პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სწავლების მართვა და უკუკავშირის პრინციპი, როგორც ძირითადი კიბერნეტიკული ცნებები

1. სწავლების მართვა:  უკუკავშირის  განხორციელების გზები

გასული საუკუნის პირველი ნახევრის ბოლო წლებში ჩამოყალიბდა მეცნიერება, რომელსაც კიბერნეტიკა ეწოდა (ამერიკული ვინერი და  სხვა…). იგი უმთავრესად მათემატიკური კუთხით შეისწავლის სიგნალების (ინფორმაციების) გადაცემის, კორექტირებისა და მართვის პროცესებს მანქანებსა და ცოცხალ ორგანიზმებში. კიბერნეტიკის ძირითადი ცნებებია: მართვა, ინფორმაცია, უკუკავშირი.

მართვა ნიშნავს პროცესთა მიმდინარეობას (განსაზღვრული ცვლილებების გზით) სათანადო მდგომარეობის გავლით სისტემის საბოლოო მიზნობრივ მდგომარეობაში გადაყვანისათვის.

სისტემის მართვა ხდება ინფორმაციის გადაცემის გზით.

ინფორმაციის ცნებაში იგულისხმება ცნობა რაიმე საგნისა თუ მოვლენის შესახებ.

ინფორმაცია გადაიცემა სიგნალით, რომელიც რაღაც სახის ფიზიკურ ფაქტს წარმოადგენს.

სიგნალი ისეთი ფაქტია, რომელიც ექვემდებარება მოვლენის (პროცესის) ფიზიკური მახასიათებლებით აღწერას.

ფიზიკური მახასიათებლები შეიძლება იყოს: დამწერლობითი ნიშნები, ბგერითი ტალღები (სიტყვები, საერთო ენა), მათემატიკური და გრაფიკული სიმბოლოები, დამაგნიტებული უბნები ფერომაგნიტურ ლენტებზე, ნერვული აგზნების დენები და ა.შ.

სიგნალი და ინფორმაცია განუყოფელი ცნებებია.

სიგნალი მატერიალური (ფიზიკური) რეალობაა, ინფორმაცია კი მასში გამოხატული აზრობრივი, არამატერიალური და არაენერგეტიკული შინაარსია.

სისტემაში – ცოცხალი ორგანიზმების ტვინში ინფორმაცია შედის  სიგნალის საშუალებით.  იგი გადამუშავდება, გარდაიქმნება, ინახება და რაღაც ცვლილებას გამოიწვევს  მასში – (ე.წ ,,შავ ყუთში’’).

სწავლებისას მოსწავლის  ტვინში ახალი  ინფორმაციის  შესვლით სიახლე შედის მის ცნობიერებაში, რაც  ეხმარება  ან უბიძგებს  მას განსაზღვრული ქცევის არჩევაში ან  რაიმე  აზრის  შემუშავებასა და  გამოყენებაში.

სწავლება ისეთი პროცესია, რომელიც ექვემდებარება მართვას. მართვა ხორციელდება  ინფორმაციით,  რომელიც ამა თუ  იმ სიგნალის საშუალებით შედის მოსწავლის ,,შავ ყუთში’’. იქ იგი გარდაიქმნება, გადამუშავდება, შეინახება და ქცევის ან აზრის გამოსავალზე მიიღება გარკვეული შედეგი. ეს შედეგი შეიძლება ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს სწავლების მიზანს, ინფორმაციის უმართებულო აღქმისა და შეცდომის გამო. ამრიგად, მიღებული ინფორმაცია (ინფორმაციათა ბლოკი) გამოსავალზე აუცილებლად  უნდა შემოწმდეს. დადებითი შედეგის შემთხვევაში გვაქვს საფუძველი, მოსწავლეს (კლასს) მიეწოდოს მორიგი ინფორმაცია. უარყოფით შედეგის  შემთხვევაში  ახალი  ინფორმაციის მიცემას აზრი  არა  აქვს, რადგანაც  კიდევ  უფრო  დავშორდებით  მიზნობრივ მიმართულებას.

ინფორმაციულ  მართვას  მასწავლებელი  განახორციელებს  იმით, თუ  გამოსავალზე მიღებული  შედეგის  შემცველ ინფორმაციას გაუკეთებს დამატებით განმარტებებს და დააბრუნებს უკან ინფორმაციული ნაკადის წყაროში, ე.ი. კვლავ მიიღებს მოსწავლე.

შედეგის ამსახველი ინფორმაციის უკან (ინფორმაციის წყაროში) დაბრუნებისა და მის  საფუძველზე მორიგი ინფორმაციის მიწოდებას ან ,,შავ ყუთში’’ საჭირო კორექტივების  შეტანას პროცესის მართვის უკუკავშირის პრინციპი ეწოდება.

მართვის ეს პროცესი  უნივერსალურია, რადგან  მისი აუცილებელი  მოქმედებით ხდებოდა  და  ხდება  ბუნებისა  და საზოგადოებრივი ცხოვრების ევოლუციურ პროცესში  აზრიანი მოვლენების შერჩევა და დამკვიდრება. უკუკავშირი სისტემის თვითრეგულაციის  მექანიზმია.

უკუკავშირის სქემა ასეთია:

ამრიგად  რაციონალურად  ორგანიზებულ  სწავლებაში  მიწოდებული ინფორმაცია (ინფორმაციათა ბლოკი) შემოწმდება გამოსავალზე. ეს ნიშნავს იმის გარკვევას, რამდენად ადეკვატურია მოსწავლეთა მსჯელობა მიწოდებული ინფორმაციის მიმართ. უარყოფით შემთხევაში ხდება შესვლის  არხით  მისი კორექტირება  და  გამოსავალზე  მართებული  რეაქციის  უზრუნველყოფა,  ე.ი. ხორციელდება  ინფორმაციული  კავშირის  თვითრეგულაცია.

  1. ამოცანების როლი, მართვისა  და   უკუკავშირის   განხორციელებაში.  უკუკავშირის  პრინციპად  სწავლების  მართვაში თვალსაჩინო  როლს  ასრულებს  ამოცანები, რომელთა  საშუალებითაც  მოწმდება  გამოსავალზე  ქცევისა  და მსჯელობის  ადეკვატურობა  მიწოდებული  ინფორმაციისადმი.  უარყოფით შემთხვევაში  ხდება  შესავლის  კორექტირება და დამატებითი  ინფორმაციის მიწოდება. ამ  მიზნით  ამოცანების  გამოყენება  მრავალფეროვანია, მოსახერხებელია ამოცანების  გამოყენების  შემდეგი  სახეები:
  2. 1. ამოცანები, როგორც  პრობლემის  დასმისა  და  მათი  ამოხსნით   ცოდნის შევსების  საშუალება.  ასეთი  სახის  ამოცანებს  შეიძლება  მივაკუთვნოთ პრობლემური  ამოცანები,  რომლებიც  გამომდინარეობს  განვლილი საკითხებიდან  და მათზე  ზუსტი  პასუხის გაცემით მოსწავლეები შეივსებენ  როგორც  ახალ  საგაკვეთილო ინფორმაციას, ასევე  განიმტკიცებენ  ნასწავლ საკითხს.

მაგ . თემის ,,ომის კანონი წრედის უბნისთვის“ ახსნის დაწყების  წინ  შეიძლება დავსვათ კითხვები:

  1. რა  აუცილებელი  პირობებია  საჭირო გამტარში  დენის  არსებობისათვის?
  2. თქვენი ვარაუდით, როგორ შეიძლება  დენის  ძალა დამოკიდებული იყოს ძაბვაზე?

პირველი კითხვა განვლილი მასალიდანაა და  მას  შესაძლოა  უმნიშვნელო კორექტირება დასჭირდეს ან  საერთოდ  არ  იყოს  ამის  საჭიროება.

რაც  შეეხება  მეორე  კითხვას, აქ  შესაძლოა  გამოითქვას  სხვადასხვა ვარაუდი. მისი  კორექტირება  კი  შეიძლება  მოვახდინოთ  ექსპერიმენტიდან  გამომდინარე  შედეგების  საფუძველზე.

 

  1. ამოცანები, როგორც  უკუკავშირით  საგაკვეთილო  ინფორმაციის დაზუსტებისა  და  განმტკიცების  საშუალება:

იმის გასარკვევად, თუ რამდენად მოხდა ახალი  მასალის შეთვისება, მიზანშეწონილია  ისეთი  თვისებრივი და  მარტივი  გამოთვლითი  ამოცანების  გამოყენება,  რომლებიც  ახალი მასალის  საკვანძო ინფორმაციის  სწორი  გაგების  შედეგად ამოიხსნება,  მაგალითად:  თემის ,,ომის  კანონი წრედის  უბნისთვის“  სწორად  ათვისების  მიზნით  უკუკავშირის  პრინციპით  გაკვეთილის  ბოლოს  კვლავ  ვამოწმებთ  მიღებულ ინფორმაციას კითხვებით:

  1. დენის  გაზრდით  იზრდება  თუ  არა  ძაბვა  გამტარის  პოლუსებთან?
  2.  როგორაა  დამოკიდებული  გამტარის  წინაღობა  ძაბვასა და  დენის ძალაზე?

თითოეული  კითხვა  უარყოფითი  პასუხის  შემთხვევაში  შეიძლება  შევამოწმოთ ექსპერიმენტულად და  ასე მოვახდინოთ  გადაცემული ცოდნის  კორექტირება.

  1. ამოცანები,  როგორც  საგაკვეთილო  ინფორმაციის  დამოუკიდებლად განმტკიცებითა  და  უკუკავშირის  გზით,  ცოდნის  კონტროლი. ამოცანების  გამოყენება, როგორც  საგაკვეთილო  მასალის  დამოუკიდებლად განმტკიცების  საშუალება  მნიშვნელოვანი და აუცილებელია, იმდენად, რამდენადაც ის  ხელს  უწყობს  მოსწავლეთა  დამოუკიდებელ  მუშაობას  და  აზროვნებას. უვითარებს  მათ  დასახული  პრობლემის  გადაწყვეტის  უნარს.  ამასთან  მნიშვნელოვანია, რომ  საგაკვეთილო  დავალების ამოცანები  ისე  იყოს  შერჩეული, რომ  ის  შესაბამისობაში მოდიოდეს  საგაკვეთილო  მასალასთან. სასურველია ისეთი ამოცანების  გამოყენება, რომელთა  ამოხსნისას  კვლევით ქმედებებთან  გვექნება  საქმე.

მაგ. თემაზე – ,, ომის  კანონი  წრედის  უბნისათვის’’ – საშინაო  დავალებად  შეიძლება მივცეთ  ამოცანები.

  1. თუ გამტარის  ბოლოებზე  ძაბვა  გაიზარდა  3-ჯერ, როგორ  შეიცვლება  წინაღობა?
  2. რეოსტატი ჩართულია  მუდმივი  ძაბვის  წრედში,  ისე  როგორც  ნახ. 2-ზეა მოცემული. როგორ  შეიცვლება  მისი  წინაღობა  და  დენის  ძალა  თუ მცოცს  გადავწევთ:

ა)მარჯვნივ?   ბ) მარცხნივ?

3 . ნახ. 2-ზე  გამოსახულ  რეოსტატში, როცა  მცოცი  მარჯვნივ  უკიდურეს  წერტილშია, დენის ძალაა – I, როსტატის  სიგრძის  რა ნაწილით  გადმოსწიეს  მცოცი მარცხნივ, თუ  დენის  ძალა  მასში  გახდა   I ?.

თემა: სწავლების მართვისა და უკუკავშირის პრინციპები.

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია:

  1. მართვა, როგორც კიბერნეტიკული პროცესი და მოცემულია მისი განხორციელების გზები. სწავლება მართვადი პროცესია. სწვლების მართვა ხორციელდება მოსწავლის ტვინში – „შავ ყუთში“ ინფორმაციის მიწოდებით. მიწოდებული ინფორმაცია ტვინში გარდაიქმნება, გადამუშავდება, შეინახება და ქცევის ან აზრის გამოსავალზე მოგვცემს გარკვეულ შედეგს. მიღებული შედეგი შესაძლოა სწავლების მიზანს:

ა) ემთხვეოდეს, მაშინ უკუკავშირი საჭირო არ არის;

ბ) არ ემთხვეოდეს, მაშინ უნდა მოხდეს ცოდნის კორექტირება უკუკავშირის სქემით (ნახ.1) სასურველ შედეგამდე.

  1. ამოცანების როლი მართვისა და უკუკავშირის განხორციელებაში. აქ მოცემულია ამოცანები, როგორც:

ა) პრობლემის დასმისა და ცოდნის შეფასების საშუალება;

ბ) უკუკავშირით საგაკვეთილო ინფორმაციის დაზუსტებისა და განმტკიცების საშუალება;

გ) საგაკვეთილო ინფორმაციის დამოუკიდებლად განმტკიცების საშუალება

თითოეულ საკითხზე მოცემულია შესაბამისი ამოცნები და მათი განხორციელების გზები.

 

ლიტერატურა:

  1. ჯ. დიუი ბვშვის ცოდნა და სტანდარტი . მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 2002წ. გვ. 113-134
  2. ჯ. ლეველინი კვლევაზე დაფუძნებული სწავლება – 2005წ.
  3. ვ. ბელიკოვი “ ამოცანათა ამოხსნა ფიზიკაში , ზოგადი მეთოდები” „უმაღლესი სკოლა “ -1986წ.
  4. ბერგი „კიბერნეტიკა – მეცნიერება ოპტიმალური მართვის შესახებ” თარგმანი ინგლისუიდან . „მეცნიერება” 1994წ.

ზურაბ ბართაია ჩხატაურის მუნიციპალიტეტი, ქვაბღის  საჯარო სკოლის ფიზიკის წამყვანი მასწავლებელი,  პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი