როგორ გავაღვიძოთ შემოქმედებითი ბუნება?

განათლებისათვის ინტელექტუალური განვითარება არ კმარა. იგი იმდენივე ყურადღებას უნდა უთმობდეს ემოციურ განვითარებას. თანამედროვე საზოგადოებაში ჩვენ ხშირად ვაწყდებით ინტელექტისა და გრძნობის კონცეპტებს შორის უთანხმოებას. დღეს ადამიანთა გამოცდილებები ძირითადად აზროვნების გამოცდილებებია, ვიდრე უშუალო ემოციური შეგრძნებები, ის, რასაც ხედავს, ის, რასაც ისმენს. ფაქტობრივად კონცეპტთა ასეთმა გათიშვამ თანამედროვე ინდივიდი თითქმის შიზოიდურ კონდიციამდე მიიყვანა.

ა.ს. ნილი

 

როცა ცხოვრება მოსაწყენი ხდება, როცა აცნობიერებ, ყოველდღიური ცხოვრების მექანიკურობას, როცა ადამიანსა და რობოტს შორის ზღვარი სულ უფრო იშლება და ადამიანი ემგვანება წინასწარ დაწერილ პროგრამას…  ფიქრობ, საიდან იწყება ეს ყველაფერი… რატომ არ არის ადამიანი ბედნიერი? საერთოდ, რას ეძებს იგი? რა როლი აქვს ადამიანს ამ მომხმარებლურ სამყაროში? – მოიხმაროს, რაც შეიძლება მეტი ნივთი და სხვა დანარჩენიც, როგორც ნივთი (ე. წ. სულიერი საკვები) და თავადაც იყოს „მოხმარებული“. ყველაფერი დაგეგმილია, ყველაფერი განსაზღვრულია – ბედნიერება და თავისუფლებაც კი… მხოლოდ ასე იმუშავებს სისტემა. სწორედ ამაზე წერს ფრომი: „ეკონომიკური სისტემა ინდივიდს აიძულებს მოერგოს საყოველთაო ტენდენციებსა და თამაშის წესებს. ქმნის ნახევრად მექანიკურ არსებას, რომელსაც უნდა მოიხმაროს მეტი და მეტი საქონელი. სისტემა ქმნის ინდივიდს, რომლის გემოვნება სტანდარტიზებულია, რომელზეც ფსიქიკური გავლენის მოხდენა ადვილად შეიძლება. სისტემას სჭირდება მასა, რომელიც თავს დამოუკიდებლად და თავისუფლად გრძნობს, თუმცა მათი ოცნებები და მისწრაფებებიც კი წინასწარ განსაზღვრულ ჩარჩოებს არ სცილდება, მასა, რომელიც სოციალური მანქანის სახელით მოირგებს ინდივიდებს, როგორც ჭანჭიკებს, იმართება ძალდაუტანებლად, რომელსაც ადვილად უხელმძღვანელებ ლიდერების გარეშეც (დეტალური ანალიზი ინდუსტრიული სისტემისა და ინდივიდის მახასიათებელი შტრიხების ურთიერთობაზე იხილეთ: E. Fromm, The Sane Society, Rinehart and Co. Inc., New York, 1955.)

ყველაფერი კი სკოლიდან იწყება. განათლება ქმნის „ჯარისკაცებს“, მომავალ მომხმარებლებს, ჭანჭიკებს, რგოლებს, სტანდარტიზებულებს, „გადახრის“ წინასაწრ დაგეგმილი სტანდარტით. შედეგად კი ვიღებთ რუტინულ ცხოვრებას. სისტემა კი მუშაობს, მაგრამ…

თანამედროვე სკოლის კლიმატი სწორედ ასეთი მექანიკური ადამიანის აღზრდას შეესაბამება. ადამიანში რომ შემოქმედებითობა და ინდივიდუალობა გააღვიძო, სკოლებში სხვა კლიმატი უნდა შეიქმნას. სწორედ ამ კლიმატზე საუბრობდა თანამედროვე განათლების ექსპერტი კენ რობინსონი, რომელიც ამბობდა, რომ ყველა ადამიანში თვლემს შემოქმედის პოტენციალი და შესაბამისი კლიმატის შექმნით და ამ კლიმატის კონტროლით შეგვიძლია შემოქმედებითი ადამიანის აღზრდაო. ამ იდეას ის საუკეთესოდ გამოხატავს „მკვდარი ხეობის“ მეტაფორით. ხეობა მკვდარი იყო იმიტომ, რომ იქ წვიმა არ მოდიოდა… ერთხელაც ნალექი მოვიდა ამ მკვდარ ხეობაში და გახრიოკებული ხეობა აყვავდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე ყოველთვის მიმდინარეობს, თვლემს და შესაბამისი კლიმატის შექმნით შესაძლებელია მისი გაღვიძება. „განათლების მკვდარი ხეობის“ მეტაფორით მთავარი სათქმელი გადმოცემულია: შეცვალე განათლების სისტემა, სკოლის ცხოვრება და შეიცვლება ადამიანი. თითქოს ბავშვი ნიადაგია, რომელშიც ყოველგვარი მცენარის თესლია და მხოლოდ ის აღმოცენდება, რომლისთვისაც შესაბამის კლიმატს შექმნი.

ა.ს ნილის ბავშვის აღზრდის „რადიკალური მიდგომის“ მეთოდის გაცნობისას პირველ რიგში, რობინსონი გამახსენდა: ძალდაუტანებელი, „თავისუფლებით აღზრდა“ ნილის მთავარი მეთოდია სამერჰილის სკოლაში. თუ ეს მოხდა სამერჰილში, ეს შეიძლება მოხდეს ყველგან, სადაც საამისო მზაობა იქნება.

ერიჰ ფრომი განიხილავს და აჯამებს რა ნილის სისტემას, გამოჰყოფს რამდენიმე ძირითად დებულებას, რომელთა შორის ყველაზე საინტერესოდ მეჩვენება შემდეგი:

„განათლების მიზანი, ფაქტობრივად ცხოვრების მიზანი – საყვარელი საქმის სიხარულით კეთება და ბედნიერების ძიებაა. ბედნიერება კი, ნილის თანახმად, ნიშნავს უწყვეტ ინტერესს – იყო ცნობისმოყვარე ცხოვრების მიმართ, ანდაც, როგორც მე მესმის, უპასუხო, რეფლექსია მოახდინო ცხოვრებაზე არა მხოლოდ ტვინით, არამედ მთელი ინდივიდუალურობით, ხასიათის თავისებურებებითა და ემოციურობით“.

თანამედროვე განათლების სისტემისთვის განსაკუთრებით უცხოა, ე.წ. ემოციური ინტელექტი, რადგან განათლება მეტწილად ეფუძნება დასწავლას და არა „კეთებას“. თითქოს, ყველაფერი ვერბალური, ლინგვისტური გახდა და ადამიანი აღარ განიცდის სიტყვით მოტანილ ემოციას (ან განიცდის სტანდარტულ ემოციებს), აზრს, შეგრძნებებს; მთავარი ინფორმაციაა და ინფორმაციის დაგროვება და არა ის, აცნობიერებს თუ არა ადამიანი ამ ინფორმაციას, ცოდნას. დიახ, რუსთაველის ცნობილი აზრი ისევ გამახსენდა ამჯერადაც: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს, ფილოსოფოსთა ბრძნობისა“. „არა ვიქმ“-ში მაინცდამაინც მატერიალური საგნების შექმნა არ იგულისხმება, „ქმნა“ – არის გაცნობიერება, როდესაც ცოდნა ისე მოქმედებს ჩვენზე, რომ იწვევს ჩვენს ცვლილებას. მაგრამ მხოლოდ ლინგვისტურად და სიტყვებით ზემოქმედება ცოდნას არ შეუძლია, აუცილებელია მისი „მიღება“ ემოციურად, შეგრძნებებით, მთლიანად, მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროთი. აი, სწორედ ამგვარი მიღებაა პრობლემა. თანამედროვე ადამიანს დახშული აქვს შეგრძნებები და ძალიან ბევრისთვის სრულიად გაუგებარი იქნება ის, რის შესახებაც ახლა ვწერ.

ა.ს ნილი წიგნში – „აღზრდა თავისუფლებით“ – საუბრობს თანამედროვე სკოლაზე, როგორც ჩაკეტილ სისტემაზე, როდესაც სკოლაში მიღებული განათლება სკოლის კედლებს არ სცილდება და საერთოდ არ არის დაკავშირებული ცხოვრებასთან. ბავშვს კი ყოველთვის ბუნებრივი ინტერესი ამოძრავებს, ის სავსეა სიყვარულის პოტენციალით და ცნობისმოყვარეობით, ამიტომ თუ გავყვებით მის ცნობისმოყვარეობას და ისე მივაწვდით ცოდნას, მაშინ დაძალება და დასჯა აღარ იქნება საჭირო.

მაგრამ დაბადებისთანავე თუ ჩვენ ცხოვრება ყველაფერს გამზადებულს გვახვედრებს და ხელისკვრით გვაგდებს მკვდარ სისტემაში, როგორ უნდა მოახერხოს ადამიანმა აქედან გამოსვლა? თუ არც ოჯახში, არც სკოლაში არ გაუღვივებენ ინტერესს? შეთავაზებულ თანამედროვე სისტემაში ყველაფერი ისე ხდება, რომ ბავშვების ინტერესს აღვივებენ კი არა, კლავენ, რადგან ბავშვის ცნობისმოყვარეობა არ შეესაბამება ცხოვრებას. და რა არის ცხოვრება…? ვიღაცისგან დაგეგმილი სისტემა, მეტი მოგების მიღების მიზნით..?  მერე გავიხსენებთ ილიას ამ ფრაზას: “თუ წუთის-სოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკის ნაბადსა”, რა თქმა უნდა, „გათელვა“ არ მოგვინდება და ჩათრევას ჩაყოლას ვამჯობინებთ, ჩაყოლის შედეგი კი ისაა, რომ ვერასოდეს ამოვალთ იმ ჭაობიდან, რასაც ვიღაცამ „ცხოვრება“ დაარქვა. იქნებ უფრო ადეკვატური ყოფილიყო ილია ჭავჭავაძის ამ ფრაზების გახსენება:

„ადამიანი, ბუნება, ცა, ქვეყანა, მსოფლიო – ერთი დიდებული წიგნია, უცნაურს ენაზედ დაწერილი. მეცნიერება ამას სთარგმნის უხატებო, უსურათო სიტყვით, პოეზია კი – ხატებითა და სურათითა”.

ადამიანს კი მთლიანობისთვის ორივე სჭირდება: მეცნიერებაც და ხელოვნებაც… სწორედ ამას შეესაბამება ჩვენი თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები, მეტაფორულად ამ ნახევარსფეროებს მეცნიერებისა და ხელოვნების ნახევარსფეროებსაც უწოდებენ. რატომ უნდა ვიყოთ „ნახევრები“, როცა შეგვიძლია გავამთლიანოთ ცოდნაც და საკუთარი თავიც.

 

კომენტარები

comments