ორშაბათი, სექტემბერი 22, 2025
22 სექტემბერი, ორშაბათი, 2025

სულის უსასრულო ხეტიალი

(იუკიო მიშიმას „გაზაფხულის თოვლი“)

ჩემთვის იაპონია ოცნების ქვეყანაა. რატომ, ეს ამ წიგნმა კიდევ ერთხელ ამომახსნევინა, იაპონური სულის „შარადასავით“.

„ჩემი ცხოვრება უანკარეს ღვინის ფერია“, წერდა გალაკტიონი. იუკიო მიშიამსთანაც ადამიანი დახატულია, როგორც გრაფინში ჩასხმული ღვინოსავით ცვალებადი სამყარო! სრულიად განუმეორებელია ეს სამყარო, რომელსაც ამ რომანში კიოაკი მაცუგაე ჰქვია. ეს მთავარი პერსონაჟი არისტოკრატული ოჯახიდანაა და თავიდანვე გვნუსხავს მისი ეს „სხვანაირობა“, თავად ადამიანიც ხანდახან მთელი ცხოვრება რომ ცდილობს გარკვევას. აი, როგორ შემოიჭრება 19 წლის კიაოკის ცხოვრებაში „შორეული ქალის ეშხი“: იმპერატორის ასულის, პრონცესას, რომელიც ღრუბლებში გახვეული მთის დათოვლილი მწვერვალივითაა (თოვლის მეტაფორულ საკრალურობას ბევრგან ვგრძნობთ ნაწარმოებში), „პროფილის ამ პატარა ნაკუწმა ისე გამოანათა, როგორც სუფთა კრისტალის ნატეხმა ან წამით დანახულმა ცისარტყელამ“ (12). როგორც მშვენიერია ეს ყმაწვილური სულის მონქაროლი, ისეთივე მომნუსხველი სილამაზისაა მისი პატრონიც. აი, როგორი წინასწარმეტყველურია მისი მამის, მარკიზი მაცუგაეს, გრძნობები: „ხალხის სიტყვებით შეშინებულმა მარკიზმა თავისი მემკვიდრის გადაჭარბებულ სილამაზეში რაღაც ეფემერული იგრძნო და მის გულში შფოთვის მარცვალი გაჩნდა“(12).

მკითხველი მთელი ნაწარმოების განმავლობაში არკვევს კიოაკის პიროვნულ პერიპეტიებს. ვინაა იგი, უნიადაგოა? ეკალივითააო მისი დახვეწილობა, გვაპარებს მწერალი. მას სძულს უხეშობა და მისი გულის შემათრთოლებელი – სინატიფეა, მაგრამ ამის ამაოებას, განა, ვერ ხვდება იგი?! ამიტომ სტანჯავს საკუთარი ცხოვრების უსარგებლობის განცდა; „თვრამეტი წლის ასაკში უკვე…გადაეწყვიტა, რომ საკუთარ თეთრ ხელებს ცხოვრებით არ გასვრიდა და ერთ ბებერასაც არ გაიჩენდა. დროშასავით იცხოვრებდა, მხოლოდ ქარისთვის რომ ცოცხლობს. მხოლოდ ერთ ჭეშმარიტებას აღიარებდა: უსასრულო, უაზრო სიცოცხლეს, რომელიც დასრულდება თუ არა, ხელახლა იწყება, ჩაქრება თუ არა, მაშინვე აალდება, მიმართულებისა და შედეგების გარეშე, მხოლოდ გრძნობებით სიცოცხლეს“ (19); კიოაკიმ ჯერ არ იცის, რომ ყველაზე საშიში ასეთი სიცლცხლეა, რომ ის სწორედ „ქარიშლებს“ ან გულში გაჩენილ ხანძარს ეწირება ფარვანასავით. ახლაღა მივხვდი, რა „მძიმე სიმსუბუქე“ აქვს აღმოსავლური ფილოსოფიისთვის ჩვეულ ამ „გაქცევას“ პირობითობების „საკნიდან“…თუმცა საიდან ეცოდინება – მას ჯერ არ უგემია ცხოვრება.

აქ, თითქოს, ვერც მოიტან თუნდაც ქართული პირობითობების სიმძიმეს, ვაჟას გმირების სოციალური მისიისთვის შეწირულობას, მაგრამ ამ სინამდვილეში სხვანაირი მსხვერპლია, ბოლომდე გაუცნობიერებელი. „რაც უნდა გასაკვირი ყოფილიყო, კიოაკის სულის კუჭი ასეთ ხელოვნურ საკვებს უფრო კარგად ამუშავებდა, მეგობრობაშიც კი“(19). ჰო, ამ „კუჭმა“ ჯერ არ იცის წუთისოფლის „სისხლიანი“ ტკბილმწარეობა.

არ შეიძლება ამ რომანში „თვალი არ მოგწყვიტოს პოეტური პროზის ფერწერამ“, შეგრძნებათა ოქსიმორონების სიღრმითა და სიფარფატით – თითქოს, იაპონური პოეზიის მინიმალიზმი მაქსიმალური გახადეს, გაზარდეს. ქვეტექსტი რომანის თითოეულ ეპიზოდში განუზმლად დიდია და იდუმალი;

  • „განთიადის იისფერი სიბნელე“;
  • წყლის ზედაპირზე არეკლილი ნეკერჩხალივით აწითლებული მთა ცეცხლივით „ელვარებდა“;
  • კიოაკის სიზმრების დღიური;

ყოველთვის შთამბეჭდავია ყოველი მწერლის აღქმა დროისა, სამყაროსი და მათში მოქცეული ადამიანისა. კიოაკისთვის სამყარო წყლით სავსე ჩანთასავითაა, ძირზე ნახვრეტებით, რომლებიდანაც წვეთ-წვეთად იპარება დროც და წუთისოფელიც. „რა არის ცაში სანახავი“ – იკითხავს კიაოკის დედა, რომელსაც, ქმრის უაზრო ოპტიმიზმსა და ფუქსავატობაში გამოწრთობილ, საკუთარ უემოციობაში, არ შეუძლია თავისი ვაჟის ნატიფი სულიერი სამყაროს მალულ შრეებში შეღწევა. კიოაკი კი თვლის, რომ ნებისმიერი ქალი, რომელიც მასთან თუნდაც მცირედითაა დაკავშირებული, მშვენიერი უნდა იყოს და ეს თავიდან მის ამპარტავნებად გვეჩვენება. იქნებ თავდაცვაცაა, ვინ იცის, მისი სულიერი წყობის ადამიანისთვის…ის ხომ ასეთი ტრაგიკულია, განწირულიც: „მიუხედავად იმისა, რომ მას არც ტკივილები ტანჯავდა, არც რამე მძიმე დაავადება, ის გამჭვირვალე ნათება, რომელიც მისი სხეულის სიღრმიდან გამოსჭვიოდა, მას უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანის სიამაყით ავსებდა“(38).

ნაწარმოებში ჩნდება მეორე უნაკლო მშვენიერება, სატოკო – „სატოკოს ხმა ამ შუა ზამთარში ივნისის გარგარს ჰგავდა: ზომიერად მძიმეს, თბილსა და მწიფეს“(65) – ეს ისევ პალიტრაა, თან აქ გოგენისეულ ყვითელს გემო და წონაც აქვს.

ვეცნობით კიოაკის მეგობარ ჰონდასაც, რომელიც სამართალის შესწავლითაა დაინტერესებული. მას სწამს, რომ სამყაროს წესრიგში მიუღებელია როგორც მჭახე ნათება, ასევე – წყვდიადიც. იგი ცდილობს, გაერკვეს ღვთებრივი და ადამიანური სამართლის ურთიერთმიმართებაში (რომელ ჩვენგანს არ უცდია ეს?); ამქვეყნად არისო:

  • ნაციონალური სამართალი, ანუ ისტორიული მემკვიდრეობითი სამართალი;
  • ბუნების უნივერსალური სამართალი, რომელიც ვერანაირად გადავა უნივერსალურ ჭემარიტებაში, რადგან „თუ სამართალი, მისი ძველი ბერძნული გაგებით, ბუნებითი სამართლის იდეას გასცდებოდა, უფრო ფართო უნივერსალურ ჭეშმარიტებაში გადავიდოდა (ამის არსებობასაც თუ დავუშვებდით), თავად სამართლის იდეა ჩამოინგრეოდა“(69);

ცხადია, ადამიანურობის ჩარჩოებზეა საუბარი, რომელსაც ურთიერთგარდრამავალი ორბუნებიანობა ახასიათებს – „სული სამყაროსთან სხეულითაა დაკავშირებული და სამი სახისაა: კარგი, ცუდი და ის, რაც მათ შორისაა“(უძველესი ინდური მანუ-სკრიტის კანონებიდანაა). ამიტომ საჭიროა თავსიუფლებაც, წესრიგიც, თავშეკავებაც, თვითკონტროლიც, შინაგანი ცენზიც; „ის, ვინც ყველა სულიერის მიმართ სიტყვას, ფიქრს და სხეულს გააკონტროლებს და ვნებებსა და ბრაზს სრულყოფილად მოთოკავს, საბოლოო მიზანს მიღწევს, ანუ სამუდამოდ გათავისუფლდება სამსარისგან“(71). ზოგადად, ცხოვრებისადმი ამ ორი დამოკიდებულების – თავზეხელაღებული, განუჭვრეტი, თავგანწირულობისა (კიაოკი) და მკაცრად რაციონალური სულიერი წყობის (ჰონდა) მეგობრული თანამყოფობაა მოცემული წიგნში. ამიტომაა სამართლიც „უძველესი დროიდან მოყოლებული ხარბი მეთევზის მიერ ნასროლი უზარმაზარი ბადე“. ვინ მოჰყვება ამ „ბადეში“, ხშირად გაურკვეველია და არაწინასწარგანზრახული…

რა არის სიყვარული? ლტოლვა „წვიმის წვეთების ფორმის ბიბილოებისდამი“, თუ ფუსაკოში რაღაცა ზაფხულის გეორგინების მხურვალებასავით, როგორც ცეცხლი, ფაიფურის ჭურჭელში რომაა გამომწყვდეული? თუ შფოთვისგან გათავისუფლებული, მბრწყინავი თავმოყვარეობა, ბედნიერებისგან გადადღაბნილად რომ ხედავს უკვე ყველაფერს? თუ სწრაფვა „უცხო სამოთხეებისკენ“? – „…(კიოაკის – მ.ი.) საშინლად ასევდიანებდა მუდმივად სხეულში გამოკეტილი გულები, სულები, რომელთაც ჰაერში ფარფატი არ ძალუძთ“(78).

ზოგადად, ფსიქოლოგიზმები იუკიო მიშიმას „კოზირია“ და არსად შემხვედრია ადამიანურ ბუნებაში „ჩაყურყუმალავების“ ასეთი წარმატებული, ფიქრის ხანგრძლივად შემაყოვნებელი, მცდელობები, თეოდორ დოსტოვესკის ნაწარმოებების გარდა. ძალიან საინტერესოა მსახურთა სახეები ამ მხრივ; კიოაკის მსახური, შეუხედავი, სახეგამონაყრიანი, იინუმა, რომლისთვისაც კიოაკის არსებობა საკუთარი მარცხის უტყუარი, მრავაჯერადი დადასტურებაა, რასაც ის ვერაფრით ეგუება და ხანგრძლივად განცდილ ამ ძლიერი დაცემის ტკივილს, საპირიპიროდ, თაყვანისცემისმაგავრი გრძნობებისკენ მიჰყავს, თუმცა ბრაზს, წლებთან ერთად უსაზღვრო ავადმყოფობად რომ ჰქცევია, ყოველდღე თან დაატარებს; და სატოკოს მსახური ქალი ტადეშინას ოსტატური მოქნილობით შექმნილი ფსიქოპორტრეტი: „იცოდა, ასეთ დროს როგორ გამხდარიყო სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი. უმანკო სახეზე სამყაროს წესრიგის კულისებიდან მაკონტროლებელი ადამიანის რწმენა გასჩენოდა“(96)… და ამ რწმენით მისთვის არაფერია უსაფრთხო და უეჭველი, რადგან „იცოდა, უღრუბლო ზეცის გახევა მერცხლის ერთ ფრთასაც შეეძლო“(96).

კიოაკი განდეგილი რომ არ ყოფილიყო, უნდა გაგვკვირვებოდა…„მისი რწმენა საკუთარი მარტოობისა, სხეულში კი არა, სულში ჩაბუდებული ავადმყოფობა იყო“(106). საკუთარი თავისადმი ყმაწვილური ურწმუნობა აფიქრებინებს, რომ დაეჭვდეს იმაში, შეუძლია თუ არა ადამიანის ფიქრს, გრძნობას, ოცნებას, შეცვალოს სამყარო.

ამბობენ, ადამიანს ძალუძსო, მოზიდოს რაიმე ფიქრებით ან განჭვრიტოს თავისი სიკვდული, ან იცოდეს, როგორი სიკვდილი უნდა: „სიკვდილი ახალგაზრდობაში ერჩივნა, ისიც უმტკივნეულოდ. მაგიდაზე დაუდევრად მოსროლილი ულამაზესი აბრეშუმის კიმონოსავით, რომელიც იატაკზე შეუმჩნევლად ცურდება – ასეთი ელეგანტური სიკვდილი“(138); თუმცა კიოაკიმ არც ის იცის, რომ სიკვდილი არასდროსაა ელეგანტური და მისი „უიღბლო ვარდისფერი, მიცვალებულის მაკიაჟივით“ შემაძრწუნებელ-ბანალურია…ამ თავისთვის ბევრი რამის შეუცნობლობაში, კიოაკი ცდილობს, დროს გაასწროს („ყოველთვის ერჩივნა უკვე დაკარგულზე ედარდა, ვიდრე დაკარგვის შიშით დატანჯულიყო“). აქამდე მხოლოდ გრძნობებით მცხოვრები კიოაკი ახლა ცდილობს ჩასწვდეს გრძნობებისგან დაცლილი სიტყვების „გამოყენების პოლიტიკას“, რომლებიც უფრო აღელვებს ადამიანთა გულებს და ამ „აბსტრაქტული სიტყვების ცივ ტყეში სხეული გათბობას იწყებს.“ ცხოვრებაში ჭირს ზოგჯერ, გაარჩიო მთავარი და უმნიშვნელო. ძალიან საინტერესო მიმართებაა მაკრო და მიკრო სამყაროებისა ხოჭოს „კომიკურობამდე სერიოზულ“, თითქოს, სრულიად უაზრო გადაადგილებაში, რასაც კიოაკი უყურებს…და ეს ბზინვარე ხოჭო გაკვეთილია კიოაკისთვის, როგორ იბზინოს ლამაზად დროში გადაადგილებისას, მიუხედავად იმისა, რომ წამიერად, უმოწყალოდ იცვლება რეალობა. მივადექით დროის მიშიმასეულ გაგებასაც…

დრო ამ ცვალებადობით, აწმყოდან წარსულში გადადინებული, შეწყვეტილი წამის „წერტილებით“ შემდგარ წრფეს ჰგავსო. მაშინ რა არის გრძნობების „აბჯარი“ ამ თვალმიუდევნებელ ცვლაში ან მათი, განცდათა, სამშობლო სადღაა? ეს კითხვები და საკუთარი დაუცველობის განცდაა საფუძველი კიოაკის „პროტესტანტობისა“ – „…გრძნობდა, რომ (მასში – მ.ი.) სამყაროს წინააღმდეგ წასვლის შეუჩერებელი ძალა იღვიძებდა…სწორედ ახლა იყო დრო გახუნებულ სევდაში გამოკეტილი სამყაროს ჩამოშლისა, მის თვალწინ ჯერ არნახული, სრულყოფილი, უნაკლო განთიადი გადაშლილიყო“(200). თუმცა ავტორი დასაწყისშივე მიგვანიშნებს, როცა რუსეთ-იაპონიის ომის სურათს აღწერს, რომ ხელჩართული ომების დრო დასრულდა და გრძნობათა „ომების“ ეპოქა დაიწყო.

ჰონდა გრძნობს მეგობრის საბედისწერო, ვნებიანი თავგანწირვის სურვილს, თვითგანადგურების მექანიზმის „წიკწიკს“ და უნდა საღ აზრზე მოაქციოს იგი: „ეს მშვენიერია, მაგრამ ფანჯარაში გაელვებული ჩიტის სილუეტის გულისთვის მთელი ცხოვრების სამსხვერპლოზე გატანა როგორ დავანებო?“ ჰონდას რაციონალიზმია ეს, გრძნობებს არასდროს, არაფრისდიდებით რომ აჰყვება, ამიტომ გონების ამ დინამიკამ არ იცის, რომ „ფანჯარაში ჩიტის გაელვებული სილუეტი“ კი ქრება წამსვე, ეფემერასავით, მაგრამ შეიძლება სამუდამოდ ჩარჩეს ჩვენს მეხსიერებას, ყველაზე სრულყოფილად შედგენილ კანონზე მეტად…ეს სიმყიფე, გამჭვირვალობა, მთვარის მისტიკურ შუქში შეყოფილი ხელივით, კიოაკისა და სატოკოს ტრაგიკული სიყვარულისა, არც ისე უსაფრთხოა და უსუსური – მას დამანგრეველი ძალა აქვს („ყველაფერი გარშემო – მტვრიანი გზა, ზღვის ღელვაც, ქვიშაზე მქროლავი ნიავი, ფუჭვნარი ხმაური, – განადგურებას ჰპირდებოდა“). ასეთი სიყვარული სიცოცხლის მადლიერებაა, მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს ბედნიერებას. ეს ნამდვილი გრძნობაა, უცნაური სინთეზით სინაზისა და ვნებისა, დახვეწილობისგან საკმაოდ შორს მდგომი გრძნობა, რომელიც სილამაზეცაა და სიმახინჯეც, ერთდროულად. ეს „ნატიფი სიველურეა“, სულს რომ დაგიწვავს, ამბობს მიშიმას შედარება-შედევრი. ასე იცის დიდმა სიცივემაც და სიმხურვალემაც; „მაგრამ ჰონდა მოხიბლა მისი სიტყვების შემდეგ მეგობრის თვალებში გამკრთალმა განადგურების სხივმა. მის გამჭვირვალე თვალებში, როგორც ტაძრის წინ წყვდიადში ჩარბენილი მგლების ხროვა, ვერგამოყენებული, თავად კიოაკისთვისაც შეუმჩნეველი, ველურის სულის წამიერი აჩრდილი მხოლოდ თვალის გუგებში გაჩნდა და მაშინვე გაქრა…“(321).

იპერატორის ოჯახის სარძლო სატოკო მონასტერში თმას იჭრის, აბორტის შემდეგ, მონაზონი ხდება („თმის ღერები, როგორც ამქვეყნიურობა, ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდა. ჩამოცვენილი კი უსაუსრულოდ შორი ხდებოდა“). კიოაკი საკუთარ თავს კეთროვანს ამსგავსებს და კიდევ უფრო ლამაზი ხდება. მას შეასმევენ კუს, რომელიც საშინელი წყევლასავითაა კიოაკის წარმოდგენებსა თუ სიზმრებში, სისხლს, გამოსაჯანმრთელებლად. კიოაკის „სულის კუჭი“ კი მოგვიანებით იგემებს სიკვდილსაც: „ახლა კი წყევლა მოიხსნა, კუ მოკლეს, მან კი მისი სისხლი დალია. აი, ასე უცებ, რაღაც დასრულდა, შიში მოთვინიერდა და კიოაკის კუჭში რაღაც განუზომელ, ამოუცნობ სასიცოცხლო ძალად იქცა“(412).

მომწონს სიმაღლე ამ წიგნისა, ფუძიამას მწვერვალივით, ასე „ზემოდან ქვემოთ“ რომ მიმყარებს ცხოვრებისეულ ფუჭ ორჭოფობას, ასე მსგავსს ამაოებისა, ვითომდა, ყველაფრის მომსრავი განურჩევლობისა. არა, ყველაფერი არაა ამაო არაფრით და რატომ არაა, ახლა მოგახსენებთ…

რა არის იაპონური, ანუ გაზაფხულის თოვლი?

> საკურას ყვავილების დამაბრმავებელი (როგორც აღმოსავლელი ოსტატები იტყვიან, რომელთაც ღმერთი ან იხილეს, ან დახატეს, ან აღწერეს) მშვენიერების ქროლა ჩვენ თვალწინ?

> მისკანტუსის მოყვითალო ყვავილების ფარფატი, პატარა მფრინავ მწერებს რომ მოგაგონებთ?

> მართლაც, სულისა და სხეულის გამყინავი სიფაქიზე ნამდვილი თოვლისა, რომელიც ისევე აზრობს, როგორც დიდი სიყვარული?

იაპონია ვიღაცისთვის რუკაზე „წითელი კრევეტივითაა“, მაგრამ ჩემთვის და იუკიო მიშიმასთვის კი – „მისი ნაცნობი იაპონია უფრო ლურჯი, უფორმო და ნისლივით სევდიანი ქვეყანა იყო.“ ესაა ქვეყანა, რომელშიც 19 წლის ყმაწვილს შეუძლია თქვას:

„იმპერატორს ვუღალატე! უნდა მოვკვდე!“

ეს კიოაკია, რომელსაც უკვე ტანჯვად ჰქცევია „ოქროს ქანდაკებასავით სუნთქვისშემკვრელი სატოკოს არსებობა“. ეს ის ამაყი, ერთ დროს ამპარტავანი და თავნება კიოაკია, რომელსაც სამუდამოდ დაშორებული სატოკოს სახელის წარმოთქმისას, საბედისწეროდ ავადმყოფს, სიცხიანს, „ჩვეულებრივზე მეტად ჯანმრთელის გამომეტყველება უხდებოდა, ისე ლამაზად უბრწყინავდა სახე, როგორც სპოლოსძვლის ფიგურას, რომლის შიგნიდან ცეცხლი ანთია.“

მე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა შემძინა ამ დიდმა წიგნმა. სიყვარულის ეს თავდავიწყება, სიცხიანი მეგობრის სასთუმალთან ჩამომჯდარი მეორე მეგობარი, სწორედ მეგობრისთვის ყველასა და ყველაფრის მიტოვების შემდეგ, ჰონდა, რომელსაც კიოაკივით თავგანწირვა არ შეეძლო, თუმცა მისი რაციონალიზმი ზენიტს აღწევდა, – ისეთი ნამდვილია, ისეთი ეჭვდაუდებელი, თითქოს, ეს ჩვენი სულების რაინდობის სამყაროა, სრულიად რეალისტური, თუმცა იაპონური, ტრადიციული აზროვნებით, წარსულიდანაცაა გამოხმობილი და იშვიათი ელვარების თვალივით ჩასმული თანამედროვეობის, – ცოტა არ იყოს, სიტლანქითა და უგემოვნობით ყველასა და ყველაფრის აღმრიცხველისა, – ჟანგიან ვარაყში.

ამიტომ მიყვარს ასე იაპონია – ამ უბადლო სინთეზის გამო. ესაა მაინც აუხსნელი იაპონური საიდუმლო, რადგან ეს მხოლოდ მათ შეუძლიათ, როგორც გაზაფხულისა და ტკივილის ასე გასაკრალურება და ასე მტანჯველად, ნატიფად, სასიამოვნოდ დაკავშირება ერთმანეთთან…

მხოლოდ იაპონელს შეუძლია თქვას – ღია წითელი ქლიავის ყვავილის გაშლასავით ჩუმი სიცილი (ქალისა – მ.ი.) და შემდეგ დაამატოს: „…ალბათ სწორად ვერ აღიქვეს მისმა ყურებმა და ეს გაზაფხულის ცივ ჰაერში გაყინული ქვითინის ხმა იყო. ხმა, რომელიც სანამ ხამაღალ ქვითინში გადაიზრდებოდა, ძალით გააჩუმეს. თითქოს სიმს გამოჰკრესო, ქვითინი შეწყვეტილი ექოსავით დაიკარგა…“

თუ სიცოცხლე მუდმივად მბრუნავი ნაკადის მსგავსი სიკვდილ-სიცოცხლის წრებრუნვაა, როგორც ეს აღმოსავლურ რელიგიურ ფილოსოფიებშია; დრო კი ყოველწამიერის შეწყვეტის, განადგურების მეშვეობით, როგორც წერტილებისგან შედგარი განგრძობითი ხაზია…მაშინ რა არის ლაიბნიცის სამი დროის კავშირის თეორია?! ან წინასწარგანზრახულება, საერთოდ?…

თავის ქალიდან წყლის დალევას ნახატზე, ჰონდა სიყვარულის მეტაფორას ადარებს, როგორც ადამიანური არსისა და სამყაროს არსის გადაბმას; აქ „ჰამლეტიც“ მახსენდება…

კიოაკი კვდება 20 წლის ასაკში. კვდება სიყვარულისგან. მისი სიზმრების დღიური რჩება, უტოვებს სიკვდილის წინ თავის განუყრელ მეგობარს, ჰონდას, ანუ ის მეგობარს აბარებს საკუთარ აღარყოფნასაც. ეს ყველაზე დიდი საჩუქარი მგონია ყველა დიადი მეგობრობისთვის, რომელიც გადაწონის „სოლომონის განძს, კრეზის სიმდიდრეს, ლეგენდად ოქროს…“; მე ჩემი სიზმრების დღიურს, რომელსაც ამიერიდან დავწერ, ჩემი გარდაცვლილი მეგობრის, ინგა მილორავასთვის, შევადგენ. მხოლოდ ის გაიგებს და იმსახურებს ამას…

ეს რომანი კი ძალიან ჰგავს შეყვარებულთა თვითმკვლელობის სევდიან ამბავს…და თუ სამყარო, მართლაც, ისეთი მიზეზშედეგობრიობითაა დაქსელილი, როგორც ინდირას ქსელის ამბავშია, რომლის მიხედვით ყოველი ადამიანი და ყოველი მოვლენა ფარულად თუ ხილულადაა დაკავშირებული ერთმანეთთან, სიკვდილის შემდეგაც გადაიკვეთება ყოველივე ის, რაც წუთისოფელში ნამდვილი და დიდებული იყო.

ესაა ულამაზესი ყმაწვილის, კიოაკის, ბოლო სიზმარი:

„– ისევ შევხდებით. აუცილებლად შევხდებით.

ჩანჩქერის ქვეშ…“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“