პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

საიმპერატორო პინგვინების ძიებაში: კაცები ადრეულ განათლებაში

შესავალი

საიმპერატორო პინგვინები ანტარქტიდაზე ურთულეს კლიმატურ პირობებში ცხოვრობენ და პინგვინებს შორის ყველაზე დიდი ზომისანი არიან. თუმცა მხოლოდ ამით არ გამოირჩევიან – მამალი პინგვინები განსაკუთრებულად მზრუნველი მამები არიან. დედა პინგვინი, მას შემდეგ, რაც კვერცხს დადებს, საკვების მოსაპოვებლად ორი თვით მიდის, კვერცხს კი დიდი სიფრთხილით გადასცემს და მოსავლელად უტოვებს მამა პინგვინს. ორი თვის განმავლობაში მამა ზრუნავს კვერცხზე, რაც უკიდურეს სიცივეში განსაკუთრებით ძნელია. პატარა პინგვინი დედის დაბრუნების დროისთვის იჩეკება, რის შემდეგაც დედას და მამას მისთვის მონაცვლეობით მოაქვთ საკვები.

ცხოველთა სამეფოში საიმპერატორო პინგვინი არ არის მზრუნველი მამობის ერთადერთი მაგალითი. ანალოგიური ქცევა გვხვდება მაიმუნებს, მგლებს, მელიებს, სირაქლემებს, ცხენთევზებსა და სხვა ცხოველებს შორისაც.

რითია ეს ინფორმაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანი? საზოგადოების პატრიარქალური მოდელი ბავშვების აღზრდასა და მათზე ზრუნვას, განსაკუთრებით – ადრეულ ასაკში, ქალის საქმედ მოიაზრებს. ეს ხედვა გულისხმობს, რომ კაცის მოვალეობა მხოლოდ ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფაა და არა ბავშვის აღზრდის პროცესში პირდაპირი მონაწილეობა. საზოგადოების ასეთივე მოდელი უდევს საფუძვლად სკოლამდელ განათლებას. ამიტომ, დღესაც კი, ადრეული ასაკის ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების აბსოლუტური უმრავლესობა ქალია. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. მართალია, საქართველოში საბავშვო ბაღებში დასაქმებული კაცებისა და ქალების შესახებ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ მოიპოვება, მაგრამ საკმარისია, ზოგადი წარმოდგენა გვქონდეს ამ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ, რათა დავასკვნათ: სკოლამდელ დაწესებულებებში კაცები არათუ უმცირესობას, არამედ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში რამდენიმე კერძო სკოლამდელი დაწესებულება ცდილობს თანამშრომლებს შორის გენდერული ბალანსის დაცვას და ოჯახებთან ამ მიდგომის მნიშვნელობისა და პოზიტიური შედეგების ადვოკატირებას ახდენს.

სტატიაში მიმოვიხილავთ არგუმენტებს სკოლამდელი განათლების სფეროში კაცების დასაქმების მნიშვნელობის შესახებ, არსებულ გამოწვევებს და გენდერული ბალანსის მისაღწევად საჭირო ღონისძიებებს სხვადასხვა დონეზე.

 

რითია მნიშვნელოვანი ადრეულ განათლებაში კაცების მონაწილეობა?

ადრეულ ასაკში ბავშვზე ზრუნვასა და განათლებაში კაცების მნიშვნელოვანი როლის შესახებ დისკუსია გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან გახდა აქტუალური. სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებულთა შორის გენდერული ბალანსის ხელშეწყობა რამდენიმე ქვეყანაში (ახალი ზელანდია, დანია, ნორვეგია, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, შვედეთი და სხვა) სფეროს ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა. მომრავლდა ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევებიც, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმართვა პროფესიაში მეტი კაცის მოზიდვის მიზნით.

ადრეულ განათლებაში კაცების მონაწილეობის შესახებ არგუმენტები პირობითად სამ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ: ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სოციალური.

ეკონომიკური თვალსაზრისით, პროფესიაში კაცების მოზიდვა მნიშვნელოვანია კადრების უკმარისობის გამო. ბევრ ქვეყანაში ზრუნვისა და განათლების სექტორში იზრდება მოთხოვნა პროფესიონალ კადრებზე; ადრეული განათლება ხელმისაწვდომი ხდება სულ უფრო მეტი ბავშვისთვის, რაც მოითხოვს დასაქმებული პერსონალის რაოდენობის წლიდან წლამდე ზრდას. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გათვლების მიხედვით, მხოლოდ ქალი პედაგოგების საშუალებით მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი იქნება და კადრების შევსების მიზნით აუცილებელი გახდება კაცების დაინტერესება და პროფესიაში მოზიდვა.

სოციალური არგუმენტები შეეხება, საზოგადოდ, გენდერული თანასწორობისა და კაცებისა და ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ხშირად მამაკაცების მოზიდვისთვის საჭირო ღონისძიებები მოიცავს სამუშაო პირობების გაუმჯობესებას (ხელფასის ზრდა, სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა და ა.შ.), რაც პოზიტიურად აისახება პროფესიაში დასაქმებულ ნებისმიერ ადამიანზე. პროფესიაში კაცების ხილვადობა და აქტიურობა ხელს უწყობს გენდერული სტერეოტიპების დაძლევას კაცისა და ქალის ტრადიციული ფუნქციური როლების შესახებ და თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, პროფესია საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით აირჩიონ. შვედეთში ჩატარებულმა კვაზიექსპერიმენტულმა კვლევამ აჩვენა, რომ საბავშვო ბაღში, სადაც დაცული იყო გენდერული ბალანსი (პერსონალის ნახევარი ქალი იყო, ნახევარი კი – კაცი), პერსონალი უფრო მჭიდროდ და პოზიტიურად თანამშრომლობდა, ვიდრე იმ ბაღებში, სადაც თანამშრომლების უმრავლესობას ქალები წარმოადგენდნენ.

საგანმანათლებლო თვალსაზრისით, კაცებს შეუძლიათ, მეტად მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში. საბავშვო ბაღში კაცი პედაგოგების არსებობა გავლენას ახდენს ბავშვების გენდერულ სოციალიზაციაზე: მათ ჰყავთ მზრუნველი კაცის როლური მოდელები, რომელთა საქმიანობაც ბავშვის მოვლა და განათლებაა. ეს ბავშვები მომავალი დედები და მამები არიან, რომლებიც თანაბრად გაინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობას, რაც, თავისთავად, უფრო თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ამასთანავე, კვლევები ადასტურებს, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში კაცი აღმზრდელებისა და პედაგოგების დასაქმება წაახალისებს მამების გააქტიურებას და დაინტერესებას ბავშვის ყოველდღიური საქმიანობით, ხელს შეუწყობს მათ მონაწილეობას საბავშვო ბაღის ცხოვრებაში და ბავშვის პოზიტიურ აღზრდაში. საბავშვო ბაღში კაცი პერსონალის არსებობა გზავნილია მამებისთვის: საბავშვო ბაღი ის სივრცეა, სადაც კაცებისთვის(აც), ანუ ჩემთვისაც, არის ადგილი და ბავშვის აღზრდაში კაცებს(აც), ანუ მეც, შეგვიძლია მონაწილეობა. მამების გააქტიურება მნიშვნელოვანია, რადგან კაცები, რომლებსაც უფრო ხშირად უწევთ შვილებთან მარტო დარჩენა და მათზე ზრუნვა, უფრო მეტად არიან დარწმუნებულები საკუთარ შესაძლებლობებში და ბავშვის მოვლა „ქალის საქმედ“ არ მიაჩნიათ.

ამასთანავე, კვლევები აჩვენებს, რომ კაცი და ქალი პედაგოგების მუშაობის სტილი ხშირად განსხვავებულია, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს, ისწავლონ და განვითარდნენ უფრო მრავალფეროვან გარემოში. ბელგიაში ამ განსხვავებებზე თავად კაცი მასწავლებლებიც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ, მათი დაკვირვებით, კაცები ქალ მასწავლებლებთან შედარებით მეტ სიმკაცრეს იჩენენ წესების დაცვისას, უფრო ხშირად თამაშობენ აქტიურ ფიზიკურ თამაშებს და იყენებენ იუმორს. აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ როგორც ქალებს, ისე კაცებს ეს განსხვავებული „სტილი“ბავშვების განვითარებისთვის პოზიტიური შედეგის მომტანად მიაჩნიათ. იმავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ, ზოგიერთი მკვლევრის აზრით, კაცი და ქალი პედაგოგების მუშაობის სპეციფიკის ასე დაყოფა შესაძლოა ეფუძნებოდეს პედაგოგების მიერ გათავისებულ სტერეოტიპულ გენდერულ როლებს (მაგ., სტერეოტიპი, რომ კაცი ბუნებრივად უფრო აქტიური, მკაცრი და რაციონალურია), ეს კი ხელს შეუშლის მათ თავიანთი პროფესიულ ფუნქციების სრულფასოვნად რეალიზებაში.

 

რატომ არ სურთ კაცებს ადრეული ასაკის ბავშვებთან მუშაობა?

მიუხედავად ზოგიერთი სახელმწიფოს მიზანმიმართული ღონისძიებებისა, ადრეული განათლების სფეროში გენდერული ბალანსის გაუმჯობესება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ქვეყნების უმრავლესობაში საბავშვო ბაღის აღმზრდელობა დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე გენდერულად სეგრეგირებულ პროფესიად. ყველაზე წარმატებულ ქვეყნებშიც კი (მაგალითად, ნორვეგიაში, დანიაში, ახალ ზელანდიაში) კაცი აღმზრდელების წილი 9-10%-ს არ აღემატება. პროფესიის მიმართ ინტერესის ნაკლებობის კვლევისას მკვლევრები რამდენიმე ძირითად მიზეზს ასახელებენ, რომელთა ნაწილი საზოგადოებაში არსებული მითებითა და განწყობებით არის განპირობებული. ეს მიზეზები შეგვიძლია დავაჯგუფოთ სამ ურთიერთდაკავშირებულ კატეგორიად:

  • პროფესიის პრესტიჟი და სამუშაო პირობები;
  • სკოლამდელი განათლების ტრადიციული პატრიარქალური მოდელი;
  • საზოგადოებისა და სკოლამდელი დაწესებულების პერსონალის დამოკიდებულება კაცი აღმზრდელებისა და პედაგოგების მიმართ.

გავრცელებული მოსაზრებით, პროფესიის არჩევის დროს განათლების სფერო ნაკლებად მიმზიდველია კაცებისთვის, რადგან, როგორც წესი, ნაკლებად პრესტიჟულია, მცირეა ანაზღაურება და მწირია კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. კაცები, რომლებიც განათლებას თავიანთი საქმიანობის სფეროდ ირჩევენ, უფრო ხშირად ადმინისტრაციულ და მმართველ პოზიციებზე აგრძელებენ კარიერას და არა ბავშვებთან – საბავშვო ბაღის ჯგუფსა თუ საკლასო ოთახში. მრავალ ქვეყანაში სკოლამდელი განათლების სექტორში ანაზღაურება განსაკუთრებით დაბალია, რაც უფრო მეტად აფერხებს პროფესიაში კაცი პედაგოგების მოზიდვას, განსაკუთრებით – კაცის როლის ტრადიციული გაგების ფონზე: მას ხომ „ოჯახის რჩენის“ ვალდებულება აკისრია.

საგულისხმოა ამ მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, განათლების სექტორი ყველაზე დაბალანაზღაურებადი საქმიანობის სფეროა. 2015 წელს განათლების სფეროში საშუალო თვიური ანაზღაურება 483 ლარი იყო, რაც ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შემოსავლის თითქმის ნახევარია (53.7%). იმავდროულად, თვალსაჩინოა ანაზღაურების სხვაობა განათლების სექტორში დასაქმებულ ქალებსა (453 ლარი) და კაცებს (590 ლარი) შორის. კაცების საშუალო ხელფასი ქალებისაზე 30%-ით მეტია, რაც შესაძლოა აიხსნას კაცების მმართველ პოზიციებზე დასაქმებით. სამწუხაროდ, სკოლამდელ განათლებაში აღმზრდელთა საშუალო ანაზღაურება კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე, საზოგადოდ, განათლების სექტორში. 2011-2012 წლების მონაცემებით, აღმზრდელის საშუალო ხელფასი ქვეყნის მასშტაბით იყო 235 ლარი – ნაკლები, ვიდრე ნებისმიერ სხვა სექტორში, მათ შორის – განათლების სფეროშიც, სადაც ამ დროს საშუალო ხელფასი 355 ლარი იყო. მიუხედავად ზემომოყვანილი არგუმენტებისა, ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ დაბალი ანაზღაურება და ცუდი სამუშაო პირობები არ არის მთავარი მიზეზი პროფესიაში კაცების ნაკლებობისა; ბევრი კაცი თანხმდება სხვა სფეროში არასახარბიელო სამუშაო პირობებსა და დაბალ ანაზღაურებას, ამიტომ ინტერესის ნაკლებობა სხვა ფაქტორებთან ერთად უნდა განვიხილოთ.

სკოლამდელი განათლების სისტემის განვითარება ოჯახის პატრიარქალურ მოდელს ეფუძება. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, პირველი საბავშვო ბაღების დაარსებისთანავე აქ მთავარი როლი ერგოთ ქალებს. ისინი ბუნებით დედებად და, შესაბამისად, საუკეთესო აღმზრდელებად მოიაზრებოდნენ. ქალის მგრძნობიარობა, პასიურობა, ემოციურობა და სხვებზე ზრუნვის ბუნებრივი ინსტინქტი ის თვისებები იყო, რომლებიც საჭიროდ მიიჩნეოდა ადრეული ასაკის ბავშვების აღზრდისა და განათლებისთვის. მამაკაცური თვისებებისთვის (აქტიურობა, რაციონალურობა, აგრესიულობა) სკოლამდელ განათლებაში ადგილი ნაკლებად მოიპოვებოდა. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ბავშვის აღზრდის პროცესში მამაკაცების მარგინალიზაციას და ადრეული განათლების სერვისების ერთგვარ დემონიზაციას ხელი შეუწყო მიჯაჭვულობის თეორიის პოპულარობამ, რომელიც ფოკუსირებას ახდენდა დედის ცენტრალურ როლზე ბავშვის განვითარებაში. რა უცნაურიც უნდა ჩანდეს, ადრეულ განათლებაში ქალის განსაკუთრებული როლის შესახებ წარმოდგენა კიდევ უფრო განამტკიცა ფემინისტურმა მოძრაობამ 70-იან წლებში. მიუხედავად იმისა, რომ 80-იანი და 90-იანი წლებიდან აქტუალობას იძენს კაცი პედაგოგების მოზიდვა სკოლამდელ განათლებაში, სკოლამდელი განათლების მკვეთრად ფემინიზებული სისტემა არ აღმოჩნდა ღია მამაკაცი აღმზრდელების მისაღებად. კვლევებმა ცხადყო, რომ პედაგოგების საგანმანათლებლო პროგრამები, ტრენინგკურსები, სასწავლო ლიტერატურა და გარემო სკოლამდელ დაწესებულებებში ეფუძნება ნორმას, რომ აღმზრდელი და პედაგოგი აუცილებლად ქალი უნდა იყოს; მაგალითად, სასწავლო ლიტერატურაში მოცემული მაგალითები და ფოტოები მხოლოდ ქალი აღმზრდელების შესახებაა, სკოლამდელ დაწესებულებებში კი არ არის გამოყოფილი სივრცე კაცი თანამშრომლებისთვის (გასახდელი, ტუალეტი). შესაბამისად, სისტემა ისე ახდენს რეპროდუცირებას, რომ კვლავ ქალებს იზიდავს პროფესიაში, ხოლო კაცებისთვის შედარებით მიუწვდომელ და ნაკლებად სასურველ სამუშაოდ რჩება.

დაბოლოს, კაცების დაინტერესებას ხელს უშლის საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპები, წარმოდგენები „მამაკაცურობის“ შესახებ, რომელიც ბავშვზე ზრუნვასა და განათლებას არათუ ძლიერ მხარედ, არამედ ნაკლად მოიაზრებს. კაცები, რომლებიც ბავშვებთან მუშაობას ირჩევენ, ხშირად შესაძლოა უარყოფით დამოკიდებულებას გადააწყდნენ საზოგადოებაში. ერთი მხრივ, მათი არჩევანი შეიძლება შეფასდეს როგორც სისუსტე, არასრულფასოვანი, „შეუმდგარი“ მამაკაცურობის გამოვლინება („ბავშვის მოვლა რა კაცის საქმეა?!“, „ასეთ დაბალ ხელფასზე როგორ უნდა იმუშაოს კაცმა?“), მეორე მხრივ კი – როგორც საეჭვო და საშიში: ბავშვებთან მუშაობის სურვილი იგივდება ქალურ ბუნებასთან/ჰომოსექსუალობასთან ან ასოცირდება მოძალადეობასთან. ასეთივე დამოკიდებულება არც სკოლამდელი განათლების დაწესებულებებისთვისაა უცხო. ნებისმიერი ქალი აღმზრდელი ავტომატურად მოიაზრება ამ პროფესიისთვის შესაფერისად და უმიზეზოდ არავის უჩნდება ეჭვი მისი მოძალადეობისა თუ სექსუალური ორიენტაციის შესახებ, კაცი აღმზრდელის არჩევანი და მოტივაცია კი ბევრისთვის იმთავითვე ეჭვის საფუძველია. კვლევების მიხედვით, კაცებს ხშირად უჭირთ ისეთ გარემოში მუშაობა, სადაც მათ საქმიანობას მუდმივად გამადიდებელი შუშით აკვირდებიან და მკაცრი საზომებით აფასებენ, სადაც ძალადობის ბრალდების რისკის თავიდან ასაცილებლად სათანადოდ ვერ ზრუნავენ ბავშვზე (მაგ., ქალებისგან განსხვავებით, ჩახუტებით ვერ ამშვიდებენ ატირებულ პატარას, არ აქვთ უფლება, საფენი გამოუცვალონ ბავშვს და ა.შ.). შესაბამისად, ბევრი კაცისთვის, ამ სფეროში დასაქმების სურვილის მიუხედავად, პროფესია არ არის მიმზიდველი.

 

როგორ შევუწყოთ ხელი გენდერულ ბალანსის გაუმჯობესებას სკოლამდელ განათლებაში?

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ცხადყოფს, რომ ადრეულ განათლებაში კაცების მოზიდვისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა და მიზანმიმართული ღონისძიებები ყველა დონეზე – სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც წაახალისებს კაცების ინტერესს, პროფესიაში შესვლას და დარჩენას, პედაგოგების მოსამზადებელი პროგრამების გაუმჯობესება, სკოლამდელ დაწესებულებებში კაცი თანამშრომლების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ხელშეწყობა, ბავშვის აღზრდასა და განათლებაში კაცების მნიშვნელოვანი როლის ადვოკატირება.

სახელმწიფო პოლიტიკა:

  • სკოლამდელი დაწესებულების პედაგოგებისა და აღმზრდელების სამუშაო პირობების გაუმჯობესება: სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა, ანაზღაურების ზრდა;
  • ადრეული განათლების პროფესიაში შესვლის და პროფესიული განვითარების ალტერნატიული გზების შეთავაზება;
  • აბიტურიენტების (გოგონების და ბიჭების) ინფორმირება პროფესიის შესახებ;
  • სხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, პროფესიის შეცვლის სურვილის შემთხვევაში, ადრეულ განათლებაში პროფესიული გადამზადების შესაძლებლობების შექმნა.

მოსამზადებელი და პროფესიული განვითარების პროგრამები:

  • მოსამზადებელ პროგრამებსა და ტრენინგპროგრამებზე პოზიტიური კლიმატისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბება კაცი აღმზრდელებისა და პედაგოგების მიმართ;
  • საგანმანათლებლო პროგრამების განახლება, რათა შინაარსი ეხმიანებოდეს როგორც ქალ, ისე კაც პედაგოგებს; კაცი ლექტორების/ტრენერების ჩართვა საგანმანათლებლო პროგრამებში; პროგრამების შეთავაზება ისეთ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც, ტრადიციული გაგებით, „ქალის“ და „კაცის“ პროფესიებს ასწავლიან;
  • შესაძლებელია საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება მხოლოდ კაცებისთვის (წარმატებული მაგალითია ინგლისი), რაც კაცებს კაც კოლეგებთან ურთიერთკავშირის საშუალებას აძლევს, ხელს უწყობს მათი პროფესიული მოტივაციის ამაღლებას;
  • სასწავლო რესურსების შემუშავება და მონიტორინგი, რათა მათში ასახული იყოს როგორც ქალი, ასევე კაცი აღმზრდელები, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას;
  • უნივერსიტეტებისა და ტრენინგორგანიზაციების მიერ კაცი სტუდენტების მოხალისეობრივი სამუშაოს წახალისება ბაღებში.

სკოლამდელ დაწესებულებებში პოზიტიური გარემოს შექმნა:

  • სკოლამდელ დაწესებულებაში კაცების მიმართ პოზიტიური კლიმატის შექმნა, სადაც აქტიურობენ და „ჩანან“ მამები და კაცი პედაგოგები;
  • კაცების მოსაზიდად მათთვის საინტერესო ნიშის გამოძებნა, მაგალითად, დაწესებულების ფოკუსირება ეზოს აქტივობებსა და გასვლით ღონისძიებებზე, ადრეულ განათლებაზე როგორც საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და სოციალური სამართლიანობისთვის მნიშვნელოვან საქმიანობაზე ყურადღების გამახვილება და ა.შ.;
  • დაწესებულებაში ისეთი წესებისა და პოლიტიკის დანერგვა, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბავშვის დაცულობასა და უსაფრთხოებას, მეორე მხრივ კი საშუალებას აძლევს კაც მასწავლებლებს (ისევე როგორც ქალებს), სრულფასოვნად შეასრულონ აღმზრდელის როლი;
  • დაწესებულებაში კაცი თანამშრომლების დასაქმება; კვალიფიციური კაცი პედაგოგების ნაკლებობის შემთხვევაში შესაძლოა თავდაპირველად თანაშემწეებად დასაქმდნენ, ხოლო შემდგომ მიეცეთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. თუ ბაღში არის კაცი მზარეული, დარაჯი ან სხვა თანამშრომელი, სასურველია, ხელი შევუწყოთ მათ პოზიტიურ ურთიერთობას ბავშვებთან.

 

ადვოკატირება და სოციალური ნორმების შეცვლა

  • ბავშვის აღზრდაში კაცების მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოება;
  • სკოლამდელი განათლების პროფესიის პოპულარიზება;
  • კაცი პედაგოგებისა და აღმზრდელების პოზიტიური როლური მოდელების წარმოჩენა.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

გაეროს ბავშვთა ფონდი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2013). საქართველოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღწერის მონაცემები დაწყებით განათლებასა და ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებით. https://unicef.ge/uploads/UNICEF_Preschool_Census_GEO_FINAL.PDF 23/09/2017

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2017). დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქმიანობის სახეებისა და სქესის მიხედვით. 1999-2015. ჩამოტვირთულია ბმულიდან https://geostat.ge/?action=page&p_id=148&lang=geo 23/09/2017

Honig, A.S. (2009). Supporting men as fathers, caregivers and educators. In Men in the lives of Young Children. An International Perspective. Ed. D. Jones & R. Evans, pp. 7-29. Oxon: Routledge

Peeters, J. (2007). Including men in Early Childhood Education: Insights from the European experience. New Zealand Research in Early Childhood Education, 10

Sargent, P. (2004). Between a Rock and a Hard Place: Men Caught in the Gender Bind of Early Childhood Education. The Journal of Men’s Studies 12, (3), 173-192

Vandenbroeck, M. & J. Peeters. (2009). Gender and professionalism: a critical analysis of overt and covert curricula. In Men in the lives of Young Children. An International Perspective. Ed. D. Jones & R. Evans, pp. 44-56. Oxon: Routledge

National Geographic. Emperor Penguins. ჩამოტვირთულია https://www.nationalgeographic.com/animals/birds/e/emperor-penguin/ 23/09/2017

Penguins World. Emperor Penguin- Aptenodytes forsteri. ჩამოტვირთულია https://www.penguins-world.com/emperor-penguin/ 23/09/2017

 

გამოტანები

 

საგანმანათლებლო თვალსაზრისით, კაცებს შეუძლიათ, მეტად მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში. საბავშვო ბაღში კაცი პედაგოგების არსებობა გავლენას ახდენს ბავშვების გენდერულ სოციალიზაციაზე: მათ ჰყავთ მზრუნველი კაცის როლური მოდელები, რომელთა საქმიანობაც ბავშვის მოვლა და განათლებაა.

 

 

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ცხადყოფს, რომ ადრეულ განათლებაში კაცების მოზიდვისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა და მიზანმიმართული ღონისძიებები ყველა დონეზე

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი