ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ლატვია ომების ეპოქაში

საქართველოში ხშირად ლატვიას ლიტვისგან ვერ არჩევენ, ესტონეთის მოხსენიება კი საერთოდ ავიწყდებათ ან ეზარებათ. იმპერიებმა ევროპის ჩრდილოეთით მდებარე სამ ქვეყანას საერთო სახელი შეურჩიეს, მცირე სახელმწიფოებს შორის არსებული განსხვავებები არაფრად ჩააგდეს, ხალხთა უნიკალური მახასიათებლები მეორეხარისხოვან ფაქტორებად მიიჩნიეს და რეგიონი ბალტიის ზღვის ნაპირას მდებარე ერთიან ტერიტორიად გამოაცხადეს. ტერმინ „ბალტიისპირეთის“ დამკვიდრება მხოლოდ გეოგრაფიული ლოგიკით რომ არ არის ნაკარნახევი, ამაში დასარწმუნებლად ევროპის რუკაზე დახედვაც კი საკმარისია. ბალტიის ზღვის ირგვლივ კიდევ ექვსი ევროპული სახელმწიფოა განლაგებული. საქართველოს ბალტიის რეგიონთან (და არა ბალტიისპირეთთან) ბევრი რამ აკავშირებს. წარსულში ყველანი ერთ საპყრობილეში ვიყავით გამოკეტილნი. დღესაც საერთო მტერი გვყავს. თავისუფლებისთვის ერთსა და იმავე გზაზე სიარული გვიწევს. აქედან გამომდინარე, ალბათ, ბევრი რამ უნდა ვიცოდეთ ერთმანეთის შესახებ. ახალი ცოდნა შეიძლება ქართულ-ბალტიური ურთიერთობების განმტკიცების წინაპირობად იქცეს.

დღეს ყურადღება ბალტიის რეგიონის ცენტრზე, ლატვიაზე შევაჩეროთ და რამდენიმე დეტალი გავიხსენოთ ქვეყნის უმძიმესი წარსულიდან.

ორ მსოფლიო ომს შორის აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრებ არაერთ ხალხს დამოუკიდებლობის გამოცხადების ხელსაყრელი შანსი გაუჩნდა. პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებამ და რუსეთში წარმოქმნილმა რევოლუციის შემდგომმა ქაოსმა დაპყრობილ ქვეყნებს თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა მისცა. აღმოსავლეთევროპელებმა თავისუფალი სახელმწიფოების მშენებლობა დაიწყეს. სხვების მსგავსად, გაუმართლა ლატვიასაც. საბჭოეთის წინააღმდეგ წარმოებული გამათავისუფლებელი ომის შემდეგ მანაც მოახერხა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის მოპოვება. დამოუკიდებლობის გამოცხადებას პირველი დემოკრატიული არჩევნები მოჰყვა, ახალმა პარლამენტმა კი ლატვიის პირველი კონსტიტუცია მიიღო. დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ომებს შორის პერიოდში არსებობა მარტივი არ ყოფილა. 1920-1934 წლებში ქვეყანაში თოთხმეტჯერ შეიცვალა მთავრობა. მინისტრთა კაბინეტს ხშირად ტოვებდნენ მრავალპარტიული კოალიციის უსუსტესი წარმომადგენლები. კოალიციის დაშლა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოასწავებდა. ხალხისთვის დემოკრატია არასტაბილურობასთან ასოცირებულ ცნებად იქცა. ხელისუფლებას პრობლემები ჰქონდა ყოფილ მსხვილ მიწათმესაკუთრეებთან, ნაციონალურ უმცირესობაში აღმოჩენილ გერმანელებთან, რომლებსაც ახალგაზრდა რესპუბლიკამ მიწები ღარიბი ლატვიელი გლეხების სასარგებლოდ ჩამოართვა. მეოცე საუკუნის ყველაზე მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა გასაღების ბაზარი ჩაუკეტა ლატვიურ ინდუსტრიას. შიდაპოლიტიკური პრობლემების, მესამე რაიხისა და სტალინური რეჟიმის გაძლიერების ფონზე ლატვიის პოლიტიკურმა ლიდერებმა მძიმე გადაწყვეტილება მიიღეს. მათ მიიჩნიეს, რომ გამოწვევებზე საპასუხოდ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში ცხოვრება საკმარისი არ იქნებოდა; პოლიტიკურმა ელიტამ ავტორიტარიზმის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი და ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად, პრემიერ-მინისტრი კარლის ულმანისი გამოაცხადა. მიუხედავად ულმანისის შეუზღუდავი ძალაუფლებისა, ქვეყანა მაინც ვერ გადაურჩა ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე, თუმცა ყველაზე სისხლიან კოშმარს.

ყველაფერი საბჭოთა ოკუპაციით დაიწყო. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო ოქმის მიხედვით, ბალტიის რეგიონი სსრკ-ს გავლენის ზონად გამოცხადდა. „წითელი არმიის” ლატვიაში შეჭრამდე გერმანელებმა ქვეყნიდან თანამემამულეები გახიზნეს, რაც კომუნისტებისთვის მწვანე შუქის ანთებას ნიშნავდა. ძლევამოსილ ჯარს არ გასჭირვებია მცირე ქვეყნის დაპყრობა. დაპყრობას რეპრესიები და ათეულობით ათასი ადგილობრივის გადასახლება მოჰყვა. დაკავებულებს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სამსახურში ყოფნას ედავებოდნენ.

საბჭოთა ოკუპაცია წელიწადნახევარი გაგრძელდა. პაქტის დარღვევის შემდეგ, 1941 წელს, უკვე გერმანელები შეიჭრნენ ლატვიაში. ახლა უკვე ისინი დაერივნენ ლატვიელ კომუნისტებს საბჭოთა რესპუბლიკის ერთგულების გამო. ბუნებრივია, ნაცისტებს არც საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობა დავიწყებიათ. 70 000 ლატვიელი ებრაელი ემსხვერპლა ბალტიურ ჰოლოკოსტს.

1944 წელს კი საბჭოთა კავშირის ძალები ხელახლა დაბრუნდნენ ლატვიაში. ამჯერად ქვეყნის მოსახლეობას ტყვედ ყოფნისა და ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით გაუსწორდნენ. უამრავი ლატვიელი საზღვარგარეთ გაიქცა, ბევრს გულაგებში მიუჩინეს ადგილი.

წარმოიდგინეთ, მეოცე საუკუნის ხუთწლიან პერიოდში მცირერიცხოვანი ლატვიელი ხალხი სამჯერ ააოხრეს. სამივე შემთხვევაში ხალხისა და სახელმწიფოს მოსპობაში მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე არაჰუმანური და სასტიკი რეჟიმები მონაწილეობდნენ. ხუთი წლის განმავლობაში დამპყრობლებმა ქვეყანაში თითქმის მთლიანად მოსპეს ორი ეროვნული უმცირესობა და ლატვიის შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი.

თურმე ჩვენს მახლობლად გასული საუკუნის განმავლობაში ჩვენზე უფრო გატანჯული სახელმწიფოებიც არსებობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი