ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ცოდნის ეფექტურად აგებაში

მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს მოსწავლეებს გზა, რომელიც მათ დაეხმარებათ სამყაროს უკეთ შემეცნებაში, დაგეგმოს ისეთი აქტივობები, რომლის დროსაც მოსწავლე პასიური სწავლების პროცესიდან აქტიური სწავლების ფაზაში გადადის, რაც ხელს უწყობს მათი კოგნიტური აზროვნების განვითარებას. რას მოიცავს აღმოჩენით სწავლა და როგორ შეიძლება საკლასო ოთახში მისი ეფექტურად გამოყენება, ამაში დაგვეხმარება პიაჟესა და ვიგოტსკის მეთოდები ცოდნის აგების შესახებ. პიაჟე კოგნიტური კონსტრუქტივიზმის წარმომადგენელია, ხოლო ვიგოტსკი სოციალური კონსტრუქტივიზმის ფუძემდებელი, პიაჟეს მოსაზრებით ”კონსტრუქტივიზმი – შემეცნების თეორიაა, რომლის მიხედვით ინდივიდი თავად ახდენს ცოდნის ”კონსტრუირებას”გარემოსთან”. ამ პროცესის მიხედვით სწავლა აქტიური პროცესია, მოსწავლე თავად იძიებს პრობლემას, მასწავლებელი კი დამხმარეა, ვიგოტსკისთან განხილულია, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური კომუნიკაცია ცოდნის აგების დროს და ასევე ნაჩვენებია ის გზები, როგორ ჩავრთოთ მოსწავლე აქტიურ სასწავლო პროცესში. ისტორიის სწავლება აუცილებლად უნდა იყოს მორგებული ახალგაზრდა თაობის მოთხოვნილებაზე, არსებული პრობლემების და ამ პრობლემების გადასაჭრელი გზები მკაფიოდ არის გაწერილი ევროკლიოს კვლევაში. ”ახალი ცოდნის” აღმოჩენაში მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს უკეთ შეასწავლოს ისტორია კონსტრუქტივისტური მეთოდებით, რომლის მთავარი მიზანია, რომ მოსწავლეებმა წინარე ცოდნაზე დაყრდნობითა და მასწავლებლების ხელშეწყობით ააგონ რეალური ისტორია. პროექტგაკვეთილი, რომელიც განხილულია სტატიაში ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერს როგორ სწავლობენ მოსწავლეები ახალი ცოდნის აგებას. პროექტგაკვეთილი სრულიად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისაგან, იგი სცილდება სასწავლო პროგრამას.

საკითხის ლიტერატურული მიმოხილვა – თანამედროვე კონსტრიქტივისტული აზროვნება მნიშვნელოვნად ეფუძნება პიაჟესა და ვიგოტსკის ნაშრომებს. შვეიცარიელი ფსიქოლოგი და ინტელექტის განვითარების თეორიის ავტორი გახლავთ ჟენევის უნივერსიტეტის პედაგოგიური და ფსიქოლოგიური ლაბორატორიის დირექტორი ჟან პიაჟე (1896-1980წ.წ.), რომელმაც შექმნა ბავშვთა აზროვნების განვითარების სკოლა. მის თეორიაში ძირითადი ადგილი უკავია კოგნიტური სქემების ცნებას. ”კონსტრუქტივიზმი – შემეცნების თეორიაა, რომლის მიხედვით ინდივიდი თავად ახდენს ცოდნის ”კონსტრუირებას”გარემოსთან”. ამ პროცესის მიხედვით სწავლა აქტიური პროცესია, მოსწავლე თავად იძიებს პრობლემას. მასწავლებელი კი დამხმარეა, პიაჟე კოგნიტური კონსტრუქტივიზმის წარმომადგენელია, რომელიც ყურადღებით აკვირდება იმ პროცესს, თუ როგორ ხდება ახალი ცოდნის კონსტრუირება და გამოცდილებასთან დაკავშირება”. მისი აზრით, სუბიექტი აქტიურად შეიმეცნებს გარემოს, ცვლის მას (ასიმილაცია) საკუთარ გამოცდილებას ამატებს (აკომოდაცია) და ეს ყველაფერი ხდება არა პასიურად ცოდნის ათვისების პროცესში, არამედ გარემოსთან აქტიური ურთიერთქმედებისას. კოგნიტური კონსტრუქტივიზმის წარმომადგენელია პიაჟე, ხოლო სოციალური კონსტრუქტივიზმის ფუძემდებელია განვითარების და სოციალურ-კულტურული თეორიის დამფუძნებელი, რუსი ფსიქოლოგი ლევ ვიგოტსკი (1896-1934). მისი თეორია 4 მთავარ პრინციპს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ბავშვის ”ძირითადი განვითარება უნდა განიხილებოდეს სოციალურ-კულტურულ კონტექსტში. ბავშვი ცოდნას აგებს. ის არ ითვისებს პასიურად. სწავლა წინ უსწრებს უნარების განვითარებას”. ასევე საინტერესოა მეოთხე პრინციპი, მეტყველების როლი ფსიქიკურ აზროვნებაში, მეტყველება ის ”იარაღია”, რომლითაც მასწავლებელი გასცემს ცოდნას და ეხმარება მოსწავლეს ცოდნის მიღებაში. სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რის გაკეთებას შეძლებს ბავშვი დამოუკიდებლად და რის გაკეთებას სხვისი დახმარებით. ამის გასამიჯნად ვიგოტსკის შემოაქვს ”განვითარების უახლესი ზონის ”ცნება. კერძოდ თუ ბავშვი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს ამოცანისათვის თავის გართმევას, მას უნდა მივაშველოთ, ე.წ. ”ხარაჩო”. სწავლების პროცესი თანამშრომლობაა, მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს ცოდნის კონსტრუირებაში და ხელს უწყობს მისი უნარების განვითარებას.

რამდენად ეფექტურად შეგვიძლია დღეს ისტორიკოსებმა დავგეგმოთ სასწავლო პროცესი?!

(საერთაშორისო სიახლეები ისტორიის სწავლებაში . იოკე ვან დერ ლეუ-როდი ევროკლიოს დამფუძნებელი)

2008 წელს საჯარო განათლების შეფასების ჰოლანდიურმა ცენტრმა გამოაქვეყნა დასკვნა, სკოლის მნიშვნელოვანი როლის შესახებ ზოგადი ფასეულობების გადაცემის საკითში. ”ეს საკითხი ყველაზე მეტად ხორციელდება ისეთი საგნების მეშვეობით, როგორიცაა ისტორია და მოქალაქეობის საფუძვლები”. ისტორიის მასწავლებლების ნაწილი უფრთხის წარსულის ინსტრუმენტალიზაციას, მაგრამ ამავე დროს აანალიზებენ, რომ ისტორიის სწავლება ახალგაზრდა თაობის მოთხოვნილებებზე უნდა იყოს მორგებული. არ უნდა ისწავლებოდეს მხოლოდ წარსული ფაქტები, მთავარია მოსწავლემ შეიმეცნოს სამყარო, განვითარდეს მასში კრიტიკული აზროვნება და ”საკუთარის სახელმწიფოსადმი ეროვნული კუთვნილების გრძნობა ჩამოუყალიბდეს”. ევროკლიო ჩამოყალიბების დღიდან (1993 წ.) ხელს უწყობს ისტორიის სწავლების განვითარებას, იღვწის, რათა ისტორიის სწავლება გახდეს მრავალფეროვანი და ხელი შეუწყოს ინოვაციური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეს ორგანიზაცია საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს. ”უნდა მისცეს თუ არა სასკოლო ისტორიამ მოსწავლეებს ცოდნა და გააგებინოს წარსულისა და ისტორიული აზროვნების შესახებ” (დოქტორი ჩარა მაკრიიანი). 2006 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლებოდა ისტორიის თანმიმდევრული გახსენება, ვიდრე ფაქტებისა და შეხედულებების ერთმანეთისაგან გარჩევა, ასევე ისტორიული მოვლენების შეფასება ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერპრეტაციის გამოყენებით; ვან ბორიესისა და გრივერის კვლევებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებით აინტერესებთ უახლესი ისტორია. ამ კვლევებმა დაანახა საზოგადოებას ახალი კურიკულუმის შექმნის აუცილებლობა, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს ყურადღება გაამახვილონ არა მხოლოდ ფაქტების დაზეპირებაზე, არამედ ხელი შეუწყონ მოსწავლეებში კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას;

იმისათვის რომ სწავლება გავხადოთ ეფექტური, პროცესი უნდა შეესაბამებოდეს 21-ე საუკუნის მოთხოვნებსა და ე.ს.გ.-ს სტანდარტებს. აუცილებელია, დავეხმაროთ მოსწავლეებს ”ახალი ცოდნის” აღმოჩენაში. ჩვენ შეგვიძლია მოსწავლეებს ისტორია უკეთ შევასწავლოთ კონსტრუქტივისტური მეთოდებით, რომლის მთავარი მიზანია, რომ მოსწავლეებმა წინარე ცოდნაზე დაყრდნობითა და მასწავლებლების ხელშეწყობით ააგონ რეალური ისტორია, მათ თავად უნდა შეძლონ იმ სტერეოტიპებისა და პარადოქსების დანახვა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენ ირგვლივ. როგორ გავხდი მოსწავლის მეგზური, მრჩეველი და ”ხარაჩოს მიმწოდებელი”, ამას წარმოგიდგენთ კონკრეტულ მაგალითზე.

განვიხილავ ჩემს პროექტგაკვეთილს ”პარადოქსების პირისპირ”. პროექტგაკვეთილი სრულიად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან, იგი სცილდება სასწავლო პროგრამას, განპირობებულია აღმზრდელობითი მიზნით, რომელიც ჩემს მოსწავლეებს დაეხმარა ისტორიული ფაქტებისა და შეხედულების ერთმანეთისაგან გარჩევაში, ასევე ჩვენ მიერ გახორციელებული აქტივობები უფრო მეტად ხდის მოსწავლეებს მოტივირებულს უკეთ შეისწავლონ ისტორია და კრიტიკულად მიუდგნენ იმ ფაქტებს, თარიღებს, მოვლენებს რომელიც გვხვდება ისტორიაში, ლიტერატურაში, თუ ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში; პროექტგაკვეთილი ხელს უწყობს კომუნიკაციას, კრიტიკულ, ანალიტიკურ და შემოქმედებით აზროვნებას, საკუთარი აზრის გამოთქმას, ინფორმაციის დახარისხებას, მსჯელობა-ანალიზს, შეფასების უნარ-ჩვევების განვითარებას. კერძოდ, მოსწავლემ უნდა გამოიყენოს წინარე ცოდნა, მიიღოს ახალი ინფორმაცია, დამოუკიდებლად შეძლოს დამატებითი მასალის მოძიება, გამოკითხვა – კვლევის ჩატარება, ასევე შედეგის დაფიქსირება და შეფასება. საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ”ტრადიციები”, რომელიც მოკლებულია ისტორიულ რეალობას. ადამიანები ხშირად განსხვავებულად ხსნიან ერთსა და იმავე მოვლენას. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ მათ ერთმანეთისაგან განსხვავებული წინა გამოცდილება და ცოდნა გააჩნიათ. IX კლასელების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მცდარი წარმოდგენა აქვს 23 თებერვლის დღის ღირებულებაზე. რატომ არის ეს დღე ზოგისთვის ”ზეიმი” და ზოგისთვის ტრაგედია. იმისთვის, რომ მოსწავლემ თავად მიაგნოს პრობლემის დანახვისა და კრიტიკულად შეფასების გზებს, ჩამოვაყალიბე პროექტ გაკვეთილის მიზანი:

Øჩამოუყალიბდეთ მოსწავლეებს წარმოდგენა, როგორ მალავდნენ ისტორიულ ფაქტებს საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დროს;

Øჩამოუყალიბდეთ კრიტიკული მიდგომა წარსულის შესახებ არსებული ინფორმაციისადმი;

Øგანუვითარდეთ ურთიერთობის, კომუნიკაციის, დისკუსიის სწორად წარმართვის უნარი;

Øგანუვითარდეთ მიღებული ინფორმაციის განზოგადების, სინთეზისა და დასკვნების გამოტანის უნარი.

დავგეგმეთ შემდეგი აქტივობები:

1. აქტიური ლექცია (პრეზენტაციის ჩვენება საქართველო 1921 წლის 16-25 თებერვალი);

2. გამოკითხვა -კვლევა. კითხვარი წინასწარ ერთობლივად მოვამზადეთ. ჩატარებულმა კვლევამ გვაჩვენა, რომ საზოგადოებაში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს ამ დღის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ მოსწავლეებს უკეთ გაეგოთ, რამ გამოიწვია საზოგადოებაში მსგავსი პარადოქსები, კითხვები ქართულის მასწავლებელთან ერთად მოვამზადეთ.

3. ინტეგრირებული გაკვეთილისას, რომელიც მე და ქართულის პედაგოგმა ერთად შევიმუშავეთ, გამოვყავით ის აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლის ანალიტიკური უნარების გააქტიურებას. გაკვეთილზე ჯერ განვახორციელეთ გონებრივი იერიში, ვაჩვენეთ თვალსაჩინოება (2წთ) ”რატომ ულოცავენ ბიჭებს 23 თებერვალს”, რასაც მოჰყვა მინიდისკუსია. შემდეგ მოსწავლეები გადანაწილდნენ ჯგუფებად, რათა ერთობლივი კომუნიკაციით გაადვილებოდათ დავალების შესრულება, აეგოთ ახალი ცოდნა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა წინარე ცოდნაზე. ჯგუფებს დაურიგდათ უცხო ტექსტი, რომელსაც თან ახლდა კითხვები (განხორციელდა ხარაჩო). ამის შემდეგ ჯგუფები იწყებენ უკვე დამოუკიდებლად მუშაობას. ჯგუფებში მუშაობის დროს მოსწავლეები განიხილავენ ახალ ინფორმაციას, ისმენენ განსხვავებულ მოსაზრებას, კამათობენ და ეძებენ გზებს, როგორ მივიდნენ საერთო დასკვნამდე; შესრულებული დავალების შემდეგ იწყებენ პრეზენტაციას, რომელსაც მოყვება დისკუსია. მასწავლებლები ვეხმარებით მოსწავლეებს დისკუსიის სწორად წარმართვაში, ისინი საუბრობენ იმის შესახებ, რომ ნებისმიერი ისტორიული ფაქტი საჭიროებს კვლევას – შეიძლება არსებობდეს ცხოვრებაში პარადოქსები, არ უნდა დაიზეპირონ მხოლოდ ფაქტები. საჭიროა შეიმეცნონ და გაიაზრონ არსებული მასალის შესახებ არსებული კვლევები და თავად გააკეთონ დასკვნები.

მსგავსი აქტივობების განხორციელებაში კი მათ აუცილებლად უნდა დაეხმაროს მასწავლებელი. ერთობლივი მუშაობა ხელს უწყობს არა მარტო კოგნიტურ განვითარებას, არამედ მათ სოციალურ განვითარებას, მოსწავლეებში იზრდება მოტივაცია. სხვადასხვა თემების განხილვა თანატოლებში ხელს უწყობს ეფექტური სოციალური უნარ-ჩვევების შეძენას.
პროექტგაკვეთილი. IX კლასი
ნინო აბულაძე ტიციან ტაბიძის სახ-ის ქ. თბილისის №43-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი
გამოყენებული ლიტერატურა:
Øგანვითარებისა და სწავლის თეორიები. ავტორები: ნ. ჯანაშია, ნ. იმედაძე, ს. გიორგაძე; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2011 წ;
Øმასწავლებლის წიგნი. მე-9 კლასი. ბაკურ სულაკაურის გამოცემა
Øეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
Øსასწავლო პროცესის დაგეგმვა , მართვა , შეფასება ;მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
Øგანვითარებისა და სწავლების თეორიები. დამხმარე სახელმძღვანელო 2008 წ. გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევი დეპარტამენტი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი