ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ილია და ილია

თავი უნდა გავთქვა: არცერთ სხვა წერილზე არ დავმჯდარვარ იმდენი ხანი, რამდენიც ამ წერილზე საფიქრალად დამჭირდა,  არასდროს. ერთი პირობა ისაც ვიფიქრე, ხომ არ შევეშვა და რამე უფრო იოლს გადავწვდე-მეთქი. მაგრამ ბავშვობიდან მეშინია იოლი გზების და ფიქრების, ჰო, შიში ჰქვია ამას, მე რასაც განვიცდი ხოლმე, და ამიტომ როგორც ყველა მშიშარა ადამიანი, ჩემთვის უშიშარ გზებზე და ფიქრებში გავურბივარ მათ.

არადა, როგორია, დაჯდე და სრული სერიოზულობით ორ ილიაზე რამე ჭკვიანური დაწერო.

ერთზე უკვე იმდენი ითქვა და დაიწერა და მეორეზე კიდევ – ვისაც არ ეზარება, თავის ცხოვრებისეულ ბოღმასაც და სიყვარულსაც მისით იწყებს, დილის ფიზკულტურასავით.

ორ ილიას შორის ერთი ზუსტად 111 წლის წინ მოკლეს „პროგრესის“ მამებმა. მეორეს, უკვე მერამდენე წელია, ყოველდღე კლავენ. კარგი სამიზნე კია – ილიაობით გაუმართლა თუ კიდევ, ჩვენ რომ ვერც ჩავწვდებით და დავინახავთ, იმ საკრალური ბედისწერით – დღემდე ერთ-ერთ ყველაზე საჩინო კაცად რჩება საქართველოში.

ჩანს და იმიტომ. ზოგს ეს შუქი აბრმავებს, ზოგს პირიქით – ათბობს და გზას უნათებს.

ერთმა ილიამ რა ქვეყანაშიც გაიღვიძა არყოფნის ქვეყნიდან, 1837 წლის 8 ნოემბერს, ყველამ იცის – ქვეყანა აღარც ერქვა, ცარისტული რუსეთის რეჟიმის მსხვერპლი, შეგუებულ მონობაში ამთქნარებდა წლებს და წინ გზასაც ვეღარ ხედავდა. ეს პირველი ილია რომ არა, ალბათ ორი საუკუნის წინ დამთავდრებოდა ჩვენი ისტორია. მისი ღონიერი, ახალი ენერგია რომ არა, მისი თანამედროვეების, თანამოაზრეების დიდი ძალისხმევა რომ არა!..

საერთოდაც, როცა იმ ქართველებზე ვფიქრობ – ილიას დროის მოღვაწეებზე, მათ ურთიერთობებზე, მათ ბიოგრაფიულ ნაბიჯებზე, ცხოვრებაზე – ადამიანურ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე რომ ვფიქრობ – იმ სამყაროს ინტერესი მკლავს, იმ სივრცის და ჰაერის, რომელმაც ეს დიდი ცხოვრება დაიტია, მათი ნაბიჯები და მიმოწერა, მათი ტვინებიდან და გულებიდან დათხეული სისხლი, მათი სიყვარულის საიდუმლოებები და ქვეყნის მიმართ მათი ერთგულება – ეს ყოვლად არაპათეტიკური, ბუნებრივი მდგომარეობა, თუკი დღეს მისი წარმოდგენა და გააზრება შეგვიძლია!..

რა იყო ეს ეპოქა? რა იყო ეს დრო? რა რიხიანი გამოღვიძება იყო, რა მათრახები სულზე, რა სამსჭვალები შუბლზე და მაჯებზე, რა აღდგომა იყო ასეთი?! როგორ დაიშვა ან რისთვის დაიშვა, ნუთუ მხოლოდ იმ ერთი დროისთვის?

…მეორე ილია თოვლიან 25 დეკემბერს, 1977 წელს, სვეტიცხოველში აკურთხეს პატრიარქად. ეროვნული მოძრაობის კულმინაციამდე რამდენიმე წელი რჩებოდა. ეკლესიები ცარიელი ან სულაც, გამოკეტილი იყო. იმ ადამიანების მონაყოლი დღემდე მღელვარე და შთამბეჭდავია, ვინც „ახალი სამწყსოს“  პირველ ტალღად იქცა, ვინც პირველმა შეავსო ეშმაკების სათარეშოდ ქცეული ტაძრები ლოცვით და სანთლებით. ისინი რასაც ჰყვებიან, ის ყველაზე ნათელი და მართალი განცდებია, ბავშვის სინათლის და სიმართლისოდენა. იქ არაა არც ანგარება, არც ცბიერი დაეჭვება, არც სამომავლო გეგმურობა. იქ დახშული კარის პირველად შეღების სიხარულია და რაღაც დიდად დავიწყებულის თუ უარყოფილის ხელახლა გაცოცხლების მშვინვიერება!..

ამ მეორე ილიასაც ურთულესი გზა ედო – მგელთა შორის უნდა გაეტარებინა ქრისტიანობის იდეა და ამ იდეის ხორცშესასხმელი ცხოვრება – სავსე ტკივილებით, დაბრკოლებებით, ღალატით, პირმოთნეობით, მოკლედ,  ადამიანის გონებისთვის ცნობილი და ნაცადი თუ ჯერაც უცნობი და გაუგონარი მანკიერებებით.

2017 წელს ორმოცი წელი შესრულდა იმ აღსაყდრების დღიდან და ეს ორმოცი წელი კიდევ, ხომ ვიცით, რაც იყო; ყველამ თავის ტყავზე და სულზე გამოსცადა, ქვეყანამ კი თავის ხორცზეც, ნაწილზეც… მოსეს ორმოცწლიან გზას უხსენებენ ხოლმე, ამით ასიმბოლოებენ, მორწმუნეები – აღტაცებითა და კრძალვით, ცინიკოსები – ირონიითა და სარკაზმით. გინდ იქიდან თქვი და გინდ აქედან – ისტორიას ხომ თვალს ვერ აუქცევ. ეს მან შეიძლება ამოგტყორცნოს თავის ბრუნვიდან. მან – ისტორიამ, დიდმა ვეშაპმა, რომელსაც აქვს ეგ ცბიერება, თვალსა და ხელს შუა გაგეპაროს და დაგტოვოს ხახამშრალი, ნარწყევივით ამოგდებული თავის წიაღიდან, დარჩენილი უდროოდ და უსამშობლოდ, როგორც მსხვერპლი მისი დიადი საქმეებისა და ჩანაფიქრებისა. თორემ შენ თვალს ვერ აუქცევ, რადგან, ძალიანაც რომ მოინდომო, არც არაფერი გაქვს ამაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი, მხოლოდ ეს, ერთადერთი მონაპოვარი, სადაც დგინდები ადამიანად – ისტორია!..

ჰოდა, ამ ისტორიას კიდევ გადასაწერი აქვს თავისი ფურცლები და კიდევ ბევრჯერ გადასაკითხი, რაც აქამდე შიგ სისხლიანი ხელებით, ხილვებიანი უძინარი და არასანდო თვალით ჩავჯღაბნეთ. ეს მეორე ილიაც თავისთავში ამ ორმოცი წლის საიდუმლოს ატარებს და ეს კი ერთი გვარიანი დროა ისტორიაში, ეს იმ სიდიდის დროა, რომელიც თავადვე გამოიხურავს ხოლმე კარს, თავადვე ირჩევს დიდ დასასრულს და სულ რომ ზედ ასი ციხის ქაჯები შეასკდნენ, მაინც ვერც დააჩქარებენ და ვერც შეანელებენ – ის თავის დიდ საათზე ბრუნავს და იძვრის, და მისი ბოლოც ისეთივე საგულისხმოა, როგორც დასაწყისი…

2017 წელი პირველი ილიას დაბადებიდან 180 წლის საიუბილეო წელი იყო. როცა ვსაუბრობთ ილია ჭავჭავაძის თანამედროვეობაზე, როცა გვაოცებს მისი მუდმივი სიახლე, მუდმივი თანაყოფნა ჩვენს დღევანდელ ფიქრებთან, გასაჭირთან და პრობლემებთან, როცა ვნატრობთ კიდეც ხოლმე მას, ან ვინმე მის მსგავსს – გადარმჩენელს, ყველას მაგივრად მოფიქრალს და საქმის მკეთებელს, ისიც გავიხსენოთ, ამ 180 წლის მანძილზე რამდენჯერ აღვკვეთეთ ჩვენი შესაძლო ორსულობა კიდევ ბევრ ილიაზე; გავიხსენოთ ჩვენი უცნაური სიყვარულის ჟამი ბოროტებასთან და სიკეთესთან, ჩვენი პოლიტიკური ეროტიკა, მუდმივი, დაუსრულებელი, უნაყოფო.

ქრისტიანობა ერთი ადამიანის რელიგიაა, თუკი ის ერთი თავისთავში მთელ კაცობრიობას იკრებს. არაფერია ასეთ „ერთზე“ უფრო ბევრი და სანდო. ასეთი „მეც“ სამყაროს ცენტრია და უზღვავი ენერგიით ეფინება კოსმოსის ტალღებს. მეორე ილია ორმოცი წელი სწორედ ამას ამბობდა, ითხოვდა, ქადაგებდა: ასეთი „ერთი“ და ასეთი „მე“ დამთხვეოდნენ ერთმანეთს, ანუ ადამიანს თავისთავში კაცობრიობა აღექვა, სამყარო დაეტია და ამით გამხდარიყო კრებითი „ჩვენ“, გნებავთ სამშობლო, გნებავთ – მთელი დედამიწა. სხვა, უფრო დიდი და მიუწვდომელი, არაფერი ყოფილა მის სიტყვებში და ქადაგებებში.  ადამიანის სიყვარული, ადამიანის თანაგრძნობა, ადამიანის ერთგულება, ადამიანის, ადამიანის, ადამიანის…

მგელთა შორის იარა-მეთქი და, ის მგლები სულ ახლოს ჰყავდა, გარშემო. ცხვრისტყავიანებიც და ლურჯდინგიანებიც. ორმოცი წელი მაინც გავიდა და გასრულდა, ვინმე ძველი აედი ამოიძახებდა კიდეც: ჰოი, გასრულდა თავისთავად, მზიანი ღამე!..

წინ ისევ ისტორიაა. გათითოკაცებული გუნდის ფერხული.

პირველმა ილიამ წყვდიადიდან გამოკვეთა ჩვენი გადარჩენის შესაძლებლობა და დიდი ენერგიით გვიბიძგა მომავლისაკენ.

მეორე ილიამ აწმყოს სადავე ამოიგო ლაგამივით და ორმოცი წელი სახედარივით ათრია შეუძლებლის და შესაძლებლის ზღვარზე. ფესვები უმაგრებდა ღონეს და ეს ფესვები კი უხსოვარიდან იწყება და მათ არსებობას არც ჩვენ გვეკითხება ვინმე, არც ჩვენ გვამადლის.

ზედაპირზე მხოლოდ ჩრდილები ჩანს, ვინმეს შესაძლოა მღილის ღოღვადაც მოეჩვენოს მსგავსი სურათი. ხედვას ვინ ვის დაუშლის, მით უფრო, თუ ღმერთს მაინც თანაბრად უყვარს ბრმებიც და მხედველნიც.

იქნებ, ბრმები უფრო მეტად… რადგან…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი