პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ისტორიები საფეხბურთო ისტორიებზე

ფეხბურთი უცნაური რამაა. კაცმა შეიძლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში ათასობით მატჩი ნახოს, მაგრამ რომელიმე მნიშვნელოვანი საფეხბურთო სეზონიდან მხოლოდ ერთი საუცხოო პასი, დრიბლინგი ანდა უცნაურად დარტყმული ბურთი დაამახსოვრდეს. გავიხსენოთ, აბა – განა ყველა ასე არ ვართ?

ფეხბურთი, უპირველეს ყოვლისა, ცალკეული ეპიზოდებისაგან შედგება და ეს ეპიზოდები შესაძლოა ერთი შეხედვით არასაფეხბურთოც კი იყოს. სუარესის კბენა, მატერაცის მუცელში შეჩრილი ზიდანის შუბლი ანდა ლუიშ ფიგუსათვის ტრიბუნიდან გადაგდებული ღორის თავი ვინმეს შესაძლოა უმნიშვნელო ეგონოს, მაგრამ ფაქტია: მომავალში შესაძლოა ვერც წელი გავიხსენოთ და ვერც სეზონი, როცა ეს ამბები მოხდა, თუმცა საკუთრივ ასეთ მომენტებს ალბათ ვერასოდეს დავივიწყებთ.

ალბათ ამიტომაა, რომ ფეხბურთი არასოდეს ყოფილა და, იმედია, არც იქნება 90–წუთიანი რუტინა, რომელთა განმავლობაშიც 22 გადარეული ერთ ბურთს დასდევს და, როგორც ფეხბურთზე გამწყრალ ადამიანებს უყვართ ხოლმე თქმა, “რა ყრია ამ ყველაფერში?“ ფეხბურთი ზეთისხილივითაა – ან ძალიან უყვართ, ან ეჯავრებათ და კონკრეტულ ადამიანებზეა დამოკიდებული, ამ სიძულვილს როგორ გამოამჟღავნებენ. თუმცა ამ შემთხვევაში სხვა რამაა მნიშვნელოვანი.

თბილისის “დინამოს“ უფროსი თაობის გულშემატკივრებისგან ალბათ ყველას მოგვისმენია საუბრები 60–იანი წლების ლეგენდარულ “დინამოზე“ და იმაზეც, თუ რა სასწაულებს სჩადიოდნენ მიშა მესხი და სლავა მეტრეველი. საუბრობენ “მესხისტებსა“ და “მეტრეველისტებზე“, რომლებიც ხშირად სტადიონის განივ ტრიბუნებზე ორივე მხარეს ყიდულობდნენ ბილეთებს, რათა საყვარელი ფეხბურთელის ფლანგზე თამაში ორივე ტაიმში კარგად ენახათ. არაერთხელ მითხოვია ამ ხალხისთვის, ზუსტად გაეხსენებინათ თუნდაც ერთი სეზონი, გარდა ბედნიერი 1964 წლისა (როდესაც “დინამოს“, როგორც იქნა, ეღირსა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა), მაგრამ, სამწუხაროდ, კონკრეტული მატჩების გახსენება უჭირთ. აი, ცალკეული ეპიზოდები კი, იცოცხლეთ, უამრავი ახსოვთ. ესეც იმაზე მეტყველებს, რომ ცალკეული ამბებია მთავარი და ფეხბურთიც ალბათ ამიტომაა სპორტის გამორჩეული სახეობა.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ლეგენდარულმა რობერტო ბაჯომ საბოლოოდ გადაწყვიტა ფეხბურთიდან წასვლა და ბუცები კედელზე დაკიდა, ერთი თბილისელი ბიჭი ამტკიცებდა, ჩემი ახლობელი იტალიაში ცხოვრობს და იმან მითხრა, რომ ბაჯოს თამაში კიდევ შეეძლო, მაგრამ როცა ბუდისტი გახდა, ბუდისტმა ბერებმა ურჩიეს, ფეხბურთისთვის თავი დაენებებინა და ხათრი ვერ გაუტეხაო. რასაკვირველია, აღმოჩნდა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა – რობერტოს კარიერის დასრულებაში ბუდისტ ბერებს არავითარი წვლილი არ მიუძღოდათ. მაშ, რატომ თქვა ბიჭმა ასეთი რამ? რიგითმა ქართველმა ქომაგმა იცოდა სამი მაგიური სიტყვა: “ბაჯო ბუდისტი გახდა“; დანარჩენი კი მარტივად აიხსნება: ბუდისტი გახდა? მაშასადამე, ბუდისტ ბერებსაც იცნობს. ბერები? როგორ გაიგებენ ისინი ფეხბურთისადმი ვნებას, როდესაც თავად არასოდეს უთამაშიათ?.. ჰოდა ამბავიც დაიბადა…

ზოგი წუწუნებს, რომ ფეხბურთი აღარ არის ის, რაც წინათ იყო, რომ უფრო და უფრო ემსგავსება ბიზნესს. შესაძლოა, მათი შიში გამართლებულიც იყოს, მაგრამ წინა მუნდიალიდან, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ოთხი წელი გავიდა, ყველაზე მეტად ლეო მესის დამჟავებული სახე და სუარესის ნაკბენი გვახსენდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი