შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მეტი შეკითხვის დასმის უფლება

ზოგადად, შეკითხვა ცოდნის ინსპირატორია. მხოლოდ პასუხგაცემულ ან მსჯლობის თემად გადაქცეულ შეკითხვას ვგულისხმობ. პასუხი ყველა შეკითხვას უნდა გაეცეს. მოსწავლის გონებაში კითხვის ნიშნების დატოვება და მასთან ერთად ფილოსოფიის მხარეში სეირნობა მასწავლებლის სამოქმედო გეგმაში არ შედის. ამას მოსწავლე თავად მიხედავს – წინ ცხოვრების დიდი გზა აქვს.

პედაგოგიური გამოცდილებით, გარემოზე დაკვირვებით, სპეციალურ თუ მხატვრულ ლიტერატურაზე დაყრდნობით გირჩევთ, რომ მისცეთ მოსწავლეებს თემის გარშემო რაც შეიძლება მეტი შეკითხვის დასმის უფლება, თუნდაც – „შოკისმომგვრელის”.

ასწავლეთ შეკითხვების დასმა.

მოითხოვეთ შეკითხვები – ცალკე სამუშაო ფორმადაც აქციეთ დავალება „შეკითხვები”.

თუ დამიჯერებთ, ეს ძალიან ეფექტურია.

მაგრამ მე, მასწავლებელმა, მხოლოდ იმის შემდეგ შემიძლია პასუხი გავცე მოსწავლის შეკითხვებს, როცა თავად მექნება მასზე პასუხი გაცემული: რა მევალება და რას მოელიან ჩემგან?!

ამ შეკითხვაზე პასუხი გაკვეთილზე ჩემი უფლება-მოვალეობის განმსაზღვრელი იქნება.

მევალება სწავლება.

და რას ელოდებიან მოსწავლეები ლიტერატურის შესწავლისგან?

პირველ რიგში – ურთიერთობას, მეორე რიგშიც – ურთიერთობას და ისევ ურთიერთობას.

ლიტერატურა სწორედ ის საგანია, რომელიც ურთიერთობის უსაზღვრო შესაძლებლობას იძლევა.

ლიტერატურა იძლევა, მაგრამ ჩვენ უნდა დავუდოთ სათავე, თორემ ლიტერატურა ცალკე დარჩება და მოსწავლე – ცალკე.

ამოიღეთ ურთიერთობიდან ბრძანებითი კილო ყველა ნიუანსით.

მოითხოვეთ თქვენი თავისგან, რომ სასაუბროდ მხოლოდ თხრობითი კილო გქონდეთ და პატივი ეცით კავშირებითს, რადგან ის აზრის აუცილებელი საშენი მასალაა.
პასუხგაუცემელი შეკითხვა არ არსებობს.

ყურადღება მიაქციეთ, რომ მოსწავლე ახალს იგებდეს თქვენგან; გახდით ავტორიტეტი მისი კითხვის ნიშნებით სავსე გონებისთვის. ზოგჯერ ამისთვის პოპულისტური ხერხის გამოყენებაც მოგვიწევს, ან სუბიექტურად არც ისე მისაღები თეზის დამოწმებაც, მაგრამ ეს ცოდნის გადაცემის საკვანძო საკითხების ეფექტურად სწავლებაში დაგვეხმარება – შრომის შედეგს დაგვანახებს.

შრომა-სწავლება ხომ მასწავლებლის ერთადერთი დანიშნულებაა.

მოსწავლეებისგან დასმული შეკითხვები აქცენტებს სვამს.

მხოლოდ დასმული შეკითხვების ანალიზი მიგახვედრებთ, რომელი ასპექტია საინტერესო მათთვის, რომელია თქვენი საპროგრამო კუთხით მნიშვნელოვანი და მათ შორის კავშირსაც დაგამყარებინებთ. შეკითხვები მოგცემთ კარგი შედეგის მისაღწევი ლავირების საშუალებას და გაპოვნინებთ ოქროს გასაღებს.

რაც მეტია მოსწავლეების წვლილი თემის განხილვაში, მათთვის ის მით უფრო საინტერესო ხდება. თუნდაც რეალურად არ იყოს მათი აქტივობა მოაჩვენეთ, რომ ამა თუ იმ საკითხს მათი მოთხოვნების შესაბამისად უსვამთ ხაზს. აქტიურად ჩართეთ მოსწავლე თქვენს თხრობაში.

ამგვარი დამოკიდებულებით, ნიადაგი კარგად მზადდება დასათესად.

ყურადღების გამახვილება საჭირო გზაზე მიგვანიშნებს.

მოგეხსენებათ, ერთი და იგივე თემა, მასალა სხვადასხვა გარემოში განსხვავებულად ვითარდება. როგორი საშუალებებიც არ უნდა მქონდეს დამუშავებული, წარმოუდგენელია, აბსოლუტურად ერთგვარად ვიმუშაო პარალელურ კლასებში. ამის გაუთვალისწინებლობითაა, რომ ზოგჯერ კითხვის ნიშანიც გამჩენია, მეათე პირველში რატომ იყო უკეთესი შედეგი, ვიდრე მეათე მეორეში-მეთქი?!

და, მაინც, შეუძლებელია, რომ ყველა კითხვაზე მქონდეს პასუხი. თუ პასუხი ფაქტობრივ ცოდნას მოითხოვს და მე პასუხი არ მაქვს ან არ მახსოვს, ეს თამამად უნდა ვთქვა. მშვენიერი საშუალებაა მოსწავლეების გასააქტიურებლად, ვამბობ, რომ არ ვიცი და მოვძებნი წიგნში ან ინტერნეტში, ან უმჯობესია, თვითონ მოიძიონ ინფორმაცია, როგორც ინტერნეტში კარგად გარკვეულებმა. მიეცით უპირატესობის და საკუთარი შესაძლებლობის შეგრძნება, ეს ეხმარება ადამიანს. ჩათვალეთ, რომ მიწა პოხიერდება, მოსწავლეების წვლილი იზრდება. მოსწავლე ძლიერდება ისევე, როგორც მე ვძლიერდები, როცა ვინმეს ჩემი დახმარება სჭირდება, თვითშეფასება მეზრდება.

იზრუნეთ მოსწავლის თვითშეფასებაზე, დე, ნუ ჩაგთვლით ყველაფრისმცოდნედ, სამაგიეროდ ნიადაგი მზადდება.
ახლა, თქვენი დროც მოვიდა, თავადაც დასვათ შეკითხვები და რაც შეიძლება ისეთი, მოსწავლეებისთვის თქვენგან მოულოდნელი, მათთვის – აქტუალური, რა თქმა უნდა საქმისთვის გამოსადეგი. კიდევ ერთხელ გაუსვით ხაზი, რომ თქვენ გაინტერესებთ და მათი ხედვა გაკვეთილის განმსაზღვრელია.

იოლი არ არის მკითხველი მოსწავლე მიახვედრო, რომ ლიტერატურაა ისიც, რასაც სახლში გაუთავებლად კითხულობს და ისიც, რის სწავლასაც სკოლაში ავალებენ.

დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის” გაგრძელება რომ დაწერონ, როგორ ცხოვრობს პლატონი მამულის გაყოფის შემდეგ, მოუსმინონ ერთმანეთის ვარიანტს, იკამათონ, მოიწონონ ან არ მოიწონონ და ჩვენც, ოსტატურად ვიხმაროთ კავშირებითი კილო, ყოველთვის ემახსოვრებათ, რომ არასდროს დაკარგონ კაცმოყვარეობა.
ვეძებოთ იაკობ ცურტაველის თხზულებაში მხატვრული პასაჟები, ვისაუბროთ პერსონაჟების არაერთგვაროვნებაზე, დავუახლოვოთ დღევანდელობას და ერთ-ერთი მსჯელობისას, თუ მიადგებით დღეს პოპულარულ თემას, გენდერს, ჩათვალეთ, რომ ნიადაგი მომზადებულია.

ან თუ იმსჯელებთ, რომ „ვეფხისტყაოსნიდან” არც ავთანდილია უცოდველი კრავი და ფატმანიც კაცმოყვარე, ანუ ნიჭიერი ადამიანია, ან თუ იმსჯელებთ „ქაჯობაზე” პოემაში და „ქაჯობაზე” დღეს, ამით ერთმანეთს უფრო დავუნათესავებთ მოსწავლეს „ვეფხისტყაოსანს”, ვიდრე საზეპირო სტროფების მოთხოვნით.

ბევრი შეკითხვა ბევრ თავსატეხსაც აჩენს და თავსატეხის ამოხსნის მინიშნება ლიტერატურაშია. თქვენც ხშირად უნდა დაეჭვდეთ, დასვათ შეკითხვა, გამოთქვათ აღტაცება, სინანული, სურვილი … მიეცით მოსწავლეს პასუხის საშუალება. დღეს ბევრი ახალი წიგნი იბეჭდება, თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის მშვენიერი თარგმანები. ყველას ვერ შევიძენთ. ათხოვეთ და ინათხოვრეთ წიგნი მოსწავლეებისგან. ეს მათთან დაგაახლოვებთ, დამიჯერეთ.

მოკლედ, ამგვარი და კიდევ სხვა კრეატივები გვეხმარება, რომ „სკოლის” ლიტერატურა საინტერესო გავხადოთ და მოსწავლეებს „დავაახლოვოთ” .

წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსწავლის გონებაში სამუდამოდ დაიბუდებს ერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა: რად მინდა, რისთვის ვისწავლო?!
 
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი