პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ინანიშვილის ხელწერა და ჩიტბატონების მკვლელები

,,და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას.“

ლუკას სახარება, მე-15 თავი.11- 32. უძღები შვილის იგავი

 

რამდენჯერაც რევაზ ინანიშვილის ყველაზე ჰუმანურ სამყაროს გადავაწყდები, იმდენჯერ ვფიქრობ: რა გვეშველებოდა ჩვენ, ქართველებს და ჩვენ,მასწავლებლებს და ჩვენს მოსწავლეებს, რევაზ ინანიშვილი რომ არ დაბადებულიყო. კაცთმოყვარება ყოველი დიდი მწერლის შემოქმედების განმსაზღვრელია, მაგრამ ასე ხელისგულზე დადებული,დატეული, თვალსაჩინო და ადვილად ხელმისაწვდომი იშვიათად შემხვედრია. ეს მისი ხელწერაა. სულ მგონია, რომ მისი მოთხრობები და ნოველები ყველაზე მეტად გვასწავლის სიყვარულს და არასოდეს დაავიწყდებათ ბავშვებს.

ამ სტატიაში ერთ- ერთ ძალიან საინტერესო, ძალიან გამორჩეულ, ძალიან აქტუალურ ნაწარმოებზე უნდა ვისაუბრო – ,,ჩიტების გამომზამთრებელი“. ამ ნოველა- პიესას მეშვიდე კლასელები სწავლობენ (ჩემი აზრით, 1 წლის მერე რომ ესწავლათ, უფრო უპრიანი იქნებოდა). ადვილად იგებენ- მეთქი, რომ გითხრათ, ტყუილი იქნება. მაგრამ საბოლოოდ ვერ იგებენ-მეთქი, ეგეც არ იქნება მართალი.

არაერთხელ მომისმენია და წამიკითხავს კიდეც სავსებით დამაჯერებელი და მისაღები აზრი, რომ ,,ჩიტების გამომზამთრებელი“ ანტისაბჭოთა ტექსტია და მისი კარგად გაგებისთვის ბავშვებმა ეპოქა უნდა გაიაზრონ, მაგრამ მე მაინც არასოდეს ვასწავლი მათ ანტისაბჭოთა ქვეტექსტებით. ჩემთვის ეს ნაწარმოები 3 პიროვნების ტრაგედია უფროა, რომელთაც ეპოქის შეცვლა ვერ უშველის.

ნოველა – პიესა იწყება კონტრასტით. ფოტოსურათით: „ გაღიმებულ ახალგაზრდა ქალ-ვაჟს შუაში უზის ორი-სამი წლის კოპებშეკრული ბიჭი“.

და ცოტა ქვემოთ: „ სამზარეულოდან გამოდის ორმოცი წლის დაბალი, რბილნაკვთებიანი ქალი. გზა-გზა იხსნის წითელ, გამჭვირვალე წინსაფარს, თეძოებთან ისწორებს კაბას, მერე – კეფაზე ფომფლო გორგლად დახვეულ თმას. კარის საკეტს გადასწევს. შემოვა შეჭაღარავებული ჯმუხი მამაკაცი, გაზეთში გახვეული რაღაც უჭირავს. დაღლილ, ნაღვლიან თვალებს თითქოს არიდებენ ერთმანეთს.“ კოპებშეკრული პატარა ბიჭი არ ჩანს ნაწარმოების ბოლო ნაწილამდე. სამაგიეროდ, მთელი ნოველის განმავლობაში ვისმენთ, როგორ ლანძღავს და წყევლის დედა შვილს მხოლოდ იმის გამო, რომ თურმე არ სწავლობს. რომ თურმე საზოგადოება დასცინის მას, რადგან ,,ოროსანი“ ბიჭის დედაა. ამავე მიზეზით ერთმანეთს უპირისპირდებიან მშობლები, აფრქვევენ აგრესიას, ერთმანეთს ამცირებენ და ადანაშაულებენ.

როგორი დაღლილი უნდა იყოს დამთრგუნველი რუტინისაგან, უსიყვარულობისაგან, საზოგადოების მახინჯი დამოკიდებულებისაგან ქალი, იმ დედების ადგილას რომ ინატროს თავი, ასტონიანი ტანკების შესაჩერებლად ბენზინით სავსე ბოთლების ამარა რომ უშვებენ საკუთარ შვილებს?! „ იმათ დედებს მოკრძალებით, შიშითაც კი შეჰყურებდნენ სხვა დედები, რომლებსაც ასეთი უბედურება არ დასტყდომოდათ თავს“.

განსხვავებული პერსონაჟია მამა, რომელიც საკმაოდ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი ჩანს, საინტერესოდ საუბრობს საზოგადოების იმ მანკიერ დამოკიდებულებებზე, რომლებიც დღესაც ისეთივე აქტუალურია და ეპოქის შეცვლამ ვერ უშველა:

  • მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ფიქრი და კაბინეტომანია:

,, … ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ეროვნულ უბედურებად იქცა კაბინეტებისაკენ სწრაფვა! ყველას უნდა, რომ მას ემსახურებოდნენ, ყველას უნდა, რომ თეთრი, ფაფუკი ხელები ჰქონდეს!.. მამაკაცებს, დღეში რომ სამ კილო ხორცსა და ათ ბოთლ ღვინოს ნთქავენ, თეთრი ხელები უნდათ, თეთრი ხელები და თეთრი ტელეფონი. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ მუცლები მოგვექცა თავზე!.. ეგ არის ყოველგვარი უკუღმართობის სათავე – ჩემი ოჯახი, ჩემი გეჯა, ჩემი სალაფავი და შიგ ყურებამდე ჩაფლული თავი, რომ სხვამ არ ჩაგვიკრას დინგი.“

  • პროფესიული განათლება სამარცხვინოა:

სადამდე მიდის ჩვენი უგუნურება! თან პროპაგანდას ვუწევთ, თან ჩვენ თვითონ ვაცხადებთ პროფსასწავლებლებს სასჯელის მოსახდელ ადგილებად. ჩვენ თვითონ ვეუბნებით ბავშვებს, საშინელ დღეში ჩავარდებიან, თუ პროფსასწავლებლებში მოხვდნენ.“

  • ძალადობა – კარგი შვილის აღზრდის გზა:

„ … შენ მეუბნები, ბავშვებს ჩავუნერგო შიში, ჩავუნერგო, რომ, რაც გასაკეთებელი აქვთ, უნდა გააკეთონ, თუ არ გააკეთებენ, მე გეკითხები, რა ვქნა-მეთქი?! თუ არ გააკეთებენ, ყელები დავჭრა ამ უძლურებს…“

ამას გარდა, ნაწარმოებში გამოჩენისთანავე იგი თითქოს მზრუნველი მამაა, მაგრამ დედა ადანაშაულებს იმაში, რომ უყურადღებოა შვილის მიმართ, არ ერევა მის ცხოვრებაში, სამსახური უფრო მნიშვნელოვანია მისთვის…

ამ პატარა ნაწარმოებში ძალიან კარგად ჩანს, როგორ შეიცვალნენ მშობლები სიყვარულიდან უსიყვარულობამდე, მათი გაღიმებული სახეები დაღლილმა, გაღიზიანებულმა, სიხარულმოკლებულმა, მობერებულმა სახეებმა ჩაანაცვლა. მაგრამ რა დაემართა ბიჭს? კოპებშეკრული 3 წლის ბიჭი ჩემთვის პატარა ინდივიდია, იქნებ სურათის გადაღება არ უნდოდა და უკმაყოფილებას გამოხატავს?! იქნებ მშობლებზეა გაბუტული…არ ვიცით, მაგრამ ეს შეკრული კოპები მის ხასიათს ნამდვილად იტევს. და წლების მერე როგორია იგი? ბიჭი მხოლოდ ნაწარმოების ბოლოს გამოჩნდება. მანამდე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უბრალოდ ვიგებთ გაბრაზებული დედისგან, რომ ის არ სწავლობს და გაკვეთილებზეც არ დადის. ფინალში ბიჭის პორტრეტი ასეთია: „შემოდის გაღიმებული თხუთმეტი წლის ბიჭი. მაღალია, წვრილი, მხრებში მოხრილი. გრძლად გაშვებული სქელი თმა კიდევ უფრო უპატარავებს ისედაც პატარა, სიგამხდრისაგან ჩამუქებულ, ჩატეტკილ სახეს. გაბერილი ქაღალდის პარკი უკავია მკერდთან. მთელი სხეულით მოაქვს გასახარი ამბავი.“  გგონია, რომ ყველაფერი კარგადაა. რაც მთავარია, ბიჭი გახარებულია. ეს სიხარული პატარა, ფერადი, აფრთხიალებული ჩიტბატონებია, რომლებიც უნდა გამოაზამთროს. ისეთი ხალასი და წრფელია ეს გრძნობა, განა რა უნდა დაემუქროს?! (წამით გაიელვებს ჩემს წარმოსახვაში ფოტოსურათი; საშუალო ასაკის კოპებშეკრული დედ – მამა და შუაში გაღიმებული 15 წლის ბიჭი.) მაგრამ წარმოუდგენელი რამ ხდება, შვილის უსაქციელობით, უსაქმურობით, მასზე საყვედურებით, საკუთარი უსუსურობით, ქმრის განზე დგომით დაღლილი დედა თავის ბრაზსა და გაღიზიანებას ფერად ჩიტებზე ანთხევს:

,, ქალი იმ მეორე ჩიტსაც მისწვდა, აჭყივლებული მიასრისა კუთხეში.

ბიჭი: კარგი, დედა!

დიდი, საბრალობელი თვალები ცრემლებით აქვს სავსე. მიდის, ჯერ ერთ ჩიტს აიღებს უმწეო ფრთებით, მერე – მეორეს. დგას ჩიტებით ხელში, თითქოსდა ფეხებდაუძლურებული.

მერე უცნაური ლაყუნით მიდის, სანაგვე ყუთში ყრის.

ბიჭი: კარგით! კარგით!..

ფერდაკარგული ქალი იატაკის საწმენდ ჯოხს საკუჭნაოში შეიტანს და კარს ღონივრად გამოხურავს“

რა ტკივილამდე სევდიანია ბიჭის მიერ ნათქვამი „კარგით,კარგით“. ჩემთვის უდიდეს სასოწარკვეთას, სხვისი გაღიზიანებისგან დაღლას, ყველანაირი ძალადობის უსიტყვო მორჩილების გამოხატულებაა. დედა, რომელიც დაუფიქრებლად უკლავს ბიჭს იმას, რაც მასში უკვე მკვდარია – ცხოვრების სიყვარულს, სიხარულს, სილამაზის განცდას, შინაგან თავისუფლებასა და სიხალისეს- უფრო უარესს ვერაფერს გაუკეთებდა თავის შვილს. ეს უკიდეგანო აგრესია დედის ტრაგედიაა. ბიჭი არ ბრაზდება, არ ხდება აგრესიული, არ უჩნდება არანაირი პროტესტი, მხოლოდ სევდიანი „ კარგით,კარგით“ ისმის, ეს, წესით, საგანგაშო უნდა იყოს დედისთვის…

მკითხველის ყურადღება მაშინვე გადადის მამაზე, მხსნელის სახით ეძებს ჩვენი ფიქრი „ პროგრესულად მოაზროვნე“ მამას, მაგრამ… „ მამაკაცი ჭამს, თეფშს ჩაჰყურებს“, „ მამაკაცი ხმას არ იღებს“ – თურმე დედა მართალი ყოფილა! უფრო უარესიც – მამა ამბობს ამ ნოველაში ყველაზე გულისმომკვლელ სიტყვებს: „ თუ არავინ გავალებს, არც ჩიტების გამოზამთრებაა საჭირო, თუ არავინ გავალებს…“ – ეს სიტყვები მამის ტრაგედიაა, გულგრილობა ხომ  ისეთივე დამღუპველია ხშირად, როგორც აგრესია.

არაერთ სტატიაში მიხსენებია, მაგრამ რა ვქნა, გავივლი- გამოვივლი, ისევ ამ ფილმს მივადგები ფიქრით –  კენ ლოუჩის ფილმი ,,კესი“ ( https://net.adjara.com/Movie/main?id=9086 ) ამავე პრობლემებზეა. დავსხდეთ მშობლები, მასწავლებლები და ვუყუროთ ხშირად, ზედმეტად ხშირად, სანამ არ დავიზეპირებთ. იქნებ თავსაც ვუშველოთ და შვილებსაც…

ერთი კაცი იყო, მთელი დედამიწა იცნობს, კარგად წერდა და მასწავლებლობდა კიდეც. სანამ პატარა ებრაელებს გაზის კამერაში მხოლოდ იმიტომ შეუძღვებოდა, სიკვდილის შიში რომ არ ეგრძნოთ და ერთად დახოცილიყვნენ, ბევრი კარგი წიგნი დაწერა და მშობლის 10 მცნება დაგვიტოვა. ათივე მცნება საზეპიროა, მაგრამ ბოლო მცნება ესაა:

,, 10. გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – უიღბლო, უნიჭო, წარუმატებელი. მასთან ურთიერთობისას გახსოვდეს – ის შენთან მხოლოდ გარკვეულ დრომდეა.“( იანოშ კორჩაკი)

 

მე დედა ვარ, ჩემი შვილები ზოგი სასწავლებლადაა წასული, ზოგი სამუშაოდ, ზოგი გამოცდისთვის ემზადება, ზოგი თავისთვის ზის და თავისუფლებაზე წუწუნებს, ზოგი აქციაზე ეძებს თავის წილ სიმართლეს, ზოგი პოულობს, ზოგი ვერ,სახლში ბრუნდება და შემომჩივის…ზოგი ძალიან პატარაა, გაიზრდებიან, ზოგს ემახსოვრება, ზოგს არა, მაგრამ მაინც უნდა დავჯდე და ყველას ერთად ან სათითაოდ უნდა ველაპარაკო, ველაპარაკო, ველაპარაკო, ველაპარაკო, ველაპარაკო… ვალაპარაკო.

ჰო, ჩვენ დედები ვართ, ღმერთები არ ვართ, უძღებ შვილებს შორიდან დანახვისთანავე ყოველგვარი სინანულის მოლოდინის გარეშე რომ შევეგებოთ და გულში ჩავიკრათ, მაგრამ იმხელები კი ვართ, ვიცოდეთ, შვილებს ლანძღვა, გაგდება, დასჯა, ზიზღი, სიძულვილი, მათი უმსგავსო ვიდეოების უთავბოლო ტრიალი, სოციალური ქსელებიდან თითის ქნევა, ეროვნულ გმირებთან დამცინავად შედარება ვერ შემოაბრუნებს.

იმხელები კი ვართ, ვიცოდეთ, თუ ფერად ჩიტბატონებს ვხოცავთ, საკუთარ შვილებს ყველაზე ფერად, ლამაზ, ხალას ოცნებებს ვუკლავთ და ოცნება, სიხარულ – და თავისუფლებაჩაკლული შვილები ქვეყანას ვერ ააშენებენ.

P.S. იმ კარგმა კაცმა მე-9 მცნებად ის დაწერა, გიყვარდეს უცხო ბავშვებიც. სანამ გადაწყვეტ, როგორ მოექცე, მათ ადგილას ყოველთვის შენი შვილი წარმოიდგინეო.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი