შაბათი, თებერვალი 4, 2023
4 თებერვალი, შაბათი, 2023

სკოლაში შესვლის ჯადოსნური ასაკი

კარგი იქნებოდა პირდაპირ და მოკლედ შეგვეძლოს  თქმა, რომელია სკოლაში შესვლის ის ჯადოსნური ასაკი, რომელიც ბავშვის სკოლაში წარმატების წინაპირობა იქნება. 5 წელი და 364 დღე? არა. 5 წელი და 366? შესაძლოა. მოკლედ, ამ თემაზე დებატებმა ცოტა არ იყოს უხერხული ფორმა მიიღო. სკოლაში შესვლისთვის საუკეთესო ასაკის ცალსახად თქმა ძნელია, რადგან სკოლისთვის მზაობა, ბავშვის ასაკის გარდა, ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდება. სანამ პრობლემის მთავარ საკითხზე გადავალ, თვალი გადავავლოთ არგუმენტებს, რომლებიც ხშირად გვესმის ბოლო დროს სასკოლო ასაკთან დაკავშირებით. 

6 წლამდე ბავშვი არ არის მზად სკოლისთვის სოციალურად, ემოციურად, ფიზიკურად, კოგნიტურად.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს ძლიერი არგუმენტია, მას რამდენიმე სუსტი მხარე აქვს. პირველ რიგში, გააჩნია, როგორი სკოლისთვის მზაობაზე ვსაუბრობთ. თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. ადრეულ ასაკში ბავშვები ძალიან ინტენსიურად ვითარდებიან და მართლაც, საშუალოდ 5 წლის ბავშვებს უფრო გაუჭირდებათ მერხთან 25 წუთის განმავლობაში ჯდომა, ვიდრე 6 წლის ბავშვებს. მიუხედავად ამისა, ძალიან რთულია იმის თქმა, რომ ერთ დღეში ან სამ კვირაში სწორედ ის გარდამტეხი, განვითარების თვისებრივად ახალი ეტაპი დაიწყება, რომელიც ასე საჭიროა პირველი კლასში წარმატებული ტრანზიციისთვის. 

ამასთანავე, ზუსტად ერთსა და იმავე ასაკის ბავშვებს შორის (მაგალითად, ზუსტად 6 წლისა და 1 თვის ბავშვები) მნიშვნელოვანი განსხვავებები გვხვდება იმ ცოდნასა და უნარებს შორის, რომლებსაც ისინი ფლობენ. ამ ვარიაციებს მრავალი შინაგანი და გარე ფაქტორების ურთიერთქმედება განაპირობებს. ჩვენ უბრალოდ მიჩვეულები ვართ ბავშვების ობიექტივაციას, თორემ ისინი ისეთივე უნიკალურები არიან, როგორც ჩვენ. მკვლევრები ბავშვებზე დაკვირვებისას (ხშირად ხელოვნურად დადგმულ ექსპერიმენტებში, და არა ბუნებრივ სიტუაციებში უნარების და ცოდნის გამოვლენის პროცესში), აგროვებენ მეცნიერულ მტკიცებულებებს, რომ მაგალითად 6 წლისა და 2 თვის ბავშვებს საშუალოდ უკეთ გამოსდით ესა და ეს, ვიდრე მათზე 4 თვით უმცროსებს. „საშუალოდ” კი შესაძლოა ნიშნავდეს, რომ 6 წლის და 2 თვის ბავშვების 35%-ს გაუჭირდა დავალების შესრულება, ხოლო 5 წლის და 10 თვის ბავშვების 35%-მა მშვენივრად გაართვა თავი. ამიტომ ამგვარი განზოგადებები ყოველთვის პირობითია და მისი ბუნებიდან გამომდინარე ვერ ასახავს იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ნებისმიერი ასაკის ბავშვების ჯგუფში გვხვდება. 5 წლისა და 10 თვის ბავშვი, რომელიც მაღალი ხარისხის საბავშვო ბაღში დადიოდა, შესაძლოა ბევრად უფრო „მზად” იყოს სოციალურ-ემოციურად და კოგნიტურად სკოლაში შესვლისთვის ვიდრე 6 წლისა და 3 თვის ბავშვი ასეთი გამოცდილების გარეშე.  

ზემოთ მოყვანილი არგუმენტის ბაზისს წარმოადგენს ბავშვის განვითარების საფეხურებად დაყოფა, რაც გულისხმობს სხვადასხვა ასაკში განვითარების გარკვეულ დონეს, რომელიც თვისობრივად განსხვავებულია წინა საფეხურისგან. თუმცა, უკანასკნელ ათწლეულებში სხვადასხვა ქვეყანასა და კულტურაში ჩატარებული კვლევები ეჭვქვეშ აყენებს ამ საფეხურების უნივერსალურობას და მრავლად წარმოადგენს არგუმენტებს „საფეხურების” სოციალური და კულტურული საფუძვლების შესახებ. დასავლურ კულტურაში (კულტურებში) შესაძლოა აღშფოთება გამოიწვიოს სხვა კულტურაში არსებულმა აღზრდის პრაქტიკამ და სხვადასხვა ასაკში ბავშვების მიმართ არსებულმა მოლოდინებმა, მაგალითად როდესაც 3 წლის ბავშვებს 2 თვის და-ძმას ანდობენ მოსავლელად, 2 წლის ბავშვებს კი – მაჩეტეს, ქოქოსის გასატეხად. ბავშვები მშვენივრად ართმევენ ამ საქმეებს თავს. ყოველივე ეს სრულიად განსხვავდება იმ მოლოდინებისგან, რომელიც ჩვენ გვაქვს 2 და 3 წლის ბავშვების მიმართ, იმ წარმოდგენებისგან, რაც გვაქვს ამ ასაკში მათი სოციალურ-ემოციური და ფიზიკური განვითარების შესახებ. სწორედ ამიტომ, ბავშვის ტიპური განვითარებისა და განვითარების საფეხურების შესახებ მსჯელობისას მეტი სიფრთხილე გვმართებს, მით უმეტეს, როდესაც მსჯელობა დროის მეტად მოკლე პერიოდს ეხება. 

6 წელი ოპტიმალური ასაკია სკოლაში შესვლისთვის, რასაც ყველა ქვეყანა ითვალისწინებს.

სკოლაში შესვლის ისეთი ოპტიმალური ასაკის დადგენა, რომელსაც ყველა ქვეყანა ასეთად მიიჩნევს, მეტად რთული იქნებოდა, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში პირველ კლასში მოსწავლეთა მიმართ სხვადასხვა მოლოდინები, სწავლების მეთოდები, კურიკულუმი, ბავშვის ავტონომიურობის ხარისხი და წესები არსებობს. გასაკვირიც არ არის, რომ სწავლა პირველ კლასში სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ასაკში იწყება. მართალია, ბევრ ქვეყანაში სავალდებულო განათლებაში შესვლისთვის განსაზღვრულია 6 წელი, მაგრამ ამავდროულად მრავლად არის განსხვავებული მოდელებიც. ბევრგან ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ განათლებას სავალდებულო განათლებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე იწყებს. ირლანდიაში ბავშვების უმრავლესობა სკოლაში 4-დან 5 წლამდე შედის, აშშ-ს შტატების უმრავლესობაში, ე.წ. „ქინდერგართენ”-ში 5 წლის ასაკის ბავშვები შედიან, ახალ ზელანდიაში კი თითოეული ბავშვი სკოლაში სწავლას იმ დღიდან იწყებს, როდესაც 5 წელი უსრულდება და ნელ-ნელა ემზადება სავალდებულო განათლების მიღებისთვის. შვედეთში ბავშვები პირველ კლასში 7 წლის ასაკში შედიან და ეს მაშინ, როდესაც თითქმის ყველა ბავშვი ძალიან მაღალი ხარისხის სკოლამდელ განათლებას იღებს. კლასი, რომელშიც 5 წლის ბავშვები შედიან, ისეთი არ არის, როგორც კლასი, სადაც 7 წლის ბავშვები იწყებენ სწავლას. 5 წლის ბავშვებს მეტი სივრცე აქვთ მოძრაობისთვის, მეტი შესაძლებლობა ეძლევათ თამაშისთვის, განსხვავებული, ასაკსა და განვითარებაზე მორგებული კურიკულუმი აქვთ და სწავლის პროცესი გაჯერებულია თამაშის ელემენტებით, უფრო მეტად, ვიდრე 7 წლის პირველკლასელთა კლასში. შესაბამისად, სკოლაში არსებული სწავლების მეთოდები, ფიზიკური გარემო, კურიკულუმი, დამოკიდებულებები ბავშვების მიმართ, ურთიერთობები და მათი ასაკობრივი შესაბამისობა განაპირობებს ბავშვის წარმატებას და არა ასაკი, როგორც დამოუკიდებელი ფაქტორი. ჩვენ შეგვიძლია დავსვათ კითხვა, არის კი ჩვენი სკოლები მზად 6 წლის ბავშვებისთვის? ან 6 წლისა და 11 თვის ბავშვებისთვის? არის თუ არა სკოლა მზად თუკი პირველკლასელები ისევ ჩამწკრივებულ მერხებთან ზიან, როგორც უწინ, თუ იშვიათად ეძლევათ საშუალება იმუშაონ პატარა ჯგუფებში, თუ მასწავლებელი ისევ დაფასთან დგას და ხმამაღალი ტონით ცდილობს გადაფაროს ბავშვების ზუზუნი და ა.შ.
რა არის მნიშვნელოვანი, რაც წარმატებულ და ერთმანეთისგან განსხვავებულ სისტემებში ბავშვის მიერ სკოლის წარმატებით დაწყების საფუძველს ქმნის? 

1.სკოლამდელი განათლება;

2.ბავშვის სასკოლო მზაობის ნაცვლად ფოკუსირება ტრანზიციის პროცესზე.

ამ მნიშვნელოვან საკითხებს სწავლის დაწყებაზე მსჯელობის პროცესში, ჩვენთან, სამწუხაროდ, ძალიან მცირე ყურადღება ეთმობა. 

სკოლამდელი განათლება 

სკოლამდელი განათლება, რომელიც პასუხობს ბავშვის და თემის საჭიროებებს, ხელს უწყობს ბავშვის პოტენციალის გამოვლენას, მის მრავალმხრივ განვითარებას. ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს სკოლაში აკადემიურ წარმატებას და სოციალური-ემოციურ განვითარებას. სკოლამდელი ასაკი ადამიანის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რომლის პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობას დღეს-დღეობით ჩვენი განათლების სისტემა ხელიდან უშვებს. საბავშვო ბაღებში არ არსებობს სკოლამდელი განათლების ხარისხის მონიტორინგის მექანიზმები. 3-5 წლის ბავშვების დაახლოებით 40% არ არის ჩართული სკოლამდელ განათლებაში, ბევრგან უბრალოდ არ არის საბავშვო ბაღი, სხვაგან კი – არასაკმარისია. დიდ ქალაქებში დიდი მოთხოვნის გამო საბავშვო ბაღის ჯგუფებში ორჯერ მეტი ბავშვია, ვიდრე უნდა იყოს. სკოლამდელი განათლების საფეხურზე ბავშვებს მეტი ინდივიდუალური ყურადღება და ზრუნვა სჭირდებათ, სწორედ ამიტომ, როგორც წესი, სკოლამდელ ასაკში ბავშვებისა და მასწავლებლის თანაფარდობა ჯგუფში უფრო დაბალია, სკოლაში კი შედარებით მაღალი. შედარებით დიდი ჯგუფები და ნაკლები ავტონომია სხვა ფაქტორებთან ერთად ის სიახლეებია, რომლებთანაც ბავშვებს სწავლის დასაწყისში უწევთ შეგუება. ჩვენთან კი რა ხდება? ქალაქებში საბავშვო ბაღების ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა 40-45-ია, პირველ კლასში კი ამ რაოდენობის დაახლოებით ნახევარი. ირონიულად ჟღერს, მაგრამ  იქნებ 5 წლის ბავშვმა უკეთესი გამოცდილება მიიღოს სკოლაში, რადგან იქ გონიერი და მოხერხებული მასწავლებელი უმალ უკეთ მოახერხებს ინდივიდუალიზებას და სწავლების ბავშვის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებას, ვიდრე ბაღის აღმზრდელი, რომელიც 45 ბავშვთან ჯგუფში 9-საათიანი სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების გარეშე მუშაობს. 

ტრანზიციის პროცესი

ჩვენთან სასკოლო მზაობის შესახებ მსჯელობა ძირითადად ბავშვის ასაკის და მისი მზაობის გარშემო ტრიალებს. რამდენიმე წლის წინ, სახელმწიფომ დაუშვა 5 წლის ბავშვების პირველ კლასში სწავლა, რამაც ექსპერტთა აღშფოთება და მშობელთა ზომიერი კმაყოფილება გამოიწვია. რამდენიმე წლის შემდეგ სახელმწიფომ აკრძალა 5 წლის ბავშვების პირველ კლასში სწავლა, რამაც ამჯერად მშობელთა აღშფოთება, თუმცა ექსპერტთა კმაყოფილება გამოიწვია. პრობლემა კი ბავშვის ასაკში სულაც არ არის. პრობლემა იმაშია, რას დავახვედრებთ ბავშვებს, როდესაც მოვლენ სკოლაში, რას ვითხოვთ მათგან და როგორ ვეხმარებით, რომ მათთვის ახლებური სიტუაცია და გარემო, გამოწვევებით სავსე პერიოდი ნაკლებად სტრესული იყოს და, პირიქით, მოახდინოს მათი ცნობისმოყვარეობის, განვითარების, სწავლის სიყვარულის სტიმულირება. ამიტომ, დროა ტრანზიციის პროცესზე როგორც მთლიანობაზე ისე დავიწყოთ ფიქრი. ათწლეულებია სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევების შედეგად დაგროვდა ცოდნა, რომელიც რეკომენდაციებს იძლევა, როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვებს იმისთვის, რომ ადრეული განათლებიდან (საბავშვო ბაღში თუ შინ) სკოლაში ტრანზიცია ეფექტური იყოს. კვლევები იმასაც ამბობენ, რომ გარდამავალ პერიოდს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მომავალი წარმატებისთვის, სწავლისადმი დამოკიდებულებისთვის და ა.შ. ბავშვები, რომლებსაც პირველ კლასში შესვლის მომენტისთვის არ მოსწონთ სკოლა, როგორც წესი, პირველ კლასს ამავე განწყობით ამთავრებენ. რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ბავშვებს, მიუხედავად იმისა 6 წლის და ერთი დღის იქნება თუ 6 წლის და 364 დღის, წარმატებული გარდამავალი პერიოდი ჰქონდეთ?

პირველ რიგში, ალბათ ღირს დავინტერსდეთ, რატომ სურთ მშობლებს ბავშვის სკოლაში ადრე მიყვანა? ძნელია იმის დაჯერება, რომ თუკი მათ აქვთ ზოგადი ინფორმაცია ადრეულ ასაკში განვითარების შესახებ, ამ ასაკში თამაშით სწავლის მნიშვნელობის შესახებ და საქართველოში პირველ კლასებში ამ კუთხით სრულიად შეუსაბამო პრაქტიკის შესახებ, ისინი მაინც მოისურვებენ ბავშვების სკოლაში წაყვანას (შედარებით იშვიათი შემთხვევებისა, რომლებიც შესაძლოა სოციოეკონომიკური გარემოებებით იყოს განპირობებული). თუმცა, ეს ალბათ ნაკლებად შეეხება იმ მშობლებს, რომელთა ბავშვებს სწავლის დაწყებიდან ერთ ან ორ კვირაში შეუსრულდებათ 6 წელი, რადგან მათი დარწმუნება ამ ასაკში სკოლის „შეუსაბამობის” შესახებ უფრო გაგვიჭირდება. შესაძლოა ახალ პოლიტიკას სასკოლო ასაკთან დაკავშირებით ძირითადად სექტემბერ-ოქტომბერში დაბადებული ბავშვების მშობლები ეწინააღმდეგებიან, ან მხოლოდ ისინი, ვისი ბავშვებიც ბაღში დამამთავრებელ ჯგუფში არიან და არ იციან სად წაიყვანონ ბავშვი მომავალ წელს, ან ისინი, ვინც უბრალოდ არ არის კარგად ინფორმირებული ადრეულ ასაკში განვითარებისთვის შეუსაბამო პრაქტიკის უარყოფითი შედეგების შესახებ. მოკლედ, მშობლების მოსაზრებები და მოტივაცია მნიშვნელოვანია პოლიტიკის სამომავლო მიმართულებების ფორმირებისთვის. 

იმისათვის, რომ ტრანზიცია წარმატებული იყოს, მნიშვნელოვანია სკოლამდელი განათლების დაწესებულებებსა და სკოლას შორის თანამშრომლობა. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს სკოლამდელი ასაკის ბავშვების გაცნობით ვიზიტებს სკოლაში, საუბარს სკოლის შესახებ, სკოლის შესახებ ბავშვების ინტერესების დაკმაყოფილებას. ბავშვებს ექმნებათ სწორი მოლოდინები, წინასწარ იციან, რომ სკოლაში რაღაცეები შეიცვლება, ეცნობიან სკოლის ფიზიკურ სივრცეს. სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მუშაობს პრაქტიკა, სადაც სკოლამდელი განათლების დაწესებულებები სკოლას უზიარებენ ინფორმაციას მათი პროგრამისა და მეთოდების შესახებ, ბავშვების გამოცდილების, ინტერესებისა და საჭიროებების შესახებ. სკოლის მასწავლებელი ამ ინფორმაციას ყურადღებით და გულისხმიერებით ეკიდება და უზრუნველყოფს, რომ განსაკუთრებით პირველი პერიოდი ჰგავდეს ბავშვების წარსულ გამოცდილებას და მოიცავდეს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა თამაში, არჩევნის შესაძლებლობა, ბავშვის მეტი ავტონომიურობა, ხალისი, იუმორი. 

იმისათვის, რომ სკოლაში ტრანზიციის პერიოდი ბავშვისთვის ნაკლებად სტრესული იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია თავად ბავშვების აზრის მოსმენა და მათი სურვილებისა და გრძნობების გათვალისწინება.  ექსპერტებსა და მშობლებს შორის ბრძოლაში, სადაც ორივე მხარე მიიჩნევს, რომ იცის რა სურთ და სჭირდებათ ბავშვებს, თავად ბავშვების ხმა საერთოდ დაკარგულია.  

მშობლები ყველაზე კარგად იცნობენ თავიანთ შვილებს და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება შეუძლიათ, როგორ დავეხმაროთ ბავშვებს ტრანზიციის პროცესთან უკეთ გამკლავებაში. მეორე მხირვ კი, მათ თავადაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ ბავშვის სკოლისთვის ემოციურად მომზადებას, სწავლისადმი პოზიტიური მიდგომის ჩამოყალიბებას, დაეხმარონ ბავშვს სირთულეების გადალხვაში და ა.შ., განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვს საბავშვო ბაღში არ უვლია. ბევრ მშობელს შესაძლოა არ ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია, როგორ მოამზადოს ბავშვი სკოლისთვის და როგორ დაეხმაროს მას ტრანზიციის პროცესში. ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობა სხვადასხვა მხარეებს შორის (სკოლამდელი დაწესებულება, ოჯახი, სკოლა) თანმიმდევრული და სენსიტიური გარემოს შექმნისთვის აუცილებელი წინაპირობაა, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვს წარმატებით გაართვას თავი ახალ როლს.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი