პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ გავხდეთ უკეთესები

„საოცრების“, ნიუიორკელი გრაფიკული დიზაინერის რაკელ ჯ. პალასიოს ბესტსელერად ქცეული წიგნის, ეკრანიზაცია უკვე იხილა მაყურებელმა. ფილმზე საუბარს არ ვაპირებ, თუმცა სასკოლო რესურსად მისი გამოყენებაც ისევე შეიძლება, როგორც წიგნის.

„აჩუქეთ საკუთარ თავს ეს წიგნი. იგი უკეთესობისკენ შეცვლის თქვენს ცხოვრებას“. გნებავთ, შეფასებითი დაარქვით ქართული თარგმანის გარეკანზე გამოტანილ ამ ციტატას, გნებავთ, სარეკლამო – ფაქტია, ის სიმართლეს ამბობს.

საოცრება 10 წლის ავგუსტია, რომელიც თავიდანვე გვიხსნის თავის პრობლემას: „როგორი შესახედავი ვარ, არ ვიტყვი. ყველა ვარიანტში, იმაზე ცუდადაა საქმე, ვიდრე თქვენ გგონიათ“. „ერთადერთმა გენმა“ და საბედისწერო დამთხვევებმა მის „სახეზე ისეთი კატასტროფა“ მოახდინა, როგორიც სამედიცინო პრაქტიკაშიც კი უიშვიათესია. 27 ოპერაციაგადატანილ ბიჭს სკოლაში არ უვლია, შინ დედა ამეცადინებდა. ახლა ის ბიჩერის სკოლის მე-5 კლასში უნდა მივიდეს. როგორ მიიღებს სკოლა, თანატოლები, მასწავლებლები, მშობლები, რატომ უნდა და რატომ ეშინია სკოლაში მისვლის, როგორ გაართმევს თავს ამ გამოწვევას? წიგნი სწორედ ამ რთული განცდებითა და მძიმე ემოციებით დატვირთულ ამბებს აღწერს. ავტორის მოქნილი, რეპორტაჟული სტილი დინამიკურობას სძენს თხრობას და დასწრების ეფექტს ქმნის და წიგნიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, მაგრამ მკითხველს დიდი ხნით უტოვებს საფიქრალს.

ეს პრობლემა ყველა საზოგადოებაში იჩენს თავს, მით უმეტეს – ჩვენს საზოგადოებაში, რომლის წინარე გამოცდილება, რბილად რომ ვთქვათ, განსხვავებულის მიმღებლობის პოზიტიური მაგალითებით არ არის გაჯერებული. ერთ ამბავს აქვე გავიხსენებ: დამწყები ჟურნალისტი პირველი სარედაქციო დავალებით ძეგვის ბავშვთა სახლში გამგზავნეს. მაშინ ამ სახლს სხვა პროფილი ჰქონდა და იქ ფიზიკური და მენტალური პრობლემების მქონე ბავშვები ცხოვრობდნენ. მთელ ძალ–ღონის მოკრება დამჭირდა, რომ მათთვის თვალი გამესწორებინა, მათთან მესაუბრა. მაინც არ გამომივიდა… რამდენიმე დღე ცუდად ვიყავი, თითქოს ფერები დავკარგე. დრო რომ გავიდა, მომინდა, კიდევ მივსულიყავი მათთან. წავედი. მოვიკითხე, ვესაუბრე. ავტობუსით სვეტიცხოველში მიჰყავდათ და გავყევი. რამდენიმე მათგანმა, რომლებსაც ფიზიკური დეფექტი ჰქონდათ, ავტობუსიდან ჩამოსვლა არ მოინდომა. აღმზრდელმა – მაშ, რისთვის მოდიოდითო? ხალხის ნახვა გვინდოდა და აქედან ვუყურებთ, იქ ჩვენ დაგვიწყებენ ყურებასო. მართლაც, მათ დანახვაზე ტაძარში ზოგი წასასვლელად აჩქარდა, ზოგი კი სასოწარკვეთილი სახით მიაჩერდა. ერთმა პატარძალმა ტირილი დაიწყო, რაღა ჩემს ჯვრისწერაზე მოუნდათ ამათი მოყვანაო… მეც და ამ ადამიანებსაც გვაკლდა ცოდნა და გამოცდილება ამ კუთხით, გვაკლდა ემოციის მართვის, ემპათიის გამოვლენის უნარები. ისინი თან არავის დაჰყვება, ამ უნარებს განვითარება უნდა.

მას შემდეგ რამდენიმე ათეული წელი გავიდა, დაიწყო ინკლუზიური განათლების დანერგვა, თუმცა საზოგადოების დამოკიდებულება ამ კუთხით ჯერ კიდევ პრობლემურია. ამაზე სოციალურ ქსელებში გაკეთებული კომენტარებიც მეტყველებს. ეს აღრმავებს პესიმისტურ განწყობას, რომ ჩვენი საზოგადოება შეუწყნარებელია. სინამდვილეში საზოგადოება განწყობის შესაცვლელად უნდა მოვამზადოთ. ჩვენი პრობლემები, ინფრასტრუქტურაზე მეტად, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს უკავშირდება. სკოლას ერთდროულად უწევს მოსწავლეებისა და ზრდასრულების (მშობლები და თავად მასწავლებლები) დამოკიდებულებათა შეცვლაზე ზრუნვა. ეს წიგნი შესაძლებლობას იძლევა, სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა დონეზე წამოვიწყოთ სასარგებლო დისკუსიები, გავიგოთ, როგორია სხვა სასკოლო საზოგადოებების გამოცდილება. „საოცრება“ განსხვავებულის მიმღებლობის მრავალშრიან ფენომენს რეალისტურად წარმოგვიდგენს. მასში ვერ ნახავთ ურთიერთობების იდეალიზებას. პერსონაჟები სისუსტესაც ამჟღავნებენ, ცდებიან კიდეც, თუმცა სიკეთისკენ მოულოდნელი შემობრუნებაც მოგვგვრის შვებას. რჩებიან ერთეული „ჯულიანის დედებიც“, მაგრამ ეს მათივე პრობლემაა… წიგნი აღვივებს რწმენას, რომ ყველა საზოგადოებას შეუძლია გახდეს უკეთესი. მთავარია დაინახოს, რომ ეს სიკეთის გზაა და მასზე დადგომის სურვილი ჰქონდეს.

„საოცრების“ ავტორმა ეფექტური ხერხი გამოიყენა, როცა ამბავი სხვადასხვა პერსონაჟთა თვალთახედვით და მათეული განცდებით წარმოგვიდგინა. ეს უბიძგებს მკითხველს (მოსწავლეს, მათ, შორის, ავგუსტებსაც, მასწავლებელს, მშობელს…), სხვა ,,ტყავში“ შეძვრეს და იქიდან შეხედოს მოვლენებს. ამ ,,ტყავიდან“ გამოსული თანაგანცდასაც გამოიყოლიებს და ფიქრსაც. ეს განსხვავებულ და სასარგებლო გამოცდილებას აძლევს ნებისმიერი მკითხველს.

„ჩემი ფერისცვალების ლამაზი, მხიარული და ცრემლისმომგვრელი ამბავი“ ყველას წიგნია, რომ ცალ–ცალკე და ერთად ხელახლა აღმოაჩინონ გულის კუნჭულში გადანახული საიდუმლო, რომელსაც მისტერ ტაკუნმენი შეგვახსენებს: „მოდი, ახლი წესი დავამკვიდროთ ცხოვრებაში… ყოველი ჩვენგანი მუდამ ეცადოს, იყოს იმაზე კეთილი, ვიდრე საჭიროა“. თუ ამას შევძლებთ, მსოფლიო უფრო უკეთესი გახდებაო. სკოლაში ავგუსტის მისვლა – ეს იყო ერთწლიანი გამოცდა, რომელიც სკოლამ ჩააბარა. სიკეთემ გაიმარჯვა. ამ სიკეთის სახის შექმნაში ყველამ შეიტანა თავისი წვლილი – „განსხვავებულმაც“ და „ჩვეულებრივმაც“. ბიჩერის სკოლამ შეძლო, თავისწილად გაეუმჯობესებინა მსოფლიო.

ამ გამოწვევის წინაშე ჩვენი სკოლებიც დგანან. ეს წიგნი ერთგვარი გზამკვლევია არა მარტო დიდი ადამიანური ღირებულებებისკენ, არამედ ბევრი სასკოლო სტრატეგიისა და ტაქტიკის (როგორ გეგმავს სკოლის დირექტორი სკოლასთან ავგუსტის ადაპტაციის პროცესს, „მაქსიმების“ მეთოდი, მშობლებთან მიმოწერა და ასე შემდეგ) გასაცნობად და გამოსაყენებლად. თუ გვსურს, ჩვენს სკოლაში არც ერთმა ბავშვმა არ იგრძნოს თავი გარიყულად და თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს მიაღწიოს, ამ საქმეში „საოცრებაც“ დაგვეხმარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი