პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ასი ნაბიჯი მომავლისკენ

2018 წლის 26 მაისს ქართველი ხალხი ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული დამოუკიდებლობის აქტის 100 წლის თავს ზეიმობს. სწორედ ამ დღეს რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის რეზიდენციაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას მოეწერა ხელი. ზემოაღნიშნული აქტი პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტია, რომლის მიხედვითაც ერს საკუთარი ბედ-იღბლის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება ეძლევა. 1921 წლის კონსტიტუციის მიღებამდე დამოუკიდებლობის აქტი სახელმწიფოს სამართლებრივ სტატუსსა და  პოლიტიკურ კურსს განსაზღვრავდა. მას შემდეგ ერთ საუკუნე გავიდა. მსოფლიო ომებით, პოლიტიკური კონფლიქტებით, მეზობელი მტრის პერიოდული თავდასხმითა და მუდმივად ცვალებადი საზღვრებით თავს აღარ შეგაწყენთ და ყურადღებას მხოლოდ უახლეს ისტორიაზე გავამახვილებ.

თავისუფლება ყველა ადამიანს თავისებურად ესმის. ჩემი აზრით, საკუთარ ცხვირს გაცდენილი თავისუფლება სხვისი უფლებების შელახვის სინონიმად შეიძლება ჩაითვალოს. წელი კი არა, თვე არ გავა, ჩვენი ქვეყანა საპროტესტო ტალღამ არ მოიცვას. ხან ,,ქართველობას“ ვიცავთ, ხან საზოგადოების გულგრილობის შედეგებს ვმარხავთ. თავდასხმაში გადაზრდილი თავდაცვა ლამის ყოველდღიურ რუტინად გვექცეს.  მე კი ყოველ ჯერზე უიმედობის შეგრძნება მეუფლება. დღეს ერთი იყვირებს ამ მოედანზე, ხვალ – მეორე. დღეს რომელიმე ენამჭევრის მიერ ფუჭი დაპირებებით დაპურებული საზოგადოება აღტკინებული შეძახილებით მორიგ ,,უკეთესად ცხოვრების იმედს“ აირჩევს, ხვალ კი ასეთივე ენთუზიაზმით ამავე მოედნიდან ან ტელევიზორის ეკრანებიდან საკუთარი არჩევანს გააპროტესტებს… ჩაკეტილი წრეა!

პირადად მე არასდროს მიცხოვრია ე.წ. კლუბური ცხოვრებით, რაც შესაძლოა, განმარტოების სიყვარულმა და 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელმა, ტყვიის ზუზუნში გამოწრთობილმა ხმაურის შიშმა განაპირობა. რაც შეეხება უკმაყოფილების გამოხატვას, დღეს მომავალი თაობა ხმამაღლა საუბრობს მორალური თუ ფიზიკური ჩაგვრის შესახებ. მე და ჩემს თანატოლებს კი დიდხანს გვჯეროდა, ,,რაც მოგივა, დავითაო, ყველა შენი თავითაო“ და  ძალიან გვიან გავიაზრეთ, რომ მსხვერპლი და დამნაშავე საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებია. დღეს რომ 18 წლის ვყოფილიყავი, არ ვიცი სად ვიქნებოდი და რა სათქმელი მექნებოდა. თუმცა მკაფიოდ ვხედავ, რომ მათ წინაშე გაცილებით მრავალფეროვანი შესაძლებლობები და თვალუწვდენელი არჩევანის ჰორიზონტია. ისიც მესმის, რომ ძალიან რთულია ახალი საუკუნის გამოწვევებში გამოწრთობილი ახალგაზრდების გამბედაობის ,,პატიება“. ჩვენს თაობას ხომ გასწორებული ზურგების უკან სახაზავით ნასწავლი მორჩილებისგან აკანკალებული ხელების დამალვა ასწავლეს, თუმცა, როგორც ჩანს, განსხვავებული აზრის პატივისცემის გაკვეთილები  არც ერთი ჩვენგანისთვის არ ჩაუტარებიათ.

 

განათლება და საზოგადოება

თანამედროვე სამყაროში განათლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად საზოგადოების მულტიკულტურული მახასიათებლების გათვალისწინება მიიჩნევა.  ვიდრე განვითარებული ქვეყნები ინტერკულტურულ სწავლებამდე მივიდოდნენ, ჯერ კარგად გაიაზრეს კულტურის ცნება და მასში შემავალი ყველა კომპონენტი. ორიოდე სიტყვით განვმარტავ, რომ ინტერკულტურული კომპეტენცია ასახავს განსხვავებული კულტურის მქონე ხალხებს შორის არსებულ ინტერაქციას, ანუ ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობას, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა კულტურული ფასეულობის პატივისცემას ითვალისწინებს.

ჩემი აზრით, საზოგადოების დიდ ნაწილს ნაკლებად აქვს გაცნობიერებული კულტურის ცნება. უმეტესობა კულტურას უკავშირებს მხოლოდ ტრადიციებს, რელიგიური რიტუალებს და ისტორიას. რომ განვაზოგადოდ, კულტურა სამყაროსადმი ადამიანის უნივერსალური დამოკიდებულებას გულისხმობს, განსხვავებული კულტურების მქონე ადამიანების დიალოგი კი  თანამედროვე ცნობიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია. დღეს, როცა ქვეყნებს შორის საზღვრების გადალახვა ასეთი ადვილია (უვიზო რეჟიმი, გადაადგილების ინოვაციური საშუალებები, ინტერნეტი, საერთო საკომუნიკაციო ენა და სხვ.), ზემოხსენებული დიალოგის საჭიროებას ეჭვქვეშ აღარავინ აყენებს, რაც, თავის მხრივ, განათლების სფეროში ინტერკულტურული პრობლემების წინ წამოწევას ითვალისწინებს.

 

საქართველოში ინტერკულტურულ კომპეტენციაზე ზრუნვა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყეს, თუმცა განათლების სისტემა ჯერჯერობით ეფექტურად ვერ ზემოქმედებს განსხვავებული სუბკულტურის მქონე ინდივიდთა ინტეგრაციის პროცესზე. ამ პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინტერვენციად, საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების  სკოლებისთვის კადრების გადამზადება-გაგზავნა შეგვიძლია მივიჩნიოთ. საქართველოში 2013 წელს ჩატარებული კვლევაც („ინტერკულტურული განათლება: პრობლემები, მათი ანალიზი და განვითარების პერსპექტივები საქართველოში“) ადასტურებს, რომ მოქალაქეთა დიდ ნაწილს უჭირს ინტერკულტურულ გარემოში ორიენტირება, რასაც ისევ და ისევ განსხვავებული დამოკიდებულების უგულებელყოფამდე მივყავართ.

ამას წინათ, მეექვსე კლასში, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის ,,ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“ მიხედვით, დისკუსია გავმართე თემაზე – ,,ეროვნული ტანისამოსი და იდენტობა“. ვიმსჯელეთ ადამიანის ვინაობის (წარმომავლობის, საქმიანობის) დამადასტურებელი ტანსაცმლის დანიშნულებაზე ომში, ციხეში, ტყვეთა ბანაკებში, გუნდურ თამაშებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს. არც მეფის მიერ სპარსული სამოსის ტარების სავარაუდო მიზეზების (დიპლომატიური ნაბიჯი, პოლიტიკური გავლენა და სხვ.) განსჯა დაგვვიწყებია. შეხვედრის დასასრულს დისკუსიის მონაწილეებს ერთგვარი ფოტო-ტესტირებაც ჩავუტარე (ტანსაცმელზე დაკვირვებით ადამიანთა ეროვნება/წარმომავლობისა და საქმიანობის ამოცნობა). საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ადამიანის არჩევანი გაცილებით მჭიდროდაა დაკავშირებული იდენტობის განმსაზღვრელ გარეფაქტორებთან, ვიდრე წარმოუდგენია.

დისკუსიის თემამ მოსწავლეები ძალიან დააინტერესა და ზემოაღნიშნული საკითხების გააზრებას კიდევ ერთი შეხვედრა დავუთმეთ. პირველ რიგში, მოსწავლეებს ვთხოვე, რიგრიგობით გაეცათ პასუხი დღის მთავარ კითხვაზე, თუ ვის აზრს/ დამოკიდებულებას ანიჭებდნენ ყველაზე დიდ მნიშვნელობას?! გასაკვირი არცაა, რომ მოსწავლეებმა კულტურული იდენტობის თითქმის ყველა შემადგენელი  რგოლი (იხ: კუშნერი, მაკკლილანდი, საფორდი, ადამიანთა მრავალფეროვნება განათლებაში, 2006) დაასახელეს. პირველი ადგილი ოჯახს ერგო. მას მოჰყვა სასკოლო საზოგადოება (თანატოლებიც და ზრდასრულებიც), ეკლესია, უბანი, რომელშიც ცხოვრობენ, მეზობლები, რომლებიც ჭორებს აღმერთებენ და ა.შ. შემდეგ კი ვკითხეთ საკუთარ თავს: – ვინ ვარ მე? – ჩემი ცნობისმოყვარე მეზობელი თუ გულისხმიერი მეგობარი? იქნებ ინფორმაციის ოკეანეში დაკარგული ინდივიდების ჯგუფს ვეკუთვნი და ჯერ კიდევ ვეძებ საკუთარ თავს?!..

ამ გაკვეთილის შესახებ იმიტომ მოგიყევით, რომ დროა, აღსაზრდელად მობარებულ მომავალ თაობას გადაწყვეტილებების მიღების უფლება დავუბრუნოთ და ნუ განვსჯით იმის გამო, რომ საკუთარ ცხოვრებას, საზოგადოების კი არა, საკუთარი თვალით ხედავენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი