ხუთშაბათი, სექტემბერი 18, 2025
18 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2025

„ნუცას სკოლა“ სკოლაში

11 წლის წინ, როცა ჩვენს სკოლაში „მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბი“ გაიხსნა, პირველ ფილმად სწორედ მერაბ კოკოჩაშვილის „ნუცას სკოლა“ ვაჩვენეთ.

ფილმების შერჩევისას ასეთი პრინციპი გვაქვს: ერთად უნდა ვუყუროთ ისეთ ფილმებს, რომლებსაც, როგორც წესი, მოზარდები ცალკე იშვიათად ან თითქმის არ უყურებენ.

სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში შედის ქართული ფილმების უმეტესობა (არაციფრული ხარისხის გამო) და, ზოგადად, ისეთი ფილმები, რომლებიც, უბრალოდ, გასართობი არაა, კარგად დაკვირვება, ღრმად ფიქრი და ერთად მსჯელობა უხდება.

ისე კი, უყვართ თანამედროვე ბოევიკები, მელოდრამები, კომედიები, საშინელებათა ფილმები…

სტუდენტობისას შემთხვევით აღმოვჩნდი „ნუცას სკოლის“ პრემიერაზე და დღემდე არ გამნელებია მაშინდელი ემოციები. არც ისე ცნობილი ფილმია. უმეტესად გაგონილიც არა აქვთ მოზარდებს, არადა, უმნიშვნელოვანეს პრობლემაზეა.

საკმაოდ მძიმეა ემოციურად, რა თქმა უნდა, არც საბავშვოა, ამიტომაც ვაყურებინებ მოზარდებს 15 წლიდან ზემოთ. 2000 წელს გადაღებული ეს ფილმი ძალიან მნიშვნელოვან თემას ეხება: როგორ უნდა ჩამოყალიბდეს და როგორი უნდა იყოს ინკლუზიური საზოგადოება. თემას, რომელიც დღემდე პრობლემად რჩება, დღემდე მტკივნეულია. მაშინ კი სრულიად ახალი იყო.

 

მერაბ კოკოჩაშვილი იხსენებს: „ეს ფილმი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მოვიდა. მისი პროტოტიპები გრემში ვნახე, გონებაშეზღუდულ ბავშვთა სკოლაში, რომელიც ნანა ყიფიანმა და ნიკა კვაშალმა დააარსეს. აქ ისინი ოჯახურ გარემოში შრომობენ, ურთიერთობენ და თავს ბედნიერად გრძნობენ. ჩემი თვალით ვნახე, სიყვარულმა, მოთმინებამ და შემწყნარებლობამ როგორი კეთილი ნაყოფი გამოიღო. გმირები ფილმში ლამის უცვლელად გადმოვიტანე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ადამიანთა ურთიერთობა, ის სიკეთე და სიყვარული, რომელიც ავადმყოფს ჯანმრთელად აქცევს. თორემ უსიყვარულობის პირობებში ჯანმრთელიც ავადმყოფად გადაიქცევა. გრემის სკოლაში „ნუცას სკოლა“ რომ ნახეს, ნიკა კვაშალმა დამირეკა და მითხრა: ფილმმა ბავშვებზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, ისინი თავის თავს და ერთმანეთს ცნობდნენ, ეს მე ვარ და ეს შენ ხარო… ეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო….“.

ფილმში ძალიან კარგად ჩანს ის სამკუთხედი, რომელიც ინკლუზიური საზოგადოების მთავარი კომპონენტების ერთობას წარმოადგენს:

  • რა უხარიათ, რა სწყინთ, რა სჭირდებათ სპეციალური საჭიროების ადამიანებს;
  • როგორები უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ზრუნავენ მათზე;
  • როგორი უნდა იყოს ან არ უნდა იყოს საზოგადოება, რომელშიც სპეციალური საჭიროების ადამიანებს უწევთ ცხოვრება.

ფილმის მთავარი გმირი ნიკა, რომელსაც თავად ჰყავს, სპეციალური საჭიროების მქონე შვილი, ზრუნავს სხვებზეც, გადადის სოფელში, თავისი წინაპრების სახლში და საოცარ გარემოს ქმნის მათთვის. ეს არის სივრცე, სადაც ყველას თავისი ფუნქცია და მოვალეობა აქვს, თითოეული მათგანი რეალიზებულად გრძნობს თავს. ზოგი სამზარეულოშია, ზოგი ბაღს უვლის, ზოგი – საქონელს. დიდი ოჯახის ყოველი წევრის ფუსფუსი იმის გამოხატულებაა, რომ თითოეული ერთმანეთისგან აღიარებული და დაფასებულია.

ინკლუზიური განათლების საუკეთესო მაგალითია სპექტაკლი, რომელშიც უფროსებიც და უმცროსებიც დიდი სიხარულითა და მონდომებით მონაწილეობენ – ეს ქმნის სრულ იდილიას ამ საზოგადოებაში. მართლა ზღაპრულია შექმნილი გარემო, ჰარმონიულად ავსებენ ერთმანეთს მონაწილეები, მძივივით იკინძება ერთობა.

გარდა სოციალური დატვირთვისა, სპექტაკლს საგანმანათლებლო დანიშნულებაც აქვს: უამრავ საჭირო უნარს ავითარებს. ისიც ფაქტია, რომ ხელოვნება, შემოქმედებითობა, ინტერესების სფეროს უფართოებს ადამიანს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნების ჩამოყალიბებაში.

თუმცა ნიკას მიზნები უფრო შორს მიდის. მას სურს წინაპრების ნასახლარზე სკოლის დაარსება ანიკოსთვის, კუკასთვის, პედროსთვის, ვალიასთვის, არსენისთვის და სხვებისთვის, რათა განათლება დაეხმაროთ მათ, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი.

საგულისხმოა, რომ ნიკა მარტო არაა ამ საქმეში, მართალია ცოტანი, მაგრამ მაინც არიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ და აფასებენ, მის მონდომებას, უანგარობასა და გულითადობას. კახი კავსაძის გმირი სასულიერო პირია, რომელიც თითქოს სულაც არ ჯდება სტანდარტებში, შინაგანი თავისუფლება მის გაბურძგნილ თმა-წვერსა და ბავშვებთან ფეხბურთის სათამაშოდ აკეცილ ანაფორაშიც გამოიხატება. ამ სილაღესა და უშუალობაში ჩანს დიდი სიყვარულიც. ამ ყველაფერს ემატება პასუხისმგებლობის განცდა: „მოგვეც მოთმინება, ამ გზაზე ვატაროთ ისინი, ვისაც უმეგზუროდ არ შეუძლია გზის გაკვლევა!“ – ამას ევედრება ღმერთს.

რაც შეეხება გარშემო მყოფ საზოგადოებას, მათ უმეტესობას არა აქვს არანაირი ემპათია, თანაგანცდა სსმ პირების მიმართ. ისინი ან გულგრილები არიან, ან უფრო მეტიც – აგრესიულები. ადამიანების დამაკნინებელი დამოკიდებულება იკვეთება მაშინაც, როცა ნიკას დიდ ოჯახს „ნუცას სკოლას“ ეძახიან. ერთგვარი მტკივნეული ირონიაა იმაში, რომ სწორედ ადამიანთა დამოკიდებულებებზე ბევრისმთქმელი ეს ფრაზა აირჩია რეჟისორმა სათაურად. საზოგადოების სახე არსენის მაგალითზეც კარგად ჩანს: როცა სურთ, იმსახურებენ; როცა უნდათ, მისით ერთობიან; როცა ეგუნებებათ, დასცინიან და ჩაგრავენ კიდეც. აბსოლუტურად მიუღებელია ეს რეალობა ნიკასთვის. მხოლოდ მისგან იგრძნო სიყვარული და დაფასება არსენმა, ნიკა დააკვირდა მის ინტერესებს, მისცა ფუნქცია და რწმენა, რომ სასარგებლო რამეს აკეთებს და, ალბათ, ეს განაპირობებს არსენის საქმისადმი უსაზღვრო ერთგულებასაც. როცა ამავე დაუნდობელი საზოგადოების გამო ნიკა იძულებულია, დატოვოს სოფელი, არსენი მაინც არ მიჰყვება ქალაქში.

საზოგადოებას რომ ზნეობრივი საყრდენი გამოცლილი აქვს, ღვთის გზიდან გადასულია და ათი მცნებაც დაავიწყდა, ეს ფილმის ბევრი მომენტიდან ჩანს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ რეჟისორს ამ საზოგადოების, ალბათ, ყველაზე დაუნდობელი, უარყოფითი წევრი მიჰყავს აღიარებამდე. ის ნიკას არსენსა და კუკაზე მიუთითებს და ეუბნება: „ნიკა, ამათშია ღმერთი! “.

ფილმში კარგად ჩანს, ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკურ-სოციალური ვითარებაც. როგორ იპარავენ და ანადგურებენ ყველაფერს: „ლევან მეფის ზარბაზანი მოიპარეს, სპილენძისა არისო. 4 საუკუნე თვითონ უვლიდნენ, თვითონ პატრონობდნენ, მერე ადგნენ და თვითონ მაიპარეს“. მხოლოდ საეჭვო „რჩეულებს“ აქვთ უპირატესობა, ძალაუფლება და ავტორიტეტი. ირიბად ჩანს ომიც – ომში უკონტროლოდ მიმავალი ბიჭები. ქვეყანაში არსებული ვითარება, დეგრადირებული, გულგრილი საზოგადოება კარგი ასპარეზია უცხოელი შარლატანებისთვის.

თუმცა ყველა ერთნაირად გულგრილი და შეუბრალებელი არაა ამ საზოგადოებაში. სიუჟეტში ძალიან ფაქიზი დეტალებით შემოდის სიყვარული კაკოი ბიჭისა და ვალიასი, რომელიც ნიკას დადგმულ სპექტაკლში შემთხვევით არ განასახიერებს ბუნებასა და დოვლათს. ისეთი ლაღია და სუფთა, ისეთი ტრაგიკული და თან იმედისმომცემია ეს სიყვარული!

 

კიდევ ბევრი დიდი თუ მცირე თემის გამოყოფა შეიძლება, რომლებზეც ყურადღების გამახვილება, ნამდვილად დაეხმარებათ მოზარდებს, დაინახონ პრობლემები, დასვან კითხვები, გაუჩნდეთ საკუთარი დამოკიდებულება ფილმში ასახული საკითხების მიმართ.

როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ფილმი არაა მარტივად საყურებელი ბავშვებისთვის, მაგრამ ამის არ უნდა შეგვეშინდეს. ტრაგიზმი და პოეტურობა, უსაზღვრო სევდა და იუმორი, ადამიანთა დაუნდობლობა და დიდი კაცთმოყვარეობა ისე ენაცვლება ერთმანეთს, რომ ეს სიმძაფრე, პირიქით, იზიდავს ხოლმე მოზარდებს და ფიქრის, ანალიზის, მსჯელობის სურვილს უღვივებს. მთავარია, ჩვენ დისკუსიითა და სხვა აქტივობებით მთავარი ნიშნულები ვაპოვნინოთ, მნიშვნელოვანი აქცენტები აღმოვაჩენინოთ, ფილმში ჩამალულ მინიშნებებზე დავაფიქროთ, პრობლემებს თავად დაინახავენ და გააანალიზებენ, თავადვე მივლენ დასკვნებამდე.

 

როცა „ნუცას სკოლაზე“ ვფიქრობ, მაქვს განცდა, რომ ამ ფილმში წარმოუდგენლად, უჩვეულოდ ბევრი თემა ჩაატია რეჟისორმა, რომლებზე საუბარიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, თუმცა მათ შორის ყველაზე მთავარი ადამიანი, ადამიანობის არსის განსაზღვრაა: რას გულისხმობს ადამიანობა? რა ზნეობრივ საყრდენებს, ღირებულებებს უნდა ვიყენებდეთ, რომ ადამიანური სახე არ დავკარგოთ?.. ამ კითხვებზე დასაფიქრებლად ბავშვებს ვთავაზობ აქტივობას – „აირჩიე გმირი“. პირობა ასეთია: ფილმში მათ უნდა შეარჩიონ მათთვის განსაკუთრებით საინტერესო ერთ-ერთი გმირი, რომელიც, უბრალოდ კი არ უნდა დაახასიათონ, არამედ დააკვირდნენ და ისაუბრონ, როგორია, მისი დამოკიდებულება, ქცევა სხვა მთავარი თუ მეორეხარისხოვანი პერსონაჟების მიმართ (ასე აღმოაჩენენ, რით განისაზღვრება ადამიანის „მე“). ამის შემდეგ, უნდა ეცადონ, წარმოიდგინონ ის, რაც ფილმში ღიად ვერ დაინახეს: რას და როგორ ფიქრობს ხოლმე ეს გმირი სხვადასხვა მომენტში (მიხვდებიან, როგორ დაიჭირონ მინიშნებები კინოენაში და კადრს მიღმა გახედვას ისწავლიან).

 

კარგი იქნება, თუ გარკვეულ მომენტებს, რომლებზეც მოზარდი საუბრობს, პარალელურად ხელმეორედ ვაჩვენებთ.

 

ეს აქტივობა ერთ-ერთი მაგალითია მხოლოდ. ამ არაჩვეულებრივი ფილმისგან აღძრული საფიქრალი კი მრავალფეროვანია. მთელი გულით მჯერა, რომ მსგავსი ფილმების (და წიგნების) დახმარებით მოზარდებში თანაგრძნობის გაღვივება, პრობლემებზე დაკვირვება, მათ გადაჭრაზე ფიქრის აღძვრა, ნამდვილად არის ერთი პატარა, მაგრამ მტკიცე აგური ჭეშმარიტად დემოკრატიული საზოგადოების შენებაში და ჩვენ, მასწავლებლებს, ეს გვევალება და გამოგვდის კიდეც.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“