პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

წელს უმაღლესში ვაბარებთ (ქართველი მშობლის ტიპური ფრაზა )

წელს ჩემი გოგო სკოლას ამთავრებს. არ არის ცუდი მოსწავლე. ჰუმანიტარული საგნები უყვარს, მათემატიკა ერთი ხანობა გაუჭირდა, მაგრამ კერძო მასწავლებელთან მივიყვანეთ და სწრაფად დაძლია. აი, საბუნებისმეტყველო საგნებმა ყველაზე ნაკლებად მოხიბლა. კი მოემზადა და ჩააბარა შარშან მეთერთმეტე კლასის საატესტატო გამოცდები, მაგრამ  ხალისი და ინტერესი დიდად არ შემიტყვია. ენები უყვარს ძალიან. საღამოობით ფილმები ხან რუსული გახმოვანებითაა ჩართული, ხან – ინგლისური და ხანაც – გერმანული. მე რუსულის გარდა არცერთი არ მესმის. გავივლი ხოლმე მისაღებ ოთახში და ბებიაჩემი მახსენდება, ჩემი და და  მე რუსულ არხს რომ ვუყურებდით და დაღონებული გვკითხავდა – რას ამბობენ, ჩემო ქალო?

მოკლედ ჩვეულებრივი მეთორმეტეკლასელია. ერთი რამა აქვს არაჩვეულებრივი – წელს არ აბარებს.

სააღდგომოდ გურიაში წავიყვანე, ჩემს დედულეთში. წინასწარ შემითანხმდა – რატომ არ ვაბარებ, იქ შენ გაეცი პასუხიო.

რატომ არ აბარებს? ვერ მოიფიქრა.  ხან რა მოუნდა, ხან – რა, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

არაფერი მომიხვევია თავს. რამდენადაც შემეძლო ველაპარაკებოდი იმ პროფესიებზე, რომლებზეც ფიქრობდა. შარშან ისიც ვკითხე, საერთოდ უნდოდა თუ არა სწავლის გაგრძელება. გაკვირვებულმა მიპასუხა, ყველა აბარებს, ჩემზე ათჯერ ნაკლები შესაძლებლობისა და ცოდნის ბავშვებიც კი, მე რატომ არ უნდა ჩავაბაროო?! ავუხსენი, რომ ყველა კი აბარებს, მაგრამ მას თუ არ უნდა, შეუძლია არ ჩააბაროს.

ასეა თუ ისე, რომ უნდა ისწავლოს, მისი გადაწყვეტილებაა. ალბათ მომავალ წლამდე იმასაც მოიფიქრებს, რისი სწავლა უნდა.  უკეთ მოემზადება და უკეთ ჩააბარებს. დიდი იმედი მაქვს, რაღაც გადაწყვეტილებას თვითონ თუ მიიღებს, შედეგიც უკეთესი იქნება.

წელს კი ჩემს გოგოს და მე ხშირად გვიწევს უხერხულ  დიალოგებთან გამკლავება. – არ აბარებს, რატომ? და იქვე გრძნობ დამამცირებელ მზერას, რომლის იქითაც ადვილად იკითხება – ეტყობა საერთოდ არაფერი არა აქვს თავში, საწყალი. 

ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დღევანდელ ქართულ საზოგადოებასა და განათლებას უდგას, სწორედ უმაღლესი განათლების მსურველთა დიდი რიცხვია. ყველა აბარებს, მიუხედავად სურვილისა და შესაძლებლობებისა. ოჯახი, კულტურა და მთლიანად გარემო ძალადობს ახალგაზრდებზე, რომ უნდათ თუ არა, აუცილებლად  ჩაააბარონ უმაღლეს სასწავლებლებში.

რა თქმა უნდა, არიან ჭკვიანი და მოტივირებული მოსწავლეებიც, რომლებმაც კარგად იციან რა უნდათ უმაღლესი სასწავლებლისგან და რისკენ ისწრაფვიან, გადაწყვეტილებასაც თავად იღებენ, თუმცა უფროსკლასელებთან რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ ვიცი, რომ მათი რიცხვი არც ისე დიდია.  

ამას თავისი მიზეზები აქვს. ზოგიერთი მათგანი მენტალობიდან მომდინარეობს, ზოგიერთი – ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან. ერთ-ერთი უპირველესი, ქართველი მშობლის ამბიცია მგონია: სხვისი შვილი თუ აბარებს, მისამ როგორ შეიძლება არ ჩააბაროს. ხშირია შემთხვევები, ოთხი წელი წელებზე ფეხს იდგამს მშობელი, იხდის გადასახადს, რომელიც მისთვის მძიმე ტვირთია, (ამ კატეგორიის ახალგაზრდებს სახელმწიფო სტიპენდია, როგორც წესი, არა აქვთ) ამთავრებს და რჩება სამსახურის გარეშე. ის ცოდნა, რომელიც ასე ძალათი  მიიღო, არ არის საკმარისი დამსაქმებლისთვის. დღეს რომ სამსახური იშოვო ან ქართულ-ხალხური ნეპოტიზმი გჭირდება, ან საუკეთესო ცოდნა და უნარები.

ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებს, ან არც ამთავრებენ, სადღაც შუაში წყვეტენ სწავლას და ემატებიან დიპლომიანი ოფიციანტებისა და ტაქსის მძღოლების რიგებს. თუმცა მშობელი ნაღვლიანად, მაგრამ მაინც უფრო ამაყად ყვება, რომ მისი შვილი დიპლომიანია და ოფიციანტად მუშაობს. ატყობ, დიდად არც ენანება ის თანხები და დრო, რომლებიც შეიძლებოდა უფრო რაციონალურად დახარჯულიყო. მაინც რაღაცნაირად კმაყოფილია, რომ მისმა შვილმა ისწავლა, დიპლომი აქვს. ეს მას ქართულ  საზოგადოებაში  უკეთეს დამოკიდებულებას ჰპირდება.

მეორე და უფრო მძიმე პრობლემა სამუშაო ადგილების სიმცირეა. რომ არ ჩააბაროს, სად წავიდეს? სად იპოვის 18 წლის ახალგაზრდა სამსახურს? მშობელს ეშინია თავისი შვილის თავისუფალი დროის. ურჩევნია, ფული იხადოს და იცოდეს, რომ რაღაცით დაკავებულია.

კიდევ ერთი ხელისშემშლელი პირობაა პროფესიული სასწავლებლების სიმცირე. ისინი ნელ-ნელ ჩნდება და ადგილსაც იმკვიდრებს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გახდა მიმზიდველი და მოდური.

შეიძლება, ისიც გარკვეულ როლს თამაშობს, რომ საქართველოში მომსახურე პერსონალისადმი აგდებული და უპატივცემულო დამოკიდებულებაა ჩამოყალიბებული. ერთი მხრივ, ეს ზოგჯერ მათივე არაპროფესიონალიზმის ბრალია, თუმცა რატომღაც, როგორც კი ოდნავ პრივილეგირებულად ვიგრძნობთ თავს, ხშირად სხვისი დამცირებისა და უპატივცემულობის სურვილი გვიჩნდება.

არადა როგორი აუცილებლები და საჭირონი არიან, მაგალითად, ხელოსნები ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში. გაფუჭდება, ვთქვათ, გაზის გამათბობელი და გაზის ხელოსანზე ძვირფასი და საჭირო არავინაა. მოვა, გაგიკეთებს, ფულსაც მშვენივრად გამოიმუშავებს, წავა და ფიქრობ, რამდენი დაუსაქმებელია უმაღლესი განათლებით, ან თუნდაც დასაქმებული, მაგრამ არავის რომ არასდროს არ დასჭირდება მისი პროფესიული დახმარება.
 ქართველთა უმეტეს ნაწილს ამგვარი მომავალი არ ხიბლავს. საზღვარგარეთ გადახვეწილი დედა ერთგულად აგზავნის შვილის სწავლის ფულს და უყურებ, ეს სისხლის ფასად გამოგზავნილი თანხა როგორ იყრება წყალში.

არის კიდევ ერთი პრობლემაც. ჩვენი სკოლები ვერ უქმნიან ბავშვებს წარმოდგენას აკადემიური სივრცისა და აკადემიური განათლების შესახებ. როგორც წესი, ახალგაზრდა ემოციურადაც კი არაა მზად, შეისწავლოს მეცნიერება, იკვლიოს, მიიღოს განათლება. უმაღლესში სწავლა რაღაც ზოგად, გაუგებარ ცნებად იქცა, რომლის იქითაც, ვის რას წარმოუდგენია და ვინ რას გულისხმობს და ელოდება, სრულიად გაუგებარია.

ორ  უმაღლეს  სასწავლებელში მიწევს სტუდენტებთან ურთიერთობა და რასაც ვხედავ, საკმაოდ მძიმეა. 

სტუდენტების ნახევარზე მეტი ვერასოდეს ვერ შეძლებს თავისი ცოდნით იარსებოს, იმიტომ რომ არა აქვს ამ ცოდნის მიღების უნარი ან სურვილი.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იქმნება, როდესაც ქულის მიღებისთვის, ზღვრის გადალახვისთვის წვალებას იწყებენ. ხშირად ხდება, ლექციის მანძილზე ერთი და იმავეს, ელემენტარულის გამეორება გიწევს და ამ დროს მომზადებული, ნიჭიერი, მოტივირებული სტუდენტი გეჩაგრება. უმაღლეს სასწავლებლებს ფინანსურად, რაღა თქმა უნდა, ხელს აძლევს ბევრი სტუდენტი, მაგრამ ამასობაში სწავლების დონე ვარდება, რადგან ძალიან ძნელია, როცა ახალგაზრდა, რომლის ადგილიც საერთოდ არაა უმაღლეს სასწავლებელში, გთხოვს, რაღაცა გააგებინო, -უთხრა უარი, არ მიეხმარო, არ შეეცადო, – თუნდაც გრძნობდე, რომ საბოლოო ჯამში ტყუილად ირჯები.

თუმცა უმაღლესი განათლება საბოლოო საფეხურია, ყველაფერი კი პატარაობიდან, სკოლამდელი ასაკიდან იწყება. 
ორიოდე წლის წინ მეგობართან ვიყავი გერმანიის ერთ-ერთი ქალაქის მუნიციპალურ საბავშვო ბაღში. იქ სამი წლიდან ბავშვებისთვის ღიაა  ბაღის მთელი სივრცე. ისაუზმებენ, გამოდიან უზარმაზარ დერეფნებში და თვითონ წყვეტენ, რომელ ოთახს  ესტუმრონ: კითხვის, ხატვის, კონსტრუირების, კულინარიის, მეცნიერების, მუსიკის და ა. შ. რა ხდება იმ ოთახებში, ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ გერმანული განათლების სისტემა სამი წლიდან ეკითხება ბავშვს – რა სურს მას, სამი წლიდან ასწავლის გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ 17-18 წლისებსაც არ ვანდობთ თავიანთ ბედს. ჩვეულებრივი სიტყვათშეთანხმება გახდა მშობლის მიერ მრავლობითში ნათქვამი: წელს ვაბარებთ, სტუდენტი გავხდით.

ჩემი გოგონა გოეთეს ინსტიტუტში ენის კურსებზე დადის და ამას წინათ გახარებულმა მითხრა, დედა, გერმანულში პერიოდს, როცა მოზარდმა სკოლა დაამთავრა და ფიქრობს, რა გააკეთოს, ცალკე ლექსიკური ერთეული შეესაბამებაო. ჩვენთან?

ჩვენთან საბჭოთა  გამოცდილება ჯერ კიდევ მძლავრად გვექაჩება სიბნელისაკენ. სისტემა, რომელიც საერთოდ არ ცნობდა პიროვნებას, კიდევ უფრო უგულებელყოფდა ბავშვის, როგორც მომავალი მოქალაქის მნიშვნელობასა და გადაწყვეტილების მიღების უნარს. 

ვასწავლით გურამიშვილს: „ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო” მაგრამ ამ კითხვებზე დაფიქრების დროსა და სივრცეს მაქსიმალურად ვუზღუდავთ. ყველაფერზე ჩვენ გვაქვს გამზადებული პასუხი. არ ან ვერ ვთავაზობთ ალტერნატივას, ისწავლოს თუ არა სკოლის დამთავრების შემდეგ. შედეგად, ხშირად სწავლის გაგრძელება სულაც არაა მათი თავისუფალი არჩევანი, არადა ამის გარეშე ყველაფერი უფასურდება.  
     
 
 
   
  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი