ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

როცა სახელმწიფოსთვის განათლება პრიორიტეტია

ახლახან ინტერნეტში ერთი ინფორმაცია მომხვდა თვალში – ფინეთის სკოლებში საგნების სწავლება შეწყდება და თემების მიხედვით სწავლება დაიწყებაო. არაფერს ვიტყვი იმის შესახებ, რომ სტატიის დამწერს მკითხველისთვის უფრო დამაჯერებლად უნდა მიეწოდებინა ახალი ამბავი და მკითხველიც საგონებელში აღარ ჩავარდებოდა – აბა, ეს რა პედაგოგიკაა, თუ პირველი კლასიდანვე ადამიანს ერთი განსაზღვრული პროფესიის სამყოფ ცოდნას აძლევენო.
კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა.

საგნებით სწავლება საშუალო სკოლის უფროს კლასში თემის მიხედვით სწავლებით შეიცვლება და ამას მხოლოდ ის მიზანი აქვს, რომ ადამიანები ცხოვრებისთვის უკეთ მოამზადონ.

მე იმ სტატიამ „ფინური განათლება” გამახსენა. მაინც რითია ის აღსანიშნავი და მისაბაძი?

იმის გასარკვევად, რომ განათლების ფინური სისტემა მხოლოდ მომხმარებელს არ ამზადებს, სტატისტიკას მოვიშველიებ.

ფინელების 90 პროცენტზე მეტს უმაღლესი განათლება აქვს; ევროპის მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებელია, რომ ახალგაზრდობის 60 პროცენტი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტია; ქვეყნის პედაგოგიური უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა საუკეთესო 10 პროცენტი ხდება მასწავლებელი; ყველა მასწავლებელს მაგისტრის ხარისხი აქვს, ხარისხი კი სახელმწიფოს მიერაა სუბსიდირებული; ფინეთში ერთ მასწავლებელზე საშუალოდ უფრო ნაკლები მოსწავლეა, ვიდრე, ვთქვათ, ნიუ-იორკში; 2001 წლის მონაცემებით, ფინელი მოსწავლეები საუკეთესოები იყვნენ მათემატიკაში, ბუნებისმცოდნეობასა და კითხვაში და მაღალ საერთაშორისო რეიტინგს დღემდე ინარჩუნებენ. თავისი ხელფასით ბინა, კვება, მკურნალობა, მოგზაურობა მარტოხელა მასწავლებლისთვისაც ხელმისაწვდომია.

ისე, ფინეთი არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სხვა სფეროებშიც წარჩინებულია. მაგალითად, 2010 წელს ის საუკეთესო ქვეყნების სიის სათავეში იყო, 2012 წელს კი ამერიკულმა მშვიდობის ფონდმა ყველაზე სტაბილურ ქვეყნად მიიჩნია…

ახლა სტატისტიკას თავი დავანებოთ და ფინური საგანმანათლებლო სისტემის ძირითად პრინციპებზე შევჩერდეთ.
თანასწორობა, პრაქტიკულობა, ინდივიდუალურობა, ნდობა, ნებელობა, დამოუკიდებლობა – მშრალად ესაა ფინური სასკოლო განათლების სისტემის საყრდენი.
თანასწორობა

ყველა სკოლას, ათასბავშვიანი იქნება თუ თერთმეტბავშვიანი, ერთნაირი აღჭურვილობა და პროპორციული დაფინანსება აქვს; ყველა საგნის სწავლება თანაბრად მნიშვნელოვანია, მათემატიკა ან ლიტერატურა არ მიიჩნევა „უფრო” საგნებად, ვიდრე მუსიკა და როგორი მათემატიკოსიც არ უნდა იყოს მოსწავლე, ის სხვებთან ერთად პროგრამით გადის ამ საგანს. მშობლის სოციალური სტატუსის შესახებ მასწავლებელი განსაკუთრებულ შემთხვევაში იგებს, საერთოდ კი მსგავსი ინფორმაციის შემცველი ანკეტები მასწავლებლისთვის მიუწვდომელია, მოსწავლეებს არ ყოფენ კლასებად მშობლების კარიერული ღირსებების მიხედვით (არ ვადარებ, მაგრამ მახსენდება ქართული სკოლების რეალობა, არცთუ წარსული!). არ არსებობს კარგი და ცუდი მოსწავლე – მოსწავლეებს ერთმანეთს არ ადარებენ, გენიალურები და გონებრივად თუ ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობისანი ერთად სწავლობენ. ჩვეულებრივ სკოლებშია გახსნილი განსაკუთრებული კლასები სმენა- და მხედველობადაქვეითებულებისთვის – სპეციალური სკოლები „განსხვავებული” ბავშვებისთვის არ არსებობს. პრინციპი გასაგებია – ინტეგრირებული საზოგადოება ინტეგრირებული სკოლით იწყება. ფინელებს არც საყვარელი ან საძულველი მასწავლებლები ჰყავთ, არც მასწავლებლებს მოეთხოვებათ მოსწავლეებში „სულისა და გულის ჩადება”, მაგრამ სოციალური ჰარმონიის დამრღვევ მასწავლებელს კონტრაქტი უუქმდება – მასწავლებელი ფინეთში მასწავლებელია, მოძღვრობასა და დამრიგებლობას, სულით ბავშვებთან შედუღაბებას მისგან არ ითხოვენ. თანასწორია მასწავლებლის, მშობლისა და მოსწავლის უფლებებიც. მოსწავლეებს პირველი კლასიდანვე უხსნიან მათ უფლებებს. ეს მშობლებისთვისაც სტიმულის მიმცემია, რათა აკონტროლონ და არ დაარღვიონ ბავშვის უფლებები.

და თუ დაიბადა კითხვა, მაშ, როგორღა აკონტროლებენ ბავშვებსო, გავითვალისწინოთ, რომ უფლებების სწავლებამდე მათ მოვალეობას ასწავლიან – სკოლაში არსებობის მოვალეობას.

უფლება-მოვალეობათა სწავლება სავსებით გამართლებულად და სასიკეთოდ მიმაჩნია, მოსწავლე პასუხისმგებელი უნდა იყოს თავის არსებობაზე სკოლაში და ამას პირველივე კლასიდან აცნობიერებდეს. კარგი იქნებოდა, ეს სკოლაში მიღების ერთ-ერთი პირველი კრიტერიუმი იყოს.
ინდივიდუალურობა

განურჩევლად ყველა მოსწავლისთვის ინდივიდუალური გეგმა იქმნება. იგულისხმება სახელმძღვანელოები, სავარჯიშოები, დავალებები, დასახარჯი დრო, ყველასთვის შესაბამისი სირთულის „მისაწვდომი” მასალა. ერთსა და იმავე კლასში მოსწავლეები სხვადასხვა დავალებას ასრულებენ, პერსონალური დონის გათვალისწინებითვე ფასდებიან და თუ დავალება საუკეთესოდაა შესრულებული, განურჩევლად იმისა, მაღალი დონისაა თუ შედარებით ადვილია, მოსწავლე საუკეთესო შეფასებას იმსახურებს. შემდეგ გაკვეთილზე ის შედარებით მაღალი დონის დავალებას იღებს, მაგრამ თუ თავი ვერ გაართვა, საგანგაშო არაფერია – წინ კიდევ არა ერთი და ორი ცდა ელის.
პრაქტიკულობა

ფინეთში არჩევანი ორმოცი წლის წინ გააკეთეს: „ჩვენ ვამზადებთ ცხოვრებისთვის და არა გამოცდებისთვის!” გამოცდები ფინურ სკოლაში არ არის. შუალედურ ტესტირებებსა და საკონტროლოებს მასწავლებლები თავიანთი ნებისა და მოსაზრებისამებრ ატარებენ ან არ ატარებენ. არსებობს ერთადერთი სტანდარტული სავალდებულო ტესტი, რომელიც 16 წლის მოსწავლეებს მეცხრე დამამთავრებელ კლასში აქვთ და მასწავლებლები ამ ტესტების გამო არ ღელავენ, ამისთვის ბავშვებს საგანგებოდ არ ამზადებენ.

ფაქტია, რომ მოსწავლეები სკოლას პრაქტიკული ცოდნით ამთავრებენ: ყველას შეუძლია გამოთვალოს მემკვიდრეობაზე დარიცხული გადასახადი, გახსნას საკუთარი სავიზიტო საიტი ან „ქარის ვარდის” პრინციპის გამოყენებით გირჩიოს, ბოსტანში რომელ მხარეს ჯობს ყვავილოვანი კომბოსტოს დარგვა, სახლებისა და ქუჩების დაგეგმარების ცოდნაზე რომ არაფერი ვთქვათ.
ნდობა

ქვეყანაში ერთიანი საგანმანათლებლო პროგრამაა საერთო რეკომენდაციებით და ყველა მასწავლებელი თვითონ ირჩევს იმ მეთოდს, რომელიც მისთვის უფრო მისაღებია. სახელმწიფო მასწავლებელს ენდობა.

სახელმწიფო სისტემა ბავშვებს ენდობა. ბავშვი თავად ირჩევს, მოისმინოს და ნახოს თუ არა ის, რასაც სთავაზობენ და შეუძლია, საკუთარი მოსაზრებისამებრ, გაკვეთილზე ის აკეთოს, რაც უფრო აზრიან საქმედ მიაჩნია, მაგალითად, არ უყუროს ლიტერატურის გაკვეთილზე შეთავაზებულ ფილმს და, ნაცვლად ამისა, იკითხოს წიგნი. ამრიგად, მოსწავლე თავად ირჩევს თავისთვის სასარგებლოს.

ბუნებრივია, იგულისხმება, რომ ხელს არავის უშლის და საერთო მოთხოვნებს, საგნობრივი იქნება თუ დისციპლინური, ემორჩილება.
ნება 

სწავლის ნება ყველას თანაბრად ეძლევა, მაგრამ სწავლობს ის, ვისაც უნდა სწავლა. ბუნებრივია, მასწავლებელი შეეცდება მოსწავლის ყურადღების მიპყრობას, მაგრამ თუ მოსწავლეს ინტერესი ან უნარი არ გააჩნია, ცუდი ნიშნებით მას არ დაბომბავენ, თუმცა მომავალში მისთვის სასარგებლო და შესაფერისი საქმისთვის გაამწესებენ. ადამიანი, თვითმფრინავის კონსტრუქტორი იქნება თუ სატვირთო მაქანის მძღოლი, სახელმწიფოსთვის ერთნაირად პატივსაცემი და ღირებულია. ფინეთში საშუალო სკოლის ამოცანად ესეც მიიჩნევა – გაიგონ, ღირს თუ არა, ამა თუ იმ მოსწავლემ ლიცეუმში ან პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელოს სწავლა. მოსწავლის მიდრეკილებებისა და შესაძლებლობების გარკვევით დაკავებულია სკოლის საშტატო სპეციალისტი – ე.წ. „მომავლის მასწავლებელი”.

გაცდენილი გაკვეთილების აღდგენა მკაცრად კონტროლდება. მასწავლებელი აუცილებლად გამოძებნის „ფანჯარას” და დასვამს მოსწავლეს სხვა კლასთან ერთად, მისცემს დავალებას ან მარტივ დირექტივას: დაჯექი, იფიქრე ცხოვრებაზე, თუ მოიწყინე, არა უშავს, მაგრამ თუ სხვას ხელს შეუშლი, ეს საათი აღდგენილად არ ჩაგეთვლებაო. მშობლის გამოძახებით და შეურაცხმყოფელი წამოძახებებით არ იმუქრებიან. ასევე, მშვიდად და უდრტვინველად ვერ გადადიან გამცდენი მოსწავლეები მომდევნო კლასში. მეორეწლიანობა ფინეთში სირცხვილად და თავის მოჭრად არ ითვლება. გაგებით ეკიდებიან, რომ „დიდობა-მოზრდილობა” სერიოზული საქმეა და მისთვის მომზადება საპასუხისმგებლო პროცესია. ასეთებისთვის ფინურ სკოლაში ნებაყოფლობითი მეათე კლასიცაა.

მოკლედ, სწავლება ფინურ სკოლაში დელიკატურია, მაგრამ სასკოლო რეჟიმი მკაცრად კონტროლდება.
დამოუკიდებლობა

უმთავრესი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებააო, ფიქრობენ ფინეთში. ასწავლიან აზროვნებას და ცოდნის მიღების დამოუკიდებელ უნარს უვითარებენ. ფინურ სკოლებში ბევრს წერენ, აზრის ლიტერატურული ენით გადმოცემას სწავლობენ. მოსწავლეებს ასწავლიან, როგორ მოძებნონ, ისწავლონ სწავლა. არა ფორმულების დაზეპირება, არამედ ენციკლოპედიებით, ათასნაირი ცნობარით, ინტერნეტითა თუ კალკულატორით სარგებლობა. სკოლა პრობლემის ოსოაგვარებლად საჭირო რესურსებს უჩვენებს.

ფინეთი დიდი ქვეყანა არ არის, ექვსმილიონიან სახელმწიფოში 80 000 მასწავლებელია.

სკოლას მთლიანად აფინანსებს სახელმწიფო -შენობით, აღჭურვილობით, წიგნებით, სწავლებით, რვეულებით, საკანცელარიო ნივთებით, სკოლაში კვებით.

მასწავლებლები დღეში ოთხ გაკვეთილზე მეტს არ ატარებენ და სტანდარტით, კვირაში ორი სამუშაო დღე პროფესიული განვითარებისთვის აქვთ გამოყოფილი. ფინეთის სკოლის მოსწავლეების 30 პროცენტს მასწავლებლები დამატებით, ინდივიდუალურად ეხმარებიან. ამ ქვეყანაში მასწავლებლის სტატუსი ექიმობასა და იურისტობასთან ერთად უმაღლესია. ეს პრესტიჟული პროფესიაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი