ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

შვილები როგორც მასწავლებლები

„ოდესმე გიგრძნია, რომ დედა ან მამა არ გისმენენ, როცა რაიმეს ეუბნები? კი? ჰოდა, ზუსტად დეიზივით ყოფილხარ. დეიზის მათთვის თუნდაც ის რომ ეთქვა, თმაზე ცეცხლი გიკიდიათ ან ფოსტალიონი ძაღლმა შეჭამაო, მხოლოდ ამას უპასუხებდნენ: „კარგი, საყვარელო“, ან „მიდი, ბებოს უთხარი“, ან „ვერ ხედავ, რომ ტელეფონით ვლაპარაკობ?!“

ალბათ ყველას გვეცნო ეს სიტუაცია – ვცდილობთ, თავიდან მოვიშოროთ პატარა, როდესაც რაღაც „ძალიან მნიშვნელოვან“ საქმეს ვაკეთებთ, ან მნიშვნელოვან საქმეზე ვსაუბრობთ ტელეფონით, ან საკუთარ ლეპტოპში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და გადაუდებელი პროექტის დასრულებას ვჩქარობთ. ამ დროს კი პატარამ, რომელსაც შესაძლოა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბის შეტყობინება სურდეს, ეს ვერ მოახერხოს და ასე გამოგვეპაროს ის ფაქტი, რომ ჩვენს სახლში უზარმაზარმა მარტორქამ დაიდო ბინა, ჩვენ კი ვერ შევამჩნიეთ, იმიტომ რომ, მაგალითად, სარეცხს ვფენდით, ჭურჭელს ვრეცხავდით და ა.შ.

„მარტორქები ბლინებს არ ჭამენ“ ჩემი სამი წლის შვილის ერთ-ერთი საყვარელი წიგნია. მასაც უყვარს შთაბეჭდილებების გაზიარება, ცხოველები და საინტერესო ამბების კითხვა. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად ვცდილობ, საქმეები, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვანია, შვილების თანდასწრებით არ ვაკეთო და ის მცირე დრო, რომელსაც ერთად ვატარებთ, საინტერესოდ იყოს დატვირთული. ვიყო უფრო მეტად ყურადღებიანი, ვიდრე ვიყავი წინა დღეს და ნამდვილად ვიფიქრო იმ სიტყვებზე, რომლებსაც ისინი მეუბნებიან.

დეიზის და მისი ოჯახის დაუპატიჟებელი იისფერი სტუმარი სწორედ საუზმის დროს შემობრაგუნდება სამზარეულოში და დეიზის ბლინს გაღეჭავს. ასე იწყება გოგონას და მარტორქის მეგობრობის ისტორია. მეგობრებს დიდი გულისტკივილი აქვთ – დეიზი წუხს იმაზე, რომ მშობლები არ უსმენენ, ზოოპარკიდან გამოპარულ მარტორქას კი მშობლები ენატრება. ორი არსება ერთმანეთს თავ–თავის გულისტკივილს უზიარებს და მათი მეგობრობაც უფრო მტკიცე ხდება.

დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ წიგნის ავტორები, ანა კემპი და სარა ოგილვი, აი, ასე უტრირებულად მიანიშნებენ მშობლებს, რომ რაღაც ვერ არის რიგზე, როცა ისინი შვილებს არ უსმენენ და ვერც მათ უზარმაზარ პრობლემებს ამჩნევენ.

სინამდვილეში კი ყველაფერი გაცილებით გამარტივდება, თუ დღის განმავლობაში ნახევარ საათს გამოვყოფთ და ამ მცირე დროს სრულფასოვნად გავატარებთ მათთან. ბავშვებს ისეთი რამეებიც ახალისებთ, როგორიც მათი საყვარელი ანიმაციის ერთად ყურებაა, ერთად ხატვა ან გაფერადება, ბლინების ცომის მომზადება ან თუნდაც ტანსაცმლის სწრაფად დახარისხება და უჯრებში ასევე სწრაფად ჩალაგება. მათ ყველაფერი ართობთ და ამხიარულებთ, რასაც ერთად ვაკეთებთ, თუ ჩვენი სივრციდან არ გავუშვით და საშუალება მივეცით, ბოლომდე გამოხატონ თავიანთი აზრი, გულწრფელად გვითხრან თავიანთი სათქმელი, გვიამბონ ბაღზე, იქ მომხდარ ამბებსა და ახალ მეგობრებზე. ამის შემდეგ ისინიც ბედნიერები და კმაყოფილები არიან. ოღონდ ეს ყველაფერი ისეთსავე პასუხისმგებლობას მოითხოვს, როგორსაც სამსახურის საქმე ან მეგობრებთან საუბარი, რადგან ბავშვები კარგად ხვდებიან, ნამდვილად ყურადღებით უყურებ მათ საყვარელ ფილმს თუ უგულისყუროდ, არც ის გამოეპარებათ, რამდენად ხშირად გარბიხარ სამზარეულოში გაზქურაზე მოთუხთუხე კერძის დასახედად, მერე კი ჩამჭრელ კითხვებს გისვამენ და უყურადღებობაში გამოგიჭერენ.

მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს გვევალება, ვასწავლოთ შვილებს ისეთი რამეები, რომლებიც მათ ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის, ზოგჯერ ისინიც შეიძლება იქცნენ ჩვენს მასწავლებლებად და გვასწავლონ, როგორ ვიყოთ უფრო ემპათიურები, უფრო ყურადღებიანები, პასუხისმგებლობიანები, უფრო მეტად ვიფიქროთ ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელობაზე და გამოვნახოთ დრო ერთმანეთის მოსასმენად და გულისტკივილის გასაზიარებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი