ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

Salve, Mam!  

 

იყო დრო, როცა ბუდიზმის შესახებ სულ არაფერი ვიცოდი. ბუდიზმის შესახებ ახლაც არაფერი ვიცი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბუდისტი გავხდი. ამის შესახებ უნდა გიამბოთ.

 

მე ლათინური ენის ლექტორი ვარ. რამდენიმე სამედიცინო უნივერსიტეტში ვასწავლი და ჩემი მთავარი მისია იმაში მდგომარეობს, რომ მომავალ ექიმებს საბაზისო ცოდნა მივცე ლათინური ენიდან მომდინარე სამედიცინო ტერმინოლოგიაში. არ დაგიმალავთ, ცოტა მომაბეზრებელი საქმეა კვირაში ბევრჯერ ერთსა და იმავეზე საუბარი, მითუმეტეს მისთვის, ვისაც ჩემნაირი საძაგელი ხასიათი აქვს და რუტინას ვერ იტანს.

ხუთი წელია ასე ვცხოვრობთ მე, ჩემი საძაგელი ხასიათი და სამედიცინო ლათინური ენა, რომლის მიმართაც განსაკუთრებული სენტიმენტები ვერასდროს მექნებოდა, რომ არა ჩემი სტუდენტები. უცნაური ამბავია, არა? საგანი, რომელსაც ასწავლი დიდად არ მოგწონს, სემესტრის ბოლოსკენ გეზიზღება კიდეც, მაგრამ მხოლოდ ლექციამდე, რადგანაც ლექციის დაწყებისთანავე, ყველაზე უფრო საზარელი სამედიცინო ტერმინებიც კი სრულიად გამაოგნებელ მეტამორფოზას განიცდიან, როდესაც მათ შენს დანახვაზე თვალებაციმციმებული ადამიანები იმეორებენ. ეს თვალებციმციმა ადამიანები კი ჩემი ინდოელი სტუდენტები არიან და მე მათი ჭეშმარიტი მიმდევარი ვარ. აგიხსნით რატომ.

– Salve, mam! – ღამენათევსა და სამყაროდაბინდულს სტუდენტების მხიარული, ერთხმა შეძახილი მაფხიზლებს. სამყაროც მაშინვე ნათდება და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სინათლე მართლაც აღმოსავლეთიდან მოდის, ამ შემთხვევაში – ჩემი ინდოელი სტუდენტების სახეებიდან. ვესალმები. აუდიტორიაში შევდივართ. ლექცია იწყება. მე ჩემი მისია უნდა აღვასრულო – რაღაც ახალი ვასწავლო ჩემ წინ მსხდომ ადამიანებს. ვცდილობ ასეც მოვიქცე. ლექცია მთავრდება. და ვხდები, რომ ყველაფერი ისევ პირიქით მოხდა – ჩემი მისია მათ აღასრულეს, მასწავლეს, ისევ მასწავლეს…

მასწავლეს, რომ სამყარო არც ისე დიდი და მრავალფეროვანია, როგორც ჩვენ გვგონია; რომ მასში სულ ორი ფერი არსებობს – სიხარულისა და სევდის ფერები. და სწორედ ეს ფერებია ჩვენი კანის ფერი. და მე აღმოვაჩინე, რომ მათთან ყოფნისას მათივე კანის ფერი მედება, სიხარულის ფერი.

მასწავლეს, რომ ღმერთს ჰინდიზეც და ლათინურადაც ერთი და იგივე სახელი ჰქვია და მე მყავს სტუდენტი, რომელსაც ღმერთი ჰქვია – დევ.

მასწავლეს, რომ მათთვის ყველაზე გამოსადეგი ენა ლათინური კი არ არის, როგორც ამას სალექციო კურსის დაწყებისას მთელი არსებით ვუმტკიცებ ხოლმე, ყველაზე გამოსადეგი ენა კეთილგანწყობაა, რომელსაც არც სიტყვები სჭირდება და არც მსაზღვრელ-საზღვრულის შეთანხმების წესების ცოდნა. ამისთვის ღიმილიც საკმარისია. სწორედ ამ ღიმილით, ამ გულწრფელი ღიმილით მომნუსხეს თავის დროზე.

დიახ, ისიც მასწავლეს, რომ საქართველო ვიღაცისთვის შუა ევროპაა, რომელშიც, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ადამიანები თავს უფრო თავისუფლად გრძნობენ, ვიდრე საკუთარ სამშობლოში. თავიდან ვერ ვიჯერებდი, მაგრამ თანდათანობით მივხვდი, რომ ფარდობითობის თეორია ყველგან და ყველაფერში სუფევს.

მასწავლეს, რომ მერე რა, შუაგულ ევროპაშიც შეიძლება არსებობდნენ უტიფარი ადამიანები, რომლებიც  სრულიად უსაგნოდ დაგესხმებიან თავს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თავზე ინდური ჩალმა გახურავს. და მე მივხვდი, რომ ერთხელ სწორედ ამ უტიფარი ადამიანების გამო ავიცრუე გული საკუთარ სამშობლოზე.

შესვენებაა. იქვე, უნივერსიტეტთან მაღაზიაში შევდივარ. მაღაზიის მფლობელი ქალბატონი კეთილგანწყობილად მიღიმის. კარგახანია მიცნობს და ვიცნობ. სულ აქ ვყიდულობ ხოლმე წყალს. ჩემი ყოფილი სტუდენტი შემოდის, 2 წლის გოგონასთან ერთად. მისი შვილია. თვითონაც პატარაა, ალბათ 19 წლის, მაგრამ შვილი ჰყავს. შარშან ვასწავლიდი. კარგი სტუდენტი იყო. თანაც ზედმიწევნით სწორად გამოთქვამდა სიტყვას ichthyismus, ფონეტიკურ გაუგებრობაში მყოფი სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით. ისიც წყალს ყიდულობს თავისი პატარასთვის და გასული არ არის რომ:

– ჩამოეთრა და გააჩინა ნაბუშარი, რომ მოქალაქეობა მიიღოს! – ამბობს მაღაზიის მფლობელი, ჩემდამი კეთილგანწყობილი ქალბატონი.

ამ სიტყვების გაგონებისას მგრძნობელობა დავკარგე. არ მახსოვს რა მოხდა. რა ვთქვი. რა მითხრა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ამ ქალბატონისგან ნაყიდი წყალი აღარასდროს დამილევია.

ჩემი ყოფილი სტუდენტი კი მას მერეც ხშირად დადიოდა უნივერსიტეტში თავის პატარა გოგონასთან ერთად. ერთადვე ესწრებოდნენ ლექციებს. დერეფანში შეხვედრისას მასაც დედამისის მსგავსად აუციმციმდებოდა ხოლმე თვალები და თავის ენაზე მელაპარაკებოდა. და მე აღმოვაჩინე, რომ ინდოელი პატარა და დიდი ბავშვები ერთ ენაზე საუბრობენ, რომელიც არასდროს მისწავლია, მაგრამ რაღაცნაირად მესმის და მგონია, რომ ეს ყველაზე დიდი წარმატებაა, რომელსაც 33 წლის განმავლობაში მივაღწიე.

– Salve, mam! – სოციალურ ქსელში მორიგი სტუდენტი მწერს.

სალამს ვუბრუნებ. მომდევნო ფრაზები წინასწარ ვიცი, მაგრამ დიალოგში მაინც შევდივარ. მკითხავს, როგორ ვარ. მეც ვუპასუხებ, რომ კარგად ვარ. შემდეგ მშვიდობიან ღამეს მისურვებს. და ვიცი, აუცილებლად მშვიდობიანი იქნება ეს ღამეც, ისევ გათენდება…

რამდენიმე დღის წინ ჰოლის დღესასწაული იყო. ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ფერადი და იმედიანი დღესასწაულია, რასაც კი ოდესმე შევსწრებივარ. ჰოლიკას სახელს უკავშირდება, რომელმაც პრახლადას ვიშნასადმი რწმენის გამოცდა და მისი მოკვლა განიზრახა. და მიუხედავად იმისა, რომ ჰოლიკას ცეცხლი არ ეკარებოდა, სწორედ იგი დაიწვა და არა პრახლადა, რომელიც ცეცხლში რწმენით შევიდა. ასე დამარცხდა ბოროტება. ასე გაიმარჯვა სიკეთემ სამყაროში და მას მერე მრავალი საუკუნეა, ინდოელები გაზაფხულს სიკეთის გამარჯვების ზეიმით იწყებენ. ამ ზეიმის თანმდევი კი ფერადი საღებავებია, რომელსაც ერთმანეთს სახეზე უსვამენ იმის ნიშნად, რომ ყველაფერი ცუდი დაივიწყეს, რომ სიკეთე უძლეველია და მას ვერაფერი მოერევა. ასეთი გაზაფხული აქვთ ინდოელებს. წელს მეც მათთან ერთად დავიწყე გაზაფხული – ჰოლის დღესასწაულზე ვიყავი, მთაწმინდის პარკში. თითქმის ყველა ჩემი სტუდენტი იქ იყო. ერთად აღვნიშნეთ ჰოლი და ამ დღეს ჩემი სტუდენტების გადამკიდე, ყველა ფერის კანი მოვისინჯე სახეზე, რის წყალობითაც აღმოვაჩინე, რომ ურიგო მწვანეკანიანი არ ვიქნებოდი, მომიხდა… ჰოლის დღესასწაულზე ჩემმა სტუდენტებმა ბევრი იცეკვეს, მეც ვიცეკვე, იმღერეს, მე ვერ ვიმღერე, ინდური სიმღერები ჯერ არ ვიცი, მერე ფოტოები გადავიღეთ და მომდევნო ლექციაზე ძლივს მოვახერხე ამ ფოტოებით აჟიტირებული სტუდენტების დაშოშმინება. უყურებდნენ ტელეფონებში შენახულ ფოტოებს, მერე მე შემომხედავდნენ და სიცილით კვდებოდნენ. ვცადე გავბრაზებულიყავი, მაგრამ ერთმა ისე გულწრფელად მითხრა „ლამაზი ინდოელი იქნებოდით, მემ“-ო, რომ წამში სიბრაზის ყველა ღმერთი გამიწყრა და საერთო მხიარულებას შევერიე.

ჩემი ინდოელი სტუდენტები კარგად სწავლობენ. და არა მხოლოდ ლათინურს. სხვა საგნებსაც კარგად სწავლობენ. და ძალიან ჭკვიანები არიან. იმდენი რამე იციან და ისე უცებ ითვისებენ ყველაფერს, რომ ხანდახან საკუთარი სტატუსისა მრცხვენია. ზუსტად ვიცი, ყველა თუ არა, მათი უმრავლესობა ძალიან კარგი ექიმი იქნება. ზუსტად ვიცი, რომ არა მხოლოდ იმიტომ იქნებიან კარგი ექიმები, რომ კარგად სწავლობენ, არამედ იმიტომაც, რომ საოცარი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საგნებსა და ადამიანებს. ეს კი, ჩემი აზრით, ექიმის მთავარი ღირსებაა.

ბოლო ლექცია გვაქვს. ლათინურის სწავლას მორჩნენ. მომავალ სემესტრში სხვა საგნებს ისწავლიან. მემშვიდობებიან. მეუბნებიან, რომ მოენატრებათ ჩვენი ლექციები. წარმოდგენა არ აქვთ, მე როგორ მომენატრება მათთან ერთად გადატარებული დრო. სამახსოვრო ფოტოს ვიღებთ. მიდიან. გულაჩუყებული ვარ. მეტი რა უნდა მასწავლებელს, ერთი სიტყვაც კი ჰყოფნის საიმისოდ, რომ სამუდამოდ დაამსხვრიოს საკუთარ თავში მენტორის პოზა. ერთი სტუდენტი რჩება. მაგიდაზე წიგნს მიდებს. წიგნი ბუდიზმზეა. ქართულად.

– ეს წიგნი წაიკითხეთ მემ, როცა დრო გექნებათ, თქვენ ამას გაიგებთ, – მეუბნება და ახლა უკვე შოკოლადს მიდებს მაგიდაზე, – და თუ გადაწყვეტთ, სიამოვნებით გასწავლით ჰინდის.

გადის. და იმწამსვე გადავწყვიტე, რომ ჰინდი უნდა ვისწავლო. რაღაცები ვიცი კიდეც, იმდენს ვახერხებ, რომ ლექციებისას „ბრძანებები“ ჰინდიზე გავცე. ეს სიტყვები ჩემმა პირველმა ინდოელმა სტუდენტებმა მასწავლეს და როგორც აღმოჩნდა, მათ ჯადოსნური ძალა აქვთ.  მათი მხოლოდ ერთხელ გამოყენება და მორჩა, ინდოელი სტუდენტების გული დაპყრობილი მაქვს. წიგნი ახლაც სახლში მიდევს. შიგადაშიგ ვკითხულობ ხოლმე. არ არის მარტივი და ადვილად გასაგები, მაგრამ ძალიან მარტივ ამბებზეა ანუ იმაზე, თუ რას ნიშნავს მარადიული წრებრუნვა, რას ნიშნავს სამსარასგან გათავისუფლება და მარადიულ ნეტარებაში გადასახლება.

დიახ, ეს წიგნი ჩემზეა.  ჩემზე, ვინც უკვე ხუთი წელია სამედიცინო ლათინურის მარადიულ წრებრუნვაში ვარ ჩაბმული, და როგორც კი ამ წრებრუნვიდან გათავისუფლების სურვილი ამიტანს, მაშინვე რაღაც მანქანებით ვხვდები ხოლმე მარადიულ ნეტარებაში, იმ ჭეშმარიტ ნირვანაში, რომელშიც ჩემს რომელიმე პირადი ბუდა დგას, მთელი გულწრფელობით მიღიმის და მეუბნება:  Salve, mam!

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი