ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სკოლა, ოჯახი და საზოგადოება – არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის

ოთხ მეთორმეტეკლასელს ერთ-ერთი  სწრაფი კვების ობიექტში შემთხვევით ვხვდები. ისინი იმ თემაზე ლაპარაკობენ ხმამაღლა, რომელზეც ახლა დავიწყე მუშაობა- არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია. ოღონდ, ეს შინაურული საუბარია, გულწრფელი, მეგობრებს შორის. მივდივარ და ვთხოვ, თუ სურვილი ექნებათ,   დამელაპარაკონ.  მთანხმდებიან, ოღონდ სკოლა არ უნდა დავასახელოთ. ოთხი მეთორმეტეკლასელი-  ნიკა, გიო, დავითი და ლუკა  იწყებენ საუბარს, თუ რა პრობლემები აქვთ მოზარდებს სკოლაში, ვინ შეიძლება  მათ დახმაროს, როდესაც კონფლიქტური სიტუაცია აქვთ . როგორ იცავენ თავს, რა როლი აქვს სკოლას და ოჯახს მოზარდის სრულფასოვნად ჩამოყალიბებაში, რა უბიძგებს მოზარდებს დანაშაულის ჩადენისკენ და ა.შ . ზოგჯერ რიგითობა ირღვევა, ერთმანეთს საუბარს აწყვეტინებენ, თუმცა მათი მოსმენა ძალიან საინტერესოა.

,, ჩვენ არ ვართ იდეალური ადამიანები, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შეგვიძლია, რომ არ ვართ პროვოკატორები, ანუ აგრესიის წყარო. ჩვენც გვიწევს არსამართლებრივი გზებით თავის დაცვა, ანუ ,,ჩვენით”. მართალია, ვგმობთ ქუჩის აკადემიას, მაგრამ ზოგჯერ მისი ელემენტები გამოგვიყენებია . შეიძლება ადამიანი იყოს ძალადობის წინააღმდეგი, მაგრამ მაინც უწევდეს მისი ელემენტების გამოყენება თავის დასაცავად. “- ამბობს ლუკა.

როდესაც გარემოს შეფასებას ვთხოვ, ისინი სკოლის შესახებ იწყებენ საუბარს.

,, ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ბავშვისთვის არის სკოლა. როგორია სკოლა, ეს ბავშვებისგან უნდა გაიგოთ, რადგან რეალური სიტუაცია მხოლოდ იმან იცის, ვინც იქ სწავლობს. სკოლები კი ძალიან განსხვავდება შინაარსით ერთმანეთისგან. გამიჭირდება იმის თქმა, სად არის ყველაზე უსაფრთხო და დაცული სკოლა, მაგრამ არის სკოლები, სადაც  კარგი სწავლაა და სადაც ბავშვებს აქცევენ დიდ ყურადღებას, მაგრამ ისეთი სკოლებიც არის, სადაც ბავშვები არ სწავლობენ, არ კონტროლდებიან და ,,სხვანაირ” ცხოვრებას მისდევენ. ეს სხვაობა სხვადასხვა გარემოს შორის  ბევრ რამეს განაპირობებს მომავალში. თუ არის ისეთი სკოლა, სადაც გარემო და ხალხი მობილიზებულია სწავლაზე, ბავშვებსაც ნაკლები აქვთ ინტერესი სხვა გზა აირჩიონ”.

ხორავას ქუჩის ინციდენტი, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა ჩვენი საუბრის თემაც ხდება. ბიჭები ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევის  დროს სკოლა ვერაფერს იზამს, რადგან სიტუაცია უკვე ქუჩაში ინაცვლებს, სადაც მანდატურს და სკოლის ადმინისტრაციას  აღარ შეუძლია გააკონტროლოს ვითარება. ,,მაინც ყველაფერი ისე მოხდებოდა, როგორც მოხდა” – ამ სიტყვებს ხშირად იმეორებენ და ამბობენ, რომ ყველაზე მთავარი იმ ღირებულებების და მენტალობის შეცვლაა, რომელიც მოზარდებს აქვთ და ,,ქუჩის აკადემია” ისევ აქტუალურია.

,,ინციდენტებისგან დაზღვეული არავინ არის. შეიძლება კარგ სკოლაში სწავლობდე, კარგი პირობები გქონდეს და ვიღაც შეგეჩეხოს ქუჩაში და რაღაც მოხდეს. კონფლიქტების მოგვარების მთავარი საშუალება არის ბავშვის ფსიქოლოგიის სწორად ჩამოყალიბება. გარემოში კი მარტო მასწავლებელი არ მოიაზრება, მიუხედავად იმისა, რომ მას მართლაც დიდი როლი აქვს, ვერც მასწავლებელი და ვერც   მანდატური საბოლოოდ ვერაფერს ვერ ცვლიან. ოჯახი, მშობლები, გარემო, ინტერესები, სპორტი და სკოლა, თუ ყველა ერთად არის ჩართული მოზარდის განვითარებაში, ალბათ რაღაც გამოვა. ის ბავშვები კი მაინც იჩხუბებდნენ ან მეორე დღეს, ან მესამე დღეს. თავიდან აგრესიულ ინციდენტებს  ცდილობ გაერიდო, მაგრამ თუ მოძალადე  ისევ აგრძელებს  ძალადობას და ზემოქმედებას, იძულებული ხდები უპასუხო. ზოგჯერ, არპასუხის შემთხვევაში უფრო უარესი ხდება. ყველა სხვადასხვანაირად მანევრირებს. ყველა მომენტში ვერ გაერიდები”- ამბობს ნიკა.

ვინ შეიძლება დაეხმაროს მოზარდს მსგავს სიტუაციაში, როდესაც მას კონფლიქტური სიტუაცია აქვს და გადაწყვეტის გზებიც  არავინ იცის როგორ განვითარდება. კლასელებიდან ერთ-ერთი დავითი ამბობს, თუ ვინ შეძლებდა მათ დახმარებას. ეს ალბათ უფროსი მეგობარი იქნებოდა. მისი თქმით,   ასეთ დროს, უმეტესწილად მშვიდობიანად გვარდება კონფლიქტი.

,,ძალიან არარეალურია კონფლიქტური სიტუაციის დროს მე-12 კლასელმა ბიჭმა მასწავლებელი ჩარიოს. ხშირად მშობელსაც  ვერ უმხელს ბავშვი საკუთარ პრობლემას. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის და შვილის სიახლოვე ასეთ დროს, რომ შვილმა მშობელს თავისი გულისტკივილი გაუმხილოს. თუმცა, ეს ურთიერთობა თავიდანვე მყარი  უნდა იყოს. ჩემი აზრით, სკოლაში ფსიქოლოგის არსებობა მსგავს პრობლემებს უფრო ეფექტურად  გადაჭრიდა.  ჩვენს სკოლაშიც ხორციელდება სხვადასხვა პროგრამები არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის, მაგრამ ვფიქრობ,  ნაკლებად ეფექტურია. ერთჯერადი შეხვედრები ვერაფერს ცვლის. ბულინგის მსხვერპლს სხვანაირად უნდა დაელაპარაკო, ბულინგის ინიციატორს სხვანაირად და ერთიანი ტრენინგები ამას ვერ შველის. ბულინგის მსხვერპლი ტრენინგზე არ მოყვება  თავის ისტორიას და არც მოძალადე აღიარებს  თავის დანაშაულს. ამით კი ძნელია რამის მიღწევა. რაღაც რეჟიმში ფსიქოლოგთან შეხვედრა, ვფიქრობ, სიტუაციას ბევრად შეცვლიდა. სკოლებში უნდა იყვნენ ფსიქოლოგები. ის უფრო ადვილად შეამჩნევს, რა პრობლემები აქვს ბავშვს და უფრო დაეხმარება.”- ამბობს ლუკა.

ზვიად ხაფავა ოთხი შვილის –  ზუკას, ნატალის, იოანას  და მირიანის მამაა. ასევე მას წალკის რაიონში, დაბა ბედიანის ბავშვთა ცენტრის ხელმძღვანელობა აბარია.  სექტემბერში ზვიადის ოჯახი ბედიანიდან თბილისში გადავიდა  საცხოვრებლად, თვითონ კი ძირითადად ბედიანში უწევს ყოფნა, თუმცა ცდილობს შვილებთან მჭიდრო ურთიერთობა შეინარჩუნოს და კრიტიკულ მომენტში მათ გვერდით იყოს. ქალაქის  სკოლაში ზვიადის შვილებს სხვადასხვა სირთულეები დახვდათ. ყველაზე რთული კი ახალ  სკოლაში დამკვიდრება 12 წლის ზუკასთვის აღმოჩნდა.

,, მე ხან თბილისში ვარ, ხან ბედიანში. ყოველდღე ტელეფონით მაქვს კონტაქტი ბავშვებთან. თბილისში როცა ვარ ,აუცილებლად მე მიმყავს ზუკა ვარჯიშზე, მე მიმყავს სკოლაში, მარტო იმიტომ არა, რომ მე მიხარია, უბრალოდ ისინი ძალიან ბედნიერები არიან, თუ მივაკითხე და მე წავიყვანე სახლში. თვითონ ითხოვენ მამის მხრიდან  ძალიან დიდ ჩართულობას. ზუკა 12 წლისაა და მე-7 კლასშია და  ისეთი ასაკი აქვს, სხვანაირად უნდა ელაპარაკო. მეც ვცდილობ ფსიქოლოგების რჩევები გავითვალისწინო და მეგობარი მშობლების გამოცდილებაც, რომლებმაც ეს ეტაპები უკვე გაიარეს. ფსიქოლოგებთან მარტო ჩემი შვილების გამო არ მივდივარ, ხშირად მიწევს კონსულტაციების გავლა ბედიანის ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელების გამოც. ამიტომ, მათთან ხშირად მაქვს კომუნიკაცია და მათი რჩევები ძალიან მეხმარება. ზუკასაც და ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებს  ყოველთვის ვეუბნები – შენ ნუ დაჩაგრავ, შენ ნუ იქნები მოძალადე,  შენ ნუ იქნები დამნაშავე, ყოველთვის იყავი მართალი. ერთხელ ასეთი რაღაც მოხდა, ზუკას მეგობარს მოუვიდა კონფლიქტი  ბავშვთან და როგორც ხდება, გაკვეთილების შემდეგ წავიდნენ საქმის ,,გასარჩევად”. ეს ამბავიც ჩხუბით დასრულდა და მერე სკოლაში იყო  მტყუან-მართლის გარკვევევა… ისე გამოვიდა, რომ მარტო ზუკას უნდა ეთქვა,  რაც  მოხდა სინამდვილეში. როდესაც  დამირეკა და მკითხა როგორ მოქცეულიყო, მე ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი და ვერ ვუთხარი, რომ სიმართლე ეთქვა. მე ვიცი, რომ ყოველთვის სიმართლე უნდა ვილაპარაკო, მაგრამ ჩემი შვილი ვერ ჩავაყენე ამ მდგომარეობაში. ასეთ დროს ყველას თვალში ცუდი ტიპი ხდები, გოგოების თვალში, ბიჭების თვალში, მეგობრების თვალში, ძალიან ცუდი იარლიყების მიკერება ხდება,  თან რთული ასაკი აქვს.  ვწუხვარ, რომ არ ვურჩიე,  ადექი და ყველაფერი მოყევითქო, მით უმეტეს როდესაც ცალსახად, მათ მხარეს იყო სიმართლე”.

ნანა ბიჩინაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონფლიქტების მართვისა და მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული ცენტრის” დამფუძნებელია. ორგანიზაცია ხუთი წელია სასკოლო კონფლიქტების შესწავლითა და მართვით არის დაინტერესებული. სკოლებში კონფლიქტის პრევენციისთვის სამ სამიზნე რგოლთან უწევთ მუშაობა , – მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი. ორგანიზაცია ამ დროისათვის ჩართულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში ,,მოვუსმინოთ მოსწავლეებს”. ნანა გვიყვება:,, შეხვედრებმა დაგვანახეს, რომ მოსწავლეებს შორის ყველაზე მწვავე პრობლემად  დგას ერთმანეთის დაცინვა ჩაცმის ინდივიდუალური სტილის , ფიზიკური ან გონებრივი ნაკლის გამო. ისინი ფიქრობენ, რომ თავდაცვის ერთ-ერთი გზა ასეთ ვითარებაში აგრესიაზე აგრესიით პასუხია  ან მეორე უკიდურესობა – იგნორით პოზიციის გამოხატვა. მათთან მუშაობით ვცდილობთ მოსწავლეებს დავანახოთ, რომ კონფლიქტი მხოლოდ საშიში და შემზარავი მოვლენა არ არის, რომ მისი კონსტრუქციულად მოგვარება პიროვნულ ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს. დღესდღეობით სკოლების უმეტესობა ორიენტირებულია მოვალეობის მინიმუმის შესრულებაზე- მოსწავლე სკოლიდან გაუშვას ზოგადი განათლების  დამადასტურებელი ატესტატით”. ნანა ამბობს, თუ სკოლა უფრო ღია იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  სამთავრობო დაწესებულებებთან კავშირისათვის, ასეთ ურთიერთობებს და კავშირებს  შეუძლია სკოლის გაძლიერება.

“არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი”-ს  ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა სუბელიანი გვეუბნება, რომ მის  ორგანიზაციას  ახლა უკვე საჯარო სკოლებთანაც შეუძლია მუშაობა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით,  თუმცა მათთან თანამშრომლობის დაწყებას რამდენიმე წელი დასჭირდა . ანა ფიქრობს  რომ სკოლა ფაქტობრივ ცოდნასთან ერთად, მოზარდს უნდა დაეხმაროს სრულყოფილ  სოციალურ ფუნქციონირებაში, სწორი ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაში და ჯანსაღ განვითარებაში.

,, მასწავლებელი ვალდებულია, ამოიცნოს ბავშვზე ძალადობისა და უგულებელყოფის შემთხვევა და გადაამისამართოს სოციალური მომსახურების სააგენტოში, რაც უმეტესად არ სრულდება. ამ მექანიზმს სკოლები მხოლოდ უკიდურეს, განსაკუთრებით კრიზისულ შემთხვევებში იყენებენ, როდესაც ჩარევა უმეტესად დაგვიანებულია. სამწუხაროდ, განათლების სამინისტროს არ აქვს მკაფიოდ გააზრებული ამ მიმართულებით მუშაობის აუცილებლობა. დღემდე არცერთ მინისტრს არ წარმოუდგენია ბულინგისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის მკაფიო დოკუმენტი. აუცილებელია, ყურადღების გამახვილება იმ მოზარდებზე, რომლებიც არ იმყოფებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკში, ანუ 14 წლის ჯერ არ გამხდარან, თუმცა ჩადიან ქმედებას, რომელიც დაკვალიფიცირდებოდა დანაშაულად , 14 წელს მიტანებული რომ იყვნენ. ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი პროგრამების არსებობა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული სკოლის  და მისი თემის საჭიროებას, ერგება კონკრეტულ ბავშვებს , მშობლებს და მასწავლებლებს, მიზნად ისახავს ბულინგის პრევენციას, მის ადრეულ გამოვლინებას, მასზე სწორი რეაგირების მექანიზმის შექმნას და გამოყენებას” – ამბობს ანა სუბელიანი.

რა გზებით ცდილობს სკოლა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას,  ამის შესახებ აზრი მარნეულის N 2 საჯარო  სკოლის დირექტორს, შორენა ხუხუას  ვკითხეთ.  სკოლა მრავალეთნიკურია და მრავალრიცხოვანი.  სკოლაში 1300- მდე მოსწავლე სწავლობს. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ პრობლემები ამ მიმართულებით ყველა სკოლაშია და არც მისი სკოლაა  გამონაკლისი, თუმცა მიზანმიმართული მუშაობის შედეგად შემთხვევები შემცირდა და სკოლის ადმინისტრაციის დასაყრდენს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით  მუშაობაში მასწავლებლებთან ერთად, უკვე მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმოადგენს.

,, ძალიან ბევრ მასწავლებელს გაუკვირდა , როცა დიდი დრო დავუთმეთ მოსწავლეთა  თვითმართველობის ფორმირებას და გაერთიანებას. თვითმართველობა  ყურადღებას აქცევს კლასებში კონფლიქტის მცდელობებს, ცდილობს დაგეგმოს ღონისძიებები, აქტივობები ბულინგის აღმოსაფხვრელად. საბაზო და საშუალო საფეხურზე ყველა კლასიდან ვფლობთ ინფორმაციას, თუ რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ  და ერთობლივი აქტივობები ძალადობის პრევენციისთვის უფრო ეფექტურია. სკოლისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, ამიტომ ნებისმიერი პრევენციული ხასიათის ღონისძიება თუ აქტივობა პედაგოგის განსახორციელებელია,  რადგან ის  უკეთ იცნობს თავის მოსწავლეებს და შეუძლია საფრთხეების გაანალიზება. კლასის დამრიგებელი თუ გულწრფელი  და ყურადღებიანია,  თუ ხშირად ესაუბრება მოსწავლეებს, აუცილებლად იგრძნობს კლასის გულისცემას. უმთავრესია, კლასი შეიკრას ერთ გუნდად, ამიტომ კარგია სპორტული შეჯიბრი სხვა კლასთან, სხვა სკოლასთან, ლაშქრობები, სირთულეების დაძლევა ერთად, როცა მოსწავლე ერთი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობას და საჭიროებას გრძნობს. მთავარია, მოზარდმა იგრძნოს, რომ მისი სჯერათ, უყვართ და ენდობიან”.

არასრულწლოვანთა  დანაშაულის პრევენცია სისხლის სამართლის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ერთიანი პოლიტიკის , სტრატეგიისა და დანაშაულის პრევენციის კოორდინაციას  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი” ახორციელებს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. არასრულწლოვანთა დანაშაულის სტრატეგიაში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ღონისძიებები დაყოფილია მიზნობრივი ჯგუფისა  და პრობლემის განვითარების სტადიის მიხედვით: პირველადი/ადრეული პრევენცია მიმართულია ყველა არასრულწლოვანზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. მეორე დონის პრევენცია ორიენტირებულია დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებზე – რისკ ჯგუფებისა და დანაშაულის გამომწვევი ფაქტორების შემცირებაზე. მესამე დონის პრევენცია გამიზნულია განმეორებითი დანაშაულის  თავიდან აცილებაზე, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციაზე.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დანაშაულის პირველი დონის პრევენციის სამმართველოს უფროსი მაია ნასრაშვილი ამბობს, რომ სოციალიზაციის პროცესში გამოყოფილია რამდენიმე მნიშვნელოვანი სფერო : ოჯახი, განათლება, საზოგადოება და მასმედია. მიჩნეულია, რომ ამ სფეროების განვითარების გზით, შესაძლებელია არასრულწლოვანთა დანაშაულის ეფექტიანი პრევენცია.

,,2017 წლიდან დაიწყო დანაშაულის პრევენციის მიმართულებით საგანმანათლებლო თუ ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების გაძლიერება, მათი ცოდნის დონის და პრაქტიკული უნარების განვითარება.კერძოდ, შეიქმნა ტრენინგ-სემინარები, ადრეული პრევენცია განათლების სისტემაში და ადრეული პრევენცია ზრუნვის სისტემაში. განათლების სამინისტროდან პროცესში ჩართული არიან სკოლის დირექტორები, სკოლის სპეც.პედაგოგები, ფსიქოლოგები და მასწავლებლები.  დანაშაულის პრევენციის ცენტრი მიზნების მიღწევისათვის იყენებს არაფორმალური განათლების ინსტრუმენტს, როგორც უშუალოდ ახალგაზრდებთან, ასევე პედაგოგებთან და მშობლებთან”- გვეუბნება მაია ნასრაშვილი.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ანტისოციალური ქცევის ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად თავად მოზარდობის ასაკობრივ თავისებურებებს და ცვლილებებს მიიჩნევს. როდესაც მოზარდი უფრო იოლად ღიზიანდება, პროტესტს უფრო მეტად გამოხატავს, იზრდება თანატოლებთან თვითდამკვიდრების, ინტეგრაციის სურვილი, როდესაც იმატებს სარისკო ქცევების და სარისკო სიტუაციებში აღმოჩენის სურვილი, რომელიც მოზარდს ეხმარება საკუთარი იდენტობის და საკუთარი ,,მე” კონცეფციის განსაზღვრაში.

,,  ძალიან ბევრი სარისკო რამ დევს მოზარდობის ასაკში, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ანტისოციალურ ქცევას. ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი თავად მოზარდობის ასაკია. ამას ემატება  სხვადასხვა ტიპის გარემოებები, ძალადობის გამოცდილება, ძალადობის შემსწრეობა ოჯახში, კონფლიქტური სიტუაციები ოჯახში,  თუ  ის სკოლაში არ არის აღიარებული, თუ  ის ბულინგის მსხვერპლია და ა.შ.  ეს კიდევ უფრო მეტად ზრდის ანტისოციალური ქცევის რისკებს. სარისკო ფაქტორები არ არის მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე, უნდა შევხედოთ გლობალურად, რომ სარისკო გარემოებები არის ოჯახშიც, სკოლაშიც და იმ საზოგადოებაშიც, სადაც ეს მოზარდი ცხოვრობს. ეს ძალიან კომპლექსური, მულტიფაქტორული საკითხია, რასაც მიჰყავს მოზარდი ანტისოციალურ ქცევასთან. თუ ინდივიდუალურ დონეზე განვიხილავთ იმ მოზარდების ქცევას, რომლებიც კანონთან კონფლიქტში მოდიან, ისინი გარკვეული უნარების დეფიციტს განიცდიან. ეს არის სოციალური უნარების დეფიციტი, თვითრეგულაციის უნარის დეფიციტი, არაძალადობრივი კომუნიკაციის დამყარების უნარი, როცა მოზარდი მოკლებულია უნარს გაუძლოს თანატოლების დევიაციურ ზეწოლას. ინდივიდუალურ დონეზე ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია  მოზარდის მორალური განვითარების შეფერხება. ასევე რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ძალადობრივი აღზრდა, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ანტისოციალურ ქცევას. თუ მოზარდთან ძალადობრივ კომუნიკაციაში შედიოდნენ, ღირსებას ულახავდნენ, ფიზიკურად ეხებოდნენ, ემოციურ ზეწოლას ახდენდნენ,  მას ახლა ეს სოციალური მოდელი აქვს აღებული და ამ მოდელით იწყებს ურთიერთობას სხვა ადამიანთან. ასეთი ტრავმული და ძალადობრივი გამოცდილება, არაერთხელ განცდილი და პერმანენტული, ხშირ შემთხვევაში ადამიანს უჩენს რევანშისტულ იმპულსებს და იგი რევანშისთვის ეძებს თავის მსხვერპლებს. თუ სკოლის პრიზმიდან შევხედავთ ამ საკითხს, ძალიან ხშირად ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ტიპის სწავლის უნარის დარღვევები, ვერ ახერხებენ კლასთან ინტეგრაციას, არ უყალიბდებათ თვითეფექტურობის განცდა, ჩამორჩებიან სწავლაში, აამ შემთხვევაშიც სკოლის როლი არის ძალიან დიდი.  სკოლას კარგად უნდა ჰქონდეს  გააზრებული ანტიბულინგური პროგრამები, რომელიც ბავშვსაც და თანატოლებსაც დაიცავს ძალადობრივი ურთიერთობისგან. სკოლამ უნდა აწარმოოს ძალადობრივი შემთხვევის ორივე მხარესთან მიზანმიმართული მუშაობა, არ მოახდინოს უფრო მეტი ვიქტიმიზაცია, დაეხმაროს მათ სოციალური უნარების შეძენაში . სკოლა უნდა აძლევდეს ბავშვს ამ ყველაფერს და განათლების სისტემის როლი ამ მხრივ ძალიან დიდია , მაგრამ  მარტო ერთი უწყება ვერაფერს გახდება, ეს არ უნდა იყოს მარტო სკოლის ვალდებულება, ასეთ დროს პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს ყველა უწყება”- ამბობს მაია ცირამუა, რომელიც ორგანიზაცია GCRT- ის თანამშრომელია  და ანტისოციალური ქცევის რისკის ქვეშ მყოფ მოზარდებთან  მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ფოკუსში ვეცადეთ გაგვერკვია, რას ფიქრობენ თავად მოზარდები ამ თემაზე, როგორ შეიძლება დაეხმაროს მას ოჯახი, სკოლა და საზოგადოება, რათა მან სწორად განსაზღვროს ცხოვრებისეული ღირებულებები და თავიდან აირიდოს ანტისოციალური ქცევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი