პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ და რატომ ვასწავლით სამშობლოს სიყვარულს

ჩვენთან პატრიოტიზმით მოხდა განმანათლებლობის ჩანაცვლება. მე კი განმანათლებლობის მომხრე ვარ.

მერაბ მამარდაშვილი

ბავშვობის მოგონებებიდან ერთ-ერთ თბილი და ტკბილი რაც გამომყვა, ესაა სამშობლოზე საუბრები. დაგვისვამდა მამა ჩემს დას და მე, გვიყვებოდა და გველაპარაკებოდა – უნდა გიყვარდეთო – იმასაც კი გვეუბნებოდა და ეს სრულიად არ ჟღერდა არც პათეტიკურად, არც უადგილოდ. ის, რასაც გვიყვებოდა, აკრძალული იყო და დაფარული, ამაზე სხვებთან საუბარი არ შეიძლებოდა. შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებული ინტიმური განწყობა იქმნებოდა, სწორედ ისეთი, სიყვარულის აღქმას და შეგრძნებას რომ სჭირდება. თითქოს მხოლოდ ჩვენ სამნი ვრჩებოდით ამ სამყაროში და იმდენად მიყვარდა ეს საუბრები, თუკი საკუთარი თავი მშობლის როლში წარმომედგინა, სწორედ ასე, მამის ადგილას, შვილებთან სამშობლოზე მოლაპარაკე.

გავიდა დრო და მეც გავხდი ორი ბავშვის მშობელი, წამოიზარდნენ და ვეღარ შევძელი მათთან ასეთი საუბრები, ვეღარ შევძელი, რადგან ამასობაში ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. მთლიანად გამოიცვალა კონტექსტი, რაღაცნაირად გაცვდა სიტყვები და ყველაზე მთავარი, ჩემი შვილების სასკოლო ჩანთაში აღარ დევს უზარმაზარი და საძულველი სახელმძღვანელო საბჭოთა კავშირის ისტორიისა, რომელიც მჭახედ იწყებოდა: „ჩვენი სამშობლოა საბჭოთა კავშირი”

ქართული ენისა და ლიტერატურის დაწყებით კლასების სახელმძღვანელოებს ერთი თვალის შევლებითაც ეტყობა – ისინი ორიენტირებული არიან სამშობლოს სიყვარულის სწავლებაზე. უამრავი მასალაა პატრიოტულ თემატიკაზე. როდესაც ტექსტები პროზაულია, ნაკლებად ჭრის ყურს. პოეზია კი ზოგჯერ იმდენად კარგავს თავის პირვანდელ დანიშნულებას, რომ ცალკე ლექსი გეცოდება, ცალკე – მოსწავლე, ცალკე კიდევ მასწავლებელი, რომელიც ხშირ შემთხვევაში იძულებული იქნება ან დაპყრობილი ქვეყნის შვილის პათეტიკაში ჩარჩეს, ან იწვალოს და მესამე, მეოთხე, მეხუთე კლასელებს როგორმე აუხსნას, რომ ეს ლექსები სხვა სინამდვილეში იქმნებოდა, რომ სხვაა, როცა შენი ქვეყანა დაპყრობილია, და სხვა, როცა – დამოუკიდებელი. ვფიქრობ, ამის გაგებინება დაწყებითი ასაკის მოსწავლეებისთვის ასაკში რთულია.

რა გვინდა და რა ამოცანები გვაქვს დასახული, როცა დაწყებით საფეხურზე ლექსს ვასწავლით?

სალექსო ფორმის თავისებურებებიდან გამომდინარე, ის საუკეთესო საშუალებაა ახალი ლექსიკური ერთეულების ასათვისებლად, როცა მოსწავლე ზეპირად სწავლობს ლექსს ან მის რაიმე ნაწილს, ახალი სიტყვა უფრო მყარად ჯდება მეხსიერებაში.

მართალია, დაწყებით საფეხურზე ჯერ კიდევ ადრეა იმაზე საუბარი, რომ რთულ პოეტურ სახეებს გაუმკლავდნენ და ამოხსნან აზრობრივ-ემოციური საფუძველი მხატვრული ხატისა, მაგრამ მარტივად უკვე შეუძლიათ და ხერხდება კიდევაც პოეზიის ელემენტების ამოცნობა. ტროპის შედარებით მარტივი სახეები, რითმისა და რიტმის საფუძველი მეოთხე-მეხუთე კლასელებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

ლექსში ხანდახან (პატრიოტულ თემატიკაზე დაწერილ ლექსში ხშირად) არის რაღაც ისტორიული შინაარსი ან კონტექსტი. მისი ახსნისას ვეხებით და ვასწავლით ისტორიასაც, ვუხსნით, ვთქვათ, ციხის მნიშვნელობასა და ფუნქციას, ვუყვებით ქართველ მეფეებზე, ისტორიულ ძეგლებზე, სამშობლოს მიმართ ადამიანების მიერ გაწეულ ღვაწლსა და გმირობაზე.

მოკლედ წმინდა პედაგოგიკური ამოცანები ბლომადა გვაქვს, მაგრამ რჩება ერთი უმთავრესი, ლექსის ესთეტიკური აღქმის უნარი, უნარი მიიღოს პოეზიისგან სიამოვნება, შეიყვაროს და გახდეს მისი მკითხველი.

ამისთვის მასწავლებლის ალღოსთან ერთად სწორად შერჩეული მასალაა საჭირო.

ის რაც ჩვენში, საბჭოეთში გაზრდილ ადამიანებში, თავისთავად აღძრავს პოეტურ მუხტს, რამაც ხელი შეუწყო ეროვნული იდენტობის შენახვასა და ამ თაობებამდე მოტანას, რაც ჩვენთვის მომხიბვლელი, მიღებული და საყვარელია, შეიძლება თანამედროვე რვა, ცხრა, ათი წლის ბავშვისთვის აღარც მომხიბვლელი იყოს, აღარც მიმზიდველი და საერთოდ არ იყოს სწორი ამ მიმართულებით მუშაობა ბავშვების პატრიოტულ გრძნობებზე.

მეცხრამეტე საუკუნეში ქართულმა პოეზიამ იმთავითვე რომანტიზმის საბურველში გახვია ქვეყნის ისტორია. მართალია, 60-იანელებმა უიმედო ტირილი და ცრემლის ღვრა ჩამოაშორეს და ეს ისტორია ერის ეროვნული იდენტობის საფუძვლად აქციეს, მაგრამ რომანტიზმის საბურველი მას მაინც დარჩა. თავისთავად ცხადია, როცა ქვეყანას არა აქვს ყველაზე მთავარი, თავისუფლება, როცა ის პირდაპირი ძალადობის ქვეშაა, იკლებს მისი თვითშეფასებაც. რადგან წიგნს, კითხვასა და მწერალს მაშინ გაცილებით დიდი როლი და ფუნქცია ჰქონდა, ამ თვითშეფასებას ქართული სიტყვა მკურნალობდა, წამლად კი საამაყო წარსულს იყენებდა. ქართული ლექსი აჯერებდა ადამიანებს საკუთარი ერის ღირსებას, რათა საჭირო დროს ებრძოლათ ამ ერის ინტერესებისა და თავისუფლებისათვის.

მეოცე საუკუნეშიც პატრიოტული ლირიკის ფუნქციის მიმართულებით თვისობრივად არაფერი შეცვლილა. მისი მთავარი ამოცანა იგივე იყო – აემაღლებინა ქართველი კაცის რწმენა საკუთარი ეროვნული ღირსებისა, გამოეთქვა (თუნდაც ალეგორიულად) წუხილი დაკარგული თავისუფლების გამო, ეიმედებინა ერი, (ასევე შეფარვით) რომ ასეთი ისტორიის მქონე ქვეყანა აუცილებლად გათავისუფლდება. იქმნებოდა ამ ტიპის ლირიკის უამრავი ნიმუში, რაღა თქმა უნდა, სულ სხვადასხვა მხატვრული ღირებულების. ხშირად პათეტიკურობა ტრაფარეტულობაშიც კი გადადიოდა. ზოგჯერ ისეც ხდებოდა – ლექსი არ იყო ყალბი და ტრაფარეტული, მაგრამ მკითხველი აქცევდა მას ასეთად, მაგალითად, სუფრაზე გულში მჯიღის ცემით წაკითხვით.

სამშობლოს სიყვარული ნელ-ნელა თითქოს არა პიროვნულ, არამედ რაღაც საყოველთაო განცდად იქცა. ამან, რაღა თქმა უნდა, აზარალა ლექსიც. ძნელი გახდა ამ ერთგვარ ისტერიაში პოეტის ინდივიდუალური ხმის შენარჩუნება, კიდევ უფრო ძნელი, იმ ინტიმურობის მკითხველამდე მოტანა, რომელიც ნებისმიერ სიყვარულს, თუნდაც სამშობლოსას, აუცილებლად თან ახლავს. ალბათ ამ ყველაფრით გაბეზრებულმა დაწერა გურამ დოჩანაშვილმა თავისი მოთხრობა: „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება.”

უფროს კლასებში კონტექსტის გაგებინება არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამიტომ ვთქვათ, გრიგოლ ორბელიანის ლექსის „საღამო გამოსალმებისა” სწავლებისას მთლიანად გათვალისწინებულია ის ისტორიული სინამდვილე, ლიტერატურული მიმდინარეობა და ა. შ. რომლის გამოყენებითაც მოსწავლემ უნდა შეაფასოს ნაწარმოები. თანაც უფროს კლასებში ეროვნულობის პიროვნული და განსხვავებული განცდის საჩვენებლად ორი უძლიერესი ნიმუშია: ოთარ ჭილაძის „როდესაც ასე ახლოა გრემი” და ბესიკ ხარანაულის „სად არიან შვილები, შვილები სად არიან”. თუკი მასწავლებელს უნარი შესწევს, მხოლოდ ამ ორი ნიმუშითაც შეიძლება ჩვენება, საით წავიდა და როგორ განვითარდა ქართული პატრიოტული ლირიკა. (თუმცა ეს ორი ლექსი, რომლებიც რატომღაც ეროვნული პროგრამიდან ამოიღეს, ვფიქრობ, ცალკე წერილს იმსახურებს).
დაწყებით საფეხურზე კონტექსტის გაგებინება რთულია. ამ ასაკის ბავშვს ჯერ თვითონ ტექსტის გაგება-ანალიზს ვასწავლით. მისთვის შინაარსიც კი არაა ხშირ შემთხვევაში ბოლომდე ხელმისაწვდომი და როცა ტექსტი დამატებით ახსნას თხოულობს, როგორ, რატომ და რისთვის დაიწერა, ვფიქრობ, ამდენი სირთულის დაძლევის შემდეგ, თუკი დაიძლია, საერთოდ იკარგება მთავარი – შეიყვაროს ლიტერატურა.

მაგალითისთვის ანა კალანდაძის ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ლექსს მოვიყვან.

შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ…
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა…
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერო ტაო…
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო…

ეს ლექსი მეხუთე კლასის სახელმძღვანელოშია შესული. შევეცდები, ავხსნა რატომ ვფიქრობ, რომ მისი სწავლისას თანამედროვე მეხუთეკლასელი ვერ მიიღებს ესთეტიკურ სიამოვნებას.

შევეცდები, ჩამოვთვალო ლექსის ღირსებები:

არქაიზმებით გაჯერებული ანა კალანდაძის პოეტური ენა საოცარ თანხვედრაშია სათქმელთან.

მიმართვა: „შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო” შენ ისე ღრმა ხარ”, როგორც მხატვრული ხერხი, ერთი მხრივ, პათეტიკურია, მაგრამ მეორე მხრივ მიმართვის ობიქტს აახლოვებს, უფრო ხელშესახებს და ცოცხალს ქმნის.

თუკი მის ქვეშ სამკვიდრო ვერც ოსმალომ ნახა და ვერც სპარსმა, ე. ი. ლექსი გულისხმობს, რომ რუსეთისგანაც როდესმე გავთავისუფლდებით. ესაა ლექსის ე. წ. მთავარი სათქმელი.

ოშკი, ზარზმა და ტაო – სამი ტაძარი, რომლებიც ქართველში სიამაყესთან ერთად სინანულის განცდასაც ბადებს, ოღონდ იმისთვის რომ ისინი მხატვრული ალუზიის საწყისად გადაიქცეს საჭიროა, რაღაცნაირად უკვე იყოს ადამიანის კულტურული ცოდნის ნაწილი.

ამიტომ ამ პატარა ლექსში თითქმის არაფერია მეხუთე კლასელისთვის ნაცნობი, რაზეც მისი ცოდნა უნდა დაშენდეს.

უნდა ავუხსნათ სიტყვები, ვესაუბროთ საქართველოს ისტორიის საკმაოდ დიდ მონაკვეთებზე, გავაგებინოთ საბჭოთა კონტექსტი: ცენზურა, ალეგორია და ა. შ. თუკი გვინდა ისიც გავაგებინოთ, რომ თანამედროვე მოქალაქეში საკუთარი კულტურა არა უბრალოდ სიამაყის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ამ კულტურაში საკუთარი თავის ძიებისა და საკუთარის კეთება შენების სურვილს უნდა აღძრავდეს,( როგორც ჭილაძესთანაა: „როდესაც ასე ახლოა გრემი, მე მინდა ვიყო უფრო მაღალი ) რომ იმ სინამდვილეში, სადაც დაიწერა, მხოლოდ ეროვნული თვითშეფასების ამაღლებასაც ჰქონდა სასიცოცხლო მნიშვნელობა, ძალიან გაგვიჭირდება. არადა ამ ყველაფრის გარეშე, ზერელე საუბრით ოშკსა და ზარზმაზე, გვრჩება ცარიელი პატრიოტული პათეტიკა, რომელიც, ვფიქრობ, თანამედროვე მოქალაქის აღზრდაშიც აღარაა „დროის შესაფერი ხელობა” და არც ლიტერატურის სწავლა-შეყვარებას უწყობს ხელს.

ამგვარი ნიმუშები ბევრია ჩვენი ბავშვების სახელმძღვანელოებში. ისინი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია, თავისთავად ცხადია, ზოგიერთი მათგანი უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ ყველაფერი, რაც მცირე ზომისაა, საბავშვოდ არ უნდა მოგვეჩვენოს და რისი რიტორიკაც დროგასულია, თუ კონტექსტს ვერ ავუხსნით, ალბათ ჯობია, ავარიდოთ ან მისი სწავლება სამომავლოდ გადავდოთ.
 
 
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი