პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ გავაუმჯობესოთ მოსწავლეების წერითი კომუნიკაციის უნარი – რეფლექსიები

წერითი კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად მასწავლებელმა მრავალფეროვანი დავალებები უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს. ერთ-ერთი ასეთი დავალებაა რეფლექსიების წერა. მიუხედავად იმისა, რომ რეფლექსია პირველ პირში იწერება და ნაწერი, ერთი შეხედვით, თითქოს არაფორმალურ ხასიათს ატარებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსწავლე უნდა გაცდეს და გაარღვიოს აკადემიური ჩარჩოები. თუმცა, თუკი ჩარჩოების გარღვევა კრეატიულად მოხდება, მაშინ გადაცდენა მისასალმებელიც კი იქნება. ეს ყველაფერი მასწავლებლის შესაფასებელია და მან უნდა უთხრას მოსწავლეებს, როგორი რეფლექსია იქნება მისთვის მისაღები და ჩაეთვლება თუ არა მოსწავლეს ყველა ტიპის რეფლექსია შესრულებულ დავალებად. როდესაც სიტყვა შეფასებას ვხმარობ, არ ვგულისხობ იმას, რომ მასწავლებელი რეფლექსიებს ნიშნით უნდა აფასებდეს. ამის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს. რეფლექსიის წერა მოსწავლისთვისაც სახალისო უნდა იყოს და მასწავლებელიც დამატებით ტვირთს არ იკიდებდეს კლასში ამ კომპონენტის შემოტანით. კარგია, თუკი თითო მოსწავლე სემესტრში ერთ რეფლექსიას მაინც დაწერს. ეს სამუშაო მას დაეხმარება, იყოს თანმიმდევრული, არ გამორჩეს დეტალები, ჩაუღრმავდეს საკუთარ სუსტ მხარეებს და გააანალიზოს ძლიერი მხარეები. რაზე დავაწერინოთ რეფლექსია? მე გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, რომელმაც ძალიან გაამართლა.

სანამ რეფლექსიას დაწერდეს, კარგი იქნება, თუკი მოსწავლეს ვთხოვთ, მოახდინოს დისკუსიის ინიცირება (ერთი შესწავლილი ტექსტი და ერთი ან მეტი დისკუსია, გააჩნია, რომელ ტექსტზე რამდენი საათია გამოყოფილი და რამდენად იძლევა რამდენიმე დისკუსიის ჩატარების საშუალებას ერთი ტექსტი. თუ ტექსტი ვრცელია, მაშინ ოთხი დისკუსია სავსებით მისაღებია. თუკი ტექსტი მხოლოდ ერთი ლექსია, მაშინ, ცხადია, რომ მოსწავლის მიერ ინიცირებულ დისკუსიაზე საუბარიც კი ზედმეტია). ასეთ დროს მოსწავლე დროებით ითავსებს მასწავლებლის როლს. მოსწავლე აუცილებლად წინასწარ უნდა გავაფრთხილოთ, რომ კლასში მომზადებული მოვიდეს. მან სახლში იმ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება უნდა შეძლოს, რომელიც განსაკუთრებულს გახდის მის მიერ ინიცირებულ დისკუსიას. ჩვენი, მასწავლებლების, როლი ამ დროს ისაა, დავეხმაროთ მოსწავლეებს, შეძლონ სანდო ინფორმაციის მოძიება, შევაფასოთ, სწორ გზაზე დგანან თუ არა, საჭიროების შემთხვევაში დავუსახელოთ წყაროები, დამხმარე ლიტერატურა, რომელსაც უნდა დაეყრდნონ, ინტერნეტრესურსები და ა.შ.

როგორ ხდება დისკუსიის ინიცირება? როდესაც გავდივართ რომელიღაც ნაწარმოებს, სხვადასხვა საკითხია ასახსნელი. ამ საკითხთა შორისაა მწერლის ბიოგრაფია, ეპოქის მიმოხილვა, ზოგიერთი კულტურული და სოციალური ასპექტი, მხატვრული სახეები, სტილისტური და ენობრივი სპეციფიკა, ჟანრული თავისებურებანი. მოსწავლის მიერ ინიცირებული დისკუსია არ არის აუცილებელი, მხოლოდ ერთმა მოსწავლემ მოახდინოს. ინიცირებული დისკუსიის მოთავე ერთდროულად ორი, სამი ან ოთხი მოსწავლეც შეიძლება იყოს – გააჩნია, რა თემაა განსახილველი, რამდენად შესაძლებელია, მოხდეს ამ თემის დანაწევრება ერთი დისკუსიის ფარგლებში მცირე ნაწილებად და რამდენად აჯობებს თემის დაყოფა საკითხის შესასწავლად.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ვასწავლით მიხეილ ჯავახიშვილის რომანს „ჯაყოს ხიზნები“. ამ ნაწარმოებზე მოსწავლეებს მრავალფეროვანი დისკუსიის ინიცირება შეუძლიათ. მაგრამ მოსწავლეები უნდა მივაჩვიოთ მთავარს, იყვნენ თანმიმდევრულნი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ, როდესაც, მაგალითად, საუბარია მხატვრულ სახეებზე, ბოლომდე ამოწურონ საკითხი და არ გადახტდნენ ერთიდან მეორეზე.

გთავაზობთ სხვადასხვა სტრატეგიას, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია დისკუსიის ინიცირება:

1.მოსწავლემ მოიძიოს და შეარჩიოს ფილმი (ცხადია, საუბარია რომელიღაც ერთ მონაკვეთზე და არა სრულ ფილმზე), რომელიც, მისი აზრით, გადაიზრდება ისეთ დისკუსიაში, რომელიც, თავის მხრივ, დაეხმარება თანაკლასელებს ტექსტის, ნაწარმოების რომელიმე ეპიზოდის, მწერლის მიერ წამოჭრილი აქტუალური პრობლემის, სოციალური ან კულტურული ფონის უკეთ გასაგებად – ან უფრო ზუსტად, მწერლის სათქმელის ამოსაცნობად. ფილმის გარდა ამ როლის შეთავსება, ანუ მედიუმის როლის მორგება, შეუძლია სხვა ვიზუალურ მასალასაც. „ჯაყოს ხიზნების“ შესწავლისას მოსწავლეს შეუძლია აჩვენოს ის კადრი ფილმიდან „ფრანით მორბენალი“, როცა ამირი ჭუჭრუტანიდან უყურებს, როგორ აუპატიურებენ ჰასანს ასეფი და მისი თანამზრახველები. დისკუსიამ, რომელიც მოჰყვება ამ კადრს, მოსწავლეებს უნდა ამოაცნობინოს მწერლის სათქმელი. რა სათქმელია ეს? მოსწავლე, რომლის ინიცირებულიცაა დისკუსია, უხსნის თანაკლასელებს, რომ ასეფი მომავალში თალიბანის აქტივისტი გახდება, თალიბანი კი ანგრევს და მიწასთან ასწორებს ავღანეთს, წელში გადატეხავს მოსახლეობას, განსაკუთრებით ჰაზარა მოსახლეობას, მოკლედ, თალიბანი ყველანაირად იძალადებს საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე. ასეფი თალიბანის სიმბოლოა, ჰაზარა ჰასანი ავღანეთია, ხოლო ამირი ავღანელი ხალხი. ხალიდ ჰოსეინისთვის სამშობლო პატარა ბიჭია, რომელსაც ვერ იცავს მეგობარი/ძმა. ამ დისკუსიის ინიცირებისთვის მოსწავლეს უნდა ჰქონდეს მომზადებული ამონარიდი ჰომეროსის პოემის მეექვსე სიმღერიდან ამონარიდი, რომელიც აჩვენებს, რომ ჰომეროსის „ილიადაშიც“ ჰექტორის სიკვდილი გაიგივებულია ტროას დაცემასთან. შესაბამისად, სხვადასხვა კულტურაში სამშობლო ხან მდედრობითი სქესისაა (მადლობა ჩემს კოლეგას, რომელმაც ამ დისკუსიის ინიცირების პროცესში მომაწოდა იდეა, მოსწავლისთვის მერჩია ირაკლი თოიძის პლაკატი „დედასამშობლო გვეძახის“) და ხანაც – მამრობითის, ხოლო მას ვერ იცავს ხან მეუღლე, ხან ძმა, ხანაც – დედა (აქ ვგულისხმობ ნაბოკოვის „ლოლიტას“, რომლის ერთი წაკითხვაც [ნაბოკოვი წინააღმდეგია წაკითხვისას ალეგორებისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭებით] გულისხმობს იმას, რომ ლოლიტა ავტორის ბავშვობის დროინდელი რუსეთია, რომელსაც ვერ იცავს დედა და, რომელზეც ძალადობს ჰუბერტ ჰუბერტი). ჩემი მოსწავლეების მიერ ინიცირებული ეს დისკუსია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ნაწარმოების შესწავლისას. იმის ნაცვლად, რომ მოსწავლეებს თუთიყუშებივით ემეორებინათ, მარგო საქართველოა, ჯაყო ოკუპანტი და თეიმურაზი ქართველი ხალხიო, ისინი თავად მივიდნენ დასკვნამდე. ამ დისკუსიის დროს „უბის წიგნაკის ჩანაწერებიც“ ძალიან დაგვეხმარა.

  1. საქმე ისაა, რომ სკოლაში მე ორ შეწყვილებულ გაკვეთილს ვატარებ და თითქმის ორი საათი საკმარისი დროა კარგი დისკუსიის სრულფასოვნად ჩასატარებლად. თუ თქვენ ეს დრო არა გაქვთ, მაშინ მოსწავლემ შეიძლება წარმოადგინოს „ჯაყოს ხიზნების“ ყდის რამდენიმე ფოტო (ადვილად იძებნება ელემენტარული დაგუგლვითაც) და თხოვოს თანაკლასელებს ილუსტრაციების ანალიზი. არ შეიძლება, რომ მოსწავლეები ვერ გავიდნენ მთავარზე და ვერ ამოიცნონ მწერლის სათქმელი ილუსტრაციების მეშვეობით.
  2. კონტექსტის გასაგებად ძალიან ხშირად სწორ მიმართულებას გვაძლევს მწერლის ბიოგრაფიისა და ეპოქის შესწავლა, ასევე კულტურული და სოციალური ასპექტების შესახებ საკმარისი ინფორმაციის მიღება. თუკი არცერთი ასპექტის შესწავლას არ გავყავართ ნაწარმოების იდეის სწორად გასახსნელად, მაშინ დისკუსია წარუმატებელი იქნება. ინიცირებული დისკუსიის მიზანი ისაა, რომ მოსწავლეებმა დამატებითი რესურსის დახმარებით შეძლონ ნაწარმოების გაგება. თუკი რესურსები ნაწარმოების იდეისა და მწერლის სათქმელის გაგებაში არ გვეხმარება, მაშინ აზრი არა აქვს დისკუსიას. მოსწავლე ინიცირებული დისკუსიის ჩატარების წინ რამდენიმე ხნით ადრე უნდა დაუკავშირდეს მასწავლებელს, რომ მასწავლებელმა შეძლოს მისი/მათი სწორ გზაზე დაყენება, მითითებების მიცემა და, რაც მთავარია, დისკუსიის მიზნის გამოკვეთაში მოხმარება. რა და როგორ ეს თავად მოსწავლემ უნდა მოიფიქროს. აუცილებელია, მასწავლებელმა ისიც გაითვალისწინოს, რომ ჯგუფის მიერ დისკუსიის ინიცირებისას ერთი მოსწავლე არ უნდა იყოს გამწევი ძალა ან ლოკომოტივი, ჯგუფის დანარჩენი წევრები კი მატარებლის მგზავრები. ჯგუფის ყველა წევრს თანაბარი წვლილი უნდა ჰქონდეს ინიცირებული თემის მომზადების საქმეში, თუნდაც კლასში მათი როლი ჯეროვნად არ წარმოჩინდეს. მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებიდან კონკრეტული ეპიზოდების გახსენება კარგი იქნება დისკუსიის ინიცირებისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეპოქის დამახასიათებელი იმ ნიშნების გამოკვეთა, რომლებსაც რომანშიც ვხვდებით. მაგალითად, ნაშინდარის დაკავშირება დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ფერთან ან დასავლეთის როლზე (1924 წლის აჯანყებულთა მოლოდინები, რომ მათ დასავლეთი დაეხმარებოდა), რომელიც რომანში ორჯერ აისახა (მაგალითად, როდესაც პერსონაჟი გასცქერის დასავლეთს. ცხადია, რომ დასავლეთი აქ ტყუილად არაა ნახსენები, ისევე როგორც ზაფხული, როცა მოქმედება მიმდინარეობს).
  3. ხანდახან მოსწავლეებს ინიცირებული დისკუსიის დროს არ სჭირდებათ ვიზუალური მასალა. საკმარისია მხოლოდ კარგი შეკითხვების მოფიქრება, რომლებიც მიმართულებას მისცემს დისკუსიას. ასეთი შეკითხვების მომზადებას მაინც დიდი დრო სჭირდება, რადგან მოსწავლე მზად უნდა იყოს თანაკლასელთა ნებისმიერი პასუხისთვის, უნდა იცოდეს, რა შემთხვევაში რა შეკითხვა უნდა დასვას და როგორ უნდა გაართვას თავი მოდერირების პროცესს – მან ხომ უნდა მოახერხოს, რომ მისი გაკვეთილი არ გადაიზარდოს ჩხუბში და არ გასცდეს აკადემიურობის ფარგლებს. შესაძლოა, მოსწავლემ მოინდომოს და დრო მიუძღვნას იმ საკითხების განხილვასაც, რომელიც მან ვერ გაიგო კარგად და ჰგონია, რომ დისკუსია საუკეთესოდ დაეხმარება მას საკითხის გასარკვევად.

მოსწავლის მიერ ინიცირებული დისკუსიისას ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ მეც, მასწავლებელიც ისევე ვიღებ მონაწილეობას დისკუსიაში, როგორც ჩემი დანარჩენი მოსწავლეები, თუკი ამის სურვილს დისკუსიის ინიციატორი გამოთქვამს. თუ მას ეს არ უნდა, მე ჩვეულებრივი დამკვირვებელი ვარ.

მთავარი, რისთვისაც ეს დისკუსიები გვჭირდება მაინც ის არის, რომ ამ დისკუსიის შემდეგ მოსწავლემ ან მოსწავლეებმა, რომლებმაც დისკუსია მოაწყვეს, უნდა დაწერონ რეფლექსია. მათ უნდა აღწერონ, როგორ წარიმართა გაკვეთილი, შედგა თუ არა მათი ჩანაფიქრი, შესრულდა თუ არა დასახული მიზანი. ეს რეფლექსია, სულ ცოტა, 500 სიტყვიანი უნდა იყოს (თითო მოსწავლემ ერთი რეფლექსია უნდა დაწეროს დისკუსიის ჯგუფის მიერ ინიცირების შემთხვევაშიც. რეფლექსია არ უნდა იყოს საერთო, რადგან საბოლოო მიზანი მაინც წერითი კომუნიკაციის უნარის განვითარებაა). რეფლექსიაში აუცილებელია, მოსწავლემ ობიექტურად გააანალიზოს დისკუსიის სუსტი და ძლიერი მხარეები. მათ რეფლექსია მხოლოდ სხვების პასუხებზე კი არ უნდა ააგონ, არამედ უნდა წარმოადგინონ საკუთარ გეგმები და მიზნები. სანამ რეფლექსიის წერას დაიწყებენ, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ მან რამდენიმე შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი: რომელი თემის ინიცირება მოხდა და როგორ დაეხმარა შემოთავაზებული რესურსი საკითხის გააზრებისას; თავიდან რომ ჰქონდეთ ჩასატარებელი დისკუსია, რას შეცვლიდნენ; რა გამოუვიდათ ყველაზე კარგად და რას ვერ გაართვეს თავი. ასევე მათ უნდა გასცენ პასუხი შეკითხვას, რა არ იცოდნენ, რა არ ესმოდათ და რა გაიგეს უკეთ პროცესის შემდეგ. რეფლექსია არ უნდა იყოს მხოლოდ იმის აღწერა, რაც მოხდა გაკვეთილზე. რეფლექსია უნდა დაეხმაროს მოსწავლეს, გააცნობიეროს თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები.

როდესაც შემაჯამებელ წერას დავაწერინებთ, მოსწავლეები უკვე მომზადებულები  იქნებიან, თავი გაართვან ნაშრომს. მანამდე მათ საკუთარი მოსაზრებაც ჩამოუყალიბდებათ (იმის ნაცვლად რომ ჩვენი და სხვა ავტორიტეტების აზრები თუთიყუშებივით იმეორონ), არგუმენტებიც საკმარისად ექნებათ (თანაკლასელებთან დისკუსია არგუმენტების ჩამოყალიბებისა და კონტრარგუმენტების წარმოსაჩენად საუკეთესო გზაა) და წერაშიც გავარჯიშებულებიც იქნებიან – ამაში ხომ სახელდახელო ნაწერები და რეფლექსიები დაგვეხმარება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი