პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სამშვილდე

ვერშემდგარი არქეოლოგი ვარ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვისწავლე და არაფერი გამომივიდა. უბრალოდ, მოწოდებით, ბუნებით, ყველაზე დამუხტული ოცნებებით არქეოლოგობისკენ ვიხრებოდი ბავშვობიდან, მაგრამ პროფესიად არასოდეს ამირჩევია. თხრა და ძიება მეტაფიზიკურ ჭრილში გადავიტანე და ჩემს ისტორიულ მიწად ფურცელი ვაქციე. არქეოლოგია კი დღემდე ჩემს დიდ, პლატონურ სიყვარულად რჩება და სუნთქვის შეკვრამდე ვღელავ, თუკი სადმე გათხრების კვალს, მიმდინარე ან დაკონსერვებულ სამუშაო პროცესს წავაწყდი.

ასეთ ადგილებს კი საქართველოში რა დალევს. საერთოდაც, მთელი ქვეყანა ერთი დიდი არქეოლოგიური პავილიონი არ არის?! სადაც გინდა, ჩაყავი ხელი – მაჯის სიღრმეზე უკვე წინა, იმის წინა და იმის-იმის წინა საუკუნეებისა და ათასწლეულების ნიმუშებს იპოვი.

მაგრამ ამ საძიებო ადგილებს შორისაც არიან „უფლისწულები“ – ადგილები, რომლებიც ყველაზე უხნესია, ყველაზე მრავლისმთქმელი და ყველაზე გამოსაკვლევი.

სამშვილდე ერთ-ერთი ამ უფლისწულთაგანია. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა იქ, დამეთანხმება.

მე კი ახლა იმის თქმა მინდა, რომ სამშვილდეში ერთხელ მოხვედრაც არ არის საკმარისი.

ეს საკუთარ თავზე გამოვცადე და სხვებისგანაც მოვისმინე.

კარგი წიგნივითაა, ყოველ წაკითხვაზე ახალი საიდუმლოებებით რომ გეხსნება და შენც გზრდის, სიახლეს გმატებს.

პირველად შვიდი წლის წინ წავედი სამშვილდეში. მეგობრებთან ერთად, ლაშქრობით. გაზაფხულის პირი იყო და გამჭვირვალე ჰაერში ლამის პარალელური სივრცეებიც ჩანდა. მომნუსხა იქაურობამ, იმ ინფორმაციამ, რასაც იტევს ეს ისტორიული ადგილი. ჩამებეჭდა გულსა და გონებაში.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ სანახავი მქონია. არ ვიცი, რა უფრო აქტიურობს ხოლმე ასეთ დროს სამყაროს კავშირებში – თვითონ ადგილები, რომლებიც გვიწვევენ, გვიზიდავენ და თავს გვაკითხებენ თუ ჩვენ – იდუმალ და აუხსნელ ამბებს დახარბებული, რაღაც ახლისა და მოულოდნელის სურვილით დატენილი, მაძიებელი ადამიანები. ფაქტია, ეს კავშორები – ადამიანისა და ადგილისა –  ძალიან მყარია და მგონია, რომ სულაც ბევრისთვის დაუჯერებელი ამ მისტიკის წყალობით მოხდა დიდი საკაცობრიო აღმოჩენები, ამერიკა-ტროა-მიკენის ოდისეები და რეალური თავგადასავლები…

ჰოდა, მოვხვდი ცოტა ხნის წინ მეორედაც სამშვილდეში.

ეს იყო ხელახალი აღმოჩენა, დიდი წაკითხვა. განა მარტო უფლისწული ადგილისა? არა, ბატონო – უწინარესად საკუთარი თავისა.

რადგან არსად ისეთი შიშველი არ დგას ადამიანი, როგორიც ხეობის გამაყრუებელ სიჩუმეში, ხეობის უფსკრულებიდან ნაორთქლი ჰაერის გამჭვირვალობაში.

სამშვილდე კი ორ მდინარეს – ჭივჭავსა და ხრამს შორის ამოზრდილი ბუნებრივი კონცხია.

ძველისძველი ნაქალაქარი, რომელსაც თავისი არქიტექტურა, რელიეფი, იერი, თვითმყოფადი და ძალიან საინტერესო აგებულება აქვს. ისტორიულ წყაროებში „ციხე ორბისა“ ჰქვია. ის ახლაც ორბების სამშობლოა, ერთადერთი, რაც იმ უხნესი წარსულიდან ცოცხალი სახით შემორჩა, ორბებია – ლამაზი, ხეობისფერი ჩიტები, მდინარის სულებივით რომ დაქრიან სამშვილდის თავზე, თავიანთ ფრინველურ ამბებში გართულები.

„ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქვიან სამშვილდე და მეფემან ფარნაოზ ჰყო საერისთაოდ და ქალაქად“, – ვკითხულობთ მატიანეში. სამშვილდის მიდამოებში მდებარე გამოქვაბულები, მენჰირები, ნამოსახლარები და ვრცელი სამაროვნები, არქეოლოგიური კვლევის შედეგებით, ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევარსა და III ათასწლეულს მიეკუთვნება. დროდადრო ის უფლისწულთა სამყოფელი იყო. VIII-IX საუკუნეებში სამშვილდე თბილისის საამიროს ექვემდებარებოდა. მეათე საუკუნეში კიდევ უფრო გაიზარდა სამშვილდის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა. ქვემო ქართლის მრავალი ციხესიმაგრე ცნობდა მის პირველობას. სამშვილდის ეკონომიკურ დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი მდებარეობა მთისა და ბარის რაიონების დამაკავშირებელ მაგისტრალზე.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, სამშვილდე XVII საუკუნის II ნახევრამდე ქალაქი იყო, შემდეგ მხოლოდ ციხესიმაგრის ფუნქცია შერჩა.

ნაქალაქარში არაერთი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობის ნანგრევებია, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურგუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძრის – სამშვილდის სიონის ნაშთი. აღმოსავლეთის ფასადზე დაცული გრძელი წარწერის ფრაგმენტებში მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია, მოხსენიებული არიან ისტორიული პირები – ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე V კოპრონიმოსი და ლეონ IV ხაზარი. ამის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ტაძრის აგების ზუსტი თარიღის დადგენა – 759-777 წლები.

არქიტექტურულად ის წნორის ეკლესიას ენათესავება და საგულისხმოა, რომ ორივე ნაგებობაში სამშვილდის სიონის ტაძრის ქვებია გამოყენებული.

პირველი არქეოლოგიური გათხრები აქ XX საუკუნეში ჩატარდა. გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული საფეხურის ნამოსახლარი და სამაროვანი.

დღეს ნაშთების წყალობით ძველი ქალაქის სურათის აღდგენაც შესაძლებელია:

ქალაქის შუა ნაწილი გამოყოფილია გალავნით, რომლის ალაყაფის კარს უკან იწყება სამი მეტრი სიგანის ქვის ფილებით მოკირწყლული მთავარი ქუჩა. აქედან მიემართება ვიწრო ჩიხები. მათ შორის გამოიყოფა საკარმიდამო ნაკვეთები. აქ ყველგან არის შენობათა კვალი; ლოდების გროვა და ზედ ყურძნის ვაზი, ველური ლეღვი, ტყემალი, დახლართული ფესვები შლიან საუკუნეებს. ამ პატარა, მაგრამ ძლიერ ქალაქში ცხოვრობდნენ ფეოდალები, მხედართმთავრები, ციხისთავი და მოხელეები. აქვე შემორჩენილია რამდენიმე ორსართულიანი სახლის ნანგრევები. პირველი სართული ალბათ მარანს და სამეურნეო საწყობს ეთმობოდა, ხოლო მეორე სართულზე საცხოვრებელი ოთახებია კედლის ნიშებითა და ბუხრებით. გალავნის მახლობლად დგას მდარე ქვით ნაგები ღვთისმშობლის სახელობის მიძინების ეკლესია, რომლის ინტერიერში სანთლების ალისგან გაჭვარტლული დიდი შავი მენჰირია, საფიქრებელია, ძვ.წ. II ათასწლეულიდან. მასზე ამოკვეთილია ჯვარი და სომხური წარწერა – „სუმბათ ერისთავთ-ერისთავი“. ეს წარწერა XI საუკუნით თარიღდება, ხოლო ეკლესია შემდგომ პერიოდშია აგებული.
სამშვილდეში არქეოლოგიური გათხრები დღესაც მიმდინარეობს. საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრმა 2017 წლის 13 მაისს განახორციელა პირველი პროექტი „აღმოაჩინე სამშვილდე“. არქეოლოგთა მცირე ჯგუფი ჩვენც დაგვხვდა – დარიან ამინდში მუშაობას ეშურებოდნენ.

თვალით ჩავყევი მათ სამუშაო იარაღებს ბებერ მიწაში და რა აღარ წარმოვიდგინე – რამდენი რამე იქნება ჯერ კიდევ საპოვნელი, აღმოსაჩენი, რამდენ რამეს აეხდება ფარდა, რამდენი თეორია გაჩნდება ან გაბათილდება – ძველი კულტურების ურთიერთობაზე, მასშტაბურ მიგრაციებზე, ბატალურ ამბებზე, მეფეთა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეთა პირად ისტორიებზე…

და ამ ყველაფერს ორი მონაპირე ხეობის დამამუნჯებელი სიჩუმე და გამჭვირვალე ორთქლი ინახავს, როგორც ყველაზე ბუნებრივი რეზერვუარი წარსულის, აწმყოსა და მომავლის ალქიმიური რიტუალებისთვის.

სამშვილდე საქართველოს უფლისწული ადგილია, რომელსაც არა ერთხელ და ორჯერ, არამედ კარგი წიგნივით ხშირად უნდა ეახლო და ისტორია გადაფურცლო.

მერწმუნეთ, ეს აქტი ბუნებრივად დაემთხვევა საკუთარი თავის გადაკითხვასაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი