ოთხშაბათი, მაისი 28, 2025
28 მაისი, ოთხშაბათი, 2025

არა უშავს

ძალიან მიყვარს სიტყვებზე დაკვირვება.

ალბათ,  გიკითხავთ მოსწავლეებისთვის, რომელი სიტყვის ან წინადადების მოსმენას მოაქვს მათთვის სიმშვიდე, სიხარული, ბედნიერება… მეც ვეკითხები ხოლმე ამას ბავშვებს, ვთხოვ, დაფიქრდნენ და ჩამოწერონ. რა აღარ ამომიკითხავს მათი პასუხებიდან. თითოეული ჩანაწერი ძალიან საინტერესოა. გასათვალისწინებელიც.

გაინტერესებთ, რას წერენ ხშირად? რისი მოსმენა ამშვიდებთ ბავშვებს? დიახ, სწორად მიხვდით და უკვე ამოიკითხეთ კიდეც, როცა სათაურს დახედეთ, ეს არის – არა უშავს.

არა მხოლოდ პატარებს, უფროსებსაც გვჭირდება ხშირად შეგვახსენონ, რომ – არა უშავს! მასწავლებლებმა თითქოს თეორიულად კარგად ვიცით, ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ვასწავლოთ, რომ შეცდომა ტრაგედია არ არის, რომ შეცდომებზე ვსწავლობთ, რომ შეცდომები განვითარების შესაძლებლებლობად შეგვიძლია ვაქციოთ და სხვა, თუმცა პრაქტიკულად ხანდახან გვიჭირს, ამაში დავარწმუნოთ ბავშვები.

ცოტა ხნის წინ ერთი წიგნი წავიკითხე – როდრიგო მუნიოს ავიას ,,იდეალური ოჯახი“. კითხვის დროს ვფიქრობდი,  მწერალმა მე და ჩემს მოსწავლეებს ხომ არ მოგვისმინა და ისე დაწერა-მეთქი, ცხადია, ასე არ ყოფილა, უბრალოდ, მთავარი პერსონაჟი – სკოლის მოსწავლე ალექსი ისეთ თემებზე საუბრობს, რომლებიც ერთნაირად აფიქრებთ მთელი მსოფლიოს ბავშვებს.

როდრიგო მუნიოს ავია გვაცნობს ოჯახს, რომლის უმცროსი წევრი მიიჩნევს, რომ ოჯახში ყველა იდეალურია, მის გარდა, თუმცა ამის გამო არ ითრგუნება და ცდილობს, ამოხსნას ცხოვრებისეული ამოცანები.  მკითხველი ალექსის თვალით აკვირდება მოსწავლის ყოველდღიურობას და მასთან ერთად ეძებს პასუხებს შეკითხვებზე.

ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, დასაფიქრებელი აღმოჩნდა ერთი ეპიზოდი.

,,მასწავლებელმა იკითხა, X კვადრატის კვადრატული ფესვი რამდენიაო. ვიფიქრე, რომ ძალიან მარტივი კითხვაა და პასუხი აუცილებლად X უნდა ყოფილიყო. ოღონდ თქმა ვერ გავბედე. მასწავლებელმა ღრმად ამოისუნთქა და თქვა, რომ მისი კითხვის პასუხი ნამდვილად X-ია. მეც ამოვისუნთქე, ცოტა უფრო მსუბუქად. არ ვიცი ამით რისი თქმა მინდოდა, მაგრამ ასე მოვიქეცი“.

რატომ მიიქცია ამ ეპიზოდმა ჩემი განსაკუთრებული ყურადღება, ალბათ, მიხვდით: არ მეგულება მასწავლებელი, მსგავსი ამბავი თავს რომ არ გადახდენოდეს. მაშინვე ვკითხე საკუთარ თავს ის, რაც აქამდეც არაერთხელ მიკითხავს:

  • რატომ ჩუმდებიან ბავშვები?
  • რატომ ვერ ბედავენ ხმის ამოღებას?

პასუხი სხვადასხვა იქნება, მაგრამ ერთი ეს არის – ეშინიათ შეცდომისა.

ვინაიდან ეს არის საკითხი, რომელიც აქტუალურია როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის, კარგი იქნება, წავუკითხოთ ბავშვებს, შემდეგ კი ერთად ვიმსჯელოთ, რა პრობლემაა წარმოჩენილი და როგორ შეიძლება, ერთი მხრივ, მოსწავლემ გაბედოს ხმის ამოღება და ახსოვდეს, თუ არასწორად იტყვის, არა უშავს, მეორე მხრივ, რა უნდა გააკეთოს ამ მიზნის მისაღწევად მასწავლებელმა.

ვაპირებ, ,,იდეალური ოჯახი“  მკითხველთა კლუბის წევრებს გავაცნო, ინტერესი რომ აღვუძრა, შევთავაზებ, ორმხრივ ჩანაწერთა დღიური შეავსონ. თუ გაინტერესებთ, თქვენც სცადეთ, საინტერესოა, როგორ უპასუხებთ ესპანელ მწერალს:

ამონარიდი ტექსტიდან ჩემი კომენტარი
იმის ნაცვლად, რომ დავიმალოთ, ჩვენს პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ.  
უმაღლესი შეფასება რომ ვერ მივიღოთ, ეს აზრი გვაშინებს. ჩვენც გვინდა, ყველაფერი იდეალურად გამოგვივიდეს.  
თურმე ხანდახან შეცდომას თვალი უნდა გაუსწორო და არ დაემალო.  
ხანდახან იდეალურობა ძალიან ახლოს არის დიდ იმედგაცრუებასთან.   

 

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი ხომ გვეუბნება, გახსოვდეთ, საიდან მოდიხართ, არ დაგავიწყდეთ, ბავშვები რომ იყავითო. ჰოდა, მეც მახსოვს ჩემი ბავშვობა და რადგან გამოვცადე, რას ნიშნავს, გეშინოდეს შეცდომისა და ხანდახან ამის გამო შეიძლება დადუმდე, ახლა ვცდილობ, ხშირად ვუთხრა ჩემს მოსწავლეებს: არა უშავს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“