პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

რატომ არის საჭირო სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობა? ნაწილი პირველი

დოქტორი ზიგლინდე ვეირინგერი, (განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, ზალცბურგის უნივერსიტეტი, ავსტრია)  სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პარტნიორია. მან მოამზადა სტატია, სადაც აღწერილია სკოლისა და საზოგადოების თანამშრობლობის ავსტრიული მოდელი, ის გზა რაც ავსტრიამ გაიარა თანამშრომლობის სრულყოფისა და საგანმანათლებლო სისტემის განვითარების მიზნით.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა (სსო) და სკოლების თანამშრომლობის საუკეთესო ევროპული გამოცდილების შესახებ ნაშრომის დაწერა რთულია, რადგან არ არსებობს თვით ამ გამოცდილების მრავალფეროვნებისა და „საუკეთესოს“ ხარისხის ერთობლივი კრიტერიუმები ევროპის ფარგლებში.

შესაბამისად, წინამდებარე ნაშრომი ეყრდნობა რამდენიმე საფუძველს:

  1. ნაშრომს არ აქვს პრეტენზია, რომ ამომწურავია. მასში ასახულია საკვანძო ასპექტები, განსაზღვრულია მათი ურთიერთქმედება და მოცემულია განვითარების დინამიკის სავარაუდო ანალიზი.
  2. ნაშრომში ევროპის კავშირის ყველა წევრი ქვეყნის კონკრეტული, საუკეთესო გამოცდილების ანგარიში არ არის წარმოდგენილი. მაგალითებით აღწერილია, როგორ განხორციელდა ავსტრიაში ფორმალური განათლების ინსტიტუტებსა და სსო–ს შორის თანამშრომლობის იდეა 1960 წლიდან.
  3. ნაშრომი არ გვთავაზობს საქმიანობის კოდექსს. მისი მიზანია, წაახალისოს იდეები და მათი ხორცშესხმის ინოვაციური გზების მოძიების ინიციატივები საქართველოს რეალობაში.
  4. ნაშრომი ეფუძნება სწავლების ავტორისეულ გამოცდილებას ავსტრიულ სკოლაში 1973 წლიდან, მის მონაწილეობას განათლების პოლიტიკის ცვლილებაში, ნიჭიერთა საგანმანათლებლო პროგრამის/კურსის შექმნასა და მის ინტეგრაციას განათლების სისტემაში, ასევე მასწავლებელთა მომზადების გამოცდილებასა და ავტორისავე მეცნიერულ კვლევას.

ნაშრომის სტრუქტურის გზამკვლევად ქვემოთ მოცემული ოთხი კითხვა გამოგვადგება:

  1. რატომ არის საჭირო სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობა?
  2. თანამშრომლობის რა ფორმებზეა საუბარი?
  3. რა პირობებსა და მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამშრომლობა?
  4. შედეგად, რა პრაქტიკასა და გამოცდილებას ველოდებით?

 

დაბოლოს, წარმოდგენილი იქნება შემდგომი თეორიული იდეებისა და მეცნიერული მიდგომების ნაკრები.

 

  1. რატომ არის საჭირო სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობა?

 

თუკი სკოლას ისტორიულ ჭრილში განვიხილავთ, შეიძლება გამოვყოთ ერთი საერთო საფუძველი: სწავლება ეფუძნება განათლების მიზნებს, ხოლო განათლების მიზნები ორიენტირებულია საზოგადოების უწყვეტ სარგებელსა და კეთილდღეობაზე. ეს მიზნები დაინტერესებულ მხარეთა განსხვავებული ჯგუფების მონაწილეობით წარმოებული განხილვებისა და მოლაპარაკებების პროცესში ჩამოყალიბდა. მას ეცნობა ფართო საზოგადოება,  მშობლებს შეუძლიათ ინფორმაციის მიღება კონკრეტული სკოლის საგანმანათლებლო მიზნების შესახებ. სკოლის ტიპების მრავალგვარობა დამოკიდებულია იმ პერსპექტივებსა და ინტერპრეტაციებზე, რომელიც მის მიმართ აქვთ კონკრეტულ ქვეჯგუფებს, ასევე მათსავე გავლენის მასშტაბზე, ძალაუფლებასა და აქტიურობაზე. ამრიგად, შეგვიძლია დავასახელოთ სკოლები, რომელთა მიზანი იყო სამხედრო ძალით მოქალაქეთა დაცვა (მაგ., ჯარისკაცები სპარტაში), სამხედრო ძალაუფლებასთან ერთად ადმინისტრაციის ავტორიტეტის და ძალაუფლების განმტკიცება (მაგ., კლერკები ჩინეთის უძველეს იმპერიაში), სწავლებითა და წვრთნით ცოდნის შენახვისა და უწყვეტობის დაცვა (მაგ., ვაჭრობა უძველეს მესოპოტამიაში ან რელიგიური იდეები შუასაუკუნეების დამწერლობის სკოლებში), კონკურენციის წახალისებით ცოდნის შექმნა  (მაგ., ეროვნული და/ან საერთაშორისო ოლიმპიადები მათემატიკაში), მოსახლეობის გადარჩევა კონკრეტულ სკოლებში წვდომის შეზღუდვით (მაგ., ელიტური სკოლები). ნებისმიერ შემთხვევაში, საჯარო სკოლის სისტემა საოჯახო განათლების დამატებაა და აძლიერებს ჯგუფის ან თემისადმი მიკუთვნებულობას, ის ადამიანებს  დამატებით სთავაზობს ქცევის დომინანტი კოდექსის შესატყვის განათლებას – „ჩვენ ინსაიდერები (ჯგუფში მიღებული წევრები)  ვართ, ხოლო სხვები – აუტსაიდერები (ჯგუფს გარეთ დარჩენილი წევრები)“.

საგანმანათლებლო მიზნების მრავალგვარობის მიუხედავად, ყველა სკოლა მიზნის მიღწევის რამდენიმე საერთო პრინციპს იზიარებს. განათლების პროცესი მიმდინარეობს ოჯახს გარეთ, ორგანიზებულია იმ ჯგუფების მიერ, რომლებიც არ არიან ოჯახის წევრები და ემყარება სისტემატურად განახლებად სილაბუსსა (საგნის გეგმას) და სწავლა-სწავლების გარემოს. განათლების ზოგადი მიზნების საფუძველი დიდი საზოგადოების სოციალური შეთანხმებაა. პედაგოგებს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული  გამოცდილება უნდა ჰქონდეთ დიდაქტიკაშიც და განათლების მიდგომებშიც. სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით ისინი პროფესიულად ვითარდებიან . მასწავლებელთა პროფესიული განვითარება განასხვავებს სასკოლო განათლებას საოჯახო განათლებისაგან.

  • ზემოთ აღვნიშნეთ საზოგადოების მნიშვნელობა სკოლის შექმნაში. საჭიროა გავაანალიზოთ ის კომპონენტები, რასაც საზოგადოება ეფუძნება. ამ საკითხზე პასუხების ძიება წინამდებარე ნაშრომის მიზანს ბევრად სცილდება, თუმცა, რამდენიმე არსებითი ასპექტის აღნიშვნა მაინც შესაძლებელია. ეს ასპექტებია: ეროვნება, კულტურა, ენა, ტრადიცია, ისტორია, ღირებულებები, რწმენა, გამოცდილება, კონსტიტუცია, პოლიტიკა, ხელისუფლება, იდეები, რელიგია და სხვა მრავალი. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ საზოგადოება არსებობს სხვადასხვა საფუძვლებზე, რომლებიც პერიოდულად იცვლება, ამ ცვლილების მიზეზი საზოგადოების განვითარებაა. საზოგადოების განვითარებაზე კი გავლენას ახდენს  სკოლა და განათლება. შეჯამების სახით სკოლისა და საზოგადოების ურთიერთობის გამო სკოლა:აკავშირებს ადამიანებს საზოგადოებასთან.
  • გადასცემს ქცევის დადგენილ კოდებს მომავალ თაობებს.
  • არის საზოგადოებაში ცვლილების წყარო.
  • ქმნის დაგეგმილ და დაუგეგმავ გავლენებსა და შედეგებს.
  • არის საზოგადოების სარკე: როგორი იყო (წარსული), როგორია (აწმყო), როგორი იქნება (მომავალი).
  • დამოკიდებულია მმართველობის ფორმაზე.
  • ემსახურება სუვერენს – ადამიანებს „demos kratós“–ში ან „res public“–ში.
  • ქმნის საზოგადოებაზე კრიტიკულ აზრს.

 

შეიძლება ითქვას, რომ სკოლაში საფუძველი ეყრება მომავლის საზოგადოებას. ამ განცხადებას მაშინვე მოჰყვება კითხვა: როგორი ადამიანები სურს რომ ჰყავდეს ამ საზოგადოებას – ჯარისკაცები, კლერკები, სუბიექტები თუ ზრდასრული და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები?

სკოლაში სწავლების ეფექტურობას რამდენიმე გარემოება ზღუდავს. პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს მომავალი სოციალური ტენდენციების წინასწარ განჭვრეტის სირთულე. მაგალითად, არავინ იცის, რა ცოდნა და უნარები დასჭირდება საკუთარი ცხოვრების მართვისთვის 10 წლის ბიჭს ზრდასრულობაში. მეორე გარემოებად შეიძლება დასახელდეს ის განზომილება, რომელიც მოქმედებს ინდივიდის სოციალურ განვითარებაზე: სკოლაში სწავლება დროში შეზღუდულია და მისი გავლენა ოჯახში განათლებასთან შედარებით  სუსტია. მესამე გარემოება თვით სკოლის სისტემის სტრუქტურას ეხება: საკლასო ოთახები მეტ–ნაკლებად ჩაკეტილია, ერთსა და იმავე ადამიანები ხანგრძლივად ურთიერთობენ; სწავლის შინაარსი უკავშირდება სახელმძღვანელოებს  და არა ცხოვრებას; სწავლების მეთოდები თეორიულ პრინციპებზეა ორიენტირებული და არა ცხოვრების სწავლაზე. მეოთხე, თვით სკოლა არის სწავლებისა და სწავლის შესახებ დისკურსების ადგილი, რაც წარმოქმნის შიდა ინსტიტუციურ პრობლემებსა და იწვევს ცვლილებებს.

ამ ანალიზიდან გამომდინარე, თავდაპირველ კითხვაზე პასუხები შეიძლება დაჯგუფდეს მოთამაშისა (აქტორის) და მიმღების მიხედვით. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს ინდივიდი, ჯგუფი, ინსტიტუტი ან სოციალური სისტემა. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია ამ პასუხებისთვის რამდენიმე საბაზისო პრინციპი ვიპოვნოთ, რომელიც თანამშრომლობას ეხება და რომლის ფარგლებში ჩართული პარტნიორები ურთიერთსარგებელს იღებენ.

თანამშრომლობამ უნდა

  • შეამციროს სასკოლო ცხოვრებასა და ცხოვრებას შორის ნაპრალი.
  • შექმნას ცოდნისა და უნარების ტრანსფერის შესაძლებლობები.
  • უზრუნველყოს გამოცდილება, რომ ყოველი ადამიანი მნიშვნელოვანია.
  • ადამიანებისთვის შეასრულოს მაკორექტირებელი ფაქტორის როლი.
  • შეასრულოს განვითარების სრულყოფის ინიციატორის როლი.
  • რეალური გახადოს „res publica“.

 

ამ არგუმენტების წყაროები, ძირითადად, ფილოსოფიურ და ანტროპოსოფიურ პარადიგმაში უნდა ვეძებოთ. სწავლის ფსიქოლოგია ამ მოსაზრებას ამყარებს: სწავლა აღარ შემოიფარგლება არც სკოლის შენობით და არც ბავშვობის ან მოზარდობის პერიოდით; ის სხვადასხვა ხანგრძლივობითა და ფორმით, სხვადასხვა ადგილას მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარეობს.

ედგარ ფორის (Edgar Faure) მიერ, იუნესკოს ანგარიშში (UNESCO 1972) „სწავლა ცხოვრებისთვის“ წარმოდგენი იყო  „უწყვეტი განათლების“ იდეა,  რომელიც ჟაკ დელორსის (Jacques Delors) ანგარიშით – „შინაგანი საგანძური“ (UNESCO 1996) – გამყარდა. დელორისი აღწერს  სწავლის სამ ფორმას – ფორმალური, არაფორმალური და თავისუფალი/იმპლიციტური და მათ პიროვნების განვითარებაში თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს. ამავდროულად, ვარაუდი, რომ ყველაზე საფუძვლიანი სწავლა სკოლის ან ფორმალური საგანმანათლებლო სისტემის გარეთ ხდება, მეცნიერულ და მრავალჯერადად დადასტურებულ ფაქტად იქცა. მიუხედავად ამისა, ამან ფორმალური განათლება ვერ გახადა დრომოჭმული, რადგან ის უზრუნველყოფს საბაზისო ცოდნას, უნარებსა და დამოკიდებულებებს.

სხვა არგუმენტი ნეირობიოლოგიაში შეიძლება ვეძებოთ. ადამიანის გონება მანქანა არ არის; ყოველი ადამიანი ინფორმაციას თავისებურად გადაამუშავებს და შესაბამისი რეაგირება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგ., კონკრეტულ სიტუაციაზე, მიმდინარე ფიზიკურ მდგომარეობაზე ან წინარე გამოცდილებაზე (ძირითად წყაროდ იხ.: J. Piaget 1932, 1958; L. S. Vygotsky 1978; H. von Foerster 2002; H. R. Maturana და F. G. Varela 1980, 1987 ნაშრომები).  მთავარი დებულება ის არის, რომ სწავლა ქმედებისა და უკუქმედების საშუალებით კი არ ხდება, არამედ მსწავლელის გონებრივი აქტივობით, პრობლემის გადაჭრის უნარების სწავლება შეუძლებელია, საჭიროა მათი აღმოჩენა და გამოცდა. გონება მუდმივი მოდულაციის პროცესშია; მას გარე სამყაროდან მრავალფეროვანი სტიმულები სჭირდება. გონების განვითარება ამ სტიმულების ხარისხზეა დამოკიდებული.

კონსტრუქტივიზმის ამ პარადიგმას უდიდესი გავლენა ჰქონდა და აქვს სწავლების მეთოდებზე, რადგან მასწავლებლის როლი პირდაპირი სწავლების გზით ცოდნისა და ფაქტების მიწოდება კი აღარ არის, არამედ აქტიური აღმოჩენის გზით სწავლება და ამ დროს  სწავლაში დახმარება და სწავლის პროცესის მოდერატორობაა.

თარგმნა : ნინო ჭიაბრიშვლიმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი