სამშაბათი, სექტემბერი 2, 2025
2 სექტემბერი, სამშაბათი, 2025

სიცოცხლეზე ძვირფასი გრძნობები

(„პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ…“ და ონორე დე ბალზაკის „წითელი სასტუმრო“)

 ყველამ ვიცით არისტოტელური ამბავი „პლატონისა და ჭეშმარიტებისა“; ჭეშმარიტებას კი შეიძლება კაცობრიობის მარადიული პრობლემა ეწოდოს. მასზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს მცდარობის გაგებაც. ორივე მათგანი ახასიათებს აზრსა თუ ცოდნას. მაგალითად, პლატონი და ავგუსტინე ჭეშმარიტებად მიიჩნევდნენ ერთხელ და სამუდამოდ მოცემულ არსს, ანუ მარადიულს როგორც ყველა იდეალური ობიექტის მახასიათებელს, არისტოტელე კი ფიქრობდა, რომ ჭეშმარიტება აზრის შესაბამისობაა საგანთან, მოვლენასთან.

ჭეშმარიტებას აქვსო საფეხურები: ფაქტობრივი და ლოგიკური ჭეშმარიტება; ასევე უნდა ჰქონდეს საზომიც და კრიტერიუმებიცო, მსჯელობენ…

მითიური გმირის, აკადემოსის, ბაღში პლატონმა დააარსა ფილოსოფიური სკოლა, რომელსაც „აკადემია“ ეწოდა. გადმოგვცემენ, რომ ამ შენობის შესასვლელთან იყო წარწერა: „ვინც მათემატიკა არ იცის, ჩემს ლექციებს ნუ დაესწრება“, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფილოსოფიური სიბრძნის დაუფლებისთვის მათემატიკა აპრიორი უნდა გცოდნოდა.

384 წელს ქალაქ სტაგირაში, მეფის კარის ექიმ ნიკომაქეს ოჯახში დაბადებული არისტოტელე 17 წლის ასაკში პლატონის აკადემიის მსმენელი გახდა და 20 წლის განმავლობაში, პლატონის გარდაცვალებამდე (ძვ.წ. 347 წ.), იყო ამ აკადემიაში როგორც გენიოსის გენიოსი მოწაფე, ბოლომდე თაყვანისმცემელი თავისი მასწავლებლისა, ამიტომ ალბათ გასაკვირია აღნიშნულის შემდეგ არისტოტელეს ცნობილი სიტყვები პლატონის მიმართ („თუმცა ჩემთვის ძვირფასია პლატონიც და ჭეშმარიტებაც, მაგრამ წმინდა მოვალეობა მკარნახობს, უპირატესობა ჭეშმარიტებას მივანიჭო“). უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ცალმხრივი შთაბეჭდილებაა! ჭეშმარიტება ხომ ყველასა და ყველაფერზე მაღლაა ყოფიერებაში და თუ ეს გწამს, შენი უკომპრომისობა მაღალ სამართალს შეგაგრძნობინებს თუ შეგამეცნებინებს. თუმცა აქ ყველას მერაბ მამარდაშვილი გაგვახსენდება, რომელსაც ვერ დავეთანხმები  იმაში, რომ ქართველთა უნიკალური ქარისტიანული აღქმა სამყაროსი, ღვთისა და სამშობლოს ერთ სიბრტყეზე მოაზრებით, შოვინიზმს, ფაშიზმს ან რასიზმს ნიშნავს; ამ უკანასკნელთაგან თავისუფლება გენში გვაქვს როგორც ჰუმანიზმი და ეს კოდი არ იცვლება.

რაც შეხება არისტოტელეს გამონათქვამს, მან საუკუნეებს გაუძლო როგორც მაგალითმა ადამიანური მიუკერძოებლობისა, ობიექტურობისა და უმაღლესი ღირებულებებისადმი ღრმა პატივისცემისა.

იმაზე საუბარი, რაში, რომელ  ძირითად პრინციპებში არ ეთანხმებოდა არისტოტელე პლატონს, თავის უძვირფასეს მასწავლებელს, რომლის ფილოსოფიურ იდეებზეც აღიზარდა, შორს წაგვიყვანდა. შეგვიძლია მოკლედ ვთქვათ, რომ ეს იყო პლატონის ცნობილი თეორია იდეებზე: რომ არსებობს ორი სინამდვილე,  საგნებზე იდეებისა და ამ იდეების ანარეკლი, მიმსგავსებული საგნებისა. არისტოტელემ აღმოაჩინა, რომ ყველა საგანს როდი აქვს იდეა (მაგალითად, ფრჩხილს, ჭუჭყს). არისტოტელეს მიერ პლატონის იდეათა თეორიის წინაღმდეგ მოხმობილი არგუმენტებიდან ზოგი მართებულია, ზოგიც – მცდარი, თუმცა ამით არც პლატონის სიდიდეს აკლდება რამე, არც არისტოტელესი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელად ითვლება, დიდი წვლილის შემტანად მის განათლებაში. ალექსანდრე მაკედონელიც მიიჩნევდა, რომ ორი ადამიანისგან იყო დავალებული ცხოვრებაში: მამის, მაკედონიის მეფე ფილიპეს, და გენიალური მასწავლებლის არისტოტელესგან.

მოდი, ახლა უკვე ლიტერატურის მაგალითზე განვიხილოთ, რა ხდება, როცა არისტოტელეს ცნობილი გამონათქვამი პლატონზე არ სრულდება ვინმეს, თუნდაც ონორე დე ბალზაკის ცნობილი მოთხრობის, „წითელი სასტუმროს“, პერსონაჟის, მიერ.

იწყება თხრობა და ვეხვევით დიდი ფრანგი მწერლის არისტოკრატული იუმორის ხიბლში, რომელიც შლეიფივით შემოხვევია მთელ სიუჟეტს. პარიზელი ბანკირის ნიურნბერგელი სტუმარი, უმწიკვლო და კეთილშობილი ბევრი გერმანელივით, „რომლის მშვიდობისმოყვარე ზნე-ჩვეულებები შვიდმა ლაშქორობამაც კი ვერ შეცვალა“, ტიპური გერმანული სახელით – ჰერმანი, წვეულებაზე ჰყვება უცნაურ და შემაძრწუნებელ ამბავს.

შეიძლება ითქვას, რომ მოთხრობა სინდისის ქენჯნაზეა – სხვადასხვა ზნეობრივი მრწამსის მქონე სხვადასხვა პერსონაჟის სინდისის ქენჯნაზე; იმ დემონურ სევდაზეც დაკარგული სიკეთის გამო, რომელსაც ასე გულში ჩამწვდომად აღწერს ნეოპლატონიზმი, არეოპაგეტიკა: „ადამიანს ყოველთვის არ ძალუძს ბოროტების ჩადენა. თვით მეკობრეთა ბრბოშიც კი გამეფდება ხოლმე ისეთი მყუდრო წუთი, როცა მათი პირქუში ხომალდი საქანელასავით განანავებს“ (4).

დიდებულია ბალზაკის ირონიული სარკაზმი, ადამიანური არსებობის სრული, ნათელი და ბნელი, რონატიკული და პრაგმატულ-ნატურალისტური პლანების ხედვით რომაა გამოწვეული: „გემრიელი სადილის მონელებისას სევდიანი არც არავინ გვინახავს. ადამიანი ამ დროს გაირინდება ხოლმე – ეს ერთგვარი შუალედია მოაზროვნის ოცნებასა და მცოხნავი ცხოველის კმაყოფილებას შორის. კარგი იქნებოდა, ამგვარი განწყობილებისთვის მატერიალური, გასტრონომიული მელანქოლია გვეწოდებინა“ (6). აქაც და სხვა მომენტშიც გაგვახსენდება ჰერმან ჰესეს კაცი-მგლობის ცხოვრებისეული კონცეფცია. ასეა, ადამიანმა არ იცის, ვინაა, რომელი გაიღვიძებს მასში – კაცი თუ მგელი; თუნდაც ექსტრემი რომელს გამოავლენს მავანში: გმირს თუ ავაზაკს, იმ მძაფრი ალღოთი და მტკიცე ნებისყოფით, რომლებსაც გეგმის შედგენისა თუ განხორციელებისას ავლენენ პატიმრები და ბოროტმოქმედები.

ჰერმანის მონათხრობში ორი მეგობარია, ორივე – უმცროსი სამხედრო ექიმი მე-18 საუკუნისა. ალბათ ორივეშია „ინდაიანური“ ბუნება, რომელსაც ერთი ამარცხებს, მეორე – ვერა და მკვლელად იქცევა, სიმდიდრის გამო თავს სჭრის ადამიანს. ეს შინაგანი მეტამორფოზები ონორე დე ბალზაკს შესაშური სიმარტივითა და ძალდაუტანებელი ოსტატობით აქვს აღწერილი, მოკლედ, ნარატივი მდინარესავით მოედინება; ეს დინება ხან მშვიდია, დაწმენდილი, ხანაც – მღვრიე და ავის მომასწავებელი და მქმნელი.

ერთ-ერთ მეგობარში, როგორც ვთქვით, საბედისწერო გუმანს, ლტოლვას დანაშაულისკენ, პატიოსნება ჯაბნის: „აღზრდით მიღებულმა ჩვევებმა, რელიგიურმა რჩევა-დარიგებებმა, განსაკუთრებით კი […] მამისეული სახლის ჭერქვეშ გატარებული უმწიკვლო ცხოვრების მოგონებებმა დაამარცხეს ბოროტი ზრახვანი“ (30). მეორეს სძლევს ეშმაკი, თუმცა იგივე ეშმაკი მას უვნებელს ტოვებს, ხოლო ის, ვინც დანაშაული არ ჩაიდინა, მკვლელობის ბრალდებით გასამართლდება ისე, რომ მეგობარში ეჭვიც არ ეპარება („თანაც მეგობრის საკუთარ თავზე მეტად მწამდა და ბრალს ხომ ვერ დავდებდი“). მას სიკვდილი ურჩევნია იმის აღიარებას, რომ მათი ძმობა, რომელიც ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო, საეჭვოა… ანუ ის, ვისაც მოღალატე მეგობრის ნაცვლად სიკვდილით სჯიან, ვერ ხედავს ჭეშმარიტებას, რომელიც მეგობრობაზე მაღლა დგას. თუმცა მოგვიანებით ღმერთი, ურომლისოდაც სისულელე იქნებოდა ყველაფერი, „ალაგებს“ სიცოცხლესა თუ მეგობრობაზე ძლიერი გრძნობებით არეულ-სიტუაციას, რომელიც მკითხველს, კითხვის გარკვეულ მომენტამდე, კამიუსი არ იყოს, აბსურდულ/ალოგიკური ჰგონია და აი, რატომ: მეგობრის, ფრედერიკის მაგივრად სიკვდილით დასჯილი პროსპერ მანიანის უკანასკნელი მზერა დედისკენ არის მიპყრობილი, თუმცა ეს მზერა დანაბარებით ვერ მიდის ადრესატამდე, რადგან დედა უკვე გარდაცვლილია: „…მე უდიდესი მწუხარებით მოცულ დრამად მივიჩნევ იმ სამარადისო საიდუმლოებას, რომლის წიაღშიც ჩაიმარხა ერთი სამარიდან მეორეში გადაგზავნილი გამომშვიდობება და რომელიც ვერასოდეს სულიერ ქმნილებათა სმენას ვერ მისწვდება, ისევე როგორც უდაბნოში გზააბნეული მგზავრის ყვირილი, რომელსაც უცბად ლომი დასეხა თავს“ (46).

ყველას ცხოვრებაშია იდუმალების, ამოუხსნელი საიდუმლოს განცდა; ასევე – განსაცვიფრებელი სიღრმის მორალური მოვლენები, როგორც ბალზაკი უწოდებს, რომლებიც უბრალოებისა და შეუმჩნევლობის ბურუსით იბურება.

ჰერმანს უსმენს ტაიფერი, მკვლელი მეგობარი, მოპარული ქონებით გამდირებული, უკვე ასაკოვანი, რომელიც გვერდიდან არ იშორებს თავის ასულს, გამოუცდელ და უმანკო ვიქტორინს. აი, რა ლაკონურად და როგორი ოსტატობით ხსნის ამ ფსიქოლოგიზმს ბალზაკი: „ალბათ მასაც, როგორც ყველა ბოროტმოქმედს, სურდა, სულის სიმშვიდე უმანკო ქმნილების გვერდით ეპოვა“ (49).

როგორია დიდი ფრანგი მწერლის ცხოვრებისეული მძიმე „ფილოსოფია“? აი, თუნდაც ეს, მოკლედ: „მაშ, ასე, მშვიდობა არამზადებს, ომი – უბედურთ და გავაღმერთოთ ოქრო…“; „სათნოების ჯილდოს გაიძვერებს მისცემენ“ – ცხოვრება სასტიკიცაა და დამცინავიც: მთხრობელს მკვლელის, ჟან ფრედერიკ ტაიფერის, ასული შეუყვარდება, რაც, ცხადია, ხელს უშლის დამნაშავის მხილებაში.

მოდი, ფინალს ნუ გავუმხელთ მათ, ვისაც ეს მოთხრობა არ წაუკითხავს. ჩვენს კლასიკაზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა. კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები ბერძნულ ტრაგედიებს ჰგავს. იცი, რომ ბევრი რამ მწერლის ფატაზიის ნაყოფია, მაგრამ ისე გადაეშვები ამ დიდოსტატური კალმით „მობერილ“ გრძნობათა ქარიშხალსა თუ მორევში, რომ თავად აღმოჩნდები თითქოს „ბერძნული თეატრის სცენაზე“, ტრაგედიასა თუ კომედიაში, და საკუთარ თავსაც აკვირდები პერსონაჟებთან ერთად, მათ გარემოცვაში. ამას ჰქვია დიდი შემოქმედება!

ბალზაკი რეალისტიც არის და რომანტიკოსიც, ოღონდ ორივე – ზომიერად, ორივე – გონივრული ბალანსით, ამიტომ როცა მთავარი გმირი უარს ამბობს კეთილშობილ ტყუილსა თუ სამწუხარო ექსპერიმენტზე, თანაც მწერლის დასკვნა არ გვაქვს, – პრობლემატიკაც (პლატონურ-არისტოტელური) მკითხველის გულსა და გონებაში გადმოინაცვლებს.

ცხოვრების დიდი, ბანალურ-მისტიკური „შარადა“ თუ „ცდა ბედის მონახევრეა“ გ რ ძ ე ლ დ ე ბ ა!

 

 

ციტატები წიგნიდან: ონორე დე ბალზაკი, „წითელი სატუმრო“, გამომცემლობა „პალიტრა“, 2021

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“