოლიტიკური წყობა, რეჟიმი, რომლის დროსაც სახელმწიფო არეგულირებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს.

მერვე კლასში ისტორიის სწავლების პროცესში პირველად შემოდის მეოცე საუკუნის ისტორია თავისი უდიდესი კატაკლიზმებითა და მასშტაბური ტრაგედიებით. სწავლების პროცესში ამ მოვლენების სწორად გააზრებისთვის დიდია მასწავლებლის როლი.

ადამიანის უფლებათა ლექსიკონში ასეთ ჩანაწერს ვკითხულობთ: „ტოტალიტარული სახელმწიფო მიისწრაფვის: „საზოგადოების ყველა სფეროზე კონტროლის დამყარებისაკენ,  სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გაუქმებულია პლურალიზმის პრინციპი. სოციალურ-პოლიტიკური წინააღმდეგობების რეგულირება ხდება ძალისმიერი მეთოდებით.  პოლიტიკური ხელისუფლება პრეტენზიას აცხადებს მოსახლეობის საყოველთაო ინტერესებზე. ამ საყოველთაო ინტერესებში ადგილი არ რჩება პიროვნებისა და პოლიტიკის სხვა სუბიექტების ინტერესებისათვის, თავისუფალი პოლიტიკური მოღვაწეობისათვის, რაც ინდივიდის ხელისუფლებისაგან გაუცხოებას იწვევს. ხდება სახელმწიფოსა და ინდივიდის იდენტიფიკაცია, რაც ამ უკანასკნელს ართმევს თვითრეგულაციისა და თვითგანვითარების შესაძლებლობებს. ხელისუფლების ლეგიტიმაცია ემყარება ძალადობას, სახელმწიფოს მონოიდეოლოგიას. პიროვნების უფლებანი და თავისუფლებანი უგულებელყოფილია[1]“.

ტერმინი „ტოტალიტარიზმი“ პირველად 1925 წელს ბენიტო მუსოლინიმ გამოიყენა იმ რეჟიმის დასახასიათებლად, რომელიც მან დაამყარა   (lo stato totalitario). ეს ტერმინი მაშინ დადებითი შინაარსის მატარებელი იყო და ითარგმნებოდა, როგორც მთლიანობა, სისრულე. მოგვიანებით გაზეთმა „ტაიმმა“ ტერმინი „ტოტალიტარიზმი“ საბჭოთა კავშირში არსებული რეჟიმის დასახასიათებლად გამოიყენა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ ტიპის სახელმწიფოდ დასავლურმა პოლიტიკურმა მეცნიერებამ ფაშისტური გერმანია, ასევე, „გამარჯვებული სოციალიზმის“ ქვეყნებში არსებული რეჟიმები მიიჩნია.

პოლიტოლოგები მიუთითებენ ტოტალიტარიზმის შემდეგ ძირითად ნიშნებზე:

  • ხელისუფლების მაღალი ცენტრალიზაცია რომელიმე პიროვნების ან ჯგუფის ხელში. გაბატონებული ფენა პასუხს არ აგებს არცერთი სახელმწიფო ორგანოს წინაშე, აღმასრულებელიდა სასამართლო ხელისუფლება გაბატონებული ზედა ფენის ხელშია.
  • ტოტალიტარულ შეგნებაში ხალხი და ხელისუფლება გააზრებულია როგორც ერთიანი, მთლიანი, ხელისუფლების მთელი აქცენტი გადატანილია საშინაო და საგარეო მტრების ძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაზე.
  • საზოგადოებრივი ცხოვრების იდეოლოგიზაცია – მონოპოლიური იდეოლოგია ასაბუთებს, ამართლებს არსებული რეჟიმის უკონტროლო ბატონობას, იდეოლოგიის მნიშვნელობა ძირითადად განისაზღვრება რომელიმე მიზნის გარშემო მოსახლეობის დარაზმვით (მსოფლიო ბატონობაკომუნიზმისაშენება და ა.შ.). ამ მიზნის მისაღწევად გამართლებულია ყველა საშუალება.
  • ერთპარტიულობა, ხელისუფალი მასობრივიპარტიის მონოპოლიური არსებობა, რომელიც აყალიბებს პოლიტიკურ მიზნებს, განსაზღვრავს მისი რეალიზაციის საშუალებებს და ახორციელებს კადრების მომზადებასა და განაწილებას. მმართველი პარტიის სათავეში დგას ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ყველა არსებით საკითხს წყვეტს.
  • რეპრესიული დაწესებულებების განვითარებული სისტემა, რომელიც მკაცრ კონტროლს ახორციელებს ადამიანთა ქცევაზე და საჭიროების შემთხვევაში ძალისმიერ მეთოდებსაც იყენებს.
  • ტოტალიტარიზმის პირობებში არ არსებობს თავისუფალი ინდივიდი და სამოქალაქო საზოგადოება[2].

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, VIII კლასში ჩავატარე პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი თემაზე:  „ტოტალიტარიზმი და პიროვნება ტოტალიტარულ სახელმწიფოში“.  გაკვეთილის ხანგრძლივობა – 60 წუთი.

სასწავლო მიზნები:

მოსწავლეები შეძლებენ:

  • ერთმანეთს შეადარონ მეოცე საუკუნის ტოტალიტარული სისტემები;
  • გამოკვეთონ ტოტალიტარიზმის საერთო მახასიათებლები სხვადასხვა რეჟიმის პირობებში;
  • სხვადასხვა ტიპის დოკუმენტური და მხატვრული მასალის წყაროდ გამოყენების საშუალებით გააკეთონ სათანადო დასკვნები.
  • გაეცნობიან, როგორ შეიძლება აისახოს რეჟიმი ხელოვნებაზე.
  • ისაუბრებენ პიროვნების როლსა და ადგილზე ტოტალიტარულ სახელწიფოებში.
  • გამოუმუშავდებათ: მასალის მოპოვების, დახარისხების, შედარება-შეპირისპირების, ახალ კონტექსტში გამოყენების, მსჯელობის, შეფასების,  დასკვნის უნარ-ჩვევები.

(შესაბამისობა ესგ-სთან: ისტ.VIII.1. ისტ.VIII.6. ისტ.VIII.8. ისტ.VIII.10. ისტ.VIII.11. ისტ.VIII.12.    ისტ.VIII.13.   ისტ.VIII.14)

მოსწავლეთა       წინარე ცოდნა:  მიმდინარე  წელს შესწავლილი მასალა (თ. 29, 35, 40, 50 51, 52); საკითხის გასაანალიზებლად საჭირო ძირითადი ცნებები და კატეგორიები; მასალის შესასწავლად საჭირო უნარ-ჩვევები და ა.შ. [3].

სასწავლო რესური:

  1. სახელმძღვანელო, ისტორია, VIII კლასი, ავტ. გ.სანიკიძე, ლ. გორდეზიანი, რ. გაჩეჩილაძე, ზ.მიმინოშვილი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
  2. მოსწავლეებისათვის: ჩემ მიერ მომზადებული მასალა ტოტალიტარიზმის შესახებ;
  3. PowerPoint-ში მომზადებული პრეზენტაცია;
  4. წყაროები: ფოტოკოლაჟები ჯგუფური მუშაობისთვის;
  5. შეფასების სქემები;
  6. საკანცელარიო მასალა გაკვეთილისთვის;
  7. პროექტორი;
  8. კომპიუტერი;
  9. აღლუმების ამსახველი ვიდეო კადრები და ფრაგმენტი ფილმიდან „დათა თუთაშხია“ და სხვ.

 

 

გაკვეთილის მსვლელობა :

საორგანიზაციო საკითხები; გაკვეთილის მიზნის, თემისა და გაკვეთილის მთავარი პრობლების, ასევე, შეფასების ფორმების გაცნობა;

 

  • აქტივობა N 1; დრო – 15 წთ; ორგანიზება – მთელი კლასი;

მიზანი: მოსწავლეები დაახასიათებენ მეოცე საუკუნის ტოტალიტარულ სისტემებს, გამოკვეთენ საერთო მახასიათებლებს, გააკეთებენ სათანადო დასკვნებს.

მსვლელობა:

  • კლასს მივმართავ, გაიხსენონ, რა არის ტოტალიტარიზმი? როგორ შეიქმნა ეს ტერმინი?
  • გონებრივი იერიში: ჩამოვწერთ მახასიათებლებს, რომლითაც შეიძლება დავახასიათოთ სისტემა, როგორც ტოტალიტარული;
  • შესადარებლად მოსწავლეებს ვთავაზობ საკუთარ ვარიანტს; მივიღებთ შეჯერებულ ვარიანტს.
  • კლასი ამ ჩამონათვალის მიხედვით ფაქტებით ახასიათებს მუსოლინის პერიოდის იტალიას, ჰიტლერულ გერმანიას, საბჭოთა კავშირს, როგორც ტოტალიტარული სახელმწიფოს.

მათ ნაშრომს ვაფასებ განმავითარებელი შეფასებით.

 

  • აქტივობა N 2; 15  წთ;   ორგანიზება – მთელი კლასი, ჯგუფური;

მიზანი: მოსწავლეები  შეძლებენ, დაახასიათონ მეოცე საუკუნის ტოტალიტარული სისტემები სხვადასხვა ქვეყანაში;

სხვადასხვა ტიპის დოკუმენტური და მხატვრული მასალის წყაროდ გამოყენების საშუალებით გააკეთონ სათანადო დასკვნები.

 

მსვლელობა:

  • შეკითხვა კლასს: რა ტიპის პროპაგანდისტულ საშუალებებს იყენებდნენ ტოტალიტარულ სახელმწიფოებში?
  • ხუთი ჯგუფი ახასიათებს რეჟიმს იმ პერიოდის პლაკატების და ფოტოების მიხედვით (დანართი N1,2,3,4,5), მუშაობის პროცესის ნაყოფიერად წარმართვის მიზნით მერვეკლასელებს შეკითხვებს წინასწარ ვთავაზობ (იხ. დანართი N6);

შეფასება – განმავითარებელი შეფასების სქემის საშუალებით (დანართი N 7).

 

  • აქტივობა N 3; 13-15  წთ; ორგანიზება – მთელი კლასი.

მიზანი: ისაუბრებენ პიროვნების როლსა და ადგილზე ტოტალიტარულ სახელწიფოებში.

 

მსვლელობა:

  • ვსვამ გაკვეთილის მთავარ შეკითხვას: შეიძლება თუ არა ტოტალიტარულ სახელმწიფოში ადამიანი ბედნიერი იყოს?
  • მოსწავლეებს ვუჩვენებ აღლუმის ამსახველ დოკუმენტურ კადრებს გერმანიაში და სსრკ-ში
  • https://www.youtube.com/watch?v=T50wJsqLSaI;
  • https://www.youtube.com/watch?v=CBbGoWOy-eI .
  • ვთხოვ, კარგად დააკვირდნენ, გამოთქვან აზრები;
  • რამდენიმე მოსწავლე წარმოადგენს იმ ინტერვიუებს, რომლებიც აიღეს ოჯახის უფროსი წევრებისაგან;
  • მცირე დისკუსია;
  • მასწავლებელი აჯამებს და აფასებს.

 

  • აქტივობა N 4; 15 წთ; ორგანიზება – მთელი კლასი.

მიზანი: გაეცნობიან, როგორ შეიძლება აისახოს რეჟიმი ხელოვნებაზე.

მსვლელობა:

  • მოსწავლეებს ვთავაზობ ფრაგმენტს ფილმიდან „დათა თუთაშხია“ (არქიფო სეთურის ეპიზოდი; https://www.youtube.com/watch?v=OGh3TXWVk9A).
  • ვთხოვ, ამოიცნონ, რა ხერხებს იყენებენ ავტორები (მწერალიც და რეჟისორიც) ტოტალიტარულ-დიქტატორული რეჟიმის სიმახინჯის წარმოსაჩენად[4].

 

გაკვეთილს აჯამებს მასწავლებელი და აძლევს საშინაო დავალებას.

საშინაო დავალება – არგუმენტირებული ესეის დაწერა გაკვეთილზე გამოყენებული მასალების მიხედვით თემაზე: „პიროვნება ტოტალიტარულ სახელმწიფოში“.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების სქემებს. (იხ. დანართი N8)

დანართი N1

დანართი N2

 

 

 

დანართი N3

 

დანართი N4

 

 

დანართი N5

 

 

დანართი N 6

შეკითხვები წყაროზე სამუშაოდ:

  1. რატიპის წყაროს ახასიათებთ?
  2. რომელიქვეყნის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას? რის საფუძველზე აკეთებთ დასკვნებს?
  3. რაარის გამოსახული? (აღწერეთ სურათი).
  4. რამიზანს ემსახურება ეს პროპაგანდისტული სვლა?
  5. ტოტალიტარულისახელმწიფოს რა ნიშნები შეიძლება ამოვიცნოთ?

 

დანართი N 7

შეფასების სქემა N1

 

 

ჯგუფი N1 ჯგუფი N2 ჯგუფი N3 ჯგუფი N4 ჯგუფი N5
შეძლეს ეპოქის და პერსონების  ამოცნობა          
განსაზღვრეს მთავარი სათქმელი          
დაინახეს პრობლემის (ტოტალიტარიზმის) ნიშნები          
გააკეთეს შეფასება          

 

 

დანართი N 8

თვითშეფასების კითხვარი მოსწავლეებისთვის

  1. აქტიურად ვიყავი ჩართული გაკვეთილის მსვლელობაში

მთელი გაკვეთილის განმავლობაში ————–

ნაწილობრივ ვიყავი ჩართული——————–

არ ვიყავი ჩართული——————————–

 

  1. ჩემთვის ეს გაკვეთილი

საინტერესო  და ნაყოფიერი იყო————————

არც ისე საინტერესო  და ნაყოფიერი იყო————–

 

  ხშირად იშვიათად არასდროს
ვცდილობდი, გამომეთქვა და დამესაბუთებინა აზრი      
ყურადღებით ვუსმენდი სხვებს      
 ვიყავი ჩართული ჯგუფში მუშაობის დროს      
ვასრულებდი მასწავლებლის მითითებებს      
ვიცავდი დროის ლიმიტს      

 

[1][1] ადამიანის უფლებათა ლექსიკონი; შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი;  თბ. : დასი; 1999; გვ.128; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი; ავტ: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ; თბ.; 2005; გვ. 283.

[2] იხ. www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=7011; www.nplg.gov.ge/…/library.exe.

[3] მიმდინარე გაკვეთილზე მოსწავლეებთან ერთად განვიხილეთ მუსოლინის იტალია, ჰიტლერული გერმანია და სტალინის პერიოდის საბჭოთა კავშირი.

  • [4] გაკვეთილზე საუბარი საინტერესოდ წარიმართა. გადავწყვიტე, თემასთან დაკავშირებით გაკვეთილის მთავარი შეკითხვა – შეიძლება თუ არა ადამიანი ბედნიერი იყოს ტოტალიტარულ სახელმწიფოში – დამესვა იმ პედაგოგებისთვის, ვინც ესწრებოდა გაკვეთილს.  ამ საუბარმა მართლაც შეაჯამა გაკვეთილი.

 

პირიმზე რურუა

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ისტორიის მასწავლებელი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი