პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სკოლამდელი განათლება საქართველოში

საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში განათლების სხვადასხვა საფეხურებს შორის სკოლამდელი განათლების სფეროს რეფორმები ყველაზე ნაკლებად შეეხო. მიუხედავად სხვადასხვა დონეზე არსებული ცალკეული ინიციატივებისა, სისტემა მთლიანობაში კვლავ ვერ პასუხობს მართვასთან, ხარისხთან და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. 

სკოლამდელი განათლება (არსებული კანონმდებლობის მიხედვით 2 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის) საქართველოში არ არის სავალდებულო. შესაბამისად, სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას თითოეული ბავშვისთვის უზრუნველყოს სკოლამდელი განათლება. ქვემოთ მიმოვიხილავთ საქართველოში სკოლამდელი განათლების მოკლე ისტორიას და დღეს არსებულ ძირითად პრობლემებს. 

სკოლამდელი განათლების მოკლე ისტორია საქართველოში

დამოუკიდებელმა საქართველომ მემკვიდრეობით ცენტრალიზებული სკოლამდელი განათლების სისტემა მიიღო, რომელიც გულისხმობდა 2-დან 6 წლამდე ბავშვების განათლებასა და აღზრდას. ის არ იყო სავალდებულო, თუმცა მოიაზრებოდა, როგორც დაწყებითი საფეხურისთვის მოსამზადებელი ეტაპი. 1990-იან წლებში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა უარყოფითად იმოქმედა სკოლამდელი განათლების სისტემაზეც. მკვეთრად შემცირდა სახელმწიფოს მიერ სკოლამდელი განათლების დაფინანსება, დაიხურა ბევრი საბავშვო ბაღი და სკოლამდელ განათლებაში ჩართულ ბავშვთა რაოდენობა განახევრდა. 1990 წელს არსებული 2454 ბაღიდან 1996 წელს დარჩა მხოლოდ 1253 ბაღი, ხოლო ბავშვთა რაოდენობა შემცირდა 200 000-იდან 83 000-მდე. მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე შემცირდა მოთხოვნა სკოლამდელ განათლებაზე. თუმცა 2000-იანების შუა პერიოდიდან, გაუმჯობესებული ეკონომიკისა და განათლების დაფინანსების ზრდის ფონზე სკოლამდელ განათლებაზე მოთხოვნაც გაიზარდა. 2006 წლამდე სკოლამდელი განათლების მართვა ცენტრალურ დონეზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხდებოდა. 2006 წლიდან განხორციელდა სისტემის დეცენტრალიზაცია და სკოლამდელი განათლების სფეროს მართვა და დაფინანსება ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობის ქვეშ მოექცა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ბაღებთან ერთად ნელ-ნელა მომრავლდა კერძო საბავშვო ბაღებიც. მათი წილი ქვეყანაში არსებულ ყველა ბაღს შორის დიდი არ უნდა იყოს, თუმცა კერძო ბაღების შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს.

დღეს საქართველოს თითოეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად მართავს მათ ტერიტორიაზე არსებულ სკოლამდელი განათლების დაწესებულებებს. ადგილობრივი თვითმმართველობა განსაზღვრავს კურიკულუმს, სტანდარტებს, თანამშრომელთა მოთხოვნებსა და სხვა მნიშვნელოვან რეგულაციებს. ცენტრალურ დონეზე არ არსებობს სკოლამდელი განათლების ხარისხის მინიმალური სტანდარტები, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნებოდა საქართველოს მასშტაბით თითოეული საბავშვო ბაღისთვის. 2010 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაეკისრა სკოლამდელი განათლების საფეხურისთვის სარეკომენდაციო მეთოდოლოგიური რესურსების შემუშავების ვალდებულება. 2008 წლიდან სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შეიმუშავა და საქართველოს მასშტაბით საბავშვო ბაღებს გადასცა სხვადასხვა დამხმარე მეთოდოლოგიური მასალა და სარეკომენდაციო სტანდარტები. 2008 წელს გამოიცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება სკოლამდელი განათლებისა და აღზრდის ეროვნული მიზნების შესახებ. 2008-2009 წლებში შემუშავდა ადრეულ ასაკში 0-დან 6 წლამდე ბავშვების სწავლისა და განვითარების სტანდარტები. განვითარების სფეროების მიხედვით, სტანდარტებში წარმოდგენილია სწავლისა და განვითარების მიზნები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის, შესაბამისი ინდიკატორები და რეკომენდაციები აღნიშნული მიზნების მისაღწევად. 2010-2011 წლებში სამინისტრომ სტანდარტების საფუძველზე რამდენიმე სხვა რესურსიც შეიმუშავა. 
მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლამდელი განათლების სფეროში განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, მისი როლი სფეროს განვითარების პროცესში კვლავაც შეზღუდული რჩება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნულ ინიციატივებში სახელმწიფოს ბიუჯეტის წილი მინიმალურია, რაც მიუთითებს, რომ ცენტრალურ დონეზე სკოლამდელი განათლების განვითარების მიმართ ნაკლები ინტერესია. სავალდებულო მინიმალური სტანდარტის გარეშე მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც უთანასწორო პირობებში აყენებს ბავშვებს. 
მიუხედავად ზემოაღნიშნული ძვრებისა ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტებისა (მაგალითად კივიტას გეორგიკას ალტერნატიული ბაღები), სკოლამდელი განათლების სფეროში მრავალი პრობლემა გადაუჭრელი რჩება, რომელიც შეგვიძლია სამ ძირითად კატეგორიად დავყოთ:

ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა – დღეს ეროვნულ დონეზე არ არსებობს სკოლამდელი განათლების განვითარების სტრატეგია. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში 2013 წელს შეტანილმა ცვლილებებმა გარკვეული „წესები” შექმნა კანონით სრულიად არარეგულირებულ სფეროში. მაგალითად, აიკრძალა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გადასახადის დაწესება; სკოლამდელი აღზრდის მომსახურების ხანგრძლივობა განისაზღვრა დღეში 9, 10 ან 12 საათით კვირაში ხუთი დღის განმავლობაში, გაკეთდა ჩანაწერი ზოგადი სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის, სრულფასოვანი და მრავალფეროვანი კვებისა და ექიმის მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული ცვლილებების სავარაუდო პოზიტიური თუ ნეგატიური გრძელვადიანი შედეგების შესახებ მსჯელობა შორს წაგვიყვანს, თუმცა ცვლილებები იმედისმომცემია იმ მხრივ, რომ სკოლამდელი განათლების სფეროში სახელმწიფოს გაზრდილ ინტერესზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა, ცენტრალური ხელისუფლების როლი კვლავაც მინიმალურია როგორც სავალდებულო სტანდარტების დამტკიცების, ასევე მათი რეალობაში დანერგვის მხრივ. ხელისუფლების სხვადასხვა დონეებსა და უწყებებს შორის ეფექტურ თანამშრომლობასა და ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებას ართულებს სკოლამდელი განათლების სფეროში მონაცემთა სიმწირე, რაც შეუძლებელს ხდის პრობლემების დეტალურ ანალიზს და ასუსტებს ეფექტიანი გზების ძიების შესაძლებლობას. 

სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა – 2013 წლის მონაცემებით 3-5 წლის ბავშვების დაახლოებით 35% სკოლამდელი განათლების მიღმაა დარჩენილი. საქართველოში ფიზიკურად არ არსებობს საკმარისი ბაღები იმისთვის, რომ უზრუნველყოს ადგილი ყველა ბავშვისთვის. ამასთანავე, სხვადასხვა მიზეზის გამო სკოლამდელი განათლებაზე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს, ეთნიკურ უმცირესობებს და სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებს. მართალია, გადასახადის გაუქმებასთან ერთად გაიზარდა სკოლამდელ განათლებაში ჩართულობა, მაგრამ ყველაზე ნაკლები ზრდა ყველაზე ღარიბ ბავშვებს შორის შეინიშნება. სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის გარემო უმრავლეს შემთხვევაში კვლავაც არაადაპტირებულია, აღმზრდელები კი არ ფლობენ ცოდნასა და უნარებს თითოეული ბავშვის საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესაბამისი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის წარმართვისთვის. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, განსაკუთრებით სოფლებში, საბავშვო ბაღების განსაკუთრებით მცირე რაოდენობაა. 

სკოლამდელი განათლების ხარისხი – სკოლამდელი განათლების ხარისხს პირველ რიგში მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელი განსაზღვრავს. სკოლამდელი განათლების აღმზრდელებისთვის საქართველოში პროფესიული განვითარების შესაძლებლობები თითქმის არ არსებობს. სხვადასხვა კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული ტრენინგები, როგორც წესი, ხანმოკლე და არათანმიმდევრულია. გარდა ამისა, არ არსებობს სკოლამდელი განათლების აღმზრდელის მოსამზადებელი უმაღლესი ან პროფესიული პროგრამები. სკოლამდელი განათლების ხარისხს აგრეთვე განსაზღვრავს ჯგუფის ზომა და ზრდასრულთა (აღმზრდელები და თანაშემწეები) რაოდენობა ჯგუფში. გაზრდილი მოთხოვნის გამო ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობა ხშირად ჯგუფის რეკომენდებულ ზომაზე ორჯერ მეტია (40-45 ბავშვი), ხელო ზრდასრულთა რაოდენობა ჯგუფში კვლავ ორია (რიგ მუნიციპალიტეტებში შედარებით მცირე ჯგუფებში მხოლოდ ერთი ზრდასრულიც გვხვდება). ხარისხის სხვა კომპონენტები უკავშირდება საბავშვო ბაღის ფიზიკურ და სოციალურ გარემოს, სწავლებისა და განვითარების ხელშეწყობის მეთოდებს, პროგრამასა და სხვას. მიუხედავად იმისა, რომ სგმ-ს სარეკომენდაციო მეთოდოლოგიურ რესურსებს და პროგრამულ სტანდარტებს გამოსცემს და აწვდის საბავშვო ბაღებს, მათი გახორციელება ბევრ სირთულეს უკავშირდება, რადგან არ ხდება აღმზრდელების და მეთოდისტების სისტემატური ტრენინგი, პროცესის მხარდაჭერა და მონიტორინგი. 
სკოლამდელი განათლების სფეროს მოკლე მიმოხილვიდან ჩანს სექტორში არსებული პრობლემების მასშტაბი და კომპლექსურობა, რომელთა ეტაპობრივი გადაჭრა შესაძლებელი იქნება ეროვნულ დონეზე არსებული ერთიანი ხედვითა და სტრატეგიით. 2014 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტში განხორციელდა ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონპროექტის ინიცირება. კანონპროექტის განხილვა დაგეგმილია მიმდინარე წლის გაზაფხულზე და მის დამტკიცებაზე (და დამტკიცებული კანონის შინაარსზე) მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული საქართველოში სკოლამდელი განათლების სისტემის განვითარება მომდევნო წლებში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი