ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ალტერნატიული შეფასება სასწავლო პროცესში

შეიძლება ითქვას, რომ ინგლისური ენის მასწავლებლები ნამდვილად არ უჩივიან საინტერესო და სასარგებლო ტრენინგებისა და სემინარების ნაკლებობას. თბილისის მასწავლებელთა სახლი ხშირად უწევს მსგავსი ღონისძიებების მათთვის ორგანიზებას, რომლებსაც უცხოელი ექსპერტები უძღვებიან. ერთადერთი პრობლემა დროის გამონახვაა, განსაკუთრებით რეგიონების პედაგოგებისათვის. დღეს მინდა ერთ-ერთი ასეთი სამუშაო შეხვედრიდან მიღებული გამოცდილება გაგიზიაროთ. საუბარი შეეხება არაფორმალური შეფასების მნიშვნელობას ზოგადად და შეფასების საშუალებებს. როგორც მოგახსენეთ, ტრენინგი ინგლისურის მასწავლებლებისათვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ზოგიერთი რეკომენდაცია არა მარტო სხვა უცხოური ენების, არამედ სხვა საგნების, განსაკუთრებით ჰუმანიტარული მიმართულების საგნების მასწავლებლებსაც გამოადგებათ.

 

ფაქტია, რომ ბოლო ორი ათეული წელია ინგლისური ენის პოპულარობა მთელს მსოფლიოში გაიზარდა. საქართველოს სკოლებში უკვე რამდენიმე წელია ინგლისური პირველი კლასიდან სავალდებულო სახით ისწავლება. ინგლისური ენის მზარდმა პოპულარობამ ყველაზე ნათლად გამოკვეთა ენის მთავარი დანიშნულება – ადამიანებს შორის კომუნიკაციის დამყარების საშუალება. აღნიშნულ გარემოებას ინგლისური ენის პოპულარობის ზრდასთან ერთად მოჰყვა მნიშვნელოვანი ცვლილებები სწავლების მეთოდიკაში. სწავლების თანამედროვე ტენდენცია, რომელიც ჰუმანისტურ და მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომას აღიარებს, უცხო ენის სწავლებისას ყურადღებას კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე ამახვილებს. მნიშვნელოვანი გახდა უცხო ენის სწავლების ისეთი მეთოდები და შეფასების ფორმები, რომელიც სწავლის პროცესში მაქსიმალურად შეამცირებს მოსწავლის სტრესს და შექმნის კეთილგანწყობილ სასწავლო გარემოს. გარკვეულწილად შეიცვალა დამოკიდებულება სასწავლო პროცესის უცილობელი შემადგენელი ნაწილის – შეცდომის მიმართ. ეჭვქვეშ დადგა ის გარემოება, რომ აუცილებელია შეცდომის მყისიერად დაფიქსირება და გასწორება, რადგანაც მიიჩნევა, რომ ასეთი მიდგომა ზრდის მოსწავლის წარუმატებლობის რისკს. უნდა აღინიშნოს, ის რომ ტრადიციული, ე.წ. ,,კალამი-ფურცლის” ტესტირება აღარ წარმოადგენს შეფასების ერთადერთ საშუალებას, რაც სავსებით სამართლიანია, რადგანაც იგი არ იძლევა შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოვლინების საშუალებას, თუნდაც მათთვის, ვისაც გამოკვეთილი კომუნიკაციური უნარები აქვთ.

შეფასების საშუალებების გამრავალფეროვნება და მისი, ე.წ. ალტერნატიული ფორმები გულისხმობს მოსწავლეთა საჭიროებების, ინტერესების, სწავლის სტილის გათვალისწინებას. ის ცდილობს მოახდინოს შეფასების და აქტივობების ერთიან სასწავლო პროცესად ინტეგრირება. ალტერნატიული შეფასება უმეტესად პერფორმანსზეა აგებული და ხაზს უსვამს პოზიტიურ განწყობებს, უპირატესობას ანიჭებს განმავითარებელ შეფასებას.

ალტერნატიული შეფასება ქმნის უკეთეს შესაძლებლობებს მოსწავლესა და მასწავლებლის ეფექტური უკუკავშირისათვის, ადგენს სასწავლო მეთოდების ეფექტურობის ხარისხს, გამოკვეთს მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებს. მნიშვნელოვანია, რომ სწავლების საწყის საფეხურზე მოსწავლეებმა დაინახონ, რომ ისინი თავიანთ ლინგვისტურ კომპეტენციებში წარმატებებს აღწევენ, რაც მათ დამატებით მოტივაციას შეუქმნის. ალტერნატიული შეფასება მოსწავლეს უფრო მონდომებულს ხდის, ხოლო მასწავლებელს აძლევს საშუალებას მთავარი ყურადღება გაამახვილოს სწავლის არა პროდუქტზე, არამედ პროცესზე.

პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის ადვილი შესამჩნევია, რომ საწყის ეტაპზე დამწყები მოსწავლეები, წესისამებრ, ცუდად ართმევენ თავს ტესტებს. ამასთან, რაც მეტად ვცდილობთ გავზომოთ მათი ცოდნა მკაცრად გაწერილი შეფასების კრიტერიუმებით, შეცდომების რაოდენობა მით უფრო იზრდება. შესაბამისად იზრდება საფრთხე, რომ მოსწავლეს საბოლოოდ მიეკეროს წარუმატებლის იარლიყი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, თვითონაც შეურიგდეს ასეთ მდგომარეობას. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები შევაფასოთ ნაკლებად სტრესული მეთოდებითაც, რომლებსაც მოსწავლე აღიქვამს როგორც სწავლა-სწავლების პროცესის შემადგენელ ნაწილს და არა როგორც დამოუკიდებელ პროცესს, რომლითაც მასწავლებელი მის ცოდნას თანაკლასელების ცოდნას ადარებს.

რასაკვირველია, ტესტურ შეფასებას მასწავლებელი გვერდს ვერ აუვლის, მაგრამ ექსპერტები აქაც პოულობენ უკეთეს გამოსავალს. მაგალითად, ზოგიერთი მკვლევარი მომხრეა მოსწავლეების მოსაზრება გათვალისწინებულ იქნას არა მარტო ტესტირების ფორმატზე, არამედ მონაწილეობა მიიღონ მისი კონტენტის შედგენაზე. უფრო მეტიც, შესაძლებელია ისინი ტესტის გასწორების პროცესშიც ჩავრთოთ. ასეთი მეთოდით მოსწავლეების შეფასების ანალიზი მასწავლებელს კარგად დაანახებს მოსწავლეების, როგორც ერთი მთლიანი ჯგუფის ცოდნის დონეს, ასევე მათ განსხვავებულ წარმოდგენებსაც. ამასთანავე მოსწავლეები ხდებიან საკუთარი სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეები და მასწავლებლის მოკავშირეები.

ტესტირების ზემოთდასახელებული ფორმებით წარმართვა სირთულეებთან არის დაკავშირებული და გარკვეული წესების დაცვას მოითხოვს. პროცესი დაახლოებით ასე ვითარდება: მოსწავლეები მასწავლებლის ხელმძღვანელობით ერთად გადაწყვეტენ, რომელი კითხვები და როგორი ფორმით უნდა შევიდეს ტესტში. რამდენიმე დღის განმავლობაში მოსწავლეები საკუთარ კითხვებს წყვილებში ერთმანეთს დაუსვამენ, ხოლო შეცდომის შემთხვევაში თვითონვე გაუსწორებენ მათ. რამდენიმე მეწყვილის გამოცვლის შემდეგ ტესტირებაც შედგება. როგორც ხედავთ შეფასების ეს ფორმა მოსწავლეების კომუნიკაციური უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს.

მიმოვიხილოთ მოსწავლეთა შეფასების რამდენიმე მეთოდი.

არავერბალური პასუხები: უნდა გამოვიყენოთ სწავლების დაწყებით საფეხურზე. მოსწავლეები უმეტესწილად უნდა შეფასდნენ ფიზიკური მოქმედებების წარმოდგენით. (მაგ; ხელებთან დაკავშირებული სხვადასხვა მოქმედების იმიტირება). ძალზე მნიშვნელოვანია ილუსტრირებული სასწავლო რესურსების ყოველდღიური გამოყენება.

ვერბალური პასუხები (ინტერვიუ): შესაძლებელია მივმართოთ სწავლების დაწყებითი საფეხურის გავლის შემდეგ. მაგ; მოსწავლეები ირჩევენ სურათებს, რომლებზეც სურთ საუბარი, მასწავლებელი ეხმარება კითხვებით. როლური თამაშები: კარგად ცნობილი თანამშრომლობაზე აგებული სახალისო აქტივობა, რომელშიც ნებისმიერი ასაკის მოსწავლე კომფორტულად და მოტივირებულად გრძნობს თავს. როლური თამაშები ძალზე მოსახერხებელია ჰუმანიტარულ საგნებში, სადაც მათი გამოყენება მასწავლებლის მხრიდან დიდ გამომგონებლობას არ მოითხოვს, თუმცა შემოქმედებით მასწავლებლებს სხვა მიმართულების საგნებშიც შეუძლიათ მათი გამოყენება (მათემატიკა, ბუნებისმეტყველება და სხვ.)

წერილობითი ნარატივი: მოსწავლეების მოტივირება წერითი დავალებების შესრულებისას შესაძლებელია მათთვის ავთენტურთან მიახლოებული ტექსტების შეთავაზებით: მაგ; წერილების და მიწვევების გაგზავნა, საკუთარი ან წაკითხული ისტორიების გადმოცემა და სხვ. მოსმენილი ან წაკითხული ამბების გადმოცემისას მოსწავლეებს შესაძლოა ვთხოვოთ, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიან შეცვალონ მათი დასასრული თავიანთი შეხედულებისამებრ (მათ შორის ისტორიული მოვლენებიც).

პრეზენტაციები:  პრეზენტაციები მნიშვნელოვანია არა მარტო მოსწავლეების სასაუბრო (გარკვეულწილად წერითი) უნარების განსავითარებლად, არამედ მას შეუძლია მასწავლებელს მისცეს გარკვეული წარმოდგენა მოსწავლის ინტერესების, სამუშაო ჩვევების, საორგანიზაციო უნარების შესახებ. პრეზენტაციები მნიშვნელოვანი აქტივობების ფართო სპექტრს მოიცავს, მათ შორის მხატვრულ კითხვას, წარმოდგენებს, როლური თამაშებს, დრამას, ინტერვიუს და სხვ. ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად პრეზენტაციების პოპულარობა სულ უფრო იზრდება, რადგანაც ჩნდება მათი ელექტრონული მასალებით გამრავალფეროვნების საშუალება. გომესი იძლევა რეკომენდაციას, რომ პრეზენტაციის (ზოგადად საუბრის) პროცესში შესაძლებელია მოსწავლის შეფასება შვიდ ენობრივ უნარზე დაკვირვებით: სხვების გაგება, მსმენელისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, საუბრისას მერყეობის ხარისხი, საუბარში მონაწილეობის სურვილი, საუბრის წამოწყების სურვილი, აკურატულობა (გრამატიკა, ლექსიკა) და თემის განვრცობა.

თვით-შეფასება: სწავლის დაწყებით საფეხურზე მყოფ მოსწავლეს თვითშეფასების უნარი სუსტად აქვს განვითარებული. ამიტომ მას მხოლოდ მაშინ უნდა მივმართოთ, როცა გვეცოდინება, რომ მოსწავლეს ძალუძს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრა. რაც შეეხება ლინგვისტური უნარების შეფასებას, ან მათი გაუმჯობესების ხარისხის განსაზღვრას, ეს მოსწავლისთვის რთული ამოცანაა, თუმცა მეტ-ნაკლები წარმატებით ამ ამოცანისთვისაც შეუძლია თავის გართმევა.

სასწავლო ჩანაწერები: მოსწავლის დღიური, რომელიც შეიცავს მოსწავლის ჩანაწერებს ინგლისური ენის სკოლის გარეთ გამოყენების შესახებ. მასში უნდა ეწეროს სად და როდის მოხდა ენის გამოყენება, რას თვლის წარმატებულად, რას ვერ გაართვა თავი. ჩანაწერებში შეიძლება იყოს ინფორმაცია კლასში ნასწავლი მასალის შესახებაც, რომელსაც იგი ორ ნაწილად დაყოფს: გავიგე – ვერ გავიგე. ასეთი ჩანაწერები მასწავლებელს აწვდის ინფორმაციას მოსწავლის მიერ მეტაკოგნიტური სასწავლო სტრატეგიების გამოყენების შესახებ.

წყვილების და ჯგუფების შეფასება: თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგია სულ უფრო მეტად მოითხოვს მოსწავლეებში ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარებას. სასურველია, დროდადრო მუშაობის დასასრულს მოსწავლეებს თანაკლასელების შეფასება ვთხოვოთ. ამასთანავე მივანიშნოთ, რომ შეფასებისას ხაზი გაუსვან პოზიტიურ მხარეს და გამოყონ ამა თუ იმ მოსწავლის წვლილი ჯგუფის საერთო შედეგში. მასწავლებლის როლი მდგომარეობს შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრასა და პროცესის ხელმძღვანელობაში.

მოსწავლის პორტფოლიო: ითვლება რომ სწავლის პროცესში პორტფოლიოს შექმნის იდეა მხატვრების მიბაძულობით გაჩნდა, რომლებიც პორტფოლიოს დიდი ხანია იყენებენ თავიანთი საუკეთესო ნამუშევრების სხვების მიერ სწრაფად შესაფასებლად. მოსწავლის პორტფოლიომ უნდა ასახოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა, ამასთანავე თვალსაჩინო გახადოს მოსწავლის წერითი, კომუნიკაციური და სხვა უნარების განვითარების პროცესი. ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სავსებით შესაძლებელია მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღონ პორტფოლიოს შინაარსის განსაზღვრასა და ნამუშევრების ხარისხის განმსაზღვრელი კრიტერიუმების შედგენაში. პორტფოლიოში მოთავსებული ნამუშევრები შეიძლება ვაჩვენოთ მოსწავლეების მშობლებს, მეგობრებს, სხვა მასწავლებლებს, დაინტერესებულ ადამიანებს. პორტფოლიოს შედგენა მოსწავლე-მასწავლებლის მჭიდრო თანამშრომლობაზეა აგებული. იმისათვის რომ პორტფოლიომ აჩვენოს მოსწავლის პროგრესი, მნიშვნელოვანია ნამუშევრების დათარიღება. სასურველია, პორტფოლიოს რამდენადაც შესაძლებელია მულტიმედია რესურსებით გამრავალფეროვნება. ხარისხიან პორტფოლიოს რამდენიმე უპირატესობა აქვს: იგი ქმნის მოსწავლის მიღწევების ნათელ სურათს განსხვავებულ დავალებებთან მიმართებაში, მოსწავლე ხდება უფრო მეტად ორგანიზებული, უჩნდება საკუთარი შესაძლებლობების მიმართ უფრო მაღალი მოლოდინები, გარკვეულწილად პასუხისმგებელია საკუთარი სწავლის პროცესზე.

დასასრულ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ორ გარემოებაზე. მრავალფეროვანი ალტერნატიული შეფასების ფორმების გამოყენება საკმაოდ რთულად განსახორციელებელია. იგი მასწავლებლებისგან არა მარტო უზარმაზარ დროს და ენერგიას მოითხოვს, არამედ სუბიექტურობის ელემენტებსაც შეიცავს. მაგალითად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსწავლის თვითშეფასება ობიექტური იქნება, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, მოსწავლემ მოინდომოს თავისი შეცდომების პოვნა. სირთულეების მიუხედავად მასწავლებელმა მათზე უარი არ უნდა თქვა. როგორც ექსპერტები გვირჩევენ, მხოლოდ ალტერნატიულ შეფასებას შეუძლია დააკვირდეს მოსწავლის სწავლის პროცესის დინამიკას, ამასთანავე ალტერნატიული შეფასების ბევრი ფორმა შესაძლებელია ბუნებრივად შეერწყას ყოველდღიურ საკლასო აქტივობებს. ამასთანავე, რასაკვირველია, ძალაში რჩება ტრადიციული ზუსტპასუხიანი ტესტები (სიმართლე-ტყუილი, წყვილების შერჩევა, არჩევითი პასუხი, ე.წ. დახურული კითხვები და სხვ.). ზუსტ პასუხებზე გათვლილი ტესტები ეხმარება არა მარტო მასწავლებელს მოსწავლის მიმდინარე აკადემიური ცოდნის დონის დადგენაში, არამედ ზოგადად საგანმანათლებლო სისტემის გამართულად ფუნქციონირებას (საგამოცდო სისტემის მუშაობა, მოსწავლეთა აკადემიური ცოდნის კვლევა, სხვადასხვა სკოლების მონაცემთა კვლევა და სხვ.) არის აუცილებელი.










კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი