პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ადრეული განათლების ხარისხი

ადრეული განათლება, როგორც წესი, 6 წლამდე ბავშვების სკოლამდელ განათლებასა და მათზე ზრუნვას გულისხმობს. სამწუხაროდ, ადრეული განათლების ხარისხი ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იშვიათად ექცევა. იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ხარისხის პრობლემა წინ წამოიწევს ხოლმე, ძირითადად საუბრობენ ელემენტარულ ფიზიკურ უსაფრთხოებასა და უვნებელ კვებაზე. საფრთხის შემცველი გარემოს დაუშვებლობა, ცხადია, უპირველესია, თუმცა სამწუხაროა, რომ სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების ხარისხის განხილვა მხოლოდ ამ კონტექსტში ხდება. თუკი ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები არ იქნება დაცული, ბუნებრივია, შეფერხდება მსჯელობა ხარისხის სხვა ასპექტებზე, რომლებიც განათლების პროცესსა და შედეგს უკავშირდება. 

ადრეული განათლების ხარისხთან დაკავშირებული საერთაშორისო მიდგომებისა და კვლევების მიმოხილვა დაგვეხმარება,  ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ და ხელი შევუწყოთ სკოლამდელი განათლების ხარისხის შესახებ მსჯელობის დაწყებას. 
რა არის ადრეული განათლების ხარისხი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი? 

ადრეული განათლების ხარისხი კომპლექსური საკითხია, რომლის შესახებაც შეთანხმებული პოზიცია არც სამეცნიერო წრეებში და არც პოლიტიკურ დონეზე არ არსებობს. უკანასკნელი წლების სამეცნიერო ნაშრომებში ხშირად აღინიშნება, რომ ხარისხი კულტურული კონსტრუქციაა; ის, რაც მაღალი ხარისხის მაჩვენებლად შეიძლება იყოს მიღებული ერთ საზოგადოებაში, შესაძლოა ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნეოდეს სხვაგან. პრობლემური შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკის დონეზე შემუშავებული ადრეული განათლების ხარისხის სტანდარტებიც, რადგან ისინი ხშირად შექმნილია ისეთი ადამიანების მიერ, რომლებსაც ნაკლები წარმოდგენა აქვთ განათლების პროცესის შესახებ და ხარისხის საკითხს უდგებიან პოლიტიკის, ეკონომიკის ან ბიზნესის თვალთახედვიდან. ამ ფონზე ადრეული განათლების ხარისხის თემით დაინტერესებული ბევრი მკვლევარი ემხრობა განათლების პროცესის კონტექსტუალიზებულ (როგორც კულტურული, ისე ისტორიული თვალსაზრისით) ხედვას და გვთავაზობს, პოსტმოდერნული პერსპექტივიდან მივუდგეთ „ხარისხის” მრავალფეროვნების საკითხს. მიუხედავად აღნიშნული პოზიციისა, არსებობს ძირეული პრინციპები, რომელთა გარეშე ხარისხიანი ადრეული განათლების წარმოდგენა რთული იქნებოდა. 

ბავშვის ადრეული განვითარებისა და განათლების მკვლევარი მარტინ ვუდჰედი აღნიშნავს, რომ “ხარისხი შედარებითია, მაგრამ არა შემთხვევითი”. სანამ ამ ძირეული პრინციპების განხილვაზე გადავალთ და სხვადასხვა მიდგომას მიმოვიხილავთ, განვიხილოთ ძირითადი არგუმენტები, რომლებიც ხაზს უსვამს ადრეული განათლების ხარისხის მნიშვნელობას. აღნიშნული არგუმენტები შეგვიძლია დავაჯგუფოთ სამი პერსპექტივის (ბავშვის განვითარების, ბავშვის უფლებების და სოციო-ეკონომიკური) მიხედვით. ბავშვის განვითარების პერსპექტივიდან, ადრეული ასაკი ადამიანის განვითარების უმნიშვნელოვანესი პერიოდია, როდესაც საფუძველი ეყრება პიროვნების ფიზიკურ, სოციალურ და ინტელექტუალურ განვითარებას. არახელსაყრელი პირობები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფს ადრეულ ასაკში ბავშვის სწავლისა და განვითარების სათანადოდ სტიმულირებას ან, უარეს შემთხვევაში,  ხელს უშლის მას,  ზეგავლენას ახდენს ადამიანის შესაძლებლობებზე მთელი სიცოცხლის მანძილზე. კვლევები ადასტურებს, რომ „ხარისხიანი” ადრეული განათლება ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას და მის აკადემიურ და სოციალურ წარმატებას მომავალში. ამასთანავე, არსებობს მტკიცებულებებიც, რომ როდესაც ადრეული განათლების ხარისხი დაბალია, ბავშვის განვითარებისთვის ის შეიძლება ხანგრძლივი უარყოფითი შედეგის მომტანი იყოს. ამდენად, ადრეული ასაკის პოტენციალის ბავშვების სასარგებლოდ მაქსიმალურად გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი განათლება ხარისხიანი იყოს. 

მეორე არგუმენტი საფუძველს იღებს გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციიდან. ბავშვის უფლებების პერსპექტივიდან, ყველა ბავშვს აქვს უფლება, მიიღოს ხარისხიანი ადრეული და დაწყებითი განათლება. მნიშვნელოვანია ბავშვების აწმყო, მათი ყოველდღიური რეალობები და გარემოებები, რომლებიც ხელს უნდა უწყობდეს მათი ინტერესების რეალიზებას, პოზიტიური იდენტობის, მიკუთვნებულობის და კეთილდღეობის განცდის ჩამოყალიბებას. 

მესამე პერსპექტივა, რომელიც უფრო აქტუალურია პოლიტიკის დონეზე, გულისხმობს ადრეულ განათლებაში სახელმწიფოს მიერ ინვესტირებული რესურსების ეფექტიანობას როგორც ინდივიდებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ხარისხის გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ადრეულ განათლებას მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგების მოტანა შეუძლია არა მხოლოდ უშუალო ბენეფიციარებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის (მაგალითად, შემცირებული სახელმწიფო დანახარჯები სოციალურ დახმარებაზე, კრიმინალზე და ა.შ.). 

რა არის მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის?

როგორც უკვე აღინიშნა, ადრეული განათლების ხარისხის ასპექტები კულტურულ და ისტორიულ კონტექსტში შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავებული იყოს. მიუხედავად ამისა, ადრეული განათლების მკვლევარი ლილიან კათზი აყალიბებს რამდენიმე საკითხს, რომლებიც საფუძვლად უნდა ედოს ადრეული განათლების ხარისხის ინდიკატორებს. მნიშვნელოვანია, რომ კათზი ქვემოთ მოცემული ელემენტების ფორმულირებას სწორედ ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე ახდენს: 

·უსაფრთხოების განცდა –  ადრეულ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური უსაფრთხოების განცდა. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ის უყვართ, პატივს სცემენ და გულწრფელად აინტერესებთ მისი გრძნობები და მოქმედებები. 
·ოპტიმალური თვითშეფასება – ყველა ბავშვს, მიუხედავად გარემო პირობებისა და შესაძლებლობებისა, უნდა ჰქონდეს ოპტიმალური თვითშეფასება. თვითშეფასებას მუდმივად უნდა ასაზრდოებდნენ და ხელს უწყობდნენ ზრდასრულები, ოჯახის წევრები და თანატოლები.

·შეგრძნება, რომ ცხოვრება მნიშვნელოვანია – მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ცხოვრება საინტერესო, დამაკმაყოფილებელი და ავთენტურია. ამის მისაღწევად აუცილებელია, რომ ბავშვებს შეეძლოთ მისდიონ საკუთარ ინტერესებს, დასახონ და შეასრულონ რეალური ამოცანები, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანი და სახალისოა. ეს არ ნიშნავს, რომ ადრეულ ასაკში ბავშვისთვის ღირებულია მხოლოდ გართობა. ადრეული განათლება ფრთხილად დაგეგმილ და კარგად შერჩეულ აქტივობებს გულისხმობს, რომლებიც საშუალებას აძლევს ბავშვებს, განავრცონ საკუთარი ცოდნა და უნარები, ახლებურად აღიქვან და შეისწავლონ გარემო ზრდასრულების ხელშეწყობით. 

·მხარდაჭერა გამოცდილების გააზრებისთვის – ბავშვებს ესაჭიროებათ სხვა ადამიანების დახმარება, რომ გაიაზრონ საკუთარი გამოცდილება. ადრეული განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ის არის, გაარკვიოს ბავშვის წარმოდგენები საკუთარი გამოცდილებისა და სამყაროს შესახებ და ამ წარმოდგენებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყოს ბავშვის შემეცნების პროცესს. 

·ავტორიტეტული ზრდასრულები – მნიშვნელოვანია, რომ ზრდასრულები არ იყვნენ უკიდურესად ავტორიტარულები ან პირიქით, ყველაფრის დამთმობები. ბავშვებს სჭირდებათ ავტორიტეტული ზრდასრულები, რომლებიც გარკვეულ ძალაუფლებას ფლობენ, თუმცა მუდამ მზრუნველნი არიან, მხარს უჭერენ ბავშვს და ეხმარებიან დაწესებული საზღვრების (მაგ., მისაღები და მიუღებელი ქცევა) მნიშვნელობის გააზრებაში. 

·სასურველი როლური მოდელები ­- ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, ურთიერთობა ჰქონდეთ ისეთ ადამიანებთან (ბავშვებთან და ზრდასრულებთან), რომლებიც მათთვის პოზიტიური მაგალითის მიმცემნი იქნებიან. მიუხედავად კულტურული განსხვავებებისა, ალბათ შესაძლებელია შეთანხმება იმ ძირეულ თვისებებზე, რომლებსაც ყველა ბავშვისთვის ვისურვებდით, მაგალითად, სხვებზე ზრუნვის უნარი, გულწრფელობა, განსხვავებულის მიმღებლობა, სწავლის სიყვარული და ა.შ. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია გვერდით ისეთი ზრდასრულების ყოლა, რომლებსაც ექნებათ მყარი პოზიციები იმის შესახებ, თუ რისი კეთება, ცოდნა, ფლობა და რაზე/ვისზე ზრუნვა არის მნიშვნელოვანი.  
რა განსაზღვრავს ადრეული განათლების ხარისხს?

სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული რვა ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგების შედარების საფუძველზე შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც განსაზღვრავს ადრეული განათლების ხარისხს. ქვემოთ მოცემული ფაქტორები დალაგებულია მათი მნიშვნელობის მიხედვით:

·მშობლების როლი და ჩართულობა;
·ურთიერთობების ხარისხი, განსაკუთრებით ბავშვებსა და ზრდასრულებს შორის;
·მკაფიო და რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამა;
·მონიტორინგისა და შეფასების სისტემები;
·ადეკვატური და ორგანიზებული ფიზიკური სივრცე;
·სტაბილური რუტინა;
·თანამშრომელთა მომზადება და ტრენინგი;
·ბავშვის აქტიური როლი და თამაშის მნიშვნელობა.

აღნიშნული ფაქტორები შესაძლოა გარკვეულწილად პრობლემური იყოს, რადგან ზოგიერთი მათგანი ერთმანეთს გადაფარავს. მაგალითად, კვლევები ადასტურებს, რომ თანამშრომელთა მომზადება და ტრენინგი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ურთერთობების ხარისხს ბავშვებსა და მასწავლებლებს შორის. ხარისხის განმსაზღვრელი ფაქტორების ორგანიზებულ ჩარჩოს აყალიბებს ვუდჰედიც (1996), რომელიც ფაქტორების კლასიფიკაციას სამი ტიპის მიხედვით ახდენს: საწყისი ინდიკატორები, პროცესის ინდიკატორები და შედეგის ინდიკატორები. ვუდჰედის მიხედვით:

ხარისხის საწყისი ინდიკატორებია (ყველაზე მინიმალური სტანდარტები, რომელთა განსაზღვრა და გაზომვა, როგორც წესი, ყველაზე მარტივია):
·შენობა და ეზო (ერთ ბავშვზე გამოყოფილი შიდა და გარე სივრცე, გათბობა, სინათლე, ტუალეტი და ა.შ.);
·აღჭურვილობა და მასალები (ავეჯი, სათამაშოები, სასწავლო მასალები, წიგნები და ა.შ.);
·თანამშრომელთა გუნდი (კვალიფიკაციები, გამოცდილება, ხელფასი და სამუშაო პირობები, ბავშვებისა და ზრდასრულის თანაფარდობა).
პროცესის ინდიკატორებია (ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა იდენტიფიცირება და სტანდარტიზება ყველაზე რთულია):
·ზრუნვის სტილი (ზრდასრულთა ყურადღება, თანმიმდევრულობა და ა.შ.);
·ბავშვების გამოცდილება (მრავალფეროვნება, ორგანიზება, არჩევანი, აქტივობების ტიპები, კვება, დასვენება, თამაში და ა.შ.);
·სწავლისა და სწავლებისადმი მიდგომა (ზრდასრულთა როლი, ინდივიდუალური საჭიროებებისადმი სენსიტიურობა და ა.შ.);
·ქცევის მართვა და დისციპლინა (წესები, ჯგუფის მართვის სტრატეგიები და ა.შ.);
·ზრდასრულებს შორის ურთიერთობები (თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ა.შ.);
·ურთიერთობები მშობლებს, აღმზრდელებსა და სხვა ჩართულ პირებს შორის (ურთიერთპატივისცემა, თანამშრომლობა, განსხვავებების მიღება და ა.შ.).
შედეგის ინდიკატორებია (ასახავს მიღწეულ შედეგებს და მნიშვნელოვანია ეფექტიანობის შეფასებისთვის):
·ბავშვების ჯანმრთელობა (ზრდის მონიტორინგი, ავადობა და ა.შ.);
·ბავშვების უნარები (მოტორიკის, მეტყველების, კოგნიტური, სოციალურ-ემოციური განვითარება, საწყისი წიგნიერება და მათემატიკა);
·ბავშვების სწავლისადმი და სკოლისადმი მიდგომა (ტრანზიციასთან დაკავშირებული საკითხები, მიღწევები, მოტივაცია და ა.შ.);
·ოჯახის დამოკიდებულებები (მშობელთა კომპეტენციები, ბავშვების მხარდაჭერა და ა.შ.).

ვუდჰედის მიერ წარმოდგენილი მოდელი, დაგროვებული სამეცნიერო ცოდნის საფუძველზე, წარმოადგენს ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც ზეგავლენას ახდენს ადრეული განათლების ხარისხზე. ამ ფაქტორების იდენტიფიცირებასთან ერთად, მნიშვნელოვანია განისაზღვროს ისინი, რომლებიც კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელია. კვლევების მიხედვით, სტანდარტიზებული შეფასების საფუძველზე ყველაზე მაღალი ხარისხის მაჩვენებელები ჰქონდათ იმ სკოლამდელ  დაწესებულებებს, სადაც პროგრამის ფოკუსი თავისუფალ თამაშსა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობაზე იყო, ბავშვებს ხშირად ეძლეოდათ მცირე ჯგუფებში მუშაობის საშუალება და მასწავლებლისა და ბავშვების თანაფარდობა დაბალი იყო (Peralta, 2008). 

კვლევები მუდმივად ადასტურებს, რომ ფიზიკური გარემო, ძვირადღირებული მასალები და ა.შ. ნაკლებად მნიშვნელოვანია ხარისხიანი ადრეული განათლების უზრუნველყოფისთვის. შეზღუდული რესურსების პირობებში მკვლევარები პრიორიტეტულად მიიჩნევენ ინვესტირებას მასწავლებელთა პროფესიულ მომზადებასა და მასწავლებელი-ბავშვის თანაფარდობის გაუმჯობესებაში. საქართველოს სკოლამდელი განათლების სისტემაში, სწორედ ამ ორი მიმართულებით, მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს. სახელმწიფოს მიერ დაფინინასებულ სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში მომუშავე აღმზრდელთა 32%-ს და აღმზრდელთა თანაშემწეების  80%-ს არ აქვს მიღებული განათლება სკოლამდელი განათლების სფეროში (პროფესიულ ან უმაღლეს საფეხურზე). ზემოაღნიშნული რეფორმები აღმზრდელთა კვალიფიკაციის გაუმჯობესებასა და ჯგუფის ზომების შემცირებასთან დაკავშირებით ძვირადღირებული და ხანგრძლივი პროცესია და შესაძლოა სწორედ ამიტომ  მიმართავს სახელმწიფო ხარისხის გაუმჯობესების სხვა სტრატეგიებს. ერთ-ერთი ასეთი მიდგომა ადრეული განათლების პროცესის სტანდარტიზების პროცესს ეხება. მაგალითად, თბილისში რამდენიმე წლის წინ დაინერგა პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განსაზღვრავს კონკრეტულ თემებს და თემის ფარგლებში იდენტიფიცირებულ აქტივობებს თითოეული დღისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ინიციატივასა და მსგავს ტენდენციებს საფუძვლად საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის მყისიერი გაუმჯობესების მოტივაცია უდევს, მეტად გაგვიჭირდება სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება, რომელიც ასეთი რწმენის საფუძველს მოგვცემს. პროცესის ამგვარი სტანდარტიზების დროს შეუძლებელია იმ ძირეული პრინიციპების რეალიზება, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი და ეფექტიანი ადრეული განათლებისთვის: 

·სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა ბავშვის შესაძლებლობებიდან და არსებული ცოდნიდან გამომდინარე;
·სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე;
·ადგილობრივი კონტექსტის, საბავშვო ბაღის თემის კულტურის და წარმოდგენილი მრავალფეროვნების გათვალისწინება სააღმზრდელო პროცესში;
·შემოქმედებითობის, სპონტანურობისა და სწავლისთვის ხელსაყრელი მომენტების გამოყენება უკეთესი შედეგების მიღწევისთვის.
სტანდარტიზებული პროგრამები წინასწარ იდენტიფიცირებული მიდგომებით, თემებითა და აქტივობებით ზღუდავს აღმზრდელს, იმოქმედოს ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე. აღმზრდელს, რომელიც თავად არ არის შემოქმედებითი და კრიტიკული, სავარაუდოდ, გაუჭირდება ბავშვებში შემოქმედებითობისა და აზროვნების უნარების სათანადოდ ხელშეწყობა. აქედან გამომდინარე, ხარისხის მყისიერად გაუმჯობესების ექსპერიმენტული სტრატეგიების დანერგვის ნაცვლად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ადრეული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას სისტემურად მიუდგეს, პირველ რიგში – აღმზრდელთა პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებითა და მათთვის მისაღები და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი