ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

სახელმძღვანელოების პრობლემები სწავლების პროცესში

ერთი თვის წინ ილონ მასკმა და მისმა კომპანიამ მარსისკენ კოსმოსური ხომალდი გაუშვეს, რომლის ორბიტიდან გამყვანი რაკეტები, თავისით, უვნებლად დაბრუნდნენ უკან და ელიან შემდეგ შატლს. ვითომ რა შუაშია ეს ამბავი დავუშვათ და მერვე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოსთან, ან ისტორიის სახელმძღვანელოსთან, მაგრამ, დამიჯერეთ არის.

რას ვასწავლით ჩვენ სკოლებში იმ გრიფირებული სახელმძღვანელოებით, რომლებიც გვაქვს? როგორ მივყვებით თანამედროვე სამყაროს განვითარებას, ან ჩვენს კულტურულ, ისტორიულ მემკვიდრეობას როგორ ვუკავშირებთ ამ წინსვლას?

ისტორიის სახელმძღვანელოები სავსეა ნაბუქოდონოსორით, ქსერქსეთი, დარიოსით და იმერეთის იმ მეფეებით ორ-ორი თვე რომ იმეფეს თავიანთი სოფლის ორღობეებში. ცუდი თავისთავად არაფერია იმაში, მოსწავლემ დარიოსიც იცოდეს და ისიც თუ რომელ წელს გაშიფრა ჟან ფრანსუა შამპოლიონმა ეგვიპტური იეროგლიფები. აქ სხვა რამ არის მთავარი; ის, რომ ახლა არსებობს ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რომელიც მოსწავლის საზოგადოების წევრად ჩამოყალიბებას, მის დამოკიდებულებებს სოციუმის, მოვლენების მიმართ უფრო მტკიცეს, სწორს, ლოგიკურს, შემწყნარებლურს და პროგრესულს გახდის, ვიდრე ზემოთქმული ინფორმაციები, რომელთა მოძიება ისეც შეიძლება, დამატებით საკითხავად და ა.შ.

სახელმძღვანელოებში მეტად უნდა იყოს თუნდაც მეფის რუსეთის ბოლო პერიოდის დროს ევროპაში, საქართველოში, რუსეთში მიმდინარე მოვლენების, დამოუკიდებელი საქართველოს (1918-1921წ.წ.), საბჭოთა კავშირის პერიოდ(ებ)ის, კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიო და რეგიონულ დონეზე ფაქტების შესახებ ინფორმაცია, მისი განხილვა-გაანალიზება.

რეალობა, რომელიც დღეს ტექნოლოგიურმა განვითარებამ შექმნა, აბსოლუტურად ცვლის იმ საჭიროებებს, რომლებიც მოსწავლეს სწავლის პროცესში აქვს და უნდა ჰქონდეს კიდეც, რომ პიროვნულად განვითარდეს. არ მგონია მის განვითარებას ეხმარებოდეს იმ ტიპის ინფორმაციებით წლების განმავლობაში ტვინის გადაღლა, თუ როგორი ხმლით იბრძოდა მავანი შაჰი, რა უთხრა კახეთის მეფის ვაჟმა ქართლის მეფის ქალიშვილს და მსგავსები. უკეთესი იქნებოდა ამ ტიპის ინფორმაციების დამატებით შეტანა, განსაკუთრებით იმ მოსწავლეებისთვის, ვინც ისტორიისადმი მეტ ინტერესს გამოიჩენდა.

იგივე შეიძლება ითქვას ქართულ ენასა და ლიტერატურასთან დაკავშირებით. სახელმძღვანელოები სავსეა გაუგებარი ნაწყვეტებით დიდებული ტექსტებიდან და სავსეა სულელური ტექსტებით, სადაც მოქმედი გმირების ერთი მახასიათებელი ნიშანიც, სახელიც, თვისებაც, ჩვევაც კი არ ჩანს. ან მეორე უკიდურესობა: წიგნში შეტანილია ისეთი ტექსტები, რომელთა სწავლებაც არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგალითისთვის, ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწერლის ნაწარმოები „დარისპანის გასაჭირი“. ძალიან დამავალებთ, თუ ამ ბლოგის მკითხველი მასწავლებლები არ დაიზარებთ და კომენტარებში დაწერთ, რით შეიძლება იყოს ეს ტექსტი მნიშვნელოვანი. რეალურად მნიშვნელოვანი, თორემ ის, რომ რამდენიმე უცხო სიტყვას ისწავლის მოსწავლე და კიდევ ერთი-ორი ასეთი ზოგადი დასაბუთებით მეც ვეპაექრები ჩემს თავს.
და გამოდის ის, რომ ვიდრე ადამიანების ნაწილი სხვა კონტინენტებზე სხვა პლანეტებისკენ იხედებიან და იქ კოლონიების დაარსებას გეგმავენ, ვიდრე პროგრესული სამყარო ჰაბლის ტელესკოპივით აკვირდება თავის განვითარებას, ჩვენ ვრჩებით შავ ხვრელად, რომელიც მხოლოდ თავის თავსღა ჭამს და ისრუტავს, მისგან კი შუქიც არ აღწევს გარეთ და ამ დროით-სივრცით დეფორმაციიდან ვერ გამოვდივართ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი