სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს სიკვდილზე

ნახევარი წლის წინ ჩემს ხუთი წლის ძმისშვილს მამა გარდაეცვალა და ერთ-ერთი პირველი საგანგაშო კითხვა, რომელიც იმ კრიტიკულ დღეებში დაისვა, იყო, რა ვუთხრათ ბავშვს, მამას რომ მოიკითხავსო. ჯერ დიდი ბჭობა და თათბირი გაიმართა, ვინ დაელაპარაკებოდა და გააგებინებდა ამ ამბავს გონიერ პატარა ბიჭს, რომელიც, ბუნებრივია, მალევე დასვამდა უამრავ კითხვას. განიხილეს ერთი ვარიანტი, განიხილეს მეორე ვარიანტი, იფიქრეს იმაზე, იფიქრეს ამაზე და საბოლოოდ არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. ერთხმად გადაწყდა, რაკი ყველაზე მეგობრულად მე ვიყავი მის მიმართ განწყობილი, ეს ამბავიც მე მეთქვა.

მერე განხილვის მეორე სერია გაიმართა – რა მეთქვა. აქ აზრი ორად გაიყო. ერთ მხარეს მიაჩნდა, რომ იმის თქმა ჯობდა, თითქოს მამა სადღაც წავიდა და მალე დაბრუნდებოდა, მეორე მხარე ფიქრობდა, რომ დამალვას აზრი არ ჰქონდა, თანაც ბავშვი იმსახურებდა სიმართლის ცოდნას. მხარეებმა ბევრი იკამათეს, მოიშველიეს რკინის არგუმენტები, არ დაინდეს ერთმანეთი და რაკი ვერ შეთანხმდნენ, ისევ მე დამეკისრა ვალდებულება, როგორც სწორად მივიჩნევდი, ისე მოვქცეულიყავი.

მთელი ღამე ვფიქრობდი, რანაირად ჯობდა თქმა – პირდაპირ თუ შელამაზებულად, ან როგორი ემოციით… ოთახიდან ოთახში დავდიოდი და გონებაში ტექსტს ვალაგებდი, ადგილს ვარჩევდი, სადაც წავიყვანდი და მშვიდად დაველაპარაკებოდი. ამ მდგომარეობაში ვიყავი, როცა წიგნების თაროსკენ გავიხედე და „ბაბუს კუნძულმა“ მომჭრა თვალი.

„ბაბუს კუნძული“ ბრიტანელი მწერლისა და ილუსტრატორის ბენჯი დეივისის ილუსტრირებული საბავშვო წიგნია, რომელიც ქართულ ენაზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა (მთარგმნელი – დავით გაბუნია). წიგნი ბავშვისთვის გასაგები, მარტივი ენით და საოცარი ნახატებით გვიყვება, რა სევდიანია ახლობლის დაკარგვა. ნაწარმოებში მოქმედება ბაბუისა და შვილიშვილის გარშემო ვითარდება. ხანში შესული ბაბუა პატარა ბიჭუნას მფრინავი გემით წაიყვანს საოცარ კუნძულზე, სადაც ყოველთვის მზეა და ლივლივა ზღვაში ცურვა ნებისმიერ დროს შეიძლება. კუნძულზე უამრავი ცხოველი და ფრინველია, შეგიძლია, სახლი აიშენო ხეზე და მთელი დღე ინებივრო. აქ ცუდი არაფერი ხდება, ცხოვრება ბედნიერი და ჰარმონიულია, არაფერი გემუქრება – არავითარი ტკივილი, სევდა და იმედგაცრუება, დილით ადრე ადგომას და სკოლაში წასვლას არავინ დაგაძალებს, შეგიძლია, იმდენი ბანანი ჭამო, რამდენიც მოგესურვება და გარეთაც იმდენ ხანს იყო, რამდენიც გაგიხარდება. სწორედ ამ კუნძულზე ატარებენ მთელ დღეს ბაბუა და შვილიშვილი, საღამოს კი უკან ბრუნდებიან. მეორე დღეს ბიჭუნა ისევ მიაკითხავს ბაბუას, მაგრამ ის შინ არ დახვდება. ბიჭი წერილიდან შეიტყობს, რომ ბაბუ კუნძულზე გაემგზავრა საცხოვრებლად.

წიგნი მარტივი ენით ცდილობს აუხსნას ბავშვებს, რომ ადამიანები, რომლებიც გვიყვარს, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან, რომ არ ღირს მათზე დიდხანს დარდი, რადგან ისინი კარგად არიან და კუნძულზე განცხრომაში ატარებენ დროს.

სწორედ ეს წიგნი წავუკითხე მეორე საღამოს პატარა ნიკოს, ბაბუ მამით შევცვალე, პატარა ბიჭუნას კი ნიკო დავარქვით.

ბავშვი ყურადღებით მისმენდა, გზადაგზა მაჩერებდა, ცხოველების ამოცნობას ცდილობდა, უნდოდა, დაწვრილებით გაეგო, როგორი იყო ცხოვრება კუნძულზე. მეც არ დავზარდი, ყველა კითხვაზე ვუპასუხე, ვცდილობდი, გამემდიდრებინა მისი წარმოდგენა კუნძულზე, სადაც მამა წავიდა. ავუხსენი, რომ მამა დაიღალა ამდენი პრობლემით: სულ სამსახური, მუშაობა, ბრძოლა… მანაც გადაწყვიტა, რომ ასეთი ცხოვრება აღარ უნდოდა და კუნძულზე გადასახლდა. ისიც ვუთხარი, რომ დიდი, ძალიან დიდი ხნის შემდეგ ჩვენც წავიდოდით იქ – მეც, დედაც, ბებიაც, ბაბუაც, ყველა, ვინც მას უყვარს, იქ კი მამა დაგვხვდებოდა, რომელიც ჩვენს მისვლამდე დიდ სახლს ააშენებდა ხეზე; ყველა ერთად ვიცხოვრებდით და ბედნიერები ვიქნებოდით. დავპირდი, რომ იმდენი სათამაშო ექნებოდა, რამდენიც მოუნდებოდა და ბევრს ითამაშებდა, ვერც დედა აიძულებდა წყალწყალა სუპის ჭამას და აღარც დილით გავაღვიძებდით ბაღში წასასვლელად.

მერე შევთანხმდით, რომ ბევრს არ ვიდარდებდით, რომ დარდით ვერაფერს შევცვლიდით – უფრო მეტად შევაწუხებდით ჩვენს საყვარელ ადამიანს, თანაც, სინამდვილეში, ის ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნებოდა და როცა მოგვინდებოდა, დაველაპარაკებოდით.

მას მერე ტრადიციად გვექცა – როცა ერთად ვიძინებთ, დაძინებამდე აუცილებლად მთხოვს კუნძულის ამბების მოყოლას. მეც ვუყვები, რა ხდება იქ, როგორ აშენებს მამა სახლს, როგორ აგროვებს ნიკოსთვის სათამაშოებს, როგორ გველოდება და როგორ ზრუნავს შორიდან ჩვენზე. ნიკოსაც ძალიან უხარია, ხან გულით იცინის, ხან დაფიქრებული მისმენს და ცდილობს, არც ერთი სიტყვა არ გამოეპაროს.

თანდათან ყველაფერი დალაგდა. ჯერ საფლავზე წაყვანა მოგვთხოვა, მერე ისიც თქვა, ვიცი, რომ გარდაიცვალაო, ყველაფერი გაიგო ნელ-ნელა, მაგრამ არაფერი აღმოჩნდა მისთვის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კუნძული და ბედნიერი ცხოვრება ბევრ ცხოველსა და ფრინველთან ერთად ქვიშიან პლაჟზე, მარადიულ ზაფხულში.

დღემდე, როცა ვინმეს მოწყენას შეამჩნევს, ღიზიანდება, არ მოსწონს, როცა ვდარდობთ, ვტირით, განვიცდით. ხანდახან ვფიქრობ: თითქოს ყველაზე დაუცველი და პატარაა, მაგრამ მასთან შედარებით ჩვენ, ზრდასრულები, უფრო ვართ პატარები, ჩვენთვის უფრო რთულია საყვარელ ადამიანთან განშორება, იმის აღიარება, რომ ადამიანები ასე უბრალოდ არ მიდიან, რომ ისინი სულ ჩვენთან არიან. სწორედ ამიტომ მგონია, რომ დამალვას აზრი არ აქვს, ყოველთვის გამოინახება სწორი სიტყვები, სწორი ამბები, ყოველთვის მოხერხდება ბავშვთან ნებისმიერ თემაზე ლაპარაკი, სხვა თუ არაფერი, ერთი წიგნი მაინც იქნება თაროზე, რომელიც მოგვიყვება, რომ სადღაც შორს, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, არის კუნძული, სადაც ყველა ბედნიერია. მჯერა, რომ ჩვენ უფრო დავკარგეთ ძმა, შვილი, ქმარი, მეგობარი; ბავშვისთვის მამა არსებობას კიდევ დიდხანს გააგრძელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი