პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

კრიტიკული აზროვნება  სამოქალაქო  განათლებაში

ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა სხვა სიახლეებთან ერთად საკვანძო კომპეტენციების გაზრდილ ნუსხას შემოგვთავაზებს. კრიტიკული აზროვნება, რომლის განვითარებასაც მოქმედი ესგ-ც ითხოვს, ამ ნუსხაში ცალკე საკვანძო კომპეტენციად შევა.

ამგვარი აზროვნების გარეშე, მომავალ მოქალაქეს აჩქარებულად ცვალებად ღირებულებებსა და მოთხოვნებში გზის გაკვალვა გაუჭირდება. მოსწავლისთვის საყოველთაოდ აღიარებული მოსაზრებების სწავლების ტენდენციამ დრო მოჭამა.  თუ მასწავლებელს მოსწავლის განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობა აღიზიანებს ან  სახელმძღვანელოში წაკითხულზე ეჭვის გამოთქმას ხელის შეშლის მცდელობად აღიქვამს, მას სერიოზული ზრუნვა მოუწევს დასკვნების გამოსატანად და დამოკიდებულებების შესაცვლელად.

ყველა საგნის მასწავლებელს თავისი კუთხით უწევს ამ უნარის განვითარებაზე ზრუნვა.  სამოქალაქო განათლება საამისოდ  განსაკუთრებული „ასპარეზია“. თუ მომავალ მოქალაქეს  ამ ეტაპზევე არ გამოუმუშავდა ანალიზისა და კრიტიკული შეფასების უნარი, ზრდასრულობაში მას გაუჭირდება აქტიურ პიროვნებად და მოქალაქედ ჩამოყალიბება.  მეთოდები (დებატები, დისკუსიები, როლური თამაშები, პროექტული სწავლება…), რომელსაც ამ საგნის სწავლება ეფუძნება თავისთავად გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას.

რა წინაპირობებია საჭირო კრიტიკული აზროვნებისთვის?

პირველი გამოწვევა დასმული ამოცანის/მიზნის გაცნობიერება-გააზრებაა. აუცილებელია, მოსწავლემ საჭირო მომენტში დაძაბოს გონება კონკრეტული საგნობრივი ამოცანის  გააზრებაზე. შემდეგ ცოდნა და უნარები მიმართოს ამ ამოცანის გადაჭრისკენ. თუ ამის დეფიციტია, ამ უნარის განვითარებისთვის დრო არ უნდა დავიშუროთ.

მოსწავლეს უნდა შეეძლოს  რელევანტური ინფორმაციის მოძიება, ინფორმაციაში საკვანძო  მომენტების გამოყოფა. ეს ერთი შეხედვით იოლ ამოცანად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. რადგან პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხშირად მოსწავლეები  ვერ ახერხებენ სხვადასხვა წყაროდან ამოკრეფილი ინფორმაციის ლოგიკურად დაკავშირებას და გააზრებულად გამთლიანებას, მის სარწმუნო და საეჭვო ასპექტებზე მსჯელობასა და  მოძიებული ინფორმაციის მხოლოდ მექანიკურ თავმოყრას ახდენენ.

მნიშვნელოვანია დასაშვები ზღვრის შეგრძნებისა და დაცვის უნარი.  მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას. მორალური და ეთიკური ნორმების დაცვა აუცილებელი პიროვნული თვისებებია. სკოლაში ამ ასპექტებზე ყურადღების გამახვილება მომავალ მოქალაქეებს თავთავიან პროფესიაშიც და პირად ურთიერთობებშიც დასჭირდებათ.

მოსწავლეს უნდა აინტერესებდეს, მოსწონდეს წაკითხულის, მოსმენილის  გაანალიზების პროცესი, სიახლის შეცნობა. ეს უნდა ასოცირდებოდეს პოზიტიურ განცდებთან.

ასევე მნიშვნელოვანია არჩევნის გაკეთების უნარი. ადამიანს ხომ უამრავ არჩევანში უწევს და მოუწევს გზის გაკვალვა. ეს ეხება სწავლის გაგრძელებას, დასვენებას, პროფესიას, მეგობარს და ასე შემდეგ. ხშირად ამსჯელეთ მოსწავლე არჩევანზე. შეახსენეთ, რომ გადაწყვეტილებაში პრიორიტეტების დალაგება და   კრიტერიუმების წინასწარ განსაზღვრა დაეხმარებათ. შეაშველეთ  კითხვები:  „რატომ ასე ან სხვაგვარად?“ „შედეგზე რას ფიქრობთ?“ „რომელი მახასიათებელი შეიძლება იყოს განმსაზღვრელი“? „მიზნის მისაღწევად რა მსხვერპლის გაღება შეუძლია?“

კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანს უნდა შეეძლოს ემოციების კონტროლი, ემოციის მიზეზებისა და შედეგების სწორად აწონ-დაწონვა, თავის მართვა ლოგიკური განსჯების მეშვეობით. დამხმარე კითხვები აქაც გამოგვადგება: „აქვს კი აზრი ნერვიულობას, თუ ამით ვერაფერს გამოვასწორებთ?“  და პირიქით – „როცა შანსი არსებობს, რატომ ვკარგავ დროს ნერვიულობაზე და არ ვკონცენტრირდები იმაზე, რისი შეცვლაც შემიძლია?“

როგორ წავაქეზოთ და განვავითაროთ კრიტიკული აზროვნება მოსწავლეებში?

მოვახდინოთ საკუთარი კრიტიკული აზროვნების უნარების დემონსტრირება,  „ვიფიქროთ“  ხმამაღლა, დავუშვათ „შეცდომები“, რომ მათ შეუსაბამობაზე რეაგირების გამოცდილება შევძინოთ.

ხშირად შესთავაზეთ მოსწავლეებს, დაასრულონ შეთავაზებული ფრაზა: „სიტყვის თავისუფლება იზღუდება, როცა…“ „მმართველობის ეს ფორმა უკეთესია/უარესია ვიდრე…“  შესთავაზეთ დააკავშირონ ორი მოვლენა, ვთქვათ, ეკონომიკური სიდუხჭირე და დანაშაულის მატება;  ეკოლოგიური განათლება და გარემოზე ზრუნვა; გაუმართავი კანონი და  კანონთან კონფლიქტი… შეეცადონ გამოიცნონ მათი განვითარების პოზიტიური/ნეგატიური პერსპექტივა?

წავაქეზოთ მათი აქტიურობა. მივცეთ შესაბამისი დრო პრობლემაზე დასაფიქრებლად და იდეების ფორმულირებისთვის. მოვითხოვოთ გახსნილი, დასაბუთებული პასუხები „კი/არას“ ნაცვლად. აზრების შემდგომ პროვოცირებაში დაგვეხმარება კითხვები – „ასეთი თვალსაზრისი ყოველთვის  გამართლებულია?“ ,,ანალოგიურ სიტუაციას წინა საუკუნეში რა შედეგები მოჰყვებოდა?“ „დღევანდელი კანონმდებლობა როგორ შეაფასებდა ამ ქმედებას?“

მოვახდინოთ  დისკუსიის სტიმულირება. ხშირად დისკუსიაში მონაწილეთა რაოდენობაზე მეტ განსხვავებულ მოსაზრებას მოვისმენთ. მოგვიწევს ვიყოთ  მაქსიმალურად მომთმენი: კამათში, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ყოველთვის ვერ იმარჯვებენ უფრო მცოდნეები. ამას გარდა, მწვავე დებატებმა შეიძლება წარმოშვას  სერიოზული კონფლიქტი, რაც ნიშნავს, რომ მოგვიწევს ვეძებოთ კომპრომისი და არავითარ შემთხვევაში, დამნაშავე. ესეც საჭირო გამოცდილებაა.

მოსწავლეებს ვთხოვოთ, საკუთარი აზრები გადაიტანონ ფურცელზე: წაკითხული ხშირად წარმოშობს ახალ იდეებს; გვაიძულებს, გადავაფასოთ მანამდე ნათქვამი. მივცეთ საშუალება მოსწავლეებს გაცვალონ მოსაზრებები, ერთმანეთს გაუზიარონ შეხედულებები, დაასაბუთონ საკუთარი სიმართლე. ესეების წერა, „თოვლის გუნდის“ მეთოდით საკითხების განხილვა საამისოდ კარგ პირობას ქმნის.

ვუბიძგოთ ანალიზისკენ, იქნება ეს მიმდინარე საზოგადოებრივი მოვლენები, ცნობილი პიროვნების ქმედებები, მეცნიერთა დასკვნები, მიმდინარე თემასთან დაკავშირებული  სიტუაციური ამოცანები თუ სხვა.

დავავალოთ, დაიცვან მათთვის უცხო ან მიუღებელი თვალსაზრისი: მაგალითად, ისაუბროს მიგრაციის ობიექტურ მიზეზებზე, როცა მიგრანტებზე აგრესიით საუბრობს.  უფრო მსუბუქი თემებიც შეიძლება ვცადოთ:  „ბარსას“გულშემატკივარს დავავალოთ, დაასაბუთოს „რეალის“ უპირატესობა, ან დაგვისაბუთოს იმ საჭმლის  სიკეთე, რომელზეც ზიზღით ლაპარაკობს ან ხოტბა შეასხას ნაწარმოებს, რომლის ავტორის ადეკვატურობაშიც ეჭვი ეპარება.

ხშირად სთხოვეთ შეაფასონ რამდენად სარწმუნოა მიღებული ინფორმაცია (სარეკლამო, პოლიტიკური, ეკონომიკური): რამდენად შეესაბამება ერთმანეთს მოსწავლეების წარმოდგენები და ცხოვრებისეული რეალობა/სიმართლე.

დავაკისროთ მოსწავლეებს კონკრეტული ისტორიული ან პოლიტიკური მოღვაწის როლი. მივცეთ საშუალება, აღწერონ თავიანთი ერთი დღე (რას გააკეთებს? რის გაკეთება არ შეიძლება? რატომ?).

დასკვნების გაკეთების უნარზე ზრუნვა აუცილებელია. დავიწყოთ მარტივიდან: დღეს გიორგიმ შესანიშნავად გაართვა თავი პრეზენტაციას, რა შეგვიძლია აქედან დავასკვნათ? გამოვკვეთოთ კავშირი მიზეზებსა და შედეგებს შორის.

ფსიქოლოგები გვირჩევენ,  მოსწავლის თავდაჯერებულობის ამაღლების გარდა, ვიზრუნოთ, რომ მათ კრიტიკულად განიხილონ საკუთარი შეხედულებები და ჩვევები. თუმცა, ეს საკმაოდ სარისკო საქმეა, რადგან ადამიანი საკუთარი თავისთვის – უსასრულო ამოუცნობი სამყაროა, რომელშიც  გზის აბნევის დიდი რისკი არსებობს. კრიტიკული აზროვნების უნარი ცხოვრების „კომპასის“ ერთი აუცილებელი მექანიზმია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი