პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ეკონომიკის განათლება მოსწავლეებისთვის

რატომ „დაუძლურდა“ ფული?

 
შესავალი: მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს, ის დროში გაიწელება, თუკი ფულის მიწოდება პროდუქციის გამოშვებაზე სწრაფად გაიზარდა. ინფლაციის მოდელირება კლასში შესაძლებელია „აუქციონის“ აქტივობით.

ეკონომიკური კონცეფცია: ინფლაცია

მოსაზღვრე საგნები: მეტყველება, მათემატიკა

მიზნები:

  • განსაზღვრონ ინფლაცია როგორც ფასების საშუალო დონის ზრდა;
  • ახსნან, რომ ფულის მიწოდების გაზრდამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფლაცია;
  • განსაზღვრონ ინფლაციის გავლენა მსყიდველობით უნარზე.

გაკვეთილის აღწერა: ამ გაკვეთილზე ინფლაციის შესწავლის მიზნით მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ორრაუნდიან აუქციონში.

საჭირო დრო: ერთი გაკვეთილი

მასალები: სამი ერთნაირი ნივთისგან შემდგარი ორი კომპლექტი (მაგალითად, კანფეტი, ფანქარი, საფოსტო მარკა); თითო მუჭა ორი სახის მარცვლეული (მაგ., ლობიო, ბარდა); თვალსაჩინოება 1. „აუქციონის შედეგები“.

გაკვეთილის მსვლელობა:

  1. დაურიგეთ თითოეულ მოსწავლეს ერთი სახის მარცვლეულის 4-12 მარცვალი. მიეცით სხვადასხვა რაოდენობის მარცვლები.
  2. გამოაცხადეთ, რომ გამართავთ აუქციონს. აჩვენეთ სამი საგნის ერთი კომპლექტი.
  3. აუხსენით, რომ ამ საგნების ყიდვა შეუძლიათ დარიგებული მარცვლეულით. თითოეული მარცვლის ღირებულება 25 თეთრია. სთხოვეთ, დაითვალონ მათ ხელთ არსებული „ფული“.
  4. ჩაატარეთ აუქციონი და გაყიდეთ თითოეული ნივთი ყველაზე მაღალ შესაძლო ფასად. აჩვენეთ თვალსაჩინოება 1. ჩაწერეთ შესაბამის გრაფაში ნივთების სახელწოდება და აუქციონის შესაბამისი ფასი.
  5. „გაზარდეთ“ კლასში ფულის მიწოდება – გულუხვად (მაგრამ ისევ არათანაბრად) დაურიგეთ თითოეულ მოსწავლეს მეორე სახის მარცვლეული.
  6. უთხარით, რომ კიდევ ერთხელ გაიმართება აუქციონი. აჩვენეთ სამი ნივთის მეორე კომპლექტი.
  7. აუხსენით, რომ შეუძლიათ ორივე სახის მარცვლეულის გამოყენება. თითოეული მარცვლის ღირებულება კვლავ 25 თეთრია. სთხოვეთ, დაითვალონ მათ ხელთ არსებული ფული.
  8. ჩაატარეთ აუქციონი და გაყიდეთ თითოეული ნივთი ყველაზე მაღალ შესაძლო ფასად. თვალსაჩინოება 1-ზე ჩაწერეთ ნივთების სახელწოდება და აუქციონის შესაბამისი ფასი.
  9. იმსჯელეთ:

*           რატომ ჰქონდა მარცვლებს ფასი? (მათი გამოყენება შესაძლებელი იყო კლასში ნივთების საყიდლად.)

* რას ცდილობდა თითოეული თქვენგანი აუქციონის დროს? (დაეხარჯა საკუთარი ფული შემოთავაზებული ნივთების საყიდლად.)

*           მეორე აუქციონის დროს როგორ შეიცვალა თითოეული ნივთის ფასი? (გაიზარდა.)

*           მეორე აუქციონის დროს როგორ შეიცვალა თქვენს ხელთ არსებული დასახარჯი ფულის რაოდენობა? (გაიზარდა.)

* როგორი იყო თითოეული აუქციონის დროს ნივთების რაოდენობა? (ერთი და იგივე.)

–           როგორ ფიქრობთ, რატომ იყავით თანახმა მეორე რაუნდის დროს, მეტი გადაგეხადათ ნივთებში? (მეტი ფული გქონდათ, ხოლო გასაყიდი ნივთები აღარ იყო.)

  1. აუხსენით, რომ ამ სავარჯიშოს საშუალებით მათ ინფლაციის არსი გაიგეს. ინფლაცია ნიშნავს, რომ საშუალოდ ყველა საქონლისა და მომსახურების ფასი იზრდება. შესაძლოა, ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების ფასი არ გაიზარდოს, მეტიც, დაეცეს კიდეც, მაგრამ იზრდება ფასების საშუალო დონე.

დასკვნითი ნაწილი.

  1. აუხსენით, რომ მეორე აუქციონის დროს მათ მეტი ფული ჰქონდათ, მაგრამ აღარ იყო გასაყიდი საქონელი და/ან მომსახურება. როცა ეკონომიკაში (ამ შემთხვევაში – საკლასო ოთახში) მიმოქცევაში მეტი რაოდენობის ფულია, მაგრამ საქონლისა და მომსახურების რაოდენობა იგივე რჩება, ხდება ინფლაცია. ინფლაცია ადამიანებზე სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს – ზოგი ხეირობს, ზოგი კი ზარალდება.
  2. ჰკითხეთ მოსწავლეებს: მათი შემოსავალი კვირაში 5 ლარი რომ იყოს, ინფლაციის პირობებში მეტ საქონელსა და მომსახურებას იყიდიდნენ თუ ნაკლებს? (ნაკლებს.) რატომ? (თუ შემოსავალი უცვლელად 5 ლარი იქნება, ხოლო ფასები გაიზრდება, ისინი ვერ შეძლებენ იმავე რაოდენობის საქონლისა და მომსახურების ყიდვას. ინფლაციის დროს ფულის მსყიდველობითი უნარი ეცემა (მცირდება). იმავე რაოდენობის ფულით მათ ნაკლები საქონლისა და მომსახურების ყიდვა შეეძლებათ.)

შეფასება:

  1. დაუსვით მოსწავლეებს შემდეგი კითხვები:

*           რატომ აქვს ფასი ფულს? (ფულით შეიძლება საქონლისა და მომსახურების ყიდვა.)

*           რა არის ინფლაცია? (ფასების საშუალო დონის ზრდა.)

*           რა გავლენას ახდენს ინფლაცია ფულის მსყიდველობით უნარზე? (ამცირებს.)

გავრცობა.

  1. დაავალეთ მოსწავლეებს, ჰკითხონ ოჯახის წევრებს, როგორი იყო ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების (მაგალითად, ერთი ლიტრი ბენზინის, ერთი ცალი ხაჭაპურის, ერთი ფილა შოკოლადის, თეატრის ბილეთის) ფასი 10, 20 ან 30 წლის წინ და როგორი იყო ოჯახის შემოსავალი. იმსჯელეთ ფასებისა და შემოსავლების ცვლილების შესახებ.
  2. სთხოვეთ მოსწავლეებს, გადახედონ თანამედროვე და გასული წლების ეკონომიკურ ჟურნალ-გაზეთებს, მოიძიონ ინფორმაცია ფასების შესახებ და გამოთქვან აზრი წლების მიხედვით ფასების ცვლილებების თაობაზე.

 

თვალსაჩინოება 1. „აუქციონის შედეგები“

ნივთი აუქციონის I რაუნდის ფასი აუქციონის II რაუნდის ფასი
1. ___________________

___________________

___________________

 

   
2. ___________________

___________________

___________________

 

   
3. ___________________

___________________

___________________

 

   

 

წყარო: Caulson E., McCorkle S., (1996). Master Curriculum Guide in Economics Teaching Strategies 5-6, National Council on Economic Education.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი